რატომ გამოუცხადა უმაღლესმა რადამ უნდობლობა უკრაინის ომბუდსმენს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.6k
VIEWS

31 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Светлана Иванова გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ ოფიციალურად აიღიარა, რომ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ უკრაინაში ომის პერიოდში მომხდარი გაუპატიურებების შესახებ მოიტყუა და ამან უკრაინა დააზიანა. პოსტს თან დართული აქვს უკრაინის რადას დეპუტატის, პავლო ფროლოვის პოსტის სქრინი, სადაც ხაზგასმულია ის ნაწილი, რომელშიც საუბარია რადას მიერ დენისოვასთვის უნდობლობის გამოცხადებაზე, ხოლო ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია დენისოვას მხრიდან გაუგებარი კონცენტრაცია გადაგვარებული ფორმით სექსუალური ძალადობის თემაზე, მათ შორის ბავშვების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა განმტკიცება ვერ მოხერხდა მტკიცებულებებით, რამაც გადაიტანა ყურადღება უკრაინის რეალური საჭიროებებიდან.

პირველ ივნისს მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქ ანგარიშმა Медведь Уральский. პოსტს თან დართული აქვს სქრინი, რომელშიც ნათქვამია, რომ უმაღლესმა რადამ ოფიციალურად აღიარა, რომ ომბუდსმენი სექსუალურ ძალადობაზე ცრუობდა. “ახლა როგორია იყო უკრაინელი კეტჩუპიან ტრუსებში?” – ვკითხულობთ პოსტში.

Screenshot 18 რატომ გამოუცხადა უმაღლესმა რადამ უნდობლობა უკრაინის ომბუდსმენს?

იდენტური სქრინი პირველ ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა Stanislav Salostej-მა

 საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ხოლო Конченный Убивец-მა ჯგუფში Новости Эстонии გამოაქვეყნა.

Screenshot 19 რატომ გამოუცხადა უმაღლესმა რადამ უნდობლობა უკრაინის ომბუდსმენს?

რეალურად, უკრაინის ომბუდსმენისათვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზად უმაღლესი რადას დეპუტატებმა რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, მათ შორის არის საჩივრები დენისოვას საქმიანობის თაობაზე, სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვა, მისი საზღვარგარეთ ყოფნა, დაბალი ჩართულობა ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებასა და ტყვეთა გაცვლაში და კონცენტრაცია დანაშაულებზე, რომელთა დამამტკიცებელი ფაქტების მოყვანა ვერ შეძლო. ინფორმაცია, რომ დენისოვა უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ცრუობდა და ამის საფუძველზე მტკიცება, რომ მსგავს ფაქტებს უკრაინაში ადგილი არ ჰქონია სიმართლეს არ შეესაბამება. რუსი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი როგორც მსხვერპლთა მონათხრობით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით და სხვა ფაქტებით დასტურდება.

უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა 31 მაისს გამოუცხადა. მისი უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 9 კანონმდებელი იყო.

პარტია “ხალხის მსახურის” წევრმა პარლამენტარმა დენის მასლოვმა განმარტა ომბუდსმენისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზები. მან თქვა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა არაერთი საჩივარი მიიღო. მან ასევე ისაუბრა ომბუდსმენის ოფისიდან სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვაზე, რამაც მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესები დააზიანა. 

“გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის რეგიონში 57 ობოლი ბავშვი ეკლესიებში იმალებოდა. ინფორმაცია სწრაფად გმაოიყენეს რუსეთის სპეციალურმა სამსახურებმა და ეს ბავშვები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.” – თქვა მასლოვმა

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი კოლეგების ხშირად ჩიოდნენ ომბუდსმენის ოფისთან კომუნიკაციის თაობაზე. 

რაც შეეხება დეპუტატ პავლო ფროლოვის პოსტს, მასში ასევე განმარტებულია დენისოვასათვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზები. ფროლოვის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, დენისოვა არ იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის და ტყვეთა გაცვლისათვის, ან მათ დასაცავად და არ აკეთებდა საკმარისს უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში დეპორტაციის წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ ყველაფრის კეთება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრს, ირინა ვერეშჩუკს დააწვა მხრებზე. კიდევ ერთ მიზეზად ფროლოვმა დაასახელა ის, რომ დენისოვამ 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ დიდი დრო გაატარა საზღვარგარეთ:

“თუმცა არა რუსეთსა და ბელარუსში, სადაც მისი სტატუსი და ავტორიტეტი ტყვეებს და დეპორტირებულ ადამიანებს დაეხმარებოდა”.

ფროლოვის მიერ მოყვანილი კიდევ ერთ მიზეზი, რომელიც რუსულენოვან პოსტებშია ხაზგასმული არის დენისოვას მიერ საკმარისი მტკიცებულების ვერ მოგროვება და ამ ფონზე განსაკუთრებულად ყურადღების გამახვილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაგვარებული ფორმით სექსუალური ძალადობის თემაზე რამაც სხვა საკითხებიდან ყურადღების გადატანა გამოიწვია. თუმცა პოსტში ნათქვამი არ არის, რომ მსგავსი ფაქტები არ მომხდარა და შესაბამისად მტკიცება, რომ რადამ ოფიციალურად აღიარა, რომ დენისოვა ტყუოდა და უკრაინაში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, მცდარია.

Screenshot 20 რატომ გამოუცხადა უმაღლესმა რადამ უნდობლობა უკრაინის ომბუდსმენს?

უკრაინაში ამჟმად რუსული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 11 000-ზე მეტ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. თვითმხილველების ჩვენებებს აგროვებენ პოლონეთშიც, სადაც უკვე 1 000-ზე მეტი ჩვენებაა შეგროვებული ომის დანაშაულების შესახებ, მათ შორის გაუპატიურების შემთხვევებზე. უკრაინის ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოებში ჩართული არიან ფრანგი და ლიტველი ექსპერტები, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტთა 42 კაციანი გუნდი.

რუსი ჯარისკაცების მხრიდან გაუპატიურების შემთხვევებზე მსხვერპლთა ნაწილმა მედიასთანაც ისაუბრა. სხვადასხვა შემთხვევების შესახებ მათი მონაყოლი გამოაქვეყნეს BBC-მ, New York Times-მა, The Times-მა და Meduza-მ.

მხოლოდ აპრილის პირველ 2 კვირაში ომბუდსმენის ოფისში რუსი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის 400 შემთხვევის შესახებ შევიდა ინფორმაცია. გაეროს მისიას კიევის რეგიონში 24 თებერვლის შემდეგ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელებზე, მათ შორის ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სულ მცირე 75 შემთხვევის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია La Strada Ukraine-ის პრეზიდენტი კატერინა ჩერეპახა ამბობს, მათთან არაერთი ზარი შევიდა ქალებისგან, რომლებიც სექსუალური ძალადობის შესახებ იტყობინებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა მათთან ჩაღწევა მიმდინარე კონფლიქტის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ორგანიზაცია ტრეფიკინგის, ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარება და მათ მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და რეალურად ომის განმავლობაში სექსუალური დანაშაულის ბევრად მეტი შემთხვევა მოხდა.

Human Rights Watch-ის მიერ დოკუმენტირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა ოკუპირებულ ჩერნიჰივში, ხარკივში და კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის გაუპატიურება და მკვლელობა. 

უკრაინელი ექიმების მიხედვით, რომლებიც კიევის რეგიონში აღმოჩენილი მსხვერპლების აუტოფსიაში მონაწილეობენ, მათ იპოვეს კვალი იმისა, რომ ქალების ნაწილი რუსმა ჯარისკაცებმა მოკვლამდე გააუპატიურეს.

უკრაინის პროკურატურამ უკრაინელი კაცის მკვლელობის და მისი ცოლის გაუპატიურების საქმეზე უკვე წაუყენა ბრალი ერთ რუს ჯარისკაცს.

რუსული მხარე საოკუპაციო ჯარების წევრთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტებს უარყოფს, ისევე, როგორც ომის სხვა დანაშაულებს, რომელთა შესახებ არაერთი მტკიცებულება გახდა საჯარო. კრემლის პროპაგანდისტული მედია და პრო-რუსული ანგარიშები უარყოფდნენ ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულებსაც. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist