კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკა”, რომლის შესახებაც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში ყველაზე დიდ დროს კვლავ იმ მედია საშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ. “მითების დეტეტრორმა” mediacritic.ge-ს ვებ-გვერდზე 2023 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით გამოქვეყნებული 139 სტატია გაანალიზა. მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
- მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკა” ყველაზე მეტ დროს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკის მედიებს უთმობს;
- დისპროპორციულად გაშუქების გარდა, იკვეთება შემთხვევები, როცა კრიტიკა ხელისუფლების პოზიციების გამართლებით ან დაცვით უფროა მოტივირებული, ვიდრე პროფესიული სტანდარტების.
- მარეგულირებლის პლატფორმა ზოგჯერ არა ჟურნალისტებს, არამედ მათი პოზიციის გამო რესპონდენტებსაც კი აკრიტიკებს (საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის დეპუტატი).
- მედიაკრიტიკა უგულებელყოფს ინფორმაციებს, რომლებიც ქართულ მედიაზე სახელისუფლებო გავლენებს და მედია გარემოს გაუარესებას შეეხება და ამავე დროს აშუქებს მასალებს, რომლებიც დასავლურ მედიაში არსებულ გამოწვევებზეა ფოკუსირებული, რაც ქმნის დიქოტომიას, რომ საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან სრულიად თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებს აქვთ.
- მედიაკრიტიკას გამჭვირვალობის პრობლემებიც აქვს.
- წარსულში მედიაკრიტიკის პლატფორმაზე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტები ხშირად წერდნენ, თუმცა ბოლო დროს ვებ-გვერდზე მათი პუბლიკაციები ნაკლებად გვხვდება, სამაგიეროდ იმატა სტატიებმა, რომელთა ავტორები სავარაუდოდ პუბლიკაციებს ფსევდონიმით აქვეყნებენ.
- 2019-2022 წლებში მედიაკრიტიკის ბიუჯეტმა ჯამურად 1 678 103.65 შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი შრომით ანაზღაურებაზე მოდის, თუმცა უცნობია, რა თანხები იხარჯება გარე ავტორების ჰონორარებზე.
1,5 წლის (1 მარტი, 2023 – 31 ივლისი, 2024) მონიტორინგის მიხედვით, მედიაკრიტიკის მიერ მომზადებული 136 სტატიიდან 111 ადგილობრივ მედიებს მიემართებოდა, 25 – დასავლურ მედიას და დასავლელი პოლიტიკოსების მედიასთან ურთიერთობას. 111 სტატიიდან, რომელიც ადგილობრივ მედიას მიემართება, 7 კონკრეტული ადრესატის გარეშე იყო და განზოგადებულ ტენდენციებს ასახავდა, 109 შემთხვევაში (85.2%) კი კრიტიკის ობიექტი ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი მედიები იყვნენ, ხოლო სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიების ნაწილი (იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებირივი მაუწყებელი) სტატიის სუბიექტი 19 შემთხვევაში (14,8%) იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სტატია ერთდროულად რამდენიმე მედიას შეეხებოდა.
109 შემთხვევიდან, რომელიც ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებს ეხებოდა, ყველაზე ხშირი სამიზნე “ტვ პირველი” (38 სტატია), მთავარი არხი (33 სტატია) და ფორმულა (27 სტატია) იყვნენ. როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამიდან ჩანს, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებიდან ყველაზე მეტად “მედიაკრიტიკის” მასაალებში ტვ იმედი (11) და რუსთავი 2 (7) იყვნენ მოხსენიებული, 1 შემთხვევაში კი – საზოგადოებრივი მაუწყებელი. “მედიაკრიტიკის” ობიექტივში საერთოდ არ ფიგურირებდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტული PosTV ან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა მედიები, ასევე კრემლისტური და ულტრამემარჯვენე გამოცემები, რომლებიც პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფასთან ერთად, სიძულვილის ენის გაღვივების მხრივაც გამოირჩევიან.
-
რა თემებზე აკრიტიკებს “მედიაკრიტიკა” ქართულ და დასავლურ მედიას?
სახელისუფლებო და სხვა მედიების დისპროპორციულად გაშუქების გარდა, იკვეთება შემთხვევები, როცა კრიტიკა ხელისუფლების პოზიციების გამართლებით ან დაცვით უფროა მოტივირებული, ვიდრე პროფესიული სტანდარტების. მაგალითად, ერთ მასალაში გაკრიტიკებულია არა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია “იმედი”, არამედ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბერთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მისი პასუხის გამო, რომლის საპირირწონედაც სტატიაში ახსნილია, თუ რატომ არ შეიძლება და რატომ არ უნდა დაივიწყოს “იმედმა” სააკაშვილი. ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ერთ-ერთ მასალაში “იმედის” ჟურნალისტი აშშ-ის ახალ ელჩისთვის რობინ დანიგანისთვის საკმარისად მწვავე კითხვების არდასმის გამო არის გაკრიტიკებული ფსევდონომით მოქმედი ავტორის, ზვიად ლიპარტელიანის მიერ. მაგალითად, ერთ-ერთ პასაჟში ანონიმი ავტორი ჟურნალისტს იმის გამო აკრიტიკებს, რომ დანიგანის კომენტარის საპასუხოდ, რომელმაც სასაცილო უწოდა საქართველოს ხელისუფლების ნარატივს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, ის არ დაინტერესდა ელჩის შეფასებით უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების არაერთ მოწოდებაზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.
მეორე სახელისუფლებო არხის, რუსთავი 2-ს შემთხვევაში კრიტიკის ადრესატი იყო არა ჟურნალისტი, არამედ გადაცემის სტუმარი, ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა, რომელმაც მედიაკრიტიკის თანახმად, ინტერვიუს მსვლელობისას წამყვანის კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, პარტიის პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. სტატიაში წამყვანის დასაცავად აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ინტერვიუს მსვლელობისას რამდენჯერმე ეცადა, რესპონდენტს თემიდან არ გადაეხვია, თუმცა, პასუხად მხოლოდ წინასაარჩევნო პარტიულ ლოზუნგებს იღებდა.
“ანუ, პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაყურებელს მოუწოდებს, ქუჩაში გააპროტესტოს კანონი, თავად კი საჭიროდ არ თვლის, განმარტოს, რატომ უწოდებს მას რუსულს,” წერს “მედიაკრიტის” ავტორი კატო თავართქილაძე.
კიდევ ერთი მაგალითი, როცა მარეგულირებლის “მედიაკრიტიკა” რესპონდენტის შეხედულების რევიზიით დაკავდა, საქართველოს პრეზიდენტის ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს და თავად ფრანგული მედიის (France 24 და Radio France) ჟურნალისტებს შეეხებოდა. “მედიაკრიტიკის” შეფასებით, “ფრანგულმა აუდიტორიამ საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს ნაცვლად, ობიექტურ რეალობას აცდენილი კითხვა-პასუხი მოისმინა.” ანონიმმა ავტორმა ზვიად ლიპარტელიანმა ჟურნალისტის მიერ ხელისუფლების “პრორუსულად” და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების ხელისშემშლელად მოხსენიება მიიჩნია პრობლემურად. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ დასმული კითხვების გამო, მარეგულირებლის მედიაკრიტიკის სამიზნე BBC-ის Hardtalk-ის წამყვანიც გახდა.
-
ტაბუირებული თემები ქართულ მედია გარემოზე და გამოწვევების ძიება დასავლეთში
ქართული მედია გაშუქების კრიტიკული ანალიზის გარდა, რაც მეტწილად ხელისუფლების პოზიციების დაცვითაა განპირობებული, “მედიაკრიტიკა” დასავლურ მედიაში არსებულ გამოწვევებზე და მედიის მიკერძოებაზე წერს, რაც შესაძლოა, იმავე ქვეყნებში ლეგიტიმური დისკურსის ნაწილი იყოს. თუმცა, იმ დროს, როცა “მედიაკრიტიკა” უგულებელყოფს ისეთ თემებს, რომლებიც ქართულ მედია გარემოს და მედიაზე ხელისუფლების გავლენებს შეეხება, იქმნება დიქოტომია, რომ საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან სრულიად თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებს აქვთ. მაგალითად, “მედიაკრიტიკა” წერს იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტაკერ კარლსონმა FoxNews ან როგორ მოხსნეს ბრიტანეთის “მთავრობის კრიტიკის გამო ეთერიდან BBC-ის ჟურნალისტი, მაგრამ საერთოდ არ აშუქებს “იმედის” ჟურნალისტების მიერ არხის დატოვების ფაქტებს, რის მიზეზადაც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკა დასახელდა. როგორც ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, “მედიაკრიტიკა” არც “აგენტების კანონის” განხილვის პარალელურად ჟურნალისტების ოფისებსა და სახლებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს აშუქებდა, ისევე როგორც პარლამენტში აკრედიტაციის წესის შეზღუდვას, რასაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია ადვოკატირების ჯგუფები აპროტესტებდნენ. სამაგიეროდ, მარეგულირებლის პლატფორმაზე გვხვდებოდა სტატიები, რომლებიც ბაიდენის მიერ მედიისთვის ინსტრუქციების მიცემას და ბორის ჯონსონის მაგალითზე ბრიტანული მედიის პოლიტიზირების საკითხებს შეეხებოდა.
ქართული მედია გარემო | ქართული მედია გარემოს გაშუქება “მედიაკრიტიკაში” | დასავლური მედიაგარემოს გაშუქება “მედიაკრიტიკაში” |
|
X
X
X |
ტაკერ კარლსონმა FoxNews დატოვა |
მედია ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვის ფაქტს გამოეხმაურა |
X |
BBC-ის სპორტული კომენტატორი გარი ლინეკერი ეთერს ბრიტანეთის მთავრობის კრიტიკის გამო ჩამოაშორეს. |
RSF, მაისი, 2024: პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა.
|
X |
მედიაკრიტიკამ BBC HARDtalk-ის წამყვანი კითხვების გამო გააკრიტიკა, რომლითაც მან საქართველოს ევროპული მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. სტატია ჯო ბაიდენის გამოსვლაზე გრიდაირონის ჟურნალისტთა კლუბის ვახშამზე, სადაც აღნიშნულია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მედიას წერილობით მიუთითა, როგორ გააშუქონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. |
მაისი: პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის დაინიცირებასთან ერთად ჟურნალისტების, აქტივისტებისა და არასამთავრობოების ოფისებზე ვანდალური აქტები განხორციელდა, რასაც ინდივიდუალური პირების მიმართ სატელეფონო მუქარები ერთვოდა.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პრესის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა. |
X |
სტატია “ჟურნალისტების გაკვეთილები თეთრი სახლისგან” შეეხება თეთრი სახლის მიერ მედიაორგანიზაციებისვის გაგზავნილ წერილებს, თუ როგორ გააშუქონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. |
16 აპრილი: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელები “ტაბულას” აპრილისა” და “პუბლიკის ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტი დაგმეს და საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს “მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, ჟურნლაისტური ეთიკის ქარტიამ, RSF-მ. |
X |
16 აპრილი: “მედიაკრიტიკამ” ო ჯეი სიმპსონის საქმის სასამართლო განხილვაზე და პროცესში მედიის როლზე 90-წლების პრეცედენტული საქმის შესახებ სტატია გამოაქვეყნა |
2023-2024: პარლამენტში ჟურნალისტთა საქმიანობის შეზღუდვის წესს და პრაქტიკას სხადასხხვა დროს GDI, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მედია ადვოკატირების კოალიცია (2) გამოეხმაურნენ |
X |
სტატია “ბორის ჯონსონი პროფესიას იცვლის?” მედიის პოლიტიზირებას და ბორის ჯონსონის მიერ Daily Mail-ის პოლიტიკურ კოლუმნისტობას შეეხება. |
2023: მედიის ადვოკატირების კოალიციამ დაგმო კანონი, რომლითაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო გაუქმდა |
X |
“მედიაკრიტიკამ”, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ფრანგული გამოცემები France 24 და Radio France მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით დასმული კრიტიკული კითხვების გამო გააკრიტიკა |
-
რა ვიცით მედიაკრიტიკისა და მისი ავტორების შესახებ?
“მედიაკრიტიკა” (Mediacritic.ge) კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული “მედიააკადემიის” ერთ-ერთი მიმართულებაა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პლატფორმის მიზანს მედიის ხარისხის ამაღლების გამო მედიაპროდუქტების გაანალიზება და შეფასება წარმოადგენს. თავის მხრივ “მედიააკადემიას” “კომუნიკაციების კომისია” საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს.
ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, “მედიააკადემიის” ხელმძღვანელი წარსულში ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი, ხოლო “მედიაკრიტიკის” ხელმძღვანელი ირინა თევდორაშვილია. წარსულში “მედიაკრიტიკის” დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამჟამად სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის PosTV-ის წამყვანი ზვიად ავალიანი იყო, რომელიც მარეგულირებლამდე სიძულვილის ენით გამორჩეულ, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ ტვ “ობიექტივზე” წამყვანად და აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობდა.
“მედიაკრიტიკის” შექმნას ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. Netgazet-ის მიერ 2019 წელს მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მედია სპეციალისტების აზრით, ამ პრაქტიკის დამკვიდრებით მარეგულირებელი კომისია საკუთარ მანდატს სცდებოდა და თვითრეგულირების საკითხში იჭრებოდა. ასევე არსებობდა შიში, რომ მარეგულირებელი კომისია პლატფორმას ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიების საწინაღმდეგო იარაღად გამოიყენებდა. გარდა იმისა, რომ “მედიაკრიტიკის” სამიზნე მეტწიად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციის მქონე მედიებია, პლატფორმის საქმიანობა სრულად გამჭვირვალე არ არის. IDFI-ის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ამ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა, 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, “მედიააკადემიას” საჯარო ინფორმაციის გაცემა უზენაესმა სასამართლომაც დაავალა.
იმის გამო, რომ “მედიაკრიტიკის” ზოგიერთი ავტორის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, გაჩნდა ეჭვი, რომ მარეგულირებლის პლატფორმაზე, ავტორების ნაწილი ფსევდონიმით წერს. 2024 წლის მაისში “მითების დეტექტორმა” “მედიააკადემიისგან” ავტორების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად, “მედიააკადემიაში” “მედიაკრიტიკის” მიმართულებით მხოლოდ ორი თანამშრომელია დასაქმებული, ავტორთა შერჩევისას კი, მხედველობაში მიიღება ჟურნალისტური კვალიფიკაცია, გამოცდილება და კანდიდატის უნარების შესაბამისობა მედიასტანდარტებთან. შეკითხვაზე, იყენებდნენ თუ არა მათი ავტორები ფსევდონიმებს, მედიაკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა გვიპასუხა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი მათ ასეთი ინფორმაციის გაცემას უზღუდავდა.
აღსანიშნავია, რომ მასალების ავტორებს პლატფორმაზე საკუთარი პროფილი არ აქვთ, მხოლოდ სახელითა და გვარით, თუნდაც ფსევდონიმით, ფოტოსურათისა და ბიოგრაფიის გარეშე მათი იდენტიფიცირება რთულია. 2024 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, “მედიაკრიტიკაზე” სტატიები შემდეგი ავტორების სახელით ქვეყნდება: პოეტი, ნინია სადღობელაშვილი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ბრეგაძე მედიის შესახებ ძირითადად კულტურისა და ენობრივი, გრამატიკული საკითხების ასპექტში წერენ. მედიაკრიტიკაში ასევე სტატიებს აქვეყნებენ ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი, ქეთი ჩოხელი, ზვიად ლიპარტელიანი, ნატა მინდელი, დავით კობახიძე, თუთა ჯგუშია (2024 წლის იანვრიდან), მარიამ გიგანი (2024 წლის თებრევლიდან), კატო თავრთქილაძე (2024 წლის მარტიდან).
აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში ვებ-გვერდზე სტატიებს სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის PosTV-ის ჟურნალისტები და სახელისუფლებო ექსპერტები წერდნენ:
ავტორი | პუბლიკაციები მედიაკრიტიკაში |
გური სულთანიშვილი, PosTV-ის წამყვანი | 2020 წელს პლათფორმაზე POS TV-ის ჟურნალისტის, გური სულთანიშვილის ჯამში 9 სტატია გამოქვეყნდა. |
ბაჩო ოდიშარია, PosTV-ის წამყვანი | IDFI-ის თანახმად, POS TV-ის მეორე წამყვანს, ბაჩო ოდიშარიას “მედიაკრიტიკისთვის” ხუთი სტატია აქვს დაწერილი. ამ დროისთვის ბაჩო ოდიშარიას სტატიები “მედიაკრიტიკის” ვებ-საიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა Google-ის საძიებო სისტემაში ძიების შედეგი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ავტორი ოდიშარიაც იყო. |
ნუკრი შოშიაშვილი, PosTV-ის წამყვანი | Postv-ის კიდევ ერთ წამყვანს ნუკრი შოშიაშვილს 2022 წლის ივნისამდე “მედიაკრიტიკაზე” 5 სტატია აქვს გამოქვეყნებული. |
ზაალ ანჯაფარიძე, სახელისუფლებო ექსპერტი | 2022-2022 წელს “მედიაკრიტიკის” ერთ-ერთი ავტორი სახელისუფლებო ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძეც იყო. ანჯაფარიძეს 2020-2022 წლებში “მედიაკრიტიკისთვის” 19 სტატია აქვს მომზადებული. |
როგორც აღინიშნა, “მედიაკრიტიკას” წარსულში ზვიად ავალიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად PosTV-ის წამყვანია. “მედიაკრიტიკის” ვებ-გვერდზე მას 2019-2022 წლებში 28 სტატია აქვს გამოქვეყნებული, ბოლო სტატია მისი სახელით კი 2022 წლის 30 აგვისტოსთი თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენიდან ორ თვეში “მედიაკრიტიკას” ახალი ავტორი, ზვიად ლიპარტელიანი შეურთდა. ზვიად ლიპარტელიანის შესახებ ინფორმაცია და ამ სახელისა და გვარის მქონე პირის შექმნილი მედია პროდუქტი “მედიაკრიტიკის” გარდა სხვა პლატფორმებზე არ იძებნება. შესაძლოა, ლიპარტელიანი ზვიად ავალიანის ფსევდონიმი იყოს, რომელიც ამჟამად სახელისუფლებო პროპაგანდისტულ PosTV-ზე წამყვანად მუშაობს და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.
2020-2021 წლებში “მედიაკრიტიკაზე” ასევე ქვეყნდებოდა არჩილ სიხარულიძის სტატიები (ჯამში 21), რომელიც ხშირად აძლევს ინტერვიუს სპუტნიკის რუსულენოვან გამოცემას და პრიმაკოვის ცენტრის მიერ გამართული ღონისძიებების სტუმარია.
აღსანიშნავია, რომ “მედიაკრიტიკის” პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში კიდევ ერთი პროსახელისუფლებო ექსპერტი, გია აბაშიძე აზიარებს (1,2).
- ბიუჯეტი
მედია აკადემიის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, 2019-2022 წლებში მედიაკრიტიკის ბიუჯეტმა ჯამურად 1 678 103.65 ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა (1 215 858.47) შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხები იხარჯება საავტორო ჰონორარებზე, აკადემია არ ასაჯაროვებს.
ხარჯები | 2019 წელი | 2020 წელი | 2021 წელი | 2022 წელი | ჯამური |
ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები | 159 022.20 | 157 811.50 | 316 833.7 | ||
ძირითადი საშუალებები | 8 613. 33 | 8 613. 33 | |||
შრომის ანაზღაურება | 103 632. 70 | 325 326. 65 | 376 211. 81 | 410 687. 31 | 1 215 858.47 |
სოციალური ქსელების ხარჯი | 13 975. 72 | 37 451. 82 | 37 789. 90 | 47 580.71 | 136 798.15 |
ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები | |||||
წლიური ჯამი | 117 608. 42 | 362 778. 47 | 573 023.91 | 624 692.85 | 1 678 103.65 |
სოციალური ქსელების ხარჯებში 2019-2022 წლებში 136 798.15 ლარია მითითებული. Meta-ს რეკლამის ბიბლიოთეკის მიხედვით კი, 2020 წლის 4 აგვისტოდან დღემდე აღნიშნულ პლატფორმაზე $33,728-ია დახარჯული.
2020 წელს “მითების დეტექტორის” მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ “მედიაკრიტიკა” მხოლოდ იმ სტატიებს ასპონსორებდა, რომელშიც ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი მედიები იყო გაკრიტიკებული.
“მითების დეტექტორი” “მედიაკრიტიკის” შესახებ წარსულშიც არაერთხელ წერდა. ამის ვრცლად იხილეთ მასალები:
- ვინ არის მაქსიმ შევჩენკო და რატომ არ თვლის მარეგულირებლის მედიაკრიტიკა მას “კრემლის პროპაგანდისტად”?
- ვინ აფინანსებს ტაკერ კარლსონის პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართულ მედიაში?
- ვინ “ღირს” მედია კრიტიკად?
- რამდენად სანდო წყაროს იშველიებს მარეგულირებლის კრიტიკა მედიის გასაკრიტიკებლად?
- ბრძოლა “შიდა მტერთან” და კოჰაბიტაცია რუსულ პროპაგანდასთან
- მარეგულირებლის “დაფინანსებული კრიტიკა”, სახელისუფლებო და ანტილიბერალური გვერდები ვახო სანაიას წინააღმდეგ