2 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა Khatuna Shengelia-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, გიორგი ფხაკაძის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსისა და ბილ გეიტსის მკერდზე მიმაგრებული გულსაბნევი AGENDA-30-ის სიმბოლოს, მასზე არსებული 17 ფერი კი გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს წარმოადგენს. პოსტის ავტორის მტკიცებით, გაეროს მიერ შემუშავებული რეზოლუციის 17-ივე მიზანში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზეა საუბარი. პოსტს ზემოაღნიშნული პირების ფოტოების გარდა თან ერთვის საიტის ბმული, რომელიც ავტორის აზრით, მოსახლეობის შემცირების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს.
8 იანვრის მონაცემებით პოსტს 213 რეაქცია და 571 გაზიარება აქვს.
პოსტის ავტორის მტკიცება, თითქოს მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანში მოსახლეობის შემცირებაზეა საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. წყაროდ მითითებული სტატია არა გაეროს ოფიციალურ დოკუმენტს, არამედ ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაციის მიერ ამ დოკუმენტის ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მდგრადი განვითარების სტრატეგია თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება და მიზნად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და ბუნებრივი რესურსების დაცვას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და მშვიდობიანი, სამართლიანი საზოგადოების შექმნას ისახავს.
“AGENDA 2030” 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეზოლუციაა, რომლის მიხედვითაც მომავალი 15 წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელმომწერმა სახელმწიფოებმა 17 მიზანისა და 169 ამოცანის განხორციელებით თანამედროვე გლობალური გამოწვევების აღმოფხვრას უნდა შეუწყონ ხელი. პოსტში მითითებული დოკუმენტი “მოსახლეობა და მდგრადი განვითარების მიზნები” 17 მიზანს მოიცავს, როგორიცაა სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხები, ასევე კლიმატური და ეკოლოგიურ გამოწვევები. ეს მიზნები სხვადასხვა ფერებშია გამოხატული, რაც გულსაბნევზე ასახულ ლოგოზეც არის წარმოდგენილი. 17 მიზანი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მთელ მსოფლიოში სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;
- შიმშილის დაძლევა, საკვების მიწოდებისა და აგრარული სექტორის ხელშეწყობა;
- ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელმისაწვდომობა ყველა ასაკის ადამიანისათვის;
- განათლების მიღების საშუალებებისა და სწავლის შესაძლებლობების მიცემა ყველა ადამიანისათვის;
- გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიღწევა;
- უსაფრთხო სასმელი წყლისა და სანიტარული საშუალებების ხელმისაწვდომობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობა;
- ხელმისაწვდომი და განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა;
- სტაბილური და მდგარადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, სრულყოფილი და პროდუქტიული დასაქმება ყველა ადამიანისათვის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;
- ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინდუსტრიალიზაცია და ნოვაციის წახალისება ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის;
- ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით ყველა ფორმის უთანასწორობების შემცირება;
- ქალაქებისა და ადამიანთა სხვა დასახლებების უსაფრთხო საცხოვრისისა დააუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფა;
- მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მდგრადობის უზრუნველყოფა, ნარჩენების ეფექტიანად გამოყენების ზრდა;
- სწრაფი მოქმედება კლიმატის ცვლილებასა და მისგან გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად;
- ოკეანეების, ზღვებისა და წყლის რესურსების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და ზღვისა და ოკიანეების დაბინძურების შემცირება;
- დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი მენეჯმენტი, მიწის გამოფიტვის თავიდან აცილება;
- სოციალური ინსტიტუტების და სამართლიანი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
- მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო პარტინიორობის ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამა ადამიანების კეთილდღეობაზე, ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და პლანეტაზე უკეთესი გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული და მასში არაფერია ნათქვამი მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის მიზანმიმართულად შემცირების შესახებ.
პოსტის ავტორის წყაროდ დასახელებული მასალა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის ინტერპრეტაციაა და ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს. მასალა გამოქვეყნებულია საქველმოქმედო ორგანიზაციის Population Matters-ის ვებ-გვერდზე, რომელიც ბრიტანული ორგანიზაციაა. აღნიშნული მასალის მიხედვით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისთვის შესაძლოა ვერ განხორციელდეს, რამდენადაც მასში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ავტორი თითოეულ მიზანს პოპულაციის ზრდის ჭრილში განიხილავს და წარმოაჩენს პრობლემებს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს. ორგანიზაციის აზრით, ამოწურვადი რესურსების სამყაროში თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შანსი, თავად გააკეთოს რეპროდუქციული თუ სამომხმარებლო არჩევანი პოზიტიური, ეთიკური და პრაქტიკული გადაწყეტილებების გათვალისწინებით.
კონსპირაციული თეორია გაეროს “21/2030 გეგმის” არსებობის შესახებ პირველად 2020 წლის 10 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Vernon Adkinson-მა გაავრცელა. მისი მტკიცებით, არსებობდა გაეროს მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმენალდ მიღებული დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იყო 2021-2030 წლების მიზნები. პოსტის ვირუსულად გავრცელების შემდეგ მისი შინაარსი ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ USA Today-მ გადაამოწმა. როგორც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგნელემა, დანიელა გროსმა USA Today-ს უთხრა, პოსტში დასახელებული დოკუმენტი გაეროს არასდროს მიუღია.
2020 წლის დეკემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა, ხოლო ვირუსი კი AGENDA 2030-ის განსახორციელებლად ხელოვნურად შეიქმნა. სინამდვილეში, “AGENDA 2030” არა – მსოფლიო ბანკის, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს მიღებული სტრატეგიული დოკუმენტია, რომელშიც არაფერია ნათქვამი გლობალური პანდემიის შესახებ.
AGENDA 2030-ის შესახებ არსებულ კონსპირაციებზე ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის ძველ პუბლიკაციებში:
- არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?
- 9 მცდარი განცხადება COVID 19-ზე, მსოფლიო ბანკსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.