14-16 სექტემბერს ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანმა აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებთან საზღვართან სამხედრო ნაწილები განალაგა. ფეისბუქ გვერდი TV თავისუფალი არხი – Free Channel და ანგარიში Irakli Zakareishvili ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) წერდნენ, რომ ირანის ძალები აზერბაიჯანის საზღვართან მობილიზდნენ და მოვლენის ამსახველ ვიდეოს ავრცელებდნენ. ხოლო ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი (1,2,3,4,5) ცნობებს, რომ ირანის საჯარისო ნაწილები სომხეთის საზღვართან განლაგდნენ, ფოტოებთან ერთად ავრცელებდა და დამატებით წერდა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მკაფიოდ განაცხადა, რომ ირან-სომხეთის საზღვარი ისტორიული საგზაო-საკომუნიკაციო საშუალებაა და მის დარღვევას ირანი არ დაუშვებს.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2020 წელს ირანის არმიის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან მობილიზებას, ხოლო ფოტოები 2019 და 2020 წლებში ჩატარებულ სამხედრო წრთვნებს ასახავს. ირანის ოფიციალური სამთავრობო საიტის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში არ განუცხადებია, რომ ირანი სომხეთ-ირანის საზღვრის შეცვლას არ დაუშვებს. ირანული ძალების განლაგება სომხეთის საზღვართან ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ინტერნეტსივრცეში პირველად 2020 წლის ოქტომბერში სპარსულ და რუსულენოვან საიტებზე გამოჩნდა. აღწერის მიხედვით, ვიდეო აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალების გადაადგილებას ასახავს. ვიდეო მსგავსი აღწერით ტელეგრამ არხზე “50 მილიონი თურქი” გავრცელდა.
მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო 2020 წლის ოქტომბერში ირანში სამხედრო ნაწილების სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რეგიონებში მობილიზება მართლაც განხორციელდა.
გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთში რამდენიმე ტანკს ვხედავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშებით. ირანული მედიის ინფორმაციით (1,2), აღნიშნული ფოტო 2020 წლის იანვარში ირანის სამხრეთით, შირაზის პროვინციაში მიმდინარე სამხედრო წრთვნებს ასახავს.
რაც შეეხება ფეისბუქზე გავრცელებულ მეორე ფოტოს, ის 2019 წლის იანვარში ისპაჰანის პროვინციაში ჩატარებულ სამხედრო წრთვნებს, სახელად Eghtedar-e 97 ასახავს. სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Irna.ir ამავე მომენტის ამსახველი სხვა კადრსაც ავრცელებს:
გავრცელებული პოსტების ნაწილში გაჟღერებულია მტკიცება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სომხეთ-ირანის საზღვრის დარღვევას არ დაუშვებს, რადგან ის ისტორიული საგზაო-საკომუნიკაციო საშუალებაა.
ირანის მთავრობის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ აბდოლაჰიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრისას სომხეთ-ირანის საზღვარი მართლაც მოიხსენია როგორც ისტორიული საკომუნიკაციო გზა და ხაზი გაუსვა მისი უცვლელად შენარჩუნების აუცილებლობას. მან ასევე გამოთქვა ირანის მზადყოფნა დაეხმაროს მხარეებს პრობლემის მშვიდობიანად, პოლიტიკური საშუალებებით მოგვარებაში. რაც შეეხება ფრაზას “[ირანი] სომხეთ-ირანის საზღვრის დარღვევას არ დაუშვებს”, მსგავსი ფრაზა სატელეფონო საუბრის ანგარიშში არ გვხვდება.
თუმცა, მსგავსი შინაარსის განცხადებები ირანელ მაღალჩინოსნებს არაერთხელ გაუჟღერებიათ:
2021 წლის ოქტომბერში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი არ შეეგუება რეგიონისა და მისი საზღვრების “გეოპოლიტიკურ ცვლილებას”.
2022 წლის ივლისში ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანი სომხეთ-ირანის საზღვრის ცვლილების წინააღმდეგი იქნება, რადგან ის ათასწლეულებია საკომუნიკაციო გზის როლს ასრულებს.
ხოლო 2022 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის – ნასერ ქანაანის განცხადება, რომლის მიხედვითაც ირანი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრების ცვლილებას არ მიიღებს.
ინფორმაცია, რომ ირანმა სომხეთის საზღვართან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალები განალაგა რამდენიმე არაოფიციალურ სომხურ და ირანულ წყაროში გვხვდება, თუმცა ოფიციალურ პირებს თემის ირგვლივ განცხადება არ გაუკეთებიათ.
თავად “გუშაგთა კორპუსმა” ბოლო განცხადებით დაგმო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევის ყველა მცდელობა და აღნიშნა, რომ ირანისთვის ეს წითელი ხაზი იქნება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.