რას აჩვენებს უახლესი კვლევები AstraZeneca-ს, Johnson&Johnson-ის და სხვა ვაქცინების ეფექტიანობასა და გვერდით ეფექტებზე?

რას აჩვენებს უახლესი კვლევები AstraZeneca-ს, Johnson&Johnson-ის და სხვა ვაქცინების ეფექტიანობასა და გვერდით ეფექტებზე?

2021 წლის 17 აპრილს ფეისბუქ გვერდმა “თავისუფალი არხი” თინა თოფურიას ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ბოლო სიახლეები ვაქცინაციის შესახებ”. ვიდეოში თოფურია კორონავირუსის ვაქცინების შესახებ საუბრობს და რამდენიმე მტკიცებას აჟღერებს:

  1.  AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 70 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტიანობა ნულოვანია, 60-70 წლის ადამიანებში კი – მხოლოდ 8-10%-ია.
  2. ინგლისსა და კანადაში 12-15 წლის ბავშვებზე AstraZeneca-ს კვლევები მალევე შეწყვიტეს, რადგან კვლევის მონაწილეებში ვაქცინამ თრომბოზის განვითარება გამოიწვია.
  3. ამერიკამ საბოლოოდ თქვა უარი AstraZeneca-ზე, FDA-მ უვარგისობის გამო  მასზე უარი თქვა.
  4. ამერიკაში Jonson&Jonson-ის ვაქცინა გაურკვეველი ვადით შეაჩერეს, რადგან ვაქცინირებულებში თრომბოზით გარდაცვალების ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.
  5. მსოფლიოში უკვე ოფიციალურადაც აღიარებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინები სათანადოდ გამოცდილი არ არის და ვაქცინირებული ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არიან. სინამდვილეში ვაქცინების გამოცდა 2023 წელს დასრულდება.
  6. ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებს საფრთხეს უქმნიან, რადგან ვაქცინა ვირუსის გადაცემას არ ზღუდავს, ვაქცინირებული ადამიანი ვირუსის “უსიმპტომო გადამტანი” ხდება და ისევე გადამდებია, როგორც არავაქცინირებული.

“თავისუფალი არხის” ვიდეო ამჟამად ფეისბუქიდან წაშლილია, თუმცა 2021 წლის 26 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Ucha Kakauridze აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში ხელახლა განათავსა.

;
თინა თოფურია “თავისუფალი არხის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში 3 დეზინფორმაციას, 2 ნახევრად მცდარ და ერთ მანიპულაციურ მტკიცებას აჟღერებს.

დეზინფორმაცია #1: AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 70 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტიანობა ნულოვანია, 60-70 წლის ადამიანებში კი – მხოლოდ 8-10%-ია.

AstraZeneca-ს ვაქცინის მესამე ფაზის წინასწარი შედეგები 2020 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ვაქცინის ორი დოზის საშუალო ეფექტიანობა 62%-ს შეადგენდა, თუმცა AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევის მესამე ფაზაში ძირითადად 18-55 წლის მოხალისები მონაწილეობდნენ. 2021 წლის იანვარში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შეზღუდა, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით მონაცემები არასაკმარისი იყო. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებას არც მედიკამენტების ევროპული სააგენტო (EMA) და არც ჯანმო მხარს არ უჭერდნენ.

AstraZeneca-ს ვაქცინის ხანდაზმულებში ეფექტიანობასთან დაკავშირებით ახალი კვლევები 2021 წლის 1 მარტს და 22 მარტს გამოქვეყნდა, რომლებმაც აჩვენეს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში 70%-ს აღწევს. 2021 წლის 1 მარტს გამოქვეყნებული კვლევა ბრიტანეთის ვაქცინაციის პროგრამის შედეგების ანალიზს ეფუძნებოდა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში AstraZeneca-ს მეორე დოზა სიმპტომურ COVID-19-ის წინააღმდეგ 73%-ით ეფექტიანია, ხოლო 80 წელს გადაცილებულებში ვაქცინის ეფექტიანობა 80%-ს აღწევს. პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ AstraZeneca-ს ვაქცინა 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახადა.

2021 წლის 22 მარტს კიდევ ერთი კვლევის შედეგები თავად AstraZeneca-მ გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა ასაკობრივი ჯგუფების თვალსაზრისით რეპრეზენტაციული იყო და 65 წელს გადაცილებულ მონაწილეებსაც მოიცავდა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის საშუალო ეფექტიანოა ყველა ასაკობრივ ჯგუფში 76%-ა, ხოლო საკუთრივ 65 წელზე ხანდაზმულებში – 80%-ით ეფექტიანი.

დეზინფორმაცია #2: ამერიკამ საბოლოოდ თქვა უარი AstraZeneca-ზე, FDA-მ უვარგისობის გამო  მასზე უარი თქვა. 

რეალურად, ამ ეტაპზე  AstraZeneca-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოსთვის (FDA) გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაციის მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს. 2021 წლის მარტში AstraZeneca-მ ამერიკაში მიმდინარე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ვაქცინამ 76%-იანი ეფექტიანობა აჩვენა და განაცხადა, რომ აპრილის პირველ ნახევარში FDA-სთვის აპლიკაციის წარდგენას გეგმავდა, თუმცა 2021 წლის 26 აპრილის მდგომარეობით კომპანიას ამერიკული მარეგულირებლისთვის აპლიკაცია ჯერ კიდევ არ წარუდგენია.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, აშშ-ს მიერ Pfizer-ს, Moderna-სა და Jonson&Jonson-თან დადებული ხელშეკრულებების წყალობით შტატებს საკუთრი მოქალაქეების სრულად ვაქცინირებისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინა აქვს და FDA-ს შეუძლია, AstraZeneca-სთვის ავტორიზაციის მინიჭება არ იჩქაროს. როგორც ენტონი ფაუჩიმ CNN-თან საუბრისას განაცხადა, მიზეზი არა უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინა, არამედ აშშ-ს საჭიროებებია, რომელსაც ამჟამად სხვა მწარმოებლები სრულად აკმაყოფილებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ AstraZeneca ამერიკული მარეგულირებლის ავტორიზაციას მიიღებს, სავარაუდოდ, ქვეყანას მისაგან დამატებითი დოზების შესყიდვა აღარ დასჭირდება.

დეზინფორმაცია #3: მსოფლიოში უკვე ოფიციალურადაც აღიარებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინები სათანადოდ გამოცდილი არ არის და ვაქცინირებული ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არიან. ვაქცინების გამოცდა 2023 წელს დასრულდება.

დეზინფორმაციას,თითქოს კორონავირუსის ვაქცინებზე ექსპერიმენტები ჯერკიდევ მიმდინარეობს და მათი გამოცდა 2023 წელს უნდა დასრულდეს, 2021 წლის თებერვალში ინგლისურენოვანი ფეისბუქ მომხმარებლებიც ავრცელებდნენ და იგი Pfizer-ის მიერ თავისი ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგის დასრულების თარიღის მანიპულაციური ინტერპრეტაციიდან მოდის. ვაქცინების დამტკიცების შემდეგ უსაფრთხოებასა და გვერდით მოვლენებზე დაკვირვება მიღებული პრაქტიკაა არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინების, არამედ ზოგადად ყველა სახის ვაქცინის და მედიკამენტის შემთხვევაში. Pfizer აღნიშნული მონიტორინგის წარმოებას ვაქცინის კვლევის მესამე ფაზის მონაწილეებზე 2023 წლამდე აპირებს. ვაქცინაციის პარალელურად კვლევების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არიან. ამჟამად კორონავირუსის ვაქცინის ასობით კანდიდატი არსებობს, რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ კვლევის სხვადასხვა ეტაპზეა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) და ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიერ აღიარებულ ვაქცინებზე (მათ შორისაა, AstraZeneca, Pfizer, Moderna, Jonson&Jonson) კლინიკური კვლევების ყველა ფაზა დასრულებულია.

ნაწილობრივ მცდარი #1: ინგლისსა და კანადაში 12-15 წლის ბავშვებზე AstraZeneca-ს კვლევები მალევე შეწყვიტეს, რადგან კვლევის მონაწილეებში ვაქცინამ თრომბოზის განვითარება გამოიწვია.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ თავიანთი ვაქცინის კვლევები 6-17 წლამდე ბავშვებზე 2021 წლის თებერვალში დაიწყეს და მასში 300-მდე მოხალისე იყო ჩართული. 2021 წლის 6 აპრილს კვლევის მონაწილეებისათვის AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება დროებით შეწყვიტეს, თუმცა ამის მიზეზი კვლევაში ჩართულ ბავშვებში თრომბოზის განვითარება არ გამხდარა. კვლევა AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიის იშვიათ ფორმას შორის კავშირთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოსა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიმდინარე გამოძიების გამო შეჩერდა. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა BBC-ს განუცხადა, კვლევის მონაწილეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამჟამად კითხვები არ არსებობს, თუმცა მეცნიერები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.

2021 წლის 7 აპრილს EMA-მ განაცხადა, რომ არსებული მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ თრომბების წარმოქმნა AstraZeneca-ს ვაქცინის ძალზე იშვიათ გვერდით ეფექტად უნდა მივიჩნიოთ. იმავე დღეს, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა (MHRA) თრომბების წარმოქმნა ვაქცინის უკიდურესად იშვიათ გვერდით ეფექტად დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის სარგებელი გადაწონის არსებულ რისკებს. 23 აპრილს EMA-მ ანალოგიური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თრომბოზის განვითარების ალბათობა 100 000 ვაქცინირებულიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში არსებობს.

ნაწილობრივ მცდარი #2: ამერიკაში Jonson&Jonson-ის ვაქცინა გაურკვეველი ვადით შეაჩერეს, რადგან ვაქცინირებულებში თრომბოზით გარდაცვალების ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

2021 წლის 13 აპრილს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) Johnson&Johnson-ის ვაქცინის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ვაქცინაციის დროებით შეჩერების რეკომენდაცია გასცეს, ვიდრე იმუნიზაციის პროგრამის მრჩეველთა კომიტეტი ვაქცინასა და თრომბოზის იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირის შესწავლას არ დაასრულებდა. 12 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში Johnson&Johnson-ის ვაქცინის 6.8 მილიონი დოზა იყო ადმინისტრირებული, ხოლო იშვიათი ფორმის თრომბოზის მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირდა. 23 აპრილს თრომბოზის შემთხვევათა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, რაც 8 მილიონამდე ვაქცინირებულს შორის მაინც დაბალ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. 15 პაციენტიდან 3 გარდაიცვალა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოში რჩება. პარალელურად, 24 აპრილს CDC-მ და FDA-მ ვაქცინაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს და განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარგებელი რისკებს გადაწონის, ხოლო თრომბოზის შემთხვევები უკიდურესად იშვიათია.

მანიპულაცია: ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებს საფრთხეს უქმნიან, რადგან ვაქცინა ვირუსის გადაცემას არ ზღუდავს, ვაქცინირებული ადამიანი ვირუსის “უსიმპტომო გადამტანი” ხდება და ისევე გადამდებია, როგორც არავაქცინირებული.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მოწინავე ვაქცინები ადამიანს ძირითადად სიმპტომური დაავადებისგან იცავს, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავენ პაციენტს ასიმპტომური ინფიცირებისგან და შესაბამისად, ვირუსის გადაცემასაც ზღუდავენ. ვაქცინების ეფექტიანობა ასიმპტომური ინფიცირებისა და ვირუსის ტრანსმისიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, თუმცა 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები ამ მხრივაც ეფექტიანია. AstraZeneca-ზე ჩატარებული ბრიტანული კვლევები აჩვენებდა, რომ ვაქცინამ უსიმპტომო ინფიცირების შემთხვევები 49.3%-ით შეამცირა. ჟურნალ Nature-ს მიხედვით, მაშინაც კი თუ ვაქცინები სრულად ვერ გამორიცხავენ უსიმპტომოდ ინფიცირებას, ისრაელში მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებულები (Pfizer-ით და AstraZeneca-თი) ინფიცირების შემთხვევაში ნაკლებად გადამდებები არიან. ისრაელის მთავრობისა და Pfizer-ის თანამშრომლობით ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაცია როგორც სიმპტომურ (93.7%-ით), ისე ასიმპტომურ (89.4%-ით) ინფიცირებებს ამცირებს.

2021 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა ამერიკული კვლევაც, რომლის ფარგლებშიც ვაქცინირებულ ჯანდაცვის მუშაკებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაქცინის მიღებიდან 12 დღის შემდეგ ვაქცინირებულ მედიკოსებში ასიმპტომური კოვიდის განვითარების რისკი ოთხჯერ შემცირდა. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზა ტრანსმისიის რისკს 61%-ით ამცირებს. 2021 წლის 29 მარტს გამოქვეყნებული კიდევ ერთი ამერიკული კვლევის თანახმად Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებმა ჯანდაცვის მუშაკებში, მეხანძრეებში, პოლიციელებსა და მასწავლებლებში ინფიცირების (როგორც სიმპტომური, ისე ასიმპტომური) რისკი 90%-ით შეამცირეს.

თინა თოფურიას შესახებ

თინა თოფურია სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა მედიაში კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ მცდარ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. თინა თოფურიას მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მომზადებული სტატიები:
ტვ “იმედმა” ფეისბუკზე ანტივაქსერის კომენტარი ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გაავრცელა
რეკომენდირებულია თუ არა ვაქცინაციამდე სპერმის გაყინვა?
ანტივაქსერი ექიმები ვაქცინებსა და კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ
ინფოდემია “ობიექტივის” ეთერში
“საერთო გაზეთში” ვაქცინაციის შესახებ 8 ტყუილი და 2 მანიპულაცია ვრცელდება
დეზინფორმაციაა, თითქოს ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა
ტროლი, რომელიც ვაქცინებზე კონსპირაციებს ავრცელებს, უკრაინელი კოსმეტოლოგის იდენტობას იპარავს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა
ასევე დაგაინტერესებს
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist