რა ვიცით თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე და ვინ უკავშირებს გამომწვევ მიზეზს კონსპირაციულად აშშ-ს?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

1k
VIEWS

8 თებერვალს რადიო “იმედის” გადაცემაში “მოროშკინას პოდკასტი” წამყვანმა ლალი მოროშკინამ მოწვეულ სტუმართან ერთად თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე ისაუბრა. მოროშკინას თქმით, მიწისძვრაში ამერიკის ხელია გარეული, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მიწისძვრის მომყოლი ბიძგების სიმძლავრე პირვანდელ ბიძგებს აღემატებოდა. მოროშკინამ ასევე გაიხსენა ისიც, რომ 3 თებერვალს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკის ელჩი თურქეთში დესტაბილიზაციის შექმნაში დაადანაშაულა, ამის შემდეგ კი ევროპელმა და ამერიკელმა ელჩებმა საკუთარი თანამშრომლები საელჩოებიდან გაიყვანეს.

მიწისძვრასთან დაკავშირებით 8 თებერვალს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა  ნიკოლოზ მჟავანაძემაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მიწისძვრები მხოლოდ ბუნებრივ კატაკლიზმებს არ უკავშირდება და არსებობს ეჭვები, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრაში ამერიკელების ხელი იყოს გარეული, რამდენადაც სწორედ ისინი უწყობდნენ ერდოღანს რევოლუციას. 

მსგავსი შინაარსის პოსტები გაავრცელეს ფეისბუქის ინდივიდუალურმა ანგარიშებმაც ( 1, 2, 3, 4, 5 ), რომლებიც წერდნენ, რომ ყველაზე მეტი კითხვა თურქეთის ტრაგედიის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებობს, რომელსაც ყველა ტექნოლოგიური შესაძლებლობა და სამეცნიერო საფუძველი აქვს, რათა მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირება შეძლოს. 

მტკიცებას, რომლის თანახმად მიწისძვრას აშშ-სთან აქვს კავშირი, არ გამორიცხავენ რუსულ მედიაშიც. კრემლის პროპაგანდისტმა მედიამ Правда.ру-მ რუს პოლიტოლოგთან – ვლადიმირ შაპოვალოვთან ინტერვიუ ჩაწერა. შაპოვალოვი ავითარებს მოსაზრებას, რომ თურქეთის პრეზიდენტი დასავლეთისთვის ნაკლებად მისაღები ფიგურაა და მოახლოებული არჩევნების ფონზე, დასავლეთს მისი ძალაუფლების შესუსტება სურს.  შაპოვალოვის ინტერვიუს ფრაგმენტები სხვა რუსულ მედიაშიც გავრცელდა. (1, 2, 3).

Untitled 1 1 რა ვიცით თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე და ვინ უკავშირებს გამომწვევ მიზეზს კონსპირაციულად აშშ-ს?Screenshot 2 4 რა ვიცით თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე და ვინ უკავშირებს გამომწვევ მიზეზს კონსპირაციულად აშშ-ს?Screenshot 1 3 რა ვიცით თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე და ვინ უკავშირებს გამომწვევ მიზეზს კონსპირაციულად აშშ-ს?

გავრცელებული ინფორმაცია კონსპირაციულ მტკიცებებს შეიცავს, რეალურად: 1) მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომ მსოფლიოში არც ერთ სეისმოლოგსა და სეისმოლოგიურ ცენტრს, მათ შორის აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურს (USGS) ზუსტად არ შეუძლია იმის განსაზღვრა თუ რომელ დღეს, რომელ საათზე და რა ადგილზე მოხდება მიწისძვრა; 2) თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის სეისმური ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ის ტექტონიკური ხასიათისაა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მიწისძვრა ხელოვნურად რაიმე ტიპის იარაღმა გამოიწვია; 3) ასევე იშვიათად, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ მიწისძვრის მომყოლი ბიძგები მთავარ რყევას უტოლდებოდეს ან მასზე მძლავრი იყოს

შეეძლო თუ არა აშშ-ს მიწისძვრის წინასწარ პროგნოზირება და თურქეთის გაფრთხილება?

6 თებერვლის გამთენიისას დამანგრეველი ბიძგები თურქეთ-სირიის საზღვართან დაიწყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მიწისძვრების პროგნოზირების ზუსტი მექანიზმი მსოფლიოში არ არსებობს და სეისმოლოგებს მხოლოდ  გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ, რაც სამეცნიერო კვლევის საფუძველზე სეისმური საფრთხის შეფასებას გულისხმობს. სეისმოლოგებმა შესაძლოა გამოთვალონ კონკრეტულ ტერიტორიაზე მომავალში ძლიერი მიწისძვრების მოხდენის ალბათობა, თუმცა მიწისძვრის დღისა და დროის ზუსტი განსაზღვრა არ არის შესაძლებელი. თურქეთის მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული სეისმური საფრთხეების შესახებ ინფორმირებულები არა მხოლოდ თურქი გეოლოგები, არამედ პოლიტიკოსები და მოქალაქეებიც არიან. 2022 წლის ნოემბერში თურქეთში მიწისძვრის საწინააღმდეგო სწავლება ჩატარდა, რომლის დროსაც მოქალაქეებს მიწისძვრის დროს გადარჩენის გზების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.

თურქეთი დედამიწის სამი ტექტონიკური ფილის: არაბეთის ანატოლიისა და აფრიკის ფილების გადაკვეთაზე მდებარეობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული რღვევის ხაზების გამო მიწისძვრის მუდმივი საფრთხის ქვეშაა. არაბეთის ფილაქანი ჩრდილოეთით, ევროპის მიმართულებით მოძრაობს და ანატოლიის ფილაქას დასავლეთისკენ უბიძგებს. ტექტონიკური ფილების მოძრაობა საზღვრებთან არსებულ რღვევის ზონებში წნევას წარმოქმნის, ამ ენერგიის გამოთავისუფლება კი მიწისძვრას იწვევს.

თურქული გამოცემის Dailysabah-ის თანახმად, ქვეყანაში 2021 წელს სულ 23 753 სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. 2022 წლის თებერვალში მიწისძვრა სეისმურად აქტიურ ზონაში მოხდა, რომელიც აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის ზონის სახელით არის ცნობილი. ამ ადგილას დამანგრეველი მიწისძვრები წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირდა. 2020 წლის იანვარში თურქეთში 6.7 მაგნიტუდის, 1999 წელს კი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სტამბოლის მახლობლად დაფიქსირდა, რა დროსაც დაახლოებით 17 000 ადამიანი დაიღუპა.

“თითქმის მთელი თურქეთი სეისმურად აქტიურია, ეს არ არის ახალი ქვეყნისთვის”  – განაცხადა მისურის უნივერსიტეტის სეისმოლოგმა, ერიკ სანდვოლმა apnews-თან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ თურქი გეოლოგები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წარსულშიც გამოთქვამდნენ ვარაუდებს. მაგალითად, 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ნიადაგის დინამიკასა და მიწისძვრის ინჟინერიის შესახებ,  ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი არზუ არსლან კელამი ვარაუდობდა, რომ ქალაქ გაზიანთეპში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო მოსალოდნელი, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა ქვეყანას. მართალია, მიწისძვრის თარიღისა და დროის ზუსტი პროგნოზირების შესაძლებლობა ამ ეტაპზე მეცნიერებს არ აქვთ, თუმცა  სეისმურად აქტიური რეგიონების შემსწავლელი კვლევების საშუალებით შესაძლოა დადგინდეს კონკრეტული ადგილებში არსებული სეისმური საფრთხეები.

შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი ბიძგი დაფიქსირდეს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიწისძვრის შესაძლო ხელოვნურობის ხაზგასასმელად ნათქვამი იყო, რომ 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დროის მოკლე პერიოდში ორჯერ დაფიქსირდა, რაც ბუნებრივად არასოდეს ხდება. ლალი მოროშკინას თანახმად კი,  “მეორე ბიძგი კიდევ უფრო ძლიერი იყო.”

რეალურად, თურქეთში პირველ მიწისძვრას, რომელიც 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ასზე მეტი შედარებით ნაკლები სიმძლავრის მომყოლი ბიძგი, მათ შორის, 9 საათის შემდეგ 7.5 მაგნიტუდის რყევები მოჰყვა.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიძგი საკმარისად მძლავრი იყო, მეცნინერების გარვეული წრის მირ კვალიფიცირდა როგორც შემდგომი რყევა და არა როგორც ცალკეული მიწისძვრა, რადგან ის შემდგომი ბიძგების კლასიფიკაციას აკმაყოფილებდა: მოხდა საწყისი მიწისძვრის ერთი რღვევის ფარგლებში და იყო უფრო მცირე მაგნიტუდის.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმის შესახებ, იყო თუ არა 7.5 მაგნიტუდის რყევა მომყოლი ბიძგი. სეისმოლოგთა ნაწილი ფიქრობს, რომ 7,8 მაგნიტუდისა და 7,5 მაგნიტუდის რყევები სხვადასხვა რღვევაზე მოხდა, თუმცა მეორე ძლიერი ბიძგი საწყისმა  7,8 მაგნიტუდის მქონე მიწისძვრამ გამოიწვია.  Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მკვლევარმა და სეისმოლოგმა ჯუდით ჰაბარდმა განაცხადა, რომ ზომის გათვალისწინებით შესაძლებელია, მეორე რყევაც დამოუკიდებელ მიწისძვრად მივიჩნიოთ: “რადგანაც მეორე რყვა სიმძლავრით პირველთან ახლოსაა, შესაძლებელია, რომ ტიპურ მიმყოლ ბიძგებად არ ჩაითვალოს”. 

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მომყოლი ბიძგები თავდაპირველ მიწისძვრაზე, როგორც წესი, 1.2 მაგნიტუდის ერთეულით დაბალია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება.  გერმანულმა გამოცემა Deutsche Welle-მ  ამ საკითხის შესახებ ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის მკვლევარს, როჯერ მუსონს მიმართა. მუსონმა აღნიშნა, რომ თუ მიწისძვრის სიმძლავრე 7 მაგნიტუდაა, სეისმოლოგები შეიძლება 6 მაგნიტუდის განმეორებით ბიძგს ელოდონ, მაგრამ ხანდახან სულაც არ არის ასე და ზოგჯერ მომყოლი ბიძგი შეიძლება იმაზე მძლავრი იყოს, ვიდრე მთავარი რყევა.  

ბუნებრივი მიწისძვრა თუ გეოფიზიკური იარაღი?

მტკიცება, თითქოს მიწისძვრა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელოვნურად გამოიწვია, კონსპირაციული თეორიაა და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამ თემაზე “მითების დეტექტორი” დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პროფესორ ლაშა სუხიშვილს დაუკავშირდა.

ლაშა სუხიშვილი: “იმის იდენტიფიცირება, მიწისძვრა ხელოვნურია, თუ ბუნებრივი მიწისძვრის დანაკვირვები მასალის ჩანაწერიდან ხდება. ხელოვნური მიწისძვრა შეიძლება გამოიწვიოს ატომური იარაღის ან სხვა მსგავსი მძლავრი იარაღის გამოცდამ, თუმცა ჩანაწერიდან ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავარჩიოთ, რომ ეს იყო არაბუნებრივი მიწისძვრა. ასევე, ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია სამთო მოპოვებითი სამუშაოს დროს მომხდარ ჩაქცევებს, ამის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, რომ ეს არ იყო ბუნებრივი ტექტონიკური მიწისძვრა და იყო ასეთი საქმიანობით გამოწვეული რხევები.  ბუნებრივ მიწისძვრებშიც შესაძლებელია იმის იდენტიფიცირება თუ რა ტიპის მიწისძვრა იყო, ეს იყო ტექტონიკური მიწისძვრა, თუ ვულკანური აქტივობით გამოწვეული მიწისძვრა. ტექტონიკური მიწისძვრის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია მიწისძვრის სახეობების დადგენა – რა სახის გადაადგილება მოხდა კერაში. საკმაოდ კარგად განვითარებული სფეროა იდენტიფიცირება და შეთქმულების თეორიების ადგილი აღარ რჩება საიდუმლო იარაღებთან დაკავშირებით. “

სეისმოლოგიური ჩანაწერების თანახმად, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ტექტონიკური პროცესებით იყო გამოწვეული.  ტექტონიკური ფილების  გადაადგილების მიმართულების მიხედვით მიწისძვრა ტრანსფორმაციული ტიპის (strike-slip faults )  იყო, რა დროსაც,  ორი ტექტონიკური ფილაქანი ერთმანეთის ჰორიზონტალურად სრიალებს. ამ შემთხვევაში, ერთი ფილაქანი დასავლეთისკენ, ხოლო მეორე აღმოსავლეთის მიმართულებით გადავიდა, რამაც დიდი რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლება გამოიწვია.

კონსპირაციას, რომლის მიხედვითაც მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების პორტალი EUvsDisinfo-ც აქარწყლებს. გეოფიზიკური იარაღი არის ჰიპოთეტური მოწყობილობა ან სისტემა, რომელსაც შეუძლია გარემოზე ან დედამიწის მყარ, თხევად თუ აირად გარსებში მიმდინარე ფიზიკურ ქიმიურ და სხვა ბუნებრივ  პროცესებზე ხელოვნურად ზემოქმედება. ასეთი იარაღისგან გაეროს “გარემოს მოდიფიკაციის ტექნიკების სამხედრო და სხვა სახის მტრული მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენცია” გვიცავს, რომელსაც 1977 წელს მსოფლიოს 48 ქვეყანამ მოაწერა ხელი. გარემოზე მოდიფიკაციაში იგულისხმება ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც ბუნებრივი პროცესების მიზანმიმართული მანიპულაციის გზით დედამიწის შემადგენლობისა ან სტრუქტურის, მისი ბიოსფეროს, ლითოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს, ან მისი გარე სივრცის გაუარესებას იწვევს. ამ კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ არ გამოიყენებს ისეთ ტექნიკებს, რომლებსაც გარემოზე ფართო, გრძელვადიანი ან სერიოზული დამაზიანებელი შედეგები ექნება. 

რატომ დახურა დროებით რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ თურქეთში დიპლომატიური მისია?

იანვარში ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: შვედეთში, დანიაში და ნიდერლანდებში გამართულ აქციაზე ყურანი დაწვეს. ამის გამო, თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. გარდა ამისა, ვროპაში გამართული აქციების დროს ყურანის დაწვას თურქეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა და რამდენიმე ქვეყნის საელჩომ საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და აშშ-მა გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები, რომ თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების რისკი გაზრდილია. რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ თურქეთში განლაგებული დიპლომატიური მისიების დროებით დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

მიწისძვრის შესახებ “მითების დეტექტორმა” სხვა მტკიცებებიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ

ლალი მოროშკინას პოდკასტი რადიო “იმედის” ეთერში 2022 წლიდან გადის. მოროშკინა ხშირად არის კრემლისტური პარტია “კონსერვატიულ მოძრაობაათან” დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემების სტუმარი. აღსანიშნავია, რომ მას დეზინფორაციული მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებია
ნინა მარჯი ანტივაქსერი აქტივისტია, რომელიც  პანდემიის დაწყების დღიდან, ორი წლის განმავლობაში კოვიდპანდემიისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ არაერთ მცდარ ინფორმაციას ტირაჟირებდა.

ანონიმური ფეისბუკ ანგარიში ქაროსა ნი “კონსერვატიული მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის, ალტ-ინფოს მხარდამჭერია. ანგარიში ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ, ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ამართლებს. იგი რეგულარულად აზიარებს ყალბ ინფორმაციას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, თურქეთი, სირია
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist