2022 წლის 2 თებერვალს Facebook მომხმარებელმა, ლაშა მენთეშაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის, ერნს კაიპერსის და ჟურნალისტის დიალოგის 12 წამიანი ფრაგმენტია ნაჩვენები. პოსტის აღწერაში ლაშა მენთეშაშვილი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩანს თუ არა “საყოველთაო ინექციის” ეფექტი, ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ეს “უკონტროლო ექსპერიმენტია” და ეფექტიც არ ჩანს.
ერნს კაიპერის კომენტარი 2021 წლის აპრილის ინტერვიუს ფრაგმენტია, რომელიც უკონტექსტოდ ვრცელდება. ვიდეო ისეა რედაქტირებული, რომ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კაიპერსმა ექსპერიმენტი ვაქცინაციას უწოდა, რეალურად კი ის ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს გულისხმობდა. ამასთანავე, კომენტარის გაკეთებისას კაიპერსი ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი არ ყოფილა.
ლაშა მენთეშაშვილის გავრცელებულ ვიდეოში ერნს კაიპერსის კომენტარის ფრაგმენტია მოყვანილი. აღსანიშნავია, რომ ის ნიდერლანდების ჯანდაცვის, კეთილდღეობისა და სპორტის მინისტრად 2022 წლის 10 იანვარს დაინიშნა. ხოლო, Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო წარმოადგენს ამონარიდს ნიდერლანდების მედია სააგენტოს, nu.nl-ის ფეისბუქზე გასული პირდაპირი ჩართვიდან, სათაურით “კაიპერის სიახლეები საავადმყოფოებში არსებულ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით”, რომელიც 2021 წლის 19 აპრილით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს კაიპერსს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ჯერ არ ეკავა, თუმცა ნიდერლანდების დაავადებათა მწვავე ფორმების მკურნალობის ეროვნული ქსელის თავმჯდომარედ მუშაობდა და პანდემიის მართვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. nos.nl-ის ჟურნალისტთან პირდაპირი ტრანსლაციისას კაიპერსმა საავადმყოფოებში ადგილების რაოდენობაზე, შეზღუდვების შემსუბუქებაზე და ვაქცინაციაზე ისაუბრა. კერძოდ, კაიპერსის განცხადებით, რომელიც მან 2021 წლის 19 აპრილს გააკეთა, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა ვაქცინირებული, შეზღუდვების შემსუბუქებას საავადმყოფოების გადატვირთვა შესაძლოა არ გამოეწვია.
ლაშა მენთეშაშვილის მიერ გავრცელებული 12 წამიანი ვიდეო ფრაგმენტი, 2021 წლის 19 აპრილის ჩანაწერში 19:50 წუთიდან შეგვიძლია ვნახოთ. რეალურად, კაიპერსი საუბრობს არა ვაქცინაციის ექსპერიმენტულობაზე, არამედ იმ მექანიზმებზე, ძირითადად კი კომენდანტის საათზე, რომლის გამოყენებითაც სახელმწიფო კრიტიკული შემთხვევების შემცირებასა და საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან აცილებას ცდილობს. ჟურნალისტი კაიპერსს უსვამს კითხვას, თუ რა გავლენა იქონია ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციაზე, რაზეც კაიპერსი აღნიშნავს, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში მიღებული პაციენტების ძალიან მცირე ნაწილმა გაიკეთა ვაქცინაცია, რის გამოც ვაქცინაციის ეფექტი ჯერ არ ჩანს. კაიპერსმა სიტყვა ექსპერიმენტი, არა ვაქცინაციასთან, არამედ ლოქდაუნთან დაკავშირებით ახსენა. მან ეს ტერმინი მედიასთან საუბრისას ადრეც გამოიყენა, მაგალითისთვის, ადგილობრივი მედიის მიხედვით, 2021 წლის 28 აპრილს მან კომენდატის საათს “უკონტროლო ექსპერიმენტი” უწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების ფონზე, მათ “რაღაც უნდა გაეკეთებინათ”.
ნიდერლანების მინისტრის გაცხადებაზე ინფორმაცია 2021 წლის მაისში ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ DPA-მაც შეისწავლა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ვიდეო ფრაგმენტი მსგავსი გზავნილით Facebook-სა და Youtube-ზე ადრეც ვრცელდებოდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.