რას ნიშნავს ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება “თვალსაზრისითვის”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

195
VIEWS

26 იანვარს ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ, მოწმობს იმაზე, რომ NATO – დაშლის პირას არის”. სტატიის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი წერს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ხორვატიის ხელისუფლება  სამხედრო პერსონალს ნატოს ძალებიდან გაიყვანს. სტატიის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა.

Screenshot 1 8 რას ნიშნავს ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება “თვალსაზრისითვის”?

Tvalsazrisi.ge-ის გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია. ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა მართლაც განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ნატოს ძალების შემადგენლობიდან ქვეყნის სამხედრო კონტიგენტს უკან გაიწვევს, თუმცა ჯარების განლაგება ხორვატიის თავდაცვის მინისტრის პრეროგატივაა, ხოლო ხორვატიის პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მილონოვიჩის კომენტარები მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს.

ხორვატიის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადების არგუმენტად გამოყენება, თითქოს ნატო დაშლის პირასაა, უსაფუძვლოა. ხორვატია საპარლამენტო რესპუბლიკაა, მართალია პრეზიდენტ მილანოვიჩი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ითვლება, თუმცა მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრია, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას უძღვება. მილანოვიჩს მწვავე ურთიერთობა აქვს მთავრობასთან და არაერთხელ დაუპირისპირდა მათ. 

რაც შეეხება ხორვატიის ჯარების ნატოში ყოფნასა და მათ განლაგებას, ამას თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თანხმობით წყვეტს. ამასთანავე, Politico-ს ინფორმაციით, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა განაცხადა, რომ ხორვატიის მთავრობის პოზიცია თანხვედრაში არ არის პრეზიდენტის პოზიციასთან. რადმანის თქმით, ხორვატია ნატოს ერთგული წევრია და ყველაფერს პარტნიორებთან შეთანხმებით აკეთებს. 

გარდა იმისა, რომ ხორვატიის პრეზიდენტმა ჯარების გაყვანა მოითხოვა, ასევე განაცხადა, რომ უკრაინა კორუფციული სახელმწიფოა და ნატოსთან არაფერი ესაქმება. ამასთან დაკავშირებით, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენდა. 

“მეგონა რუსი ჩინოვნიკი ლაპარაკობდა” – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კომენტარში პრეზიდენტ მილანოვიჩის განცხადება უკრაინაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხორვატიის სამხედრო კონტიგენტი უკრაინაში ისედაც არ იმყოფებოდა და პოლონეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. პრემიერ-მინისტრის განცხადება ხორვატიის მთავრობის გვერდმა გამოაქვეყნა

რაც შეეხება ნატოს პოზიციას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 25 იანვარს CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჯერ კიდევ შესაძლოა დიპლომატიური გამოსავალი გამონახონ, თუმცა ეს რუსეთის მხრიდან დეესკალაციას მოითხოვს.

“ნატო არ განათავსებს საბრძოლო დანაყოფებს უკრაინაში, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით, დავიცვათ ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

წყაროს შესახებ

tvalsazrisi.ge-ის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი ვებ-გვერდსა და ფეისბუკის პირად ანგარიშებზე ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს. ჯანყარაშვილი სხვა არაერთ ფეისბუკ-გვერდსა და ანგარიშს მართავს, იკვეთება მისი თანხვედრა პრორუსულ პლატფორმებთანაც, მაგალითად კრემლთან დაკავშირებულ გამოცემა News Front Georgia-სთან. ჯანყარაშვილი მხარს უჭერს კრემლისტურ პარტიაპატრიოტთა ალიანსს” და მის ლიდერს ირმა ინაშვილს. ჯანყარაშვილს დეზინფორმაციის შემცველი მასალები, ყალბი ციტატები არაერთხელ გაუვრცელებია.

ირაკლი ჯანყარაშვილი ასევე მართავს ფეისბუკ ანგარიშს “პოლიტიკური სატირა”. მისი ქსელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ბოლო პერიოდში ირაკლი ჯანყარაშვილი tvalsazrisi.ge-ზე ხშირად აქვეყნებს მანიპულაციურ ან დეზინფორმაციულ მასალებს აშშ-ს, ნატოსა და უკრაინის შეხახებ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, უკრაინა, ხორვატია
წყარო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist