რა ვიცით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორგანიზებული ე.წ. რეფერენდუმების შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

334
VIEWS

26 სექტემბერს ალტ-ინფოს ვებ-საიტსა და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ხერსონში, რეფერენდუმში ამომრჩევლის აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა”. ალტ-ინფო წერს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ცნობით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში რუსეთთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმში ამორჩეველთა აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა – შესაბამისად, რეფერენდუმი შედგა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქ პოსტი 24 სექტემბერს ფეისბუკ-ანგარიშმა “არსენ არსენმაც” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებას გერმანელმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, კომპანია Energie Waldeck-Frankeberg-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფენ ბრუნო შალერმა მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ “ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ და ძალიან კარგად არის ორგანიზებული”. პოსტს დართული აქვს კრემლის კონტროლირებადი მედიის Ria Novosti-ის სიუჟეტის ვიდეო. RIA Novosti-სთან კომენტარში, შალერმა განაცხადა, რომ მოსახლეობა ხმის მიცემის დროს წნეხის ქვეშ არ იმყოფებოდა. იგივე ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2,3,4,5,6,7)

ინფორმაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების წარმატებით ჩატარების და საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ მათი დადებითად შეფასებების შესახებ შეცდომაში შემყვანია და სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ე.წ. რეფერენდუმებს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ატარებს. გარდა ამისა, რეფერენდუმებში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობაზე ზეწოლა მიმდინარეობს, ხოლო ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებლების საკითხს, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეალურად არ წარმოადგენენ, კრემლი უკანონო რეფერენდუმის ლეგიტიმაციისთვის იყენებს.

  • უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფრენდუმების ჩატარება არღვევს უკრაინის კანონმდებლობასა და არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საერთაშორისო ნორმებს

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება კრიტიკულად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ცალკეულმა სახელმწიფოებმა. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) ე.წ. რეფერენდუმები დაგმო და აღნიშნა, რომ ისინი კანონის უზენაესობას და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის კონსტიტუციით, ნებისმიერი რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები განიხილება, ქვეყნის ყველა რეგისტრირებულ ამომრჩეველს უნდა მოიცავდეს; მსგავსი რეფერენდუმის ჩატარების საკითხი მას შემდეგ შეიძლება დადგეს, თუ ქვეყნის მასშტაბით სამი მილიონი ამომრჩევლის ხელმოწერა შეგროვდება; მხოლოდ უმაღლეს რადას ან ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია საყოველთაო რეფერენდუმის ინიცირება; მსგავსი რეფერენდუმი ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უნდა იყოს ორგანიზებული. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ერიტორიებზე არც ერთი ეს პირობა დაცული არ არის, შესაბამისად ე.წ. რეფერენდუმები უკანონოა.

გარდა ამისა, როგორც ეუთოს და ევროპის საბჭოს წევრი, უკრაინა ვალდებულია რეფერენდუმები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს, რაც ითვალისწინებს: ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის, ამომრჩეველთა თავისუფალი არჩევნების და ხმის საიდუმლოდ მიცემის შესაძლებლობის, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას; რეფერენდუმის მიუკერძოებელი ორგანოს მიერ ჩატარებას, პროცესზე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრებას და გადაწყვეტილებებისა და შედეგების აპელაციის ეფექტიანი სისტემის არსებობას. NDI აღნიშნავს, რომ არც ერთი ეს პირობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოფილი არ არის, შესაბამისად ეს რეფერენდუმები მათი აღიარებისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ. 

კრემლის მიერ ე.წ რეფერენდუმების ჩატარების განზრახვა დაგმო ეუთო-მაც. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი არჩევნები ან რეფერენდუმი ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს. შესაბამისად ეს რეფერენდუმები უკანონოა.

დასავლეთი უკანონო რეფერენდუმების შედეგების აღიარებას არ აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო აშშ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ეკონომიკური ზომები იყოს მიღებული.

  • დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაზე ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად ზეწოლა მიმდინარეობს

ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიას და ხერსონის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 27 სექტემბერს გაიმართა, თუმცა კარდაკარ ხმის მიცემის პროცესი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. სხვადასხვა მედიასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმის მიცემის პროცესი შეიარაღებული სამხედროების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. The Guardian-თან საუბარში ხერსონის რეგიონის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ე.წ. რეფერენდუმის წინ აქტიური სააგიტაციო კამპანია არ ყოფილა, ზოგმა ისიც კი არ იცის, სად უნდა მივიდეს ხმის მისაცემად. ერთ-ერთმა რესპოდენტმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან მისი შედეგები უკვე გადაწყვეტილია. BBC-სთან საუბარში ენერგოდარის მცხოვრები ამბობს, რომ რეფერენდუმის კითხვაზე პასუხს სამხედროს ეუბნებოდნენ, შემდეგ კი ის მას ბიულეტენზე მონიშნავდა. მელიტოპოლის მცხოვრებმა გამოცესთან აღნიშნა, რომ საარჩევნო ყუთით მასთან სახლში ადგილობრივი კოლაბორაციონისტები სამხედროებთან ერთად მივიდნენ; მთელ ოჯახზე მხოლოდ ერთი ბიულეტენი იყო გაცემული. კითხვაზე, რა მოხდებოდა თუ ხმას რუსეთთან მიერთების წინააღმდეგ მისცემდნენ, “არაფერი” უპასუხეს, თუმცა ოჯახის წევრები შიშობენ, რომ უაყოფითი პასუხის გამო, შესაძლოა, რუსების მხრიდან დევნის სამიზნე გახდნენ. ასევე ვრცელდება ვიდეოკადრები, როლებზეც ჩანს, რომ კარდაკარ საარჩევნო ყუთები “საარჩევნო კომიისიის” წევრებს შეიარაღებულ სამხედროებთან ერთად დააქვთ, რაც მიანიშნებს, რომ უკანონო რეფერენდუმები მოსახლეობაზე სულ მცირე ფისქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობს.

  • ე.წ. საერთაშორისო დაკვირვებლების საკითხის კრემლი უკანონო რეფერენდუმების ლეგიტიმაციის მცდელობაში იყენებს

შტეფან შალერი, რომელიც რუსულ მედიაში აქტიურად ჩანდა, როგორც ე.წ. რეფერენდუმის საერთაშორისო დამკვირვებელი, გერმანიაში, ჰესენის მხარეში ენერგო მომწოდებელი კომპანიის Energie Waldeck-Frankeberg-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმზე დამკვირვებლად ჩავიდა, შალერი Energie Waldeck-Frankeberg-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებზე დამკვირვებლად ჩასვლისთვის მან შვებულება აიღო და რეფერენდუმზე რაიმე სახის ოფიციალური ორგანიზაციის ან უწყების წარმომადგენელი არ არის

შალერის გათავისუფლების გადაწყვეტილება კომპანიის სადამკვირვებლო და დირექტორთა საბჭოებმა 26 სექტემბერს ერთხმად მიიღეს. სადამკვირვებლო საბჭოს თავჯდომარემ, იურგენ ვან დერ ჰორსტმა განაცხადა, რომ აღმასრულებელი დირექტორის ქცევა კომპანიის მსოფლმხედველობას, მორალურ ღირებულებებსა და ფილოსოფიას აღვევს და კომპანიისთის საერთაშორისოს ამართლის ნორმების ნებისმიერი დარღვევა და ძალადობა მიუღებელია. იურგენ ვან დერ ჰორსტმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსეთის მიერ ორგანიზებულ ე.წ. რეფერენდუმში დამკვივებლად გერმნაული ენერგომიმწოდებელი კომპანიის დირექტორის ჩასვლა შეუთავსებელია და კომპანიამ საზოგადოებისგან ბევრი კრიტიკული შენიშვნა მიიღო.

რუსულ მედიასთან საუბრისას შელერმა რეფერენდუმი დადებითად შეაფასა. მისი ქმედების კრიტიკის შემდეგ კი გამოცემა Tass-თან აღნიშნა, რომ მის კომპანიაზე ზეწოლა ხორციელდება. თუმცა გერმანულ მედიასთან თქვა, რომ დამკვირველად წასვლას ნანობდა და ეს მისი მხრიდან დაუფიქრებელი საქციელი იყო

უკანონო რეფერენდუმებზე შელერის დამკვირვებლად ჩასვლა გააკრიტიკეს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება გერმანიაში დადებითად შეაფასეს სოციალ-დემოკრატების, ქრისტიან-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატების, მწვანეების და თავისუფალი ამომრჩევლების რეგიონული საპარლამენტო ჯგუფების ლიდერებმაც.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist