რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

78
VIEWS

2022 წლის 16 თებერვალს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “პოლონური გამოცემა: ინგლისსა და უკრაინასთან კავშირი სახიფათოა პოლონეთისთვის”, სადაც საუბარი იყო უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსის საფრთხეებზე. სტატიის ავტორი რუსულ ვებ-გვერდ Fondsk.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ამტკიცებს, რომ ასეთი ალიანსი საშიშია, რადგან ისტორიას ახსოვს, როგორ გამოიწვია 1939 წელს დიდ ბრიტანეთთან გაფორმებულმა ამგვარმა ხელშეკრულებამ პოლონეთის ომში ჩაბმა. თავის მხრივ Fondsk.ru პოლონურ გამოცემა “Myśl Polska-ს” მასალას ეყრდნობა.

Screenshot 1 14 რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი?

პოლონური გამოცემა Mysl Polska:პოლონეთში ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს, რა სამწუხარო შედეგებით დასრულდა ჩვენთვის 1939 წელს დიდ ბრიტანეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება.ამ ხელშეკრულების გამო ჩვენი ქვეყანა ომში ჩაება.”

მტკიცება, თითქოს პოლონეთის ომში ჩაბმა ბრიტანეთთან დადებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია, ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება და მანიპულაციურია. პოლონეთის ოკუპაცია და მისი გავლენის სფეროებად გაყოფა გერმანიისა და სსრკ-ს მიერ  ჯერ კიდევ ბრიტანეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებამდე იყო გადაწყვეტილი. კრემლთან აფელირებული მედია 1939 წლის სამოკავშირეო ხელშეკრულებას უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის თანამშრომლობის ახალ სამმხრივ ფორმატთან მანიპულაციურად აკავშირებს.

  • ანგლო-პოლონური ალიანსის შესახებ 

1939 წლის 25 აგვისტოს დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთდახმარების ალიანსი შეიქმნა. კავშირი მიზნად ისახავდა, რომ ეს ორი სახელმწიფო დახმარებოდა ერთმანეთს, თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფო მათზე იერიშს მიიტანდა. თუ რას მოიცავდა ეს დახმარება, დოკუმენტში დეტალურად არ იყო აღწერილი, თუმცა შეთანხმების პირველი თავი ნათლად აცხადებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ყველანაირი დახმარება, რისი ძალაც დამხმარე სახელმწიფოს გააჩნდა.

ანგლო-პოლონური შეთანხმება, თავი 1: “თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე ჩაერთვება საომარ მოქმედებებში ევროპულ ძალასთან ამ უკანასკნელის მიერ ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად, მეორე მხარე დაუყოვნებლივ მისცემს საომარ მოქმედებებში ჩართულ მხარეს მის ძალაში არსებულ მხარდაჭერასა და დახმარებას.”

საგულისხმოა, რომ ურთიერთდახმარება აუცილებელი იყო არა მხოლოდ რომელიმე სახელმწიფოში აგრესორის შეჭრის დროს, არამედ მაშინაც, თუ შეთანხმებაში მყოფი ქვეყნის წინააღმდეგ რომელიმე ძალა ისეთ ქმედებას განახორციელებდა, რაც მის დამოუკიდებლობას პირდაპირ ან ირიბად საფრთხეს შეუქმნიდა.

ანგლო-პოლონური შეთანხმება, თავი 2 (1): “I მუხლის დებულებები ასევე გამოიყენება ევროპული სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედების შემთხვევაში, რომელიც აშკარად ემუქრება, პირდაპირ თუ ირიბად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დამოუკიდებლობას და ისეთი ხასიათისაა, რომ მხარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად განიხილავს მას წინააღმდეგობა გაუწიოს შეიარაღებული ძალებით.”

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს შეთანხმება გახდა მიზეზი იმის, რომ გერმანიის მიერ პოლონეთზე თავდასხმის (1939 წლის 1 სექტემბერი) შემდგომ ორ დღეში, დიდმა ბრიტანეთმა ნაცისტურ გერმანიას ომი გამოუცხადა (1939 წლის 3 სექტემბერი) და მობილიზიაცია დაიწყო. 

Screenshot 2 14 რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი?
გერმანია იჭრება და ბომბავს პოლონეთს, ბრიტანეთი მობილიზაციაშია

ანგლო-პოლონური შეთანხმება სრულად ურთიერთდაცვითი ხასიათის იყო და შესაბამისად სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს არანაირი ფორმით არ ქმნიდა. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი არ აკონკრეტებდა, თუ რომელი ევროპული სახელწმიფოს საფრთხისგან დაცვაზე იყო საუბარი. გერმანიაზე როგორც საფრთხეზე მინიშნება მხოლოდ საიდუმლო პუნქტებში კეთდებოდა.

  • მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები

უპირველესად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგლო-პოლონური ალიანსი მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა (2 დღის შემდგომ), რაც გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტი გააფორმეს, ხოლო საიდუმლო პუნქტებით ევროპის ნაწილი და მათ შორის პოლონეთი გავლენის სფეროებად გაიყვეს.  

ის, რომ გერმანიამ აგრესიის პირველ მსხვერპლად სწორედ პოლონეთი აირჩია, სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული. უპირველესად, გერმანიას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულებით სხვადასხვა ტერიტორია ჩამოერთვა, მათი დიდი ნაწილი კი სწორედ პოლონეთს მიაკუთვნეს. ტერიტორიებს შორის იყო დასავლეთ პრუსია, პოზნანი და ზემო სილეზია. 

გერმანიას ჯერ კიდევ 1939 წლამდე ბევრად ადრე ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა, ეს ტერიტორიები უკან მიეერთებინა, თუმცა ჰიტლერმა 1934 წელს პოლონეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გააფორმა, რათა პოლონეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოების კავშირები თავიდან აეცილებინა.

Screenshot 3 16 რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი?
პოლონეთ გერმანიის აგრესიის საწინააღმდეგო შეთანხმების გაფორმება, 1934წ.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ე. წ. დაშოშმინების პოლიტიკას მიჰყვებოდნენ და ცდილობდნენ, გერმანიასთან კონფლიქტი და მისი გაღიზიანება თავიდან აცილებულიყო, თუმცა საბოლოოდ ეს მაინც არ გამოდგა შედეგიანი, რადგან გერმანიამ საკუთარ მიზნებზე უარი არ თქვა.  

პოლონეთში შეჭრით 1939 წელს გერმანიამ წარსულში დაკარგული ტერიტორიები მიიერთა და მთლიანი აღმოსავლეთ პოლონეთის (თავისი მეზობლის) მართვა დაიწყო. 

გერმანია ომის მიზეზად ორ მცდარ არგუმენტს ასახელებდა, რითიც რეალურ მიზეზს მალავდა და თავი მსხვერპლად გამოჰყავდა. ნაცისტური პროპაგანდა ავრცელებდა აზრს, რომ პოლონეთში მცხოვრები ეთნიკურად გერმანელები საფრთხის ქვეშ იყვნენ, შესაბამისად გერმანია ვალდებული იყო, ისინი დაეცვა და საომარი მოქმედებები დაეწყო

საინტერესოა მეორე პროპაგანდისტული არგუმენტი, რომელიც თითქმის იდენტურია “საქართველოს და მსოფლიოს” სტატიის არგუმენტის. გერმანია ავრცელებდა აზრს, რომ პოლონეთი აპირებდა ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებით გარს შემორტყმოდა გერმანიას და დაეშალა ის. 

რადგან რეალური საფრთხე პოლონეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთის მხრიდან არ არსებობდა, გერმანიამ ამ საფრთხის ერთგვარი იმიტაცია თავად შექმნა, რაც გლაივიცის პროვოკაციის სახელით არის ცნობილი. ომის დაწყების წინა დღეს ნაცისტებმა გლაივიცის (ზემო სილეზია) რადიოსადგურზე თავდასხმა მოაწყეს, რაც პოლონეთს დააბრალეს. სწორედ ეს შემთხვევა გამოიყენა გერმანიამ მეორე დღეს ომის დაწყების საბაბად. 

Screenshot 4 15 რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი?
გლაივიცის რადიოსადგური

გლაივიცის შემთხვევა ერთგვარად მოწმობს, რომ გერმანიას გააჩნდა ტერიტორიული ექსპანსიის მიზნები და სხვებისგან მომდინარე საფრთხეები უბრალოდ იყო საბაბი, რომელიც სხვა მოცემულობაში ალტერნატიული საბაბით ჩანაცვლდებოდა. 

უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსი

რუსეთის აგრესიის საპასუხოდ და ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის 2022 წლის 17 თებერვალს უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის თანამშრომლობის სამხრივი ფორმატი ამოქმედდა, რომელიც ეკონომიკურ, სავაჭრო, უსაფრთხოების და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას მოიცავს. ყურადღება გამახვილდება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზეც. შეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინელ ხალხს კრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში გევრდით დაუდგება. Myśl Polska-ს სტატიის ავტორი სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს 1939 წლის ანგლო-პოლონურ შეთანხმებას და ცდილობს სკეპტიციზმის გაღვივებას ახალი ერთობის მიმართ როცა ამტკიცებს, რომ  ბრიტანეთთან ალიანსმა პოლონეთი ერთხელ უკვე ჩაითრია ომში.

Myśl Polska-ს სტატიის შესახებ

პოლონური სტატიის ავტორი, რომელსაც “საქართველო და მსოფლიო” ეყრდნობა Stanisław Lewicki-ა. ის გამოცემა Myśl Polska-ში ძირითადად ანტიდასავლურ მასალებს აქვეყნებს, რაც ხშირად ხვდება რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემებში. მაგალითისთვის, fondsk.ru-ზე იძებნება Stanisław Lewicki-ის სხვა სტატიაც, რომელიც უკრაინას ეხება, ქვეყანას უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ ის ნაცისტური გერმანიის მხარეს იყო.

Screenshot 5 12 რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი?

Stanisław Lewicki-ს სტატიები ხშირად ქვეყნდება პოლონურ სპუტნიკშიც. ერთ-ერთ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებს აშშ პოლონეთს. კიდევ ერთ სტატიაში Stanisław Lewicki წერს, თუ როგორ უსმენს ვლადიმირ პუტინს მთელი მსოფლიო და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოლონეთმაც გაითვალისწინოს.

Screenshot 6 11 რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი? Screenshot 7 11 რატომ აფრთხობს კრემლის მედიას ბრიტანულ-პოლონური ალიანსი?

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ პორტალმა Myrotvoretsმა, რომელიც უკრაინაშია დაფუძნებული და რუსეთის დანაშაულებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, გაავრცელა ბორის რაპოპორტის იმეილიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომელიც  პუტინის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის ვლადისლავ სურკოვის მრჩეველია. მეილებში საუბარი იყო უკრაინაში და სხვა მეზობელ ქვეყნებში შექმნილი გავლენის ინსტრუმენტების, მათ შორის ორგანიზაციების ქსელისა და გამოცემების შესახებ. Myrotvorets-ის ინფორმაციით მეილებში ნახსენები იყო Myśl Polska, როგორც იმ “ინფრასტრუქტურის” ნაწილი, რომელიც რუსეთის პოლონეთში აქვს.

fondsk.ru-ს შესახებ

“საქართველო და მსოფლიო” ხშირად ეყრდნობა fondsk.ru-ზე გამოქვეყნებულ მასალებს. ამჯერადაც პოლონური გამოცემიც სტატია სწორედ fondsk.ru-ზე გავრცელდა, საიდანაც “საქართველო და მსოფლიომ” ქართულ ენაზე თარგმნა. fondsk.ru სტრატეგიული კულტურის ფონდის ვებ-საიტია, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი რედაქტორი ვლადიმირ მაქსიმენკოა, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და რუსეთის სახელმწიფო რადიომაუწყებლობის “Голос России” ანალიტიკური დამკვირვებელია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, სტრატეგიული კულტურის ფონდს საგარეო დაზვერვის სამსახური ხელმძღვანელობს და მჭიდრო კავშირშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა “სტრატეგიული კულტურის ფონდს” სანქციები დააკისრა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist