რას აღნიშნავს საფრანგეთის პასპორტში ტერმინი Nationalité – ეროვნებას თუ მოქალაქეობას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

706
VIEWS

20 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა ფანტ ინა ტელევიზია ჯორჯიან თაიმსის ფეისბუქ-გვერდზე 5 დეკემბერს განთავსებული გადაცემა “დროული კითხვების” ფრაგმენტი გამოაქვეყნა. გადაცემის სტუმარმა მწერალმა და საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა რეზო მიშველაძემ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, მათ შორის პასპორტში, ეროვნების ჩაწერაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც პასპორტსა და სხვა დოკუმენტებში ეროვნება წართმეული აქვს, რადგან მათში “ეროვნება ქართველი” მითითებული არ არის. სხვა ქვეყნების, მაგალითად საფრანგეთის პასპორტში კი მოქალაქეობაც წერია და “ეროვნება ფრანგიც”.

რეზო მიშველაძე: “ყველა ქვეყანაში, მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, ყველას უწერია პასპორტში, აი, მაგალითად, ფრანგებს: “ნასიონალიტე – ფრანსეზ”, მოქალაქეობა წერია და მერე ნასიონალიტე ფრჩხილებში. მარტო საქართველოა ერთადერთი ქვეყანა ბატონი მიხეილ სააკშვილის, ღმერთმა კარგად ამყოფოს, წყალობით, ვისაც ეროვნება წართმეული აქვს და თქვენს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს და მთელს საქართველოს არავის არცერთ საბუთში ეროვნება არ უწერია და მათ დამტკიცებაც არ შეუძლიათ, რომ ქართველები არიან.”

მტკიცება, თითქოს საფრანგეთის პასპორტში ეროვნება და მოქალაქეობა ორი სხვადასხვა გრაფაა, სიმართლეს არ შეესაბამება. საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების პასპორტში ნამდვილად არის გრაფა – “Nationalité/Nationality”, თუმცა ეს ტერმინი სამართლებრივად იმავე მნიშვნელობას ატარებს, რასაც ქართულ პასპორტში გამოყენებული “Citizenship” ანუ მოქალაქეობა. გლობალური მოქალაქეობის ობსერვატორიის (Globalcit) ლექსიკონის მიხედვით, ტერმინები ეროვნება (Nationality) და მოქალაქეობა (Citizenship) ერთსა და იმავე სტატუსს ეხება და ამიტომ, ხშირად სინონიმებად გამოიყენება.

ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიგნით მოქმედი სხვადასხვა დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია და ვიზუალური მასალის ნიმუშებია განთავსებული. ვებ-გვერდზე საფრანგეთის პასპორტის პირველი გვერდის ფოტოც დევს, მასზე ნამდვილად ჩანს ერთ-ერთი გრაფა – Nationalité/Nationality, რომლის ქვემოთაც მითითებულია – Française ანუ ფრანგი. თუმცა მცდარია მტკიცება, თითქოს პასპორტში ცალკე გვხვდება მოქალაქეობის გრაფაც (citizenship). 

ევროკავშირის სხვა ქვეყნების პასპორტებშიც იდენტური ჩანაწერი გვხვდება. მაგალითად, გერმანულ და იტალიურ პასპორტებში Nationality-ს გვერდით ორიგინალ ენებზე მითითებულია Staatsangehörigkeit და Cittadinanza, რაც ასევე მოქალაქეობას ნიშნავს.

საქართველოს პასპორტსა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მოქალაქეობის გრაფა Citizenship-ის ტერმინითაა აღნიშნული, თუმცა სამართლებრივად საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების პასპორტში ჩაწერილი Nationality ზუსტად იმავე სტატუსისა და მნიშვნელობის მატარებელია, რისაც ქართულ პასპორტში გამოყენებული Citizenship-ი. 

ფოტო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

მიგრაციის ევროპული ქსელის მიერ შემუშავებულ “ევროპაში მიგრაციასა და თავშესაფართან დაკავშირებული ტერმინების ლექსიკონში” “country of nationality” შემდეგნაირად არის განმარტებული: ქვეყანა (ან ქვეყნები), რომლის მოქალაქეობაც კონკრეტულ პირს აქვს მინიჭებული. ლექსიკონში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლოა, პირის მოქალაქეობა (country of nationality) და წარმომავლობისა ან/და დაბადების ქვეყანა (country of origin, country of birth) ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგალითად, როცა ისინი მიიღებენ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელშიც არ დაბადებულან.

გლობალური მოქალაქეობის ობსერვატორიის ლექსიკონში “მოქალაქეობისა და საარჩევნო უფლებების შესახებ” (GLOBALCIT Glossary on Citizenship and Electoral Rights) აღნიშნულია, რომ ტერმინები ეროვნება (Nationality) და მოქალაქეობა (Citizenship) ერთსა და იმავე სტატუსს ეხება და ამიტომ, ხშირად სინონიმებად გამოიყენება. GLOBALCIT-ის თანახმად, ისინი ამბჯობინებენ, რომ ტერმინი “მოქალაქეობა” ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის შიდასამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით გამოიყენოს, ხოლო “ეროვნება” სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებთან და სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. 

გარდა ამისა, GLOBALCIT-ის ლექსიკონში წერია, რომ მათი “ეროვნების” განმარტება ამ ტერმინის არასამართლებრივ გაგებას, ანუ რომელიმე ერის წევრობას, რომელსაც საერთო ისტორია, კულტურა, ენა ან წარმომავლობა აქვს, არ ფარავს. ეროვნების არასამართლებრივი გაგება ზოგიერთ შემთხვევაში “ეროვნების” ზემოთ განხილულ სამართლებრივ ტერმინს, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს, რადგან კონკრეტული ქვეყნის მოქალაქის წარმომავლობა სხვა სახელმწიფოსთან იყოს დაკავშირებული.

“ეროვნების გრაფის” საკითხი პირადობის დამადასტურებელ ქართულ დოკუმენტებში

საკითხი, რომელზეც რეზო მიშველაძე საუბრობს, სათავეს ჯერ კიდევ 1997 წლიდან იღებს, როცა პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ,  1997 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებულ შსს-ს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პირადობის მოწმობაში გრაფა “ეროვნება” აღარ შეივსებოდა. 

ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან 1998 წლის 14 ოქტომბერს მიღებული ცვლილებებით გაუქმდა.

რეზო მიშველაძე ერთ-ერთი იყო, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა და პირადობის მოწმობაში “ეროვნების” დაბრუნებას ითხოვდა.

ულტრამემარჯვენე პარტია “ქართული მარში” პირადობაში ეროვნების გრაფის აღდგენას წლების განმავლობაში ითხოვდა. 2018-2020 წლებში “ქართული მარშის” წევრები ამ მოთხოვნით აქციებს მართავდნენ და ხელმოწერებს აგროვებდნენ. 2020 წლის სექტემბერში მათ პარლამენტს აღნიშნულ თემაზე კანონპროექტის განსახილველადაც მიმართეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist