რა ვიცით რუსული რაკეტა “კინჟალის” შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

311
VIEWS

28 სექტემბერს ფეისბუკ-მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის “კინჟალის” შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. მალხაზ ხაბაზის თანახმად, როდესაც რუსეთმა ეს რაკეტა გამოსცადა, ნატო-ს და დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები “მწყობრიდან გამოვიდა” და რაკეტის მოძრაობის ტრაექტორია ვერ დააფიქსირეს. პოსტის მიხედვით, მაშინ დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კომპანია “კოჰარდის” ხელმძღვანელმა ენდი ტომასმა განაცხადა, რომ დასავლური თავდაცვის სისტემები მხოლოდ 3 მახამდე სიჩქარის (ბგერის სიჩქარზე სამჯერ მეტი) რაკეტებს აკონტროლებენ, ხოლო კინჟალი 8-9 მახს ავითარებს და მისი გაკონტროლება შეუძლებელია. პოსტის მიხედვით, ენდი ტომასმა ისიც აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნენლობა, რა რესურსი იქნება ჩადებული მსგავსი რაკეტების საწინააღდეგო სისტემების შემუშავებაში, რადგან მათი შეჩერება შეუძლებელია. პოსტს თანდართული აქვს ვიდეოსქრინი მამაკაცის გამოსახულებით, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს კაცი ენდი ტომასია.

მალხაზ ხაბაზის პოსტში კომპანია “კოჰარდის” შესახებ მოყვანილი ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება: 1) ბრიტანეთის თავდაცვასთან დაკავშირებული კომპანია “კოჰარდი” არ არსებობს, ხოლო მსგავსი სახელწოდების კომპანია “კოჰორტის” აღმსარულებელი დირექტორის ენდი ტომისის მსგავსი შინაარსის კომენტარი ღია წყაროებში არ იძებნება. კომპანია “კოჰორტი” ჰიპერბგერითი რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვით სისტემაზე ამჟამად მუშაობს. პოსტისთვის თანდართულ სქრინშოთზე არა ენდი ტომისი, არამედ ამერიკელი ინვესტორი სტივენ შვარცმანია გამოსახული, რომელსაც რუსულ რაკეტებზე არ უსაუბრია; 2) ასევე არასწორია მტკიცება, რომ “კინჟალის” რაკეტის დაფიქსირება თანამედროვე რადარებისთვის შეუძლებელია. რუსეთმა “კინჟალი” პირველად უკრაინასთან ომში გამოიყენა, აშშ-ის თანახმად კი აშშ-მა რაკეტის ფრენაზე რეალურ დროში დაკვირვება შეძლო.

  • კომპანია “კოჰორტის” აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ტომისის მსგავსი შინაარსის კომენტარი ღია წყაროებში არ იძებნება. კომპანია ჰიპერბგერითი რაკეტების საწინააღმდეგო სისტემაზე ამჟამად მუშაობას. პოსტისთვის თანდართულ ფოტოზე არა ენდი ტომისი, არამედ ამერიკელი ინვესტორი სტივენ შვარცმანია გამოსახული.

მალხაზ ხაბაზის პოსტში ნახსენები კომპანია “კოჰარდი” სავარაუდოდ, თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ბრიტანული კომპანია “კოჰორტია” (Cohort PLC). 2009 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ (ენდი) ტომისია და არა ენდი ტომასი.

ენდი ტომისი. წყარო: Cohort PLC

ტომისის კომენტარი, რომ 8-9 მახის სიჩქარის, ანუ ჰიპერსონიკური რაკეტის საწინააღმდეგო სისტემის შექმნა შეუძლებელია, ღია წყაროებში არ იძებნება. საკითხთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” კომპანია “კოჰორტს” დაუკავშირდა, კომპანიისგან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული გამოცემა Тhe Telegraph-ი წერს, რომ კომპანია “კოჰორტი” ამჟამად ჰიპერსონიკული რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე მუშაობს. ენდი ტომისმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ ასეთი თავდაცვის სისტემის შექმნა გამოწვევაა და წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ხაბაზის პოსტისთვის თანდართულ ფოტოზე ამერიკელი ინვესტორი სტივენ შვარცმენია გამოსახული. ფოტო ერთ-ერთი ონლაინ ინტერვიუდანაა მოჭრილი. ინტერვიუში შვარცმენი მის მიერ დაარსებული საინვესტიციო კომპანია Blackstone-ის წარმატებაზე, მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებზე და ფილანტროპულ პროექტებზე საუბრობს. ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვას ან რუსულ რაკეტებს არ ეხება.

  • რა არის “კინჟალი” და შესაძლებელია თუ არა მისი დაფიქსირება?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობებით, “კინჟალის” პირველი წარმატებული გამოცდა 2018 წელს შედგა. რუსეთის ფედერაციის თანახმად, რაკეტა “კინჟალი” ჰიპერბგერითი რაკეტაა. ეს კლასიფიკაცია ნიშნავს, რომ რაკეტას 5 მახზე (5 მახი = ბგერის სიჩქარეზე 5-ჯერ მეტი) მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია.

გავრცელებული ინფორმაციით, კინჟალის მოქმდების რადიუსი 1 500-2 000 კილომეტრია და მისი აღჭურვა შესაძლებელია 480 კილოგრამი წონის კონვენციური ან ბირთვული ქობინით. გაშვების შემდეგ რაკეტა 4 მახამდე სიჩქარეს სწრაფად ავითარებს და შესაძლებლობა აქვს 10 მახს მიაღწიოს. “კინჟალის” გასაშვებად MiG-31K გამანადგურებელი გამოიყენება. კინჟალის ეფექტიანობას ყველაზე მეტად სწორედ МiG-31K-იდან მისი გაშვება ზრდის. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (CSIS) აღნიშნავს, რომ მხოლოდ “კინჟალის” სიჩქარეზე დაყრდნობით რუსეთის მიერ მისი ჰიპერბგერით რაკეტად კლასიფიცირება გარკვეულწილად შეცდომაში შემყვანია. 

ჰიპერბგერითობა სიჩქარესთან დაკავშირებული მახასიათებელია, თავისი არსით, ნებისმიერი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც კოსმოსში გაშვების შემდეგ ატმოსფეროში ბრუნდება, ფრენის გარკვეულ ეტაპზე 5 მახზე მეტ სიჩქარეს ავითარებს. ასეთი სწრაფი რაკეტები ახალ ტექნოლოგიას არ წარმოადგენენ.

ტექნოლოგიურად ახალი რაკეტა, რომლის შემუშავებაზეც ახლა აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც აქტიურად მუშაობენ, ჰიპერბგერითი პლანირებადი რაკეტაა (HGV), რომელიც არა მხოლოდ დიდი სიჩქარით, არამედ მაღალი მანევრულობითაც ხასიათდება. რუსეთის არსენალში ამ ტიპის რაკეტა არა “კინჟალი”, არამედ “ავანგარდია”.  ანალიტიკოსების შეფასებით, “კინჟალის” დიზაინი რუსული, მოკლე მანძილზე მოქმედების ბალისტიკურ რაკეტა, “ისკანდერ М”-ზე არის დაფუძნებული. “ისკანდერისგან” განსხვავებით “კინჟალის” გაშვება ჰაერიდან ხდება, რაც მისი მთავარი უპირატესობაა და რაკეტას მოქმედების უფრო დიდ დიაპაზონსა და მოქნილობას აძლევს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 2022 წლის 19 მარტს რუსეთმა “კინჟალი” პირველად უკრაინაში იარაღის მიწისქვეშდა საწყობის გასანადგურებლად გამოიყენა. უკრაინაში “კინჟალის” გამოყენება CNN-ს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ აშშ-მა რაკეტის ფრენაზე რეალურ დროში დაკვირვება შეძლო. ამასთანავე, 2022 წლის მაისში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტატების თავჯდომარემ, მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებას ომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება და მის მიმდინარეობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შეიტანდა.

  • ჰიპერბგერითი რაკეტები და მათგან თავდაცვის საშუალებები

მალხაზ ხაბაზის პოსტში რუსული რაკეტა “კინჟალი” მისი სიჩქარის გამო შეუჩერებელ იარაღად არის წარმოჩენილი. გარდა ამისა პოსტი ფაქტობრივად გამორიცხავს მომავალში ამ რაკეტის შემაჩერებელი თავდაცვითი სისტემის შექმნის შესაძლებლობას. სინამდვილეში კი ახალი ჰიპერბგერითი რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

ჰიპერბგერითი რაკეტები ორ ტიპად იყოფა: ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები (HACM) და ჰიპერბგერითი პლანირებადი რაკეტები (HGV). გარდა დიდი სიჩქარისა, ჰიპერბგერითი რაკეტები ასევე მაღალი მანევრულობით გამორჩევიან, რაც მათთან გამკლავებას განსაკუთრებით ართულებს. ჰიპერბგერითი რაკეტების განეიტრალება სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ამ მიმართულებით აშშ აქტიურად მუშაობს.

ჰიპერბგერითი საფრთხეების განეიტრალების სისტემის შექმნის პირველი მცდელობაა აშშ-ს სისტემა Sea Based Terminal (SBT). საბრძოლო სისტემა იჯისის (Аеgis) ბაზაზე დაფუძნებული ეს სისტემა 2018 წელს ამოქმედდა. SBT-ის სისტემის გამოყენება ჰიპერბგერითი რაკეტის განადგურებას მისი ფრენის ბოლო ეტაპზე გულისხმობს რისთვისაც Аеgis Baseline 9-ის გამანადგურებელისა და SM-6 გზაგადამჭრელს იყენებს. CSIS-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ SBT-ის ეფექტიანობის გაზრდისთვის დამატებითი მუშაობაა საჭირო. აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სააგენტო (МDA) სისტემის განახლებას 2024 წლისთვის გეგმავს. 

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) 2022 წლის ანგარიშში “კომპლექსური საჰაერო თავდაცვა: ჰიპერბგერითი რაკეტების წინააღმდეგ” ნათქვამია,  რომ  ჰიპერბგერითი რაკეტების საწინააღმდეგო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა ორ აუცილებელ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი, კოსმოსური ბაზირების მძლავრი სენსორული სისტემა, რომელიც ჰიპერბგერითი საფრთხის ეფექტიანი აღმოჩნის საშუალებას იძლევა და მეორე, პლანირების ფაზის გზაგადამჭრელი (Glade Phase Interceptor) გამოყენება, რომელიც რაკეტას ფრენის ადრეულ ეტაპზე გაანეიტრალებს. 

აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სააგენტო და კოსმოსური განვითარების სააგენტო (SDA) ამჟამად კოსმოსური ბაზირების სენსორების რამდენიმე სისტემაზეც მუშაობენ. პროექტის “Tracking Layer” ფარგლებში SDA შეიმუშავებს თანამგზავრების სისტემას, რომელსაც ჰიპერბგერითი რაკეტის გაშვებისას და ფრენის საწყის ფაზაში დაფიქსირება შეეძლება. პარალელურად MDA ჰიპერბგერითი და ბალისტიკური დაკვირვების კოსმოსურ სენსორზე (HBTSS) მუშაობს. HBTSS-მა ჰიპერბგერითი რაკეტაზე მაღალი სიზუსტით დაკვირვება უნდა უზრუნველყოს, რაც გზაგადამჭრელს პლანირების ფაზაში რაკეტის განადგურების შესაძლებლობას მისცემს. CSIS-ის დასკვნით, ჰიპერბგერითი რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემუშავება აშშ-სთვის სერიოზული, მაგრამ არა გადაულახავი გამოწვევაა.

ჰიპერბგერითი საფრთხის გამანეიტრალებელი სისტემის მოქმედების სქემა. წყარო: CSIS

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist