19 მარტს ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანო” გამოაქვეყნა გერმანელი მეცნიერის და დიპლომატის უოლტერ ჰალშტეინის ფოტო, ნაცისტური სიმბოლიკით და წარწერით: “ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ვოლტერ ჰალშტეინი სხვადასხვა ნაცისტური ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო და ჰიტლერის არმიაში მსახურობდა”. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ჰალშტეინი 1942-1944 წლებში ნაცისტური არტილერიის, ვერმახტის ლეიტენანტი იყო. “პოლიტიკანო” ასევე წერს, რომ ჰალშტეინს ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობა 1967 წელს შარლ დე გოლმა დაატოვებინა, რადგან ის ვერ იტანდა ყოფილ ნაცისტებს. პოსტს თან ერთვის ჰეშთაგები: #ევროკავშირი #ევროკომისია #ნაციზმი #მესამერაიხი.
“პოლიტიკანოს” მიერ მოყვანილი მტკიცებები, რომ უოლტერ ჰალშტეინი ნაცისტური ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო და ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დე გოლმა ყოფილი ნაცისტობის გამო დაატოვებინა, მცდარია. პოსტის თანმხლები ჰეშთეგები კი მანიპულაციური, რადგან “პოლიტიკანო” ფაქტების სელექციური შერჩევით ევროკავშირის და ევროკომისიის ნაციზმთან და მესამე რაიხთან დაკავშირებას მანიპულაციურად ცდილობს.
- იყო თუ არა ჰალშტეინი ნაციტური ორგანიზაციების აქტიური წევრი?
ფეისბუქ პოსტში “პოლიტიკანო” თავად აღიარებს, რომ ჰალშტეინი ნაცისტური პარტიის წევრი არ ყოფილა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს “ევროფილები მისი შავი წასრულის გასათეთრებლად იყენებენ” და ჰალშტეინი მაინც იყო სხვადასხვა ნაცისტური ორგანიზაციების წევრი. “პოლიტიკანო” არ აკონკრეტებს, რომელ ორგანიზაციებზეა საუბარი. ჰალშტეინის შესახებ შეთქმულების თეორიები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წყაროებში წარსულშიც გავრცელებულა. ერთ-ერთი მსგავსი კონსპირაციის მტკიცებით, ჰალშტეინი იყო ნაციონალ-სოციალისტი გერმანელი ადვოკატების ასოციაციის წევრი, რომელიც 1933 წელს, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაარსდა და 1936 წელს კანონის დამცველთა ნაცისტურ ასოციაციად გადაკეთდა. კონსპირაციის მიხედვით, ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ მხოლოდ ისინი, ვინც ნაცისტური იდეოლოგიისადმი უპირობო მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ამავე თეორიის მიხედვით, ჰალშტეინი როსტოკის უნივერსიტეტში ნაცისტური მთავრობის წარმომადგენლისადმი 1935 წელს გაგზავნილ მემორანდუმში აცხადებს, რომ ორივე ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციის წევრი იყო.
ჰალშტეინი მართლაც იყო რამდენიმე ნაცისტური პროფესიული ორგანიზაციის წევრი (მათ შორის ნაციონალ-სოციალისტი მასწავლებლების ლიგა, სამართლის პროფესორების ნაციონალ-სოციალისტური ასოციაცია და ნაციონალ-სოციალისტ გერმანელ ლექტორთა ლიგა). ნაცისტური რეჟიმის ე.წ. კოორდინაციის პოლიტიკის (Gleichschaltung) შედეგად მოხდა ყველა სამოქალაქო ორგანიზაციის ნაციფიკაცია, ამიტომ ნებისმიერი პროფესიული ასოციაციის წევრობა ნაცისტური ორგანიზაციის წევრობას ნიშნავდა, რაც სამსახურის შენარჩუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ჰალშტეინი როსტოკის უნივერსიტეტის პროფესორი და პროფესიული ორგანიზაციების წევრი ჯერ-კიდევ 1930 წელს, ნაცისტური რეჟიმის დამყარებამდე გახდა. როგორც დოქტორი ფილიპ როსინი წერს, მას ნაციონალ-სოციალიზმისადმი კრიტიკულ განწყობილებაში ადანაშაულებდნენ და მისი დანიშვნა 1938 წელს მიუნხენში სწორედ პოლიტიკური მოტივებით არ შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ლექტორთან ნაციონალ სოციალისტურ ასოციაციას ჰალშტეინის იდეოლოგიურ ერთგულებაში ეჭვი შეჰქონდა, 1941 წელს ის მაინც გახდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.
ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, მოგვიანებით გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ეუგენ გერსტენმაიერი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებდა, რომ როდესაც ნაცისტური რეჟიმისადმი კრიტიკული პეტიციის ხელმოწერისათვის აკადემიური დისციპლინის პროცედურის მიხედვით მისი საქმე სამი ადამიანისაგან შემდგარმა საბჭომ განიხილა, მასში შედიოდა ჰალშტეინიც. გერსტენმაიერის მიხედვით, მაშინ მისი გამართლება ახალგაზრდა პროფესორის, ჰალშტეინის დამსახურება იყო, რომელიც საუკეთესო მომლაპარაკებელი აღმოჩნდა და რომლის აზროვნებასაც არაფერი ჰქონდა საერთო რეჟიმთან.
ევროპარლამენტის ევროკავშირის ისტორიის სერიის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტში პოზიციის შესანარჩუნებლად ჰალშტეინს ნაცისტურ რეჟიმთან პრაქტიკულ და იდეოლოგიურ დათმობებზე წასვლა უწევდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დენაციფიკაციის პროცესის დროს მისი კავშირი ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან არ გამოვლენილა.
- რეალურად რატომ დატოვა თანამდებობა ჰალშტეინმა – ცარიელი სკამის კრიზისი
ჰალშტეინი მეორე მსოფლიო ომში 1942 წელს გაიწვიეს. ის ჩრდილოეთ საფრანგეთში განთავსებული საარტილერიო დანაყოფის ლეიტენანტი იყო. 1944 წელს ჰალშტეინი ტყვედ ჩავარდა და ომის დასრულებამდე ამერიკელების ტყვეობაში იმყოფებოდა. მისისიპის ომის ტყვეთა ბანაკში მან “ბანაკის უნივერსიტეტი” ჩამოაყალიბა, სადაც ტყვეებს აშშ-ს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის შესახებ ასწავლიდნენ.
1945 წელს, გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ის ფრანკფურტის უნივერსიტეტის გახსნის კამპანიაში ჩაერთო, მისი პროფესორი და მოგვიანებით რექტორი გახდა. 1950 წელს, კანცლერ კონრად ადენაუერის მიწვევით ჰალშტეინი გახდა ევროპის ქვანახშირის და მეტალის საზოგადოების შექმნაში გერმანიის წარმომადგენელი, რომელიც შემდგომში ევროპულ ეკონომიკურ საზოგადოებად, შემდეგ კი ევროკავშირად გარდაიქმნა.
1958 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე ჰალშტეინი ევროპული კომისიის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. ის ამ პოსტს 1967 წლამდე იკავებდა. კომისიაში შედიოდნენ საფრანგეთი, იტალია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, ბელგია და ნიდერლანდები. კომისიის მიზანი იყო შეემუშავებინა საერთო პოლიტიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა.
ჰალშტეინის თანამდებობიდან გადადგომა 1965 წელს დაწყებულ ე.წ. ცარიელი სკამის კრიზისს მოჰყვა. ჰალშტაინმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო საერთო სასოფლო სამეურნეო ბაზარი, რომელიც დამოუკიდებლად დაფინანსდებოდა და გაკონტროლდებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი წინააღმდეგი იყო და პროსტესტის ნიშნად მათი წარმომადგენელი რამდენიმე თვის განმავლობაში სხდომებს აღარ ესწრებოდა. დე გოლი ჰალშტეინს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ საბიუჯეტო პროექტის წევრი ქვეყნების მთავრობებთან შეუთანხმებლად მომზადა. საბოლოოდ გამოინახა კომპრომისი ეროვნული ინტერესის საკითხებზე ვეტოს უფლების შემოღების სახით.
კომისიის სხდომებზე დაბრუნების შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალშტეინის ჩანაცვლება მოითხოვა. პოსტზე ვადა მას 1966 წელს ამოეწურა, თუმცა დროებით მოვალეობის შემსრულებლად შემცვლელის არჩევამდე დარჩა.
დე გოლი ჰალშტეინს საკუთარ მემუარებში აკრიტიკებდა იმის გამოც, რომ ის ქვეყნის მეთაურივით იქცეოდა და წევრი ქვეყნების ფედერაციული ერთობის შექმნის თეორიას დიდი ენთუზიაზმით ატარებდა. დე გოლი წერდა, რომ ეს ვერ თავსდებოდა იმ მიზნებთან, რაც მას საფრანგეთისთვის ჰქონდა დასახული.
EU vs Disifno-ის თანახმად, ჰალშტაინის ნაციზმთან კავშირზე მითი ჩეხურ მედიაშიც ვრცელდებოდა.
წყაროს შესახებ
ჰალშტეინი და ზოგადად ევროკავშირი “პოლიტიკანოს” წარსულშიც დაუკავშირებია ნაცისტებთან. მაშინ “პოლიტიკანო” წყაროდ კრემლისტურ არასამთავრობო ორგანიზაციას იყენებდა, რომლის პრეზიდენტი კონსტანტინ მალოფეევი რუსი ოლიგარქი, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული და დონბასში სეპარატისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირია.
თავად “პოლიტიკანო” ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. ფეისბუკ გვერდზე, Politicano-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებში 2 საჯარო ლექციაა მითითებული, რომელიც 2015 და 2016 წელს სწორედ ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.
თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი.
ვრცლად პოლიტიკანოს შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.