რასმუსენის სიტყვებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე კრემლისტური აქტორები მანიპულაციურად ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

184
VIEWS

მას შემდეგ, რაც ჩრდოლოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის ულტიმატუმს, რომ ნატო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ ღია კარის პოლიტიკას არ გადახედავდა, მკაფიოდ და ერთსულოვნად უპასუხა, ქართულ სოციალურ ქსელებში კრემლისტურმა აქტორებმა ნატოს მე-5 მუხლის თემა კვლავ გააქტიურეს.

11 იანვარს პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ ტელეკომპანია “იმედის” პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელზეც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის  “ქრონიკისთვის” მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი სათაურში შემდეგი სიტყვებით  არის გამოტანილი “საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა მოვიწვიოთ ოკუპირებული ნაწილების გარეშე”. სქრინს თან ერთვის ლევან ჩაჩუას შემდეგი კომენტარი: “ყურები და ტვინი გამოუჭედეს ხალხს ნატოსკენ იმიტომ მივისწრაფით, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთო. აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ვის რა ჯანდაბად უნდა თქვენი ნატო?! ესენი ისეთ დღეში ჩაგვაგდებენ, რომ მერე ქვემო ქართლის და ჯავახეთის გერეშეც მოგვთხოვენ ნატოში გაწევრიანებას…”

"
12 იანვარს მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა ოთარ დანელიამაც გამოაქვეყნა. ამ უკანასკნელს ფეისბუქ გვერდზე სამუშაო ადგილად ალტ-ინფოს მიერ დაარსებული პარტია კონსერვატიული მოძრაობა აქვს მითითებული. პოსტს თან ერთვის ნატოს დროშა, რომელიც წითლად არის გადახაზული. მასში ნათქვამია, რომ ნატოს მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან საკუთარი სარაკეტო კომპლექსების განთავსება სურს და ოკუპირებული ტერიტორიების ბედი “ფეხებზე ჰკიდია”.

13 იანვარს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორმა, კონსტანტინე ჩიკვილაძემ, რომელიც ამავდროულად Spacnews-ის დახურული ჯგუფის ადმინისტრატორია და “მითების დეტექტორის” 2019 წლის კვლევის მიხედვით, News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდს მართავდა, გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც “იმედის” ხსნებული სტატიის სქრინშოთი აქვს დართული. ჩიკვილაძეს ასევე მოყვანილი აქვს Spacenews-ის მასალა, რომელშიც რასმუსენის განცხადებას რევაზ კილასონია ეხმაურება და მას ხაფანგს უწოდებს. კილასონიას თქმით, მსგავსი განცხადებებით “რეგიონში ლეგიტიმაცია დაკარგული დასავლეთი ჩვენს ხარჯზე ცდილობს რუსეთს გადაახდევინოს მოპოვებული გეოპოლიტიკური უპირატესობისთვის შესაბამისი ფასი”. Spacenews-ის მასალა ფეისბუქ მომხმარებელმა Mako Onoprishvili ლევან ვასაძის მხარდამჭერების ჯგუფში გააზიარა.

13 იანვარს კი ფეისბუქ გვერდმა “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” გამოაქვეყნა 2019 წლის 10 სექტემბერს თბილისში “ეკონომიკური კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის სკანდალური მისვლის ამსახველი ვიდეო, რა დროსაც ის მაკკეინის ფონდის  წარმომადგენელს დევიდ კრამერს დაუპირისპირდა. ვიდეოს ერთვის კომენტარი, რომლის თანახმადაც ალიანსში “ისევ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გვეპატიჟებიან”, რაც პოსტის ავტორებს კიდევ ერთხელ არწმუნებთ იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მხოლოდ მოსკოვში დევს.

“პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების” აღნიშნული პოსტი ფეისბუქ ანგარიშმა “საქართველოს მხსნელი” ლევან ვასაძის მხარდამჭერების ჯგუფში გადააზიარა.

“პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების” იდენტური პოსტი გამოაქვეყნა პარტიის მხარდამჭერმა, გამოცემა “თვალსაზრისის” ავტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა. მისი პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Kotrik ლევან ვასაძის მხარდამჭერთა ჯგუფშიც გააზიარა.

ირაკლი ჯანყარაშვილმა ამავე შინაარსის მასალა სათაურით “კრამერის მიზანიც ეს იყო, რომ უარი გვეთქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე” “თვალსაზრისის” ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა. მასალა ფეიბუქ ანგარიშმა “ირაკლი ჯანყარაშვილის პოლიტიკური ბლოგი” ლევან ვასაძის მხარდამჭერთა ჯგუფში გააზიარა.

მტკიცება, რომ ნატო საქართველოს ალიანსში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანებას და ამით ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას სთავაზობს, მანიპულაციურია. რეალურად, ლუკ კოფის ინიციატივა, რომელიც მოგვიანებით რასმუსენმა გაახმოვანა, საქართველოს დაჩქარებული წესით ნატოში ინტეგრირებას გულისხმობს, რა დროსაც ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას შეეხება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ გავრცელდება.

მსგავსი შინაარსის მანიპულაციას, თითქოს ნატოში გაწევრიანება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს, პრორუსული, კრემლისტური პარტიები წლებია ავრცელებენ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჰერიტიჯის ფონდის მიმომხილველის, ლუკ კოფის ანგარიში, რომელშიც მან საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე მისი მოსაზრება წარმოადგინა. ლუკ კოფის ინიციატივის მიხედვით, იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრაცია მოხდეს, ქარტიის მე-5 მუხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მას შემდეგ უნდა გავრცელდეს, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება.

ნატოს წესების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას შეეხება. ამ მუხლის მიხედვით, ალიანსის წევრ ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმას ნიშნავს, რის შემთხვევაშიც ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის ზომები. აღსანიშნავია, რომ მეხუთე მუხლი ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიულ საზღვრებს არ განსაზღვრავს.

მოგვიანებით, სწორედ  “ეკონომიკური კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე  ეს ინიციატივა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც გააჟღერა.

ანდერს ფოგ რასმუსენი: “თუ ერთ დღეს გადაწყდება, რომ საქართველო მზადაა ალიანსთან შესაერთებლად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატოს მე-5 მუხლი კვლავ ქმედითია, რაც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას, თუ მას თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები პრობლემაა. კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს შიგნით უნდა განიხილოთ, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ასევე უნდა უპასუხონ იმავე კითხვას”.

რასმუსენმა მოიყვანა გერმანიის მაგალითი, როდესაც 1955 წელს ნატოში მსგავსი პირობებით დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა, ხოლო 1991 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა.

სწორედ ეს ინიციატივა გაიმეორა “ქრონიკასთან” ინტერვიუში რასმუსენმა, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 იანვარს გავიდა. ინტერვიუდან რამდენიმე ფრაგმენტი გამოქვეყნდა “იმედის” ვებ-გვერდზეც. ერთ-ერთ ფრაგმენტში კარგად ჩანს, რომ რასმუსენი სწორედ ნატოს მე-5 მუხლის შესახებ საუბრობს და მაგალითად გერმანიის მოდელი მოჰყავს.

ანდერს ფოგ რასმუსენი: “მე მსურს ასეთი ვარიანტის განხილვა მოხდეს და ეს არის ჩემი შეთავაზება. ცივი ომის დროს გერმანია ნატოს წევრი გახდა აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე. ეს ტერიტორია არ შედიოდა დასავლეთ გერმანიის მთავრობის კოტროლს ქვეშ. ჩვენ ნება დავრთეთ დასავლეთ გერმანიის გაწევრიანებას. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ზუსტად ეს გავაკეთოთ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. განვაცხადოთ რომ დიახ, საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ რადგან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს არ მოიცავს ნატოს მეხუთე მუხლი. იგივე სცენარი უკრაინაზე. გვაქვს პრეცედენტი და უნდა განვიხილოთ ეს მოდელი. ამით ავიცილებთ თავიდან ვითარებას, როდესაც რუსეთი როგორც კარისკაცი გადაწყვეტს, თუ როდის გავხსნათ ნატოს კარი”. (ტელეკომპანია “იმედის” თარგმანი)

თუმცა, “იმედის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს კიდევ ერთ ნაწყვეტში,რომელსაც პრორუსული აქტორები ავრცელებენ, კონტექსტი სრულად არ ჩანს, ხოლო სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რასმუსენი ნატოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანებაზე საუბრობს.

"

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist