რატომ არ დაუჭირეს მხარი აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა გაეროში რუსეთის წარდგენილ რეზოლუციას ნაციზმზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

529
VIEWS

16-19 დეკემბერს ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანმა (1,2,3,4) ფეისბუქ ანგარიშებმა, ასევე პარტია “ქართული იდეის” ფეისბუქ გვერდმა გაეროში რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილი რეზოლუციის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც “ ნაციზმის, ნეონაციზმისა და სხვა პრაქტიკების” წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. ანგარიშების ნაწილის მტკიცებით, ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ნაციზმს ემხრობიან. 

18 დეკემბერს ამავე რეზოლუციაზე ისაუბრეს ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა”, სადაც “კონსერვატიული მოძრაობის“ წევრმა გიორგი კიკნაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერით საქართველოს მთავრობამ 50 ქვეყანასთან ერთად ფაშიზმი და ნაციზმი დასაშვებად სცნო. ამავე გადაცემაში ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკელთა ძალისხმევით 50-მა სახელმწიფომ დააფიქსირა პოზიცია, რომ ფაშიზმი არათუ დასაგმობი, არამედ შესანიშნავი იდეოლოგიაა და რომ საქართველო მოლდოვას შეუერთდა უკრაინული ფაშიზმის დასაცავად. 

ინფორმაციას რეზოლუციის შესახებ რუსულენოვანი (1,2,3) და ქართულენოვანი (1,2,3) პროფილები, მათ შორის პარლამენტის ყოფილი წევრი დემურ გიორხელიძე, ნოემბრის დასაწყისშიც ავრცელებდნენ. 

ergrgrg რატომ არ დაუჭირეს მხარი აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა გაეროში რუსეთის წარდგენილ რეზოლუციას ნაციზმზე?

ინფორმაცია რუსეთის რეზოლუციის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა ნაციზმის მხარდაჭერას არ ნიშნავს, რაზეც განმარტება იმ ქვეყნების ნაწილმა გააკეთა, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთის მიზანია რეზოლუცია უკრაინაში არაკანონიერი შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს. 

ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას რეზოლუციის შესახებ კონტექსტის გარეშე ავრცელებდა, რაც შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნები ნაცისტურ იდეოლოგიას იცავდნენ. “ალტერნატიული ხედვის” სტუმრები კი ქვეყნებს, რომლებმაც ხმა აღნიშნული დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს,  ნაციზმის მხარდაჭერაში პირდაპირ ადანაშაულებდნენ. 

რეზოლუციას სახელად “ბრძოლა ნაციზმის, ნეონაციზმის და სხვა პრაქტიკების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობს რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების ესკალაციას“ რუსეთის ფედერაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2012 წლიდან ყოველწლიურად წარადგენს

გენერალური ასამბლეა რეზოლუციას ყოველ წელს დიდი უპირატესობით იღებდა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ხმის მიცემისგან თავს იკავებდა, ხოლო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა, რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას. 

2022 წელს ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის, თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ პოზიცია შეიცვალა და 15 დეკემბერს 77-ე სესიის 54-ე შეხვედრაზე ხმა რეზოლუცის წინააღმდეგ დააფიქსირა, ჯამში ასეთი ქვეყნების რიცხვი 50-ს შეადგენდა. ამის მიუხედავად რეზოლუციამ 120 ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ასამბლეის 10-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაეროში ხმის მიცემის შედეგებს შოკისმომგვრელი უწოდა, რადგან, მისი თქმით, ყოფილი “ღერძის ქვეყნებმა” (გერმანია, იტალია, იაპონია) ნაციზმის დაგმობის წინააღმდეგ ხმა პირველად მისცეს. ამავე ფაქტს გაუსვა ხაზი რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ Ukraina.ru, რომლის სტატიაშიც აღნიშნულია, რომ გერმანია, ავსტრია, იაპონია და იტალია ცდილობენ მომენტი გამოიყენონ და გასული საუკუნის ტრაგიკული მოვლენების მეხსიერება წაშალონ, რითაც საკუთარ კრიმინალურ წარსულს გაათეთრებენ. 

Screenshot 89 რატომ არ დაუჭირეს მხარი აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა გაეროში რუსეთის წარდგენილ რეზოლუციას ნაციზმზე?

უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში აღნიშნა, რომ რეზოლუციის ლობირებით რუსეთი ცდილობს უკრაინაში ნეო-ნაციზმთან ბრძოლის მოტივით დაწყებული უკანონო შეჭრა გაამართლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვედრილი მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ფაქტები ომის დანაშაულს წარმოადგენს და რომ “გამაუპატიურებლებს საშუალება არ უნდა მივცეთ გაუპატიურების შესახებ გვმოძღვრავდნენ”. 

ასეთივე პოზიცია ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომლის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ მოსკოვის რეზოლუცია ნაციზმთან და ანტისემიტიზმთან ბრძოლის სერიოზულ ძალისხმევას არ წარმოადგენს და ნაცვლად ამისა, ესაა სამარცხვინო ხრიკი უკრაინაში აგრესიული ომის გასამართლებლად. 

შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნოემბერშიც ახსნა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილის ნიკოლას ჰილის განცხადებით, რუსეთი წარმოდგენილი დოკუმენტით დეზინფორმაციული ნარატივების გამოყენებით მეზობლების დისკრედიტაციას ცდილობს. ასევე, შეერთებული შტატები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა მხარეს იბრძოდა, კატეგორიულად გმობს ნაციზმის განდიდებასა და ძალადობრივი ექსტრემიზმის, ანტისემიტიზმის, რასიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და სხვა შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს.  

საკუთარი პოზიცია ახსნა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმაც, რომელიც ევროკავშირის სახელით საუბრობდა. მისი მტკიცებით, რეზოლუციაში გამოყენებული ტერმინი დენაციფიკაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ხშირად იყენებს უკრაინაში უკანონო შეჭრის აღწერისას ამახინჯებს ჰოლოკოსტის გაგებას

ასეთივე იყო ევროკავშირის პოზიცია ნოემბერში. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიხედვით, ევროკავშირი წლების მანძილზე ითხოვდა, რომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაციზმის იდეოლოგიის დაგმობა  პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის გამართლებას ემსახურება.

ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველოც იყო. თუმცა, ახლანდელი მდგომარეობით, ოფიციალურ სტრუქტურებს ქვეყნის პოზიციის შესახებ განმარტება არ გაუკეთებიათ. “მითების დეტექტორი” აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოემბერში დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან ოფიციალური განმარტება ზეპირი ან წერილობითი სახით მოწოდებული არ ყოფილა.

ინფორმაცია აღნიშნული რეზოლუციის და მის ირგვლივ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პოზიციის შესახებ “მითების დეტექტორმა” წინა წლებშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გაერო, რუსეთი, საქართველო, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

qart
ქართული იდეა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist