რას ვერ ხედავს ალტ-ინფო Human Rights Watch-ის ძველ ანგარიშებში?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

222
VIEWS

13 იანვარს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემაში  “ალტერნატიული ხედვა”  პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ქარდავამ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის შესახებ ისაუბრა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველომ ადამიანის უფლებათა სფეროში უკუსვლა განიცადა, ხოლო  5 ივლისის მოვლენების შესახებ ნათქვამია, რომ პოლიციამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შესძლო.  ქარდავამ ამ შეფასებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოში ადამიანის უფლებები უფრო ირღვეოდა, მაგალითად კი 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენები, ასევე ციხეებში არსებული მდგომარეობა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენების 5 ივლისთან შედარება არასწორია, ხოლო იგივე ქმედებების განმეორების შემთხვევაში, HRW-ს რეაგირება არ ექნებოდა.

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრობა: „სააკაშვილის მართველობის დროს 7 ნოემბერი, “იმედის” დარბევა, ადამიანების ქუჩაში დახოცვა, 26 მაისი, ის რაღაცა არნახული გულაგი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ხდებოდა, აი, ამის ფონზე 5 ივლისის შედარება… საერთოდ სხვადასხვა განზომილების საკითხია… 

იგივე პერიოდი რომ დაბრუნდეს, „ჰუმან რაითს ვოჩი“ ასეთ ანგარიშებს კი არ დადებს, სულ რომ 300-მა ათასმა კაცმა კვლავ გაიაროს, ამათი რეპრესიული პოლიტიკა ციხეებში იქნება ეგ, თუ ქუჩებში იქნება, თუ სხვა ტელევიზიებში, „ჰუმან რაითს ვოჩი“ შეაფასებს დემოკრატიის შუქურად… ეს ავტორიტეტებზე აპელირება, რომ აგერ „ჰუმან რაითს ვოჩმა“ ჩვენზე რაღაცა გააკეთა, ნუ დრომოჭმული გაცვეთილი საკითხია.“

მტკიცება იმის შესახებ, რომ Human Rights Watch-ს წინა ხელისუფლების დროს საქართველოში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება არ ექნებოდა, მანიპულაციურია. რეალურად, HRW-მა ანგარიშები როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების, ასევე პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ მოამზადა. გარდა ამისა, HRW-ის წარმომადგენლებმა 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის ძალის გადაჭარბებით დაშლა მიუღებლად შეაფასეს. 

  • Human Rights Watch-ი 2007 წლის 7 ნოემბერის შესახებ

2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Human Rights Wach-მა 102 გვერდიანი ანგარიში, სახელწოდებით “ზღვარის გადაკვეთა: საქართველოში მომიტინგეებისა და ტელეკომპანია  “იმედის” ძალადობრივი  დარბევა” 2007 წლის 19 დეკემბერს გამოაქვეყნა. 

Screenshot 1 1 რას ვერ ხედავს ალტ-ინფო Human Rights Watch-ის ძველ ანგარიშებში?

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამთავრობო ძალებმა დედაქალაქში ძირითადად მშვიდობიან დემონსტრაციების დასაშლელად “ძალადობრივი და გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს.” ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ აქციების დაშლისას სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ასევე ძირითადად შენიღბული სამართალდამცველები ნებისმიერი ასაკის გაქცეულ დემონსტრანტს მისდევდნენ და მათ წიხლებს, ხელკეტებს და ხის ჯოხებს ურტყამდნენ. ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია “იმედის” დარბევაზე და ის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვადაა შეფასებული. 

Human Rights Watch, 2007  წელი: “ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და დახურვა  გამოხატვის თავისუფლების გარანტიის შესახებ საქართველოს ვალდებულებების დარღვევა იყო. „იმედის“ დარბევისა და დახურვის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არსებობს მტკიცებულება, რომ იურიდიული საფუძველი ფაქტების შემდგომი დათარიღების შედეგად შეიქმნა.”

ანგარიში ორგანიზაციის მიერ  2007 წლის 12-16 ნოემბერს თბილისში 7 ნოემბრის მოვლენების 35 მონაწილესთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ჩაწერილი ინტერვიუებს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებულ პასუხებს ეყრდნობა. კვლევის პროცესში ინტერვიუები ჩატარდა როგორც რუსთაველის გამზირსა და რიყეზე პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაშლის თვითმხილველებთან  და მსხვერპლებთან, ასევე ადამიანებთან, რომლებიც სპეციალური რაზმების შეჭრისას ტელევიზია “იმედის” შენობაში ან მოგვიანებით შენობის გარეთ იმყოფებოდნენ და მოვლენებს უშუალოდ შეესწრნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჰოლი კარტნერმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 7 ნოემბერს პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებები ლეგიტიმური არ იყო და ამ ყველაფერმა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველის ჩემპიონის რეპუტაციის მქონე ქვეყანას, სერიოზული ზიანი მიაყენა. კარტნერმა აღნიშნა ისიც, რომ ჯერ კიდევ 7 ნოემბრამდე არსებობდა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს არღვევდა. 

  • Human Rights Watch-ი საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ

ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საქართველოს ციხეებში მიმდინარე პროცესებისა და პატიმრების უფლებების დარღვევებზე მუდმივად რეაგირებდა. 

2006 წლის 13 სექტემბერს ორგანიზაციამ ანგარიში სახელწოდებით “გადაჭარბებული სასჯელი: პატიმართა მიმართ ძალადობა საქართველოში” გამოაქვეყნა. 

Screenshot 2 1 რას ვერ ხედავს ალტ-ინფო Human Rights Watch-ის ძველ ანგარიშებში?

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქართული ციხეების რეფორმა დაიწყო, თუმცა ანგრიშში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით,  პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებები კვლავ მასობრივად ირღვევოდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ციხეების უდიდესი ნაწილი გადავსებული იყო, პატიმრები არასრულფასოვნად იკვებებოდნენ, ზოგჯერ საერთოდ ვერ იღებდნენ ან  დაბალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას იღებდენ და საბაზისო ჰიგიენურ საშუალებებზე წვდომა თითქმის არ არსებობდა. ასევე, 2005 წლის დეკემბრიდან ბევრი პატიმარი ცემის,  არასათანადო მოპყრობის და ზოგჯერ წამების მსხვერპლი გახდა. 2006 წლის 27 მარტს კი თბილისის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 7 პატიმარი დაიღუპა, ხოლო 17 მძიმედ დაშავდა. ანგარიში HRW-ის გუნდის მიერ საქართველოში ჩატარებული ორკვირიანი კვლევის ფარგლებში გამოკითხული 110 პატიმრის, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლების ინტერვიუებს ეყრდნობა, HRW-ის მკვლევრების საქართველოს რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირადად იმყოფებოდნენ. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2007 წლის 25 ოქტომბერს Human Rights Watch-მა Amnesty International-თან და Penal Reform International-თან ერთად საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ემოქმედა, რათა სასჯელაღსრულების ცენტრებში პატიმრების წამება და არასათანადო მოპყრობა დასრულებულიყო. უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფმა მაშინ ყურადრება გაამახვილა იმაზეც, რომ 2006 წლის 27 მარტს თბილისის #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული სპეციალური ოპერაციის მონაწილე არცერთი სამართალდამცავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ჰოლი კარტნერის განცხადებით, გამოძიების გაჭიანურება შეშფოთებას და ეჭვს იწვევდა, სიმართლის დადგენა რეალურად შედიოდა თუ არა ხელისუფლების ინტერესებში.  

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემებზე საუბარია საქართველოს შესახებ HRW-ის მიერ მომზადებულ 2012, 2011, 2010 და 2009 წლების ანგარიშებშიც. ანგარიშები საქართველოს სახალხო დამცველისა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ეყრდნობა, როგორიცაა ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის კომიტეტი (CPT). ანგარიშებში ნათქვამია, რომ ციხეებში არსებული გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩებოდა და ფიქსირდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტი. 

წელი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების შეფასება
2012 “ციხეებში გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც ციხეში არსებულ ცუდ პირობებს იწვევს. ომბუდსმენის ოფისმა ციხეებში არასათანადო მოპყრობის მრავალი შემთხვევა დააფიქსირა. ქუთაისის მე-2 საპყრობილეში, წესების დარღვევის გამო,  პატიმრებს  ცარიელ, ორ-სამ კვადრატულ მეტრ საკანში მხოლოდ საცვლებით 24 საათის განმავლობაში ყოფნა აიძულეს. ომბუდსმენმა პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა.

 

ივნისის ანგარიშში, თომას ჰამარბერგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისკენ მთავრობის მიერ მიმართულ ძალისხმევას მიესალმა, მაგრამ  ხელისუფლებას უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიღებისკენ მოუწოდა.“

2011 “ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც ცუდ პირობებს იწვევს. სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენების მცირე რაოდენობა გადატვირთულობის მთავარი მიზეზია. სექტემბერში ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის  პრევენციის კომიტეტმა  საქართველოში თებერვლის ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში  არაერთი პოზიტიური მოვლენა იყო აღნიშნული, მაგრამ საქართველოს ციხეებში გადატვირთულობის კუთხით მცირე პროგრესის ან პროგრესის არარსებობის შესახებ შეშფოთება გამოითქვა.”
2010 “ციხეების გადატვირთულობა, რაც ცუდ პიროებს იწვევს, კვლავ პრობლემად რჩება. (…) პატიმართა მიმართ განზრახ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები გრძელდება, მათ შორის თბილისის მახლობლად ახლად აშენებულ დაწესებულებაშიც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  ორ გადაწყვეტილებაში ციხეებში წამებისა,  არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის დარღვევა დაადგინა.”
2009 “ციხეების გადატვირთულობის შესამცირებლად მთავრობამ ნაბიჯები გადადგა, მათ შორის 2008 წელს პრეზიდენტის ორი შეწყალება და გლდანში სასხჯელაღსრულების ახალი დაწესებულების გახსნა. მთავრობამ დახურა #5 დაწესებულება, რომელიც ევროპის საბჭოს წამების პრევენციის  კომიტეტმა გადატვირთულობისა და შემზარავი პირობების გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.  ცუდი პირობებისა და პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები ბევრი დაწესებულების მისამართით კვლავ არსებობს, მათ შორისაა გლდანის ახალი დაწესებულებაც.”
  • Human Rights Watch-ი  2011 წლის 26 მაისის შესახებ

2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით Human Rights Watch-მა 26 მაისს  იმ დღესვე განაცხადა, რომ მთავრობას  ძალის გადაჭარბებულ და არაპროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება  დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო. HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერმა 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაუმართლებლად მიიჩნია. 

რეიჩელ დენბერი, HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე: “თბილისის დემონსტრაციები უნებართვოც რომ ყოფილიყო, უმეტესად მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემას არაფერი  ამართლებს.” 

26 მაისის მოვლენები HRW-ის 2012 წლის ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2011 წლის 26 მაისს პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.  160 დემონსტრანტი კი დააკავა, ბევრს სცემა, მათ შორის მათაც, ვინც წინააღმდეგობას არ უწევდათ. HRW-ის მიხედვით, პოლიცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობას ხელს უშლიდა, მინიმუმ ათ მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 2 მათგანი დააკავა. 

მანიპულაციური მტკიცებები იმის შესახებ, რომ აშშ, ევროკავშირი და არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე არ რეაგირებდნენ წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: Human Rights Watch
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist