2020 წლის 11 აგვისტოს ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის სხვა საკითხებთან ერთად 3 თვის წინ სოციალური მუშაკის მიერ მარტოხელა დედისაგან 3 წლის ბავშვის განცალკევების შემთხვევას განიხილავს. ამ კონკრეტული ინცინდენტიდან გამომდინარე ვასაძე ზოგადად მსჯელობს “ბავშვთა უფლებების კოდექსის” საზიანო შედეგების შესახებ და ამტკიცებს, რომ კოდექსი ოჯახის ინსტიტუტისა და ერის წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტია.
აგვისტოს დასაწყისში, მომხდარიდან 3 თვის შემდეგ აღნიშნული საკითხი ულტრაკონსერვატორულმა და ანტილიბერალურმა ჯგუფებმა გააქტიურეს. მათ 6 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრთან საპროტესტო აქცია 3 წლის ბავშვის დედასთვის დაბრუნების მოთხოვნით გამართეს და სოციალურ ქსელში თემით სპეკულირება აქტიურად დაიწყეს, რაც წინასაარჩევნო დისკურსში ოჯახის ინსტიტუტის შესახებ რუსული მესიჯბოქსის გაცოცხლებას ცდილობს, რომელიც უივენალურ კანონმდებლობას ფაშიზმთან აიგივებს და დასავლეთის მიერ ოჯახის ინსტიტუტის ნგრევის თეზასს გვთავაზობს, რისთვისაც სამიზნედ სოციალური მუშაკის ინსტიტუტს ირჩევს.
გამოვლინდა 4 გზავნილი, რომელთაც ანტი-ლიბერალური ჯგუფები და მედიები ავრცელებდნენ. ეს გზავნილებია:
- საერთაშორისო ორგანიზაციების დედას შვილს ართმევენ
- იუვენალური კანონმდებლობა/ ანტიდისკრიმინაციულ კანონი ოჯახის ინსტიტუტს ანგრევს.
- სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ოჯახის წინააღმდეგაა მიმართული
- მშობლებისთვის ჩამორთმეულ ბავშვებს სახელმწიფო ყიდის/ ლგბტქ წყვილებს გადასცემს.
გზავნილი | ციტატა |
1. საერთაშორისო ორგანიზაციების დედას შვილს ართმევენ | ალექსანდრე ფალავანდიშვილი: „დედას შვილი წაართვეს – აი ეს არის გაეროს მიერ დაძალებული და პარლამენტის მიერ დაკანონებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი.”
ნინო რატიშვილი, ტვ “ობიექტივი”: „შვილს რო დედას გლიჯავ ეს რა არის? მე ვიცი ეს რაც არის, მე ვიცი ეს კანონი, აი, ისევ ეს უკავშირდება აი, ამ ასოცირების ხელშეკრულებას.ეს მოთხოვნებს უკავშირდება მაგას ვამბობ“. |
2. იუვენალური კანონმდებლობა/ ანტიდისკრიმინაციულ კანონი ოჯახის ინსტიტუტს ანგრევს. |
ლევან ვასაძე, მსოფლიო საოჯახო კონგრესი : „ჩვეულებრივად მიიღეთ იუვენალური იუსტიციის კანონი, ახლა- ბავშვთა კოდექსიც, რომელიც სხვა დამღუპველ ინიციატივებთან ერთად, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული კანონი, როგორიცაა თქვენი ნარკოპოლიტიკა… მეთოდურად ანადგურებს ჩვენ ერს.“
ალექსანდრე ვაშაყმაძე, ანტი ლგბტ აქტივისტი: „ახლად მიღებული ლგბტ, ბავშვთა უფლებათა კოდექსით, სახელმწიფომ უმიზეზოდ დედას შვილი წაართვა. ამ ელგებეტე კანონით ქალს აგერ უკვე, კანონის შემოღებისთანავე, ქალს ბავშვი წაართვეს…“ დიტო ბიძინაშვილი, ნიუს ფრონტი : “იუვენალური კანონი რაც არ უნდა ბრილიანტში ჩასვათ და ბაჯაღლოში ამოავლოთ, ჩემთვის ყოველთვის ნაგავი იქნება. მე ზუსტად ვიცი რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ევროკავშირი არის პედოფილების და სულიერად ავადმყოფების ბუდე და ყველაზე ნაკლებად აქვს საერთო ევროპასთან. ზუსტად ვხედავ იმ საფრთხეებს, რომელიც ამ კანონს ახლავს თან და არაფერ შუაშია ბავშვების დაცვასთან.” გიორგი ქარდავა , ალტ-ინფო: “ეს ბავშვთა კოდექსიც ხომ… USAID-ის და გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის მიერ იყო ფაქტიურად. ეს ხო არის პრაქტიკულად იმათი დაკვეთა.” |
3. სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ოჯახის წინააღმდეგაა მიმართული |
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: „პირველი სოცმუშაკი, რომელიც მივიდა იმ ოჯახში და ნახა, როგორ ეხუტებოდა ჩვილი დედას და არ შორდებოდა, თქვა: ამ ბავშვს ოჯახიდან ვერ წავიყვანო. ამის გამო ის სამსახურიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს და მიიღეს ახალი, ცივსისხლიანი ზონდერი, რომელმაც პატრულის დახმარებით ბავშვი წივილ–კივილით გამოჰგლიჯა დედას ხელიდან. აი, ასეთი 200 ზონდერის შერჩევითა და გაწვრთნით არის დაკავებული დღეს ხელისუფლება.“
ლევან ვასაძე, მსოფლიო საოჯახო კონგრესი : “როგორც ევროპაშია, ასე ვითარდება მოვლენები ჩვენთნაც. ამ სოცმუშაკების სამსახურებრივი წინსვლა, პრემირება ან სამსახურიდან გაშვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასრულებენ ისინი ამ დაკვეთას ანუ უბრალო ენაზე რო ვთქვათ, რამდენად ართმევენ ისინი მშობლებს შვილებს” |
4. მშობლებისთვის ჩამორთმეულ ბავშვებს სახელმწიფო ყიდის/ ლგბტქ წყვილებს გადასცემს. |
გურამ ფალავანდიშვილი, ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის : „მემგონი დასახელებულიც აქვთ რაღაც თანხ, დასახელებულიც აქვთ აუქციონზე, ბავშვი გაყიდონ თუ არ გაყიდონ, არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ბავში არის წართმეული და აგლეჯილი დედის კალთიდან.“
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა : „ბავშვების ოჯახებისთვის წართმევა არის მავანთა ინტერესში. ალბათ, მათ ინტერესში, ვინც ამ ბავშვებით ვაჭრობს…“ ალექსანდრე ვაშაყმაძე, ანტი ლგბტ აქტივისტი : „„ბავშვებს წაგვართმევენ და დაარიგებენ გეი წყვილებზე. ჩვენები ფულს იშოვიან, ისინი ბავშვებს მიიღებენ და ჩვენ შვილებს გაზრდიან ვიღაცა პიდარასტები.“ ლევან ვასაძე, მსოფლიო საოჯახო კონგრესი: „[დასავლეთში] ამ ბავშვების ნაწილი გადაეცემათ სხვა ადამიანებს, ვისაც შვილი უნდა და ამაში ფულსაც იხდიან ზოგი ოფიციალურად, ზოგი არაოფიციალურად. ამავდროულად ჩამორთმეული ბავშვების სულ უფრო და უფრო მეტი პროცენტი მამათმავლების და ლესბოსელების წყვილებს, მათ ეგრეთწოდებულ ოჯახებს გადაეცემათ .“ |
კოორდინირებული გავრცელება
ლევან ვასაძის ვიდეო მიმართვას, რომელიც მსოფლიო საოჯახო კონგრესის ფეისბუკ გვერზდე გამოქვეყნდა, 14 აგვისტოს მონაცემებით 204 ათასი ნახვა და 4700 გაზიარება აქვს. ვიდეო 34 ჯგუფსა და გვერდზე გაზიარდა, მათ შორისაა:
- ანტილიბერალ გვერდები: ალფა დომინანტი, ალტ კლუბი, ალფა, საქართველო უპირველეს ყოვლისა;
- ანტილიბერალური/კონსერვატიული ჯგუფები: ანტილიბერალური სივრცე, კონსერვატიული ჯგუფი.
- სხვადასხვა გვერდები, რომლებიც ხშირად ანტილიბერალური გვერდების მასალებს აზირებენ: Beautiful world, Fაქტები
- სტალინის სახელობის ჯგუფი: МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა
ვასაძის ვიდეო მიმართვა ფეისბუკში დასპონსორებული სახით გავრცელდა.
პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ 6 აგვისტოს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოციალურ მუშაკებს, რომლებმაც 3 წლის ნიკოლოზის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება მიიღეს „ზონდერ-სოცმუშაკებს“ უწოდებს. ლევან ჩაჩუა წერს, რომ სოციალურმა მუშაკმა ციცო გვენეტაძემ უარი თქვა 3 წლის ნიკოლოზის დედისგან განცალკევებაზე და ამის გამო, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო აღნიშნული საქმე ნინო იობაშვილსა და მარიამ ცხვედიანს გადასცეს. ჩაჩუა აღნიშნავს, რომ მათ დავალება ზედმიწევნით შეასრულეს, „დედა”! ,,დედა”!-ს ყვირილით აცრემლებული ბავშვი ხელიდან გამოგლიჯეს შოკში ჩავარდნილ დედას და პატრულის მანქანით უცხო ოჯახში გაამწესეს!“.
აღნიშნული პოსტი 11 Facebook-ჯგუფში გაზიარდა: ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება, კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌, “საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ, samsaxurebi saberznetshi, კახა კალაძე თბილისის მერი, ეროვნული ყრილობა. ძალა-უფლება ხალხს, ხალხური მკურნალობა, საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!, ომის ვეტერანები, STOP 5G GEORGIA, Photo-Fact GEORGIA. პოსტი 3-მა სხვადასხვა Facebook-გვერდმა გააზიარა: წინაპართა ნაკვალევზე, საქართველო უპირველეს ყოვლისა, შენ ხარ საქართველო.
ხშირად გაზიარებულ პოსტს თან ახლდა მომხდარის გასაპროტესტებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრთან დაგეგმილ აქციაზე მისვლის მოწოდებაც.
იმავე ნარატივს ატარებს ანტი ლგბტ აქტივისტის ალექსანდრე ფალავანდიშვილის Facebook-პოსტი, რომელიც ასევე ნინო იობაშვილისა და მარიამ ცხვედიანის დისკრედიტირებას ცდილობს. ფალავანდიშვილი წერს: „გესმით?! საქართველოში დედას შვილი წაართვეს – “გაჭირვებული რატო ხარო?!“. ფალავანდიშვილი მომხდარში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ ბრალეულობას ხედავს და კოდექსს „გაეროს მიერ დაძალებულს“ უწოდებს.
აღნიშნული პოსტი იდენტური ტექსტით 3 Facebook-ჯგუფში გაზიარდა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!, Info Rustavi ინფო რუსთავი.
რუსული მესიჯბოქსი იუვენალურ მართლმსაჯულებაზე და მისი ქართული წყაროები
იუვენალური მართლმსაჯულების თემა წლების რუსული პროპაგანდის შემადგენელია და დროდადრო აქტიურდება. ამ გზავნილს სხვადასხვა რუსულ წყაროებთან ერთად დროდადრო ოჯახების მსოფლიო კონგრესთან დაკავშირებული ლევან ვასაძეც ახმოვანებს.
რუსეთში არაერთი ვებ-გვერდია შექმნილი, რომელიც იუვენალური კანონმდებლობის წინააღმეგ მიზანმიმართულ კამპანიაშია ჩართული (Геноцид Русов, omiliya.ru, Ювенальная юстиция, Стоп Ювенальная Юстиция და სხვა) და მათი გზავნილები ქართული წყაროების იდენტურია.
ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
- რა არის იუვენალური მართლმსაჯულება და როდის გაჰყავს სოც.მუშაკს ბავშვი ოჯახიდან?
მითების დეტექტორის ლაბორატორია
მასალა მომზადდა ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ის გამოყენებით