20 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ბავშვთა მსხვერპლშეწირვის ადგილია ასახული. ვიდეოში ვხედავთ ქალს, რომელიც ვიდეოს გადამღებს მიწისქვეშა თეატრში ჩასასვლელ კიბეს აჩვენებს. აღწერის მიხედვით, ეს იატაკქვეშა ადგილი გლობალური ელიტის მიერ მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო რიტუალების ჩასატარებლად გამოიყენება.
Მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული ადგილი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის ადგილია, კონსპირაციის თეორიაა და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. Რეალურად, ვიდეო ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნის და ის სიცილიის დონაფუგატას სასახლეში მდებარე მე-19 საუკუნის თეატრშია გადაღებული.
Ვიდეოში ასახული თეატრი იტალიაში, სიცილიის კუნძულზე, ქალაქ რაგუზაში მდებარე Donnafugata-ს თეატრია. ის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და დონაფუგატას სასახლეში, რაგუზას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სასახლეშია განთავსებული. ვინაიდან თეატრი მიწის ქვეშ მდებარეობს, მისი მთავარი მახასიათებელი სრულყოფილი აკუსტიკაა. თეატრის ამჟამინდელი მფლობელი სალვატორე სკუზესი ხშირად კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მის თეატრში “მიკროფონები სრულად აკრძალულია!“. დონაფუგატა რაგუზას ერთადერთი თეატრია და ერთდროულად მხოლოდ 100 მაყურებლის მიღება შეუძლია. ამის გამო ის ევროპის ყველაზე პატარა თეატრებს შორისაა და 2006 წელს პრესტიჟული Eurispes ჯილდოც მიენიჭა.
ვიდეოს ყველაზე ადრინდელი ვერსია ფეისბუქზე 27 იანვარს იტალიურმა ტურისტულმა კომპანიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
კომპანიის მიერ პოსტზე თანდართულ აღწერაში ამ სიცილიური თეატრის მახასიათებლების, მისი ზომისა და მდებარეობის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. Აღწერის მიხედვით, თეატრი იტალიის დიდი ოპერის თეატრის მინიატურულ ვერსიას წარმოადგენს და მისი მცირე ზომის მიუხედავად, ყველა სახის დასაჯდომები აქვს, მათ შორის პარტერიც კი.
ფეისბუქ გვერდზე იტალიის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის შესახებ არაერთი ვიდეო და ინფორმაცია ქვეყნდება.
კონსპირაციები ელიტების მიერ ბავშვების მსხვერპლად შეწირვის შესახებ წლებია მოძრაობა QAnon-ის წევრების მიერ აქტიურად ვრცელდება. QAnon-ის შეთქმულების თეორიების მიხედვით, მსოფლიოს სატანის მოციქულთა საიდუმლო ჯგუფი მართავს, რომელიც გლობალური მასშტაბით ბავშვთა ტრეფიკინგის ქსელს ხელმძღვანელობს.
QAnon-ს შესახებ შეთქმულების თეორიებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ
- ინფორმაცია, მიწისქვეშა გვირაბში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, QAnon-ის კონსპირაციაა
- ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ?
- გეგმავს თუ არა რომის პაპი “დიდ გადატვირთვას”?
- ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება
ანასტასია ცალუღელაშვილი
კონკურსის “ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა” გამარჯვებული
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.