23 მარტს ფეისბუკ-მომხმარებელმა Ira Arseneva გამოაქვეყნა ფოტო სათაურით: “მათთვის, ვისაც დაავიწყდა! აი, რატომ აჯანყდა რუსეთი!”
გამოქვეყნებულ ფოტოზე შემდეგი წარწერაა: “აჩვენეთ ეს ფოტო რაც შეიძლება ბევრ თქვენს ნაცნობს. უკრაინელებმა და არა მხოლოდ, იცოდნენ, თუ ვინ არის სტეპან ბანდერა. ქვაზე, ქვემოთ ამოტვიფრულია: „თუ ამას დავივიწყებ, დაე ზეცამ დამივიწყოს მე…” ეს მონუმენტი პოლონეთში დგას. ბავშვების ხოცვა-ჟლეტის რეალური ფოტოებიდანაა შექმნილი, რომლებსაც ბანდერელები,”ეროვნული გმირის” ხელმძღვანელობით ბოძებზე მავთულხლართებით აბამდნენ – ტყვიებს ზოგავდნენ.
26 თებერვალს იგივე ფოტო, იმავე კონტექსტით ტვიტერის ანგარიშზეც გავრცელდა.
ფოტო ყალბი აღწერით ფეისბუკის რუსულ გვერდსა – За великую Россию და სხვა ონლაინ პლატფორმებზე – russia-reborn.ru, joyreactor.cc – ადრეც ვრცელდებოდა
გავრცელებულ ფოტოს სტეპან ბანდერასთან კავშირი არ აქვს. პოლონეთში, ქალაქ პჟემიშვში, 2003 წელს გახსნილ UPA (უკრაინის მეამბოხე არმია)-ის მსხვერპლთა მემორიალზე ეს ძეგლი ნამდვილად იდგა, თუმცა პჟემიშვის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ის უკანონოდ დადგეს. 2008 წლის 8 ოქტომბერს ძეგლი მას შემდეგ აიღეს, რაც გაირკვა, რომ მასზე გამოსახული ბავშვების ფოტოები არა UPA-ის მსხვერპლთ, არამედ დედის მიერ დეპრესიის ნიადაგზე მოკლულ შვილებს განასახიერებდა.
აქვს თუ არა კავშირი ძეგლს უკრაინის მეამბოხე არმიასთან (UPA)?
2003 წელს ქალაქ პჟემიშვში ვოვინის ხოცვა-ჟლეტის 60 წლისთავზე UPA-ის (უკრაინის მეამბოხე არმია) პოლონელ მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. თავდაპირველად მემორიალზე ჯვარი, ქვა და მემორიალური დაფა უნდა ყოფილიყო. შემდგომ, მემორიალზე მავთულხლართებით ხეზე მიბმული მოკლული ბავშვების ძეგლი დადგეს. ავტორი უცნობია. ძეგლმა ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც წამყვან პოლონურ გაზეთ “Rzeczpospolita” – ს 2007 წლის 19 მაისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია – “ყალბი აღწერა, ნამდვილი დანაშუალი“. სტატიაში, ისტორიკოსები დარიუშ სტოლა და ადა რუტკოვსკა ამტკიცებდნენ, რომ ფოტო რეალურად ომამადეა გადაღებული და მას UPA-ის დანაშაულებთან კავშირი არ აქვს. პჟემიშვის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ძეგლი არალეგალურად დაიდგა და ის მემორიალის პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ პჟემიშვის ადგილობრივი მედია ავრცელებდა.
პჟემიშვის ადგილობრივმა მთავრობამ, ბრძოლისა და მოწამეობის დაცვის საბჭოს მდივნის, ანჯეი პჟევოჟნიკის თხოვნით, 2008 წლის, 8 ოქტომბერს, UPA-ის მსხვერპლთა მემორიალიდან უკანონოდ მიმაგრებული სკულპტურა ამოიღო.
ვინ არიან ფოტოებზე გამოსახული ბავშვები?
ფოტოებზე გამოსახული ოთხი ბავშვი ბოშა ქალის – მარიანა დოლინსკას შვილები იყვნენ. ტრაგედია პოლონეთში, ქალაქ რადომთან 98 წლის წინ მოხდა. 32 წლის ბოშა ოთხ შვილთან ერთად მარტო დარჩა, როცა მისი ქმარი, ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, მრავალჯერადი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. რადომის მახლობლად მდებარე სოფლებში ხეტიალით, სადაც შიმშილი და სიღარიბე სუფევდა, დოლინსკა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვების მკვლელობა მათი ბოროტებისგან გადარჩენის გზა იყო. 1923 წლის 12 დეკემბრს მარიანა დოლინსკამ თავისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი (6 თვის ზოშია, 3 წლის ანტონი, 5 წლის ბრონია და 7 წლის სტეფანი) ხეზე მიაბა და ჩამოახრჩო. მეორე დღეს, მარიანა დოლინსკა რადომის პოლიციაში გამოცხადდა და მკვლელობა აღიარა. 32 წლის ქალი დააკავეს და ვარშავის მახლობლად მდებარე ტვორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. მარიანა დოლინსკა 1928 წელს გარდაიცვალა და საავადმყოფოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ტვორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დოლინსკას ბიპოლარული აშლილობის (განუკურნებელი ფსიქიკური აშლილობა მაღალი ან გაღიზიანებული განწყობის ან დეპრესიის პერიოდებით) დიაგნოზი დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ ფოტო, პირველად,1928 წელს სწორედ მარიანა დოლინსკას მკურნალმა ექიმმა გაასაჯაროვა, როგორც დოლინსკას დაავადების შედეგის ილუსტრაცია.
ერთი ფოტოს სხვადასხვა ისტორია – ფოტო წლების განმავლობაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა
1923 წელს, ტრაგედიის შემდეგ, პოლიციის ფოტოგრაფმა ხეზე ჩამოკიდებულ ბავშვებს რამდენიმე ფოტო გადაუღო. მკვლელობა მაშინ პოლონურ გაზეთებში არ გახმაურებულა, რადგან ამ პერიოდში შიმშილობის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და თვითმკვლელობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ტრაგედიის ამსახველი ფოტოები წლების განმავლობაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა. ფოტოებს როგორც ნაცისტური ისე საბჭოთა პროპაგანდა თავის სასარგებლოდ იყენებდა.
მოკლული ბავშვების ამსახველი ერთ-ერთი ფოტო და მათი დედის პორტრეტი პირველად 1928 წელს ტვორკის საავადმყოფოს დირექტორის სტატიაში -“სიგიჟე და პირქუში ფსიქოზი სასამართლო ფსიქიატრიულ კაზუისტიკაში” გამოქვეყნდა. ვიტოლდ ლუნიევსკი, მარიანა დოლინსკას მკურნალი ექიმი იყო. მან ფოტომასალა მარიანა დოლინსკას დაავადების შედეგის ილუსტრაციად წარმოადგინა.
1941 წლის 2 ივლისს, იგივე ფოტო გამოცემა – „Nowy Kurier Warszawski“-ის სტატიის ილუსტრაციად გამოჩნდა. სტატიის მიხედვით, ეს ბოლშევიკურ რეჟიმს გამოქცეული პოლონელი სოფლის მეთაურის ოჯახი იყო, რომელზეც ბოლშევიკებმა შური სასტიკად იძიეს. სტატია ნაცისტურ გაზეთში საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმიდან 10 დღის შემდეგ გამოქვეყნდა.
რვა დღის შემდეგ, 1941 წლის 10 ივლისს, მიწისქვეშა პოლონური გაზეთი ამ საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ფოტოს საბჭოთა კავშირის ბარბაროსობასთან კავშირი არ აქვს, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე დედის მიერ ჩადენილ ჩვილების მკვლელობას ასახავს და სასამართლო მედიცინის დეპარტამენტიდანაა.
ტრაგედიის მეორე ფოტო, პირველად, 1948 წელს პროფ. ვიქტორ გჟივა-დაბროვსკის წიგნში ”კრიმინალისტური სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისთვის” დაიბეჭდა. თუმცა, პოპულარული ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1993 წელს გახდა, როდესაც ვროცლავის გაზეთ “Na Rubieży” –ში როგორც 1943 წელს UPA-ს მიერ ვოვინსა და პოდოლიაში განხორციელებული გენოციდის მტკიცებულება გამოქვეყნდა. ფოტო გაზეთში შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა: “1943 წლის შემოდგომაზე, UPA-ს ქვედანაყოფმა სოფელ კოზოვას მახლობლად, ტარნოპოლის სავოევოდოში, პოლონელი ბავშვები მოწამეობრივად დახოცეს.”
1994 წელს კი, იგივე ფოტო იეჟი ვენგერსკის წიგნში “ ეროვნული არმია ლვოვის სამხრეთ და აღმოსავლეთ გარეუბანში” გამოქვეყნდა. ფოტოს ამჯერად SS-გალიციის ქვედანაყოფის მიერ პოლონელი ბავშვების მკვლელობას უკავშირებდნენ.
2003 წელს ფოტო მოყვარულმა ისტორიკოსმა და დოკუმენტალისტმა ალექსანდრე კორმანმა ფოტოალბომის გარეკანისთვის არასწორი აღწერით გამოიყენა. ფოტოალბომი უკრაინის მეამბოხე არმიის – UPA- ის პოლონელ მსხვერპლებს ეხებოდა.
პოლონური, ისტორიულ პორტალ dzieje.pl -ის მიხედვით, რომელსაც პოლონეთის ისტორიის მუზეუმი მართავს, ვოვინსა და გალიციაში განხორციელებული პოლონელების ხოცვა-ჟლეტა უკრაინის ნაციონალისტურ ორგანიზაცია (OUN)-ს და უკრაინის მეამბოხე არმია (UPA)-ს უკავშირდება. 1943-45 წლებში ვოვინსა და აღმოსავლეთ გალიციაში დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სტეპან ბანდერა ვოვინსა და გალიციაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის დროს, საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში იყო დაპატიმრებული.
სტეპან ბანდერას შესახებ მითების დეტექტორი ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.