2021 წლის 17 ნოემბერს Facebook გვერდმა Politicano • პოლიტიკანო გამოქვეყნა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, სათაურით “ვინც ევროპას გავემგზავრეთ”. პოსტში გამოკვეთილია ლექსის რამდენიმე მონაკვეთი. პირველ მონაკვეთში დახასიათებულია მედიდური უცხოელი, ევროპაში გამგზავრებული ადამიანი, რომელიც “უცნაურად არეკლილი ჩამობრუნდა”, რომელმაც “უკუღმართი რამ ყოველი” სიკეთედ გაგვიხადა, მეორე ნაწილში კი ამის საპირწონედ საბჭოეთის მზეზეა საუბარი:
გალაკტიონ ტაბიძე: “ერთადერთი ვიცი მხარე, სად თავს უფლად გრძნობს პოეტი: ნისლი რჩება საზღვარ-გარე- აქ კი მზეა: საბჭოეთი!”
“პოლიტიკანო”, რომელიც ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან არის დაკავშირებული, ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა. გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ამ ლექსის გამოქვეყნება და ხსენებული მონაკვეთების ხაზგასმა ქმნის დიქოტომიას, საბჭოთა კავშირის უპირატესობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში არსებული წნეხის პირობებში მრავალი ქართველი მწერალი თუ პოეტი, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძე იძულებული იყო მსგავსი შინაარსის ლექსები დაეწერა, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა. გარდა ამისა, გალაკტიონის ბიოგრაფიაში არაერთი ანტისაბჭოთა ქმედება თუ გზავნილი მოიძებნება, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიმართ მის დამოკიდებულებას წარმოაჩენს.
- გალაკტიონ ტაბიძე და ანტისაბჭოთა ქმედებები
იქამდე, სანამ გალაკტიონ ტაბიძე პროსაბჭოთა, პროსოციალისტური ლექსების წერას დაიწყებდა, მისი პოეზია ანტისაბჭოთა, პროქართულ შინაარს ატარებდა. ჯერ კიდევ 1920 წელს გაზეთ “ერთობაში” მისი სამი ლექსი გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს გვარდიის მიმართ იყო დაწერილი. ლექსები გვარდიას სხვადასხვა საქებარი სიტყვებით ამკობდა და მას ამხნევებდა:
“უეცრად მტერი ავშალეთ მთაში
გამოვედევნეთ ისართ ჯირითით.
შეკრთობით დაკრეს ფოთლებმა ტაში.
ჩვენც სიხარული არ დაგვირიდეთ.”
გალაკტიონ ტაბიძე
“რესპუბლიკა 100-ის” თანახმად, რომ ამ პერიოდში გალაკტიონი სახალხო გვარდიის პერიოდული გამოცემის “სახალხო გვარდიელის” პასუხისმგებელი მდივნის პოსტს იკავებდა. ამავე ჟურნალში 1921 წლის 20 თებერვალს, მაშინ როდესაც ქართველები აქტიურად ებრძოდნენ წითელ არმიას, გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “ტფილისთან” გამოქვეყნდა.
სახალხო გვარდიელი, 1921 წლის 20 თებერვალი.
ლექსი ამ შემთხვევაშიც გამამხნევებელია და იმ გმირებს ადიდებს, რომლებიც სამშობლოს წითელი არმიისგან იცავდა.
“თითქოს კარი დარაზოდეს
სურთ ტფილისის მიგნება.
არასოდეს, არასოდეს!
ის სხვისი არ იქნება.
აქ სიკვდილი და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება –
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება.”
გალაკტიონ ტაბიძე
აღსანიშნავია, გალაკტიონ ტაბიძის აქტიურობა 1924 წლის აჯანყების და მისი ჩახშობის პერიოდში. ჯერ კიდევ მანამდე, 1921 წელს გალაკტიონი ანტისაბჭოთა “არიფიონში” ერთიანდება. 1924 წელს ტაბიძე აქვეყნებს პოემას „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც აჯანყებას შეეხებოდა. აღნიშნულის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ ის დააპატიმრა, ის ტირაჟი კი სადაც პოემა იყო გამოქვეყნებული, სრულიად გაანადგურა.
გალაკტიონის პოეზიაში პროსაბჭოთა, რევოლუციურმა ლექსებმა დაპატიმრების შემდგომ იმატა, თუმცა ამ პერიოდშიც შეგვიძლია შევხვდეთ ბევრ ისეთ ნაწარმოებს, რომელიც საბჭოთა დროის და წყობილების წინააღმდეგ მიდის.
“ქვეყანა კიდევ უფრო დაიმშევა,
უფრო გაძლერდება სიმწარე
დაეკარგება სინდისს ფასი
ღვთიური ყველაფერი დაიკარგება,
დაინგრევა ყოველივე წმინდა
საქვეყნო წყევლით” (5, 262).”
გალაკტიონ ტაბიძე
როდესაც საბჭოთა კავშირში მწერალთა/პოეტთა მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბერიას პერიოდი, როდესაც საზოგადო მოღვაწეები აქტიურად იდევნებოდნენ, ხოლო მწერალთა სახლი ერთმანეთის დასმენისა და კრიტიკის მთავარი ადგილი იყო. გალაკტიონის პოეზიაში შევხვდებით მონაკვეთებს, სადაც ის ამ საზარელ გარემოებას აღწერს. ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონის არქივში მრავალ ჩანაწერს მიაგნო, რომლებიც ბერიას წინააღმდეგ იყო მიმართული და მას აკრიტიკებდა.
“სამგლეს და საძაღლეს მწერალთა სასახლეს
ვერასდროს დაღლილი ვერ მიეყუდები.
არის მოდებული გაბოროტებული
ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები.
სწამებენ ობობასლომობას,
ორბობას ეს კატის კნუტები…
იძვრიან კუტებიც, სულაქოთებული
ქანაობს კრებული
ეგრეთწოდებული ბერიას კუდები.
ბერია ხვრელს შეძვრა,
მაგრამ მის კუდების ქნევითა ჩვენ,
მწერლებს, სული გვეხუთების.
ჩვენვე ჩვენი თავი აღარ გვეყუდნების,
სული გვეხუთების, სუნთქვა გვეხუთების.
მაშ ძირს მფლობელობა კაენიუდების,
ქნევა და თარეში ბერიას კუდების” (9, 473).
გალაკტიონ ტაბიძე
“ბერიაა, ნასენებ სენობას რომ მოშლიდა,
ბერიაა ქართველი ერი რომ ამოჟლიტა,
ბერიაა რომ მოსპო გულთა შვება და ლხენა,
ბერიაა ზღვა წირის კარზე რომ მიგვაყენა,
ბერიაა ცხედრებით ქვეყანა რომ დაჰფარა,
ბერიაა სინათლე ბნელს რომ გადააფარა”
(9, 473).
გალაკტიონ ტაბიძე
ამასთანავე, გალაკტიონის მწელობაში ხშირად იყო შეფარული ენა, რომელსაც სხვადასხვა ლიტერატურათმცოდნეები სხვადასხვაგვარად ხსნიან.
ერთ-ერთი ასეთი ხერხი ირონია იყო, რომელიც რამდენჯერმე არის გამოყენებული კარლ მარქსის მიმართ:
“ჩემო მაქსიმე,
რა გზა მაქვს, ი, მე!
რომ არ ვიკითხო
ახლა მარქსი მე”“ერთმა მასებთან კავშირი
მარქსის ტომები ურჩია…
რომ არ მიიღო არცერთი,
ერთხმად იძახეს: ურჩია!”
აღსანიშნავია ისიც, რომ რევოლუციის (თებერვლის) ქების შემთხვევაში მრავალი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ გალაკტიონი არა უშუალოდ რევოლუციის იდეებს აქებდა, არამედ მას მოსწონდა ის ფაქტი, რომ რუსეთის იმპერია დაინგრა და პატარა ერებს (მათ შორის საქართველო) საშუალება მიეცათ, ნანატრი დამოუკიდებლობა მოეპოვათ.