რამდენი ადამიანი ესწრებოდა “უცნობის” აქციას რესპუბლიკის მოედანზე?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

538
VIEWS

3 მაისს “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა და თბილისში 30 აპრილს გამართულ აქციაზე “არა ომს! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას” ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა ირაკლი გოგავამ აქციის მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა. გოგავა წერს, რომ რუკაზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეების განთავსების არეალი მონიშნა და სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ადამიანით განსაზღვრა, რის შედეგადაც აქციაზე დამსწრეთა მიახლოებითი რიცხვი – 54,600 ადამიანი მიიღო.

ირაკლი გოგავას 30 აპრილის აქციის მონაწილეების დათვლის დროს რუკაზე იმაზე დიდი ტერიტორია აქვს მონიშნული, ვიდრე აქციის მონაწილეებს რეალურად ეკავათ და იმაზე მაღალი სიმჭიდროვე აქვს მითითებული, ვიდრე ეს აქციაზე გადაღებულ დრონის კადრებში ჩანს. “მითების დეტექტორმა” mapchecking.com-ით მეშვეობით აქციის მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრის შედეგად მიახლოებითი რიცხვი 10, 677 მიიღო, რაც გოგავას მიღებულ მონაცემზე (54, 600) 5-ჯერ ნაკლებია. 

  • ირაკლი გოგავას აქციის მონაწილეების დათვლისას იმაზე მეტი ტერიტორია აქვს მონიშნული, ვიდრე აქციის მონაწილეებს რეალურად ეკავათ

ირაკლი გოგავას გამოყენებულ მეთოდში რამდენიმე ხარვეზია. მაგალითად, მას იმაზე დიდი ტერიტორია აქვს მონიშნული, ვიდრე აქციის მონაწილეებს რეალურად ეკავათ. მაგალითად, მონიშნულია კაფე “ივერიასთან” არსებული მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბეები, სადაც მდგომი აქციის მონაწილეები კადრებში არ ჩანან. ასევე, ამ კიბეების გასწვრივ დამატებით მონიშნულია ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი, რომელიც ველოსიპედის ძეგლის ქვემოთ მდებარეობს და იქ მოსახვედრად კიბეების ჩავლაა საჭირო.

აქციის მონაწილეების განლაგების სრული ფართობი ირაკლი გოგავას მიხედვით, სადაც დამატებით ჯავახიშვილის ქუჩაა მოხვედრილი წყარო: ირაკლი გოგავას ფეისბუკ-ანგარიში
ირაკლი გოგავას მიერ დამატებით მონიშნული ტერიტორია რუკაზე (მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა) წყარო: Google Maps
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ახლო კადრი წყარო: Google Street view

გარდა ამისა, აქციის კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები რესტორან “რესპუბლიკას” გასწვრივ არიან განლაგებული, გოგავას მონიშნულ ტერიტორიაზე კი დამატებით პირველი რესპუბლიკის მოედნის ის ნაწილიც ჰყავს შეყვანილი, რომელიც კოსტავას ქუჩას უერთდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რუკაზე მონიშნული ტერიტორიის სრულად აღსაქმელად მასზე დატანილი წარწერა ხელისშემშლელია, თუმცა როგორც აღიქმება მონახაზში შეყვანილია კაფე “ივერიის” გასწვრივ ტერიტორიაც, სცენისა და მისი უკანა ნაწილის ჩათვლით, სადაც რეალურად ხალხი თითქმის არ იდგა.

ირაკლი გოგავას მიერ დამატებით მონიშნული ტერიტორია (რესპუბლიკის მოედნის ის ნაწილი, რომელიც კოსტავას ქუჩას უერთდება) წყარო: ირაკლი გოგავას ფეისბუკ-ანგარიში
30 აპრილი, აქცია რესპუბლიკის მოედანზე (19:13) წყარო: ტელეკომპანია “იმედის” იუთუბ-არხი
  • გოგავა მონაწილეების დათვლისას მთლიან ტერიტორიაზე ერთ სიმჭიდროვეს იღებს, დრონის კადრებში კი სხვადასხვა სიმჭიდროვე ჩანს

მეორე ხარვეზი ისაა, რომ გოგავა მთლიან ტერიტორიაზე ერთ სიმჭიდროვეს იღებს – 4 ადამიანს 1 კვადრატულ მეტრზე, რაც საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვეა და კადრებში ამხელა სიმჭიდროვე არ ჩანს. შეკრებილი ხალხის რაოდენობის მთვლელი ონლაინ ხელსაწყო mapchecking.com-ზე შეკრებილების სიმჭიდროვის ვიზუალური გამოსახულებებია მოცემული, თუ ამ ვიზუალს 30 აპრილის აქციას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ადამიანი საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვეა.

  • ხელსაწყო mapchecking.com -ის მიხედვით, “უცნობის” მიერ ორგანიზებულ აქციას დაახლოებით 10, 677 ადამიანი დაესწრო

30 აპრილს აქციაზე მისული მოქალაქეების მიახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად სწორედ ხელსაწყო mapchecking.com გამოვიყენეთ. Mapchecking-ი რუკაზე კონკრეტული არეალის მონიშვნის, შემდეგ კი სიმჭიდროვის მითითებით შეკრებილი ადამიანების მიახლოებული რაოდენობის გამოთვლის შესაძლებლობას გვაძლევს.

ირაკლი გოგავა პოსტში არ ახსენებს, თუ დროის კონკრეტულად რომელ შუალედში გამოთვალა აქციის მონაწილეთა რაოდენობა. მოქალაქეებმა შეკრება 18:00 საათზე დაიწყეს, უშუალოდ აქცია კი 19:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 21:00 საათზე დასრულდა. “მითების დეტექტორი” აქციის მონაწილეების მიახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში 19:00-20:00 საათის შუალედში გასულ კადრებს დაეყრდნო, რადგან ყველაზე მეტი ადამიანი კადრებში სწორედ ამ დროის მონაკვეთში ჩანს, ამასთან 20:00 საათის შემდეგ დაბნელდა, რამაც ხილვადობაც შეზღუდა.ტელეკომპანია “იმედსა” და “POSTV-ს” აქციის უწყვეტი პირდაპირი ეთერი ჰქონდათ, რომელიც დრონის კადრებსაც მოიცავს, აქციიდან რამდენიმე ვიდეო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც” გამოაქვეყნა. სწორედ ამ კადრებზე დაყრდნობით, რუკაზე ის ტერიტორია მოვნიშნეთ, რომელიც 30 აპრილის აქციის მონაწილეებს ეკავათ. კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებს პირველი რესპუბლიკის მოედანი (ყოფილი ვარდების რევოლუციის მოედანი) თითქმის მთლიანად უკავიათ, ასევე ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ლეო ქიაჩელის ქუჩის მცირე ნაწილი. აღსანიშნავია, რომ სცენა კაფე ივერიასთან ახლოს იყო განთავსებული და მის უკან ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები თითქმის არ დგანან.

30 აპრილი,აქცია რესპუბლიკის მოედანზე, წყარო: ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერი (19:08)
30 აპრილი, 30 აპრილი, აქცია რესპუბლიკის მოედანზე, წყარო: პირველი არხის პირდაპირი ეთერი (18:58)
“მითების დეტექტორის” მიერ მონიშნული აქციის მონაწილეების განლაგების ტერიტორია

იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა სიმჭიდროვით იდგნენ, მთლიან ტერიტორიაზე ერთი სიმჭიდროვის მაჩვენებლის მისადაგება არასწორია. სწორედ ამიტომ ტერიტორია ორ ნაწილად გავყავით – 1. უშუალოდ სცენის წინ და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. ველოსიპედის ძეგლთან ტერიტორია, ქიაჩელის ქუჩა და პირველი რესპუბლიკის მოედნის ნაწილი, ასევე რესპუბლიკის მოედნის დასასრული, სადაც ის რუსთაველის გამზირს უერთდება.

სიმჭიდროვის განსასაზღვრად Mapchecking-ის ვებ-გვერდზე მითითებული რესურსი გამოვიყენეთ, რომელზეც კონკრეტული სიმჭიდროვის ვიზუალური გამოსახულებებია მოცემული. 2 ნაწილად გაყოფილ ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობის დაჯამებით 30 აპრილის აქციაზე მისული მოქალაქეების მიახლოებითი რიცხვი – 10, 677 მივიღეთ:

  1. უშუალოდ სცენის წინ და მისი მიმდებარე ტერიტორია – სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანი

ყველაზე მჭიდროდ აქციის მონაწილეები სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან. ამ მონაკვეთში მათი სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანით შევაფასეთ, რაც მთლიანობაში 3405 ადამიანს შეადგენს.

30 აპრილი, აქცია რესპუბლიკის მოედანზე წყარო: ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერი (19:51)

  1. ველოსიპედის ძეგლთან ტერიტორია, ქიაჩელის ქუჩა და პირველი რესპუბლიკის მოედნის ნაწილი, ასევე რესპუბლიკის მოედნის დასასრული – სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 1,5 ადამიანი

“იმედის” დრონის კადრებში ჩანს, რომ კაფე “ივერიას” წინ ხალხი არც ისე მჭიდროდ დგას, რამდენიმე ადგილზე ადამიანებს შორის საკმაოდ დიდი თავისუფალი სივრცეა. მიუხედავად ამისა, ამ მონაკვეთშიც გოგავას სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე – 4 ადამიანი აქვს მითითებული. ამ ნაწილში რამდენიმე სატვირთო იყო განლაგებული, სადაც ფიზიკურად ვერავინ დადგებოდა, შესაბამისად, ადამიანების რაოდენობა მეტობითაა დათვლილი. ამ მონაკვეთიდან ქიაჩელის ქუჩამდე სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანით შევაფასეთ და დაახლოებით 5081 ადამიანი მივიღეთ.

30 აპრილი, აქცია რესპუბლიკის მოედანზე (19:57) წყარო: ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერი

იმავე 1.5 სიმჭიდროვით შევაფასეთ აქციის მონაწილეების განლაგება პირველი რესპუბლიკის მოედნის იმ მონაკვეთზე, სადაც ის რუსთაველის გამზირს უერთდება, რამაც ჯამში 2191 ადამიანი შეადგინა.

30 აპრილი, აქცია რესპუბლიკის მოედანზე (19:13) წყარო: POSTV-ის პირდაპირი ეთერი

სხვადასხვა აქციის მონაწილეთა რაოდენობა მანიპულაციის საგანი ადრეც გამხდარა. უმეტესად, პროსახელისუფლებო აქტორები ოპოზიციური აქციების დისკრედიტაციას მათი მონაწილეების რაოდენობის რეალობისგან აცდენილი, დაბალი რიცხოვნობით შეფასებით ცდილობენ. ამ თემაზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები იხილეთ ბმულებზე:

წყაროს შესახებ

ირაკლი გოგავა „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელია, ის 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო “მოქალაქეთა კავშირიდან”. მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებულ “ანტიდასავლური პროპაგანდის” 2020 წლის ანგარიშში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან “საქართველოს განვითარების ლაბორატორია” ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობით “ევრაზიის ინსტიტუტის” შემდეგ მეორე ადგილზეა.

ირაკლი გოგავას მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების შესახებ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ:

30 აპრილს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იმავე „უცნობის“ ორგანიზებული აქცია, სლოგანით “არა ომს! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას” გაიმართა. აქცია ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, მომღერალ გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ დაიგეგმა. გაჩეჩილაძემ იმედი LIVE-ში განაცხადა, რომ იდეა „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. აქციის ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო პლატფორმა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

აქციაზე პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური გზავნილები გაჟღერდა. აქციის ბოლოს მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა შემაჯამებელი წერილი წაიკითხა, რომელშიც რამდენიმე მოთხოვნა იყო ჩამოთვლილი. მათ მოთხოვნებში დასახელებულია ნაციონალური მოძრაობის „დიქტატორული რეჟიმის“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, ასევე „შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების აღსრულება“. გარდა ამისა, მოთხოვნებში ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაც წერია.

ფეისბუქ-პოსტის არქივი: ირაკლი გოგავა

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist