რას გულისხმობს ესპანეთში ინიცირებული ახალი კანონპროექტი ცხოველთა უფლებებზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

511
VIEWS

19-21 თებერვალს რუსულენოვან გამოცემებსა ( ren.tv, m24.ru, life.ru, news.rambler.ru) და ქართულ მედიაში, ასევე ფეისბუკის რუსულენოვან 1,2,3,4  და ქართულენოვან 1, 2, 3 ანგარიშებზე აქტიურად გავრცელდა მტკიცება, რომ ესპანეთში 9 თებერვალს ზოოფილია დაკანონდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხოველთან სქესობრივი აქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისჯება, თუკი ცხოველს დაზიანება მიადგა და ვეტერინარის ჩარევა დასჭირდა, სხვა შემთხვევები კი დანაშაულად არ ჩაითვლება.

Screenshot 1 რას გულისხმობს ესპანეთში ინიცირებული ახალი კანონპროექტი ცხოველთა უფლებებზე?

გავრცელებული ინფორმაცია ესპანეთში ზოოფილიის დაკანონების შესახებ, მანიპულაციურია. ახალ კანონპროექტში, რომელიც 337- ე მუხლის შესწორებას ითვალისწინებს, ტერმინი “ცხოველთა ექსპლუატაცია” შეცვლილია ტერმინით “სექსუალური ხასიათის ქმედება”. ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით კი ცხოველებთან ნებისმიერი სექსუალური აქტი დაისჯება. ფიზიკური ზიანის მიყენების შემთხვევაში სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სხვა შემთხვევაში კი ჯარიმას. ცხოველთა უფლებებზე კანონპროექტი ესპანეთის ქვედა პალატამ მიიღო, სენატს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, შესაბამისად, შესაძლოა პროექტში ცვლილები ჯერ კიდევ შევიდეს. 

  • ესპანეთში ზოოფილია არ დაუკანონებიათ

2023 წლის 9 თებერვალს ესპანეთის კონგრესის ქვედა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ცხოველებზე ძალადობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის ნაწილის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონოპროექტი ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა ამოქმედების შემთვევაში ის ცხოველებზე ძალადობის შესახებ 2015 წელს მიღებული კანონის ჩასწორებას გულისხმობს. ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სამი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომლებიც ცხოველების სექსუალურ ექსპლუატაციას ეწევიან. გარდა ამისა, სასჯელი ითვალისწინებს ცხოველებთან დაკავშირებული ვაჭრობის ან კომერციული საქმიანობის აკრძალვას. აღნიშნული სასჯელი შეეხებათ მათ,  ვინც ცხოველებს ნებისმიერი გზით უსამართლოდ ეპყრობა, იწვევს დაზიანებებს, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას ან სექსუალური ექსპლუატაციის ქვეშ აყენებს.  მოქმედი კანონი ეხება შემდეგი კატეგორიის ცხოველებს:

ა) შინაური ან მოთვინიერებული ცხოველი
ბ) მოშინაურებული ცხოველი
გ) ცხოველი, რომელიც დროებით ან მუდმივად ბინადრობს ადამიანის კონტროლქვეშ
დ) ნებისმიერი ცხოველი, რომელიც ველურ ბუნებაში არ ბინადრობს

ახალი კანონპროქტი კი ამ ცხოველთა სახეობის ზრდას ითვალისწინებს, თუმცა დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისჯება თუკი ცხოველს ფიზიკური დაზიანება მიადგა და ვეტერინარული მკურნალობა დასჭირდება. სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული. 

გავრცელებული ინფორმაცია, ესპანეთში ზოოფილიის ლეგალიზებასთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმების პორტალმა – snopes – მა და ესპანურმა გამოცემა The Local -მა გადაამოწმეს.

The Local -ის თანახმად, სადავო პუნქტი ეხება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 337 -ე მუხლის ცვლილებას, რომელიც ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შეურაცხყოფისთვის სასჯელს ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობით, პირი ისჯება  ცხოველების „სექსუალური ექსპლუატაციისთვის“ და ახალ კანონპროექტში “სექსუალური ექსპლუატაცია” შეიცვალა ფორმულირებით „სექსუალური ხასიათის ქმედებები”, რაც იწვევს ცხოველის ისეთ დაზიანებას, რომელიც მკურნალობას საჭიროებს“. ამრიგად, კანონპროექტის ცვლილების ეს ნაწილი ინტერპრეტირდა ისე, თითქოს ესპანეთში ზოოფილია დაკანონდა.

The Local – ის მიხედვით, გავრცელებული მტკიცება კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაციითაა გამოწვეული და ესპანეთის სამართლის ექსპერტები განმარტავენ, რომ იგი ზოოფილიის დაკანონებას არ ითვალისწინებს.

ზოოფილიის დაკანონების ბრალდებას ასევე ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტროს წარმომადგენელიც გამოეხმაურა და ესპანურ მემარცხენე გამოცემა El Diario – სთან აღნიშნა, რომ ცხოველებთან ნებისმიერი სექსუალური აქტი დაისჯება.  დაზიანებების წარმოქმნის შემთხვევაში ისინი დანაშაულებად ჩაითვლება; დანარჩენ შემთხვევაში კი  – ნაკლებად მძიმე დანაშაულებად კლასიფიცირდება, როგორც შეურაცხყოფა დაზიანების თვალსაჩინო ნიშნების გარეშე.

სტატია ამ თემაზე ესპანურმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მედიამ – Newtral – მაც მოამზადა. სხვადასხვა იურისტების ინტერვიუზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ არ არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ესპანეთში ზოოფილიის დეკრიმინალიზაცია მოხდება, თუმცა  არსებობს გარკვეული უთანხმოება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა შეცვლილმა ტერმინმა კანონში ცხოველებზე სექსუალური ქმედების ზოგიერთი შემთხვევა დაუსჯელი დატოვოს. კანონპროექტი სენატს ჯერ არ დაუმტკიცებია, ამიტომ, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები კიდევ შევიდეს. 

აღსანიშნავია, რომ რუსული და ქართული პრორუსული მედიები ინფორმაციის გავრცელებისას ესპანურ ულტრამემარჯვენე გამოცემას – libertad digital -ს ეყრდნობიან. 

9 თებერვალს ესპანეთის კონგრესის მიერ ცხოველთა უფლებებზე მიღებულ  კანონში შემდეგი საკითხები შევიდა.   

  • შინაური ცხოველების ვიტრინებში გამოფენის აკრძალვა

ახალი კანონპროექტი ცხოველების კომერიციალიზაციას კრძალავს- ძაღლების და კატების გამოფენას სავაჭრო ვიტრინებში მომხმარებლების მოზიდვის მიზნით.

  • ძაღლების და კატების ყოლა დახურულ სივრცეში

იკრძალება ძალადობრივი და დამამცირებელი პრაქტიკა, როგორიცაა „ძაღლების და კატების შენახვა ტერასებზე, აივნებზე, სახურავებზე ან სათავსოებში, სარდაფებში, ეზოებში ან მანქანებში“. ასევე უკანონო იქნება შინაური ცხოველის მეთვალყურეობის გარეშე ზედიზედ სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დატოვება, ძაღლების შემთხვევაში ეს პერიოდი 24 საათამდე მცირდება.

  • ძაღლის შესაძენად ან გასაშვილებლად სასწავლო კურსის გავლა იქნება საჭირო

კანონპროექტის თანახმად,  ყველას, ვისაც ძაღლის ყოლა სურს, წინასწარ მოკლე, სავალდებულო  სასწავლო კურსის გავლა მოუწევს, რომელიც უფასო იქნება და განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს.

  • აკრძალულია გარეული ცხოველების ცირკებში ან სხვა კულტურულ წარმოდგენებში მონაწილეობა

ახალი კანონპროექტი ასევე კრძალავს ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენებას, როგორიცაა სპილოები ან ლომები, როგორც ეს უკვე ესპანეთის ბევრ რეგიონში ხდება. ამ წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ძალიან სერიოზულ დარღვევად  და 200 000 ევრომდე თანხით  დაჯარიმდება.

  • ნებადართული იქნება მხოლოდ კონტროლირებადი ლიცენზირებული ცხოველების მოშენება

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცხოველთა მოშენებისა და კომერციალიზაციის კონტროლს. ფიზიკურ პირებს ცხოველების მოშენების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი სათანადო წესით არიან რეგისტირებულები, აკმაყოფილებენ ცხოველთა კეთილდღეობის ყველა გარანტიას. კომერციული მიზნებისთვის ცხოველების სათანადო ლიცენზიის გარეშე მოშენება დაჯარიმდება 50 001 ევროდან 200 000 ევრომდე.

  • აკრძალულია გარკვეული ცხოველების შინაურ ცხოველებად ყოლა

გარკვეული ცხოველები შინაურ ცხოველებად არ დაიშვებიან.  შეიქმნა სია იმ ცხოველების, რომლების შინაურ ცხოველებად არიან დაშვებული, დანარჩენის სახლში ყოლა კი აიკრძალება. მათ შორისაა, ობობა, გარკვეული ფრინველები, რომლებიც ესპანეთში ენდემური არ არის, როგორიცაა, პარაკეტები, Agapornis სახეობის თუთიყუშები, ვიეტნამური ღორები, ზღარბი, კუები და ეგზოტიკური ქვეწარმავლები – გველები, ხვლიკები და ქამელეონები. 

  • მამლების ჩხუბი აკრძალული იქნება

კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დასჯადი ნაწილი მამლების ჩხუბის აკრძალვაა. ესპანეთში მხოლოდ ორი რეგიონია დარჩენილი, რომელიც ჯერ კიდევ ამის საშუალებას იძლევა, კანარის კუნძულები და ანდალუზია. ამჟამად მამლების ჩხუბი აკრძალულია ყველა იმ ადგილას, სადაც მას ტრადიციულად არ “აღნიშნავენ”.

წყაროს შესახებ

ანონიმურ ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили -ს დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ვრცლად იხილეთ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist