2024 წლის აგვისტოში საფრთხეების შესახებ მეტას ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ წაშალა ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშებისა და გვერდების რუსული ქსელი, რომლის სამიზნეც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყო. ამ ქვეყნებში ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები და ასევე სხვა სოციალურ ქსელებში – YouTube და TikTok-ზე შექმნილი გვერდები კოორდინირებულად ავრცელებდნენ ახალი ამბების ყალბ ვებ-საიტებზე გამოქვეყნებულ სიახლეებს, რომლებიც თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე იყო მორგებული. მაგალითად, საქართველოში ძირითადი თემა “უცხოეთის აგენტების” საწინააღმდეგო აქციების კრიტიკა და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა იყო.
“მიუხედავად იმისა, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ქსელის უკან მყოფმა ადამიანებმა ვინაობისა და მოქმედების კოორდინირების დამალვა სცადეს, ჩვენმა გამოძიებამ იპოვა კავშირი პირებთან, რომლებიც მოსკოვში რეგისტრირებულ მარკეტინგულ ფირმასთან IMA Digital-თან არიან დაკავშირებული” – ნათქვამია მეტას ანგარიშში.
ახალი ამბების ერთ-ერთი ყალბი საიტი, რომელიც ამ კამპანიაში იყო ჩართული და რომელთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები მეტამ წაშალა, sakartvelo-today.org-ია. ამ სატზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია წარსულში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. საიტი ახლაც არსებობს, თუმცა სიახლეებს აქტიურად აღარ აქვეყნებს, მასთან დაკავშირებული ფეისბუქ-გვერდი Sakartvelo Today News კი წაშლილია. თუმცა არსებობს, საიტის უფრო ახალი და აქტიური ვერსია sakartvelonews.com, რომელსაც იდენტური ვიზუალი აქვს და 2024 წლის 22 მაისს შეიქმნა. საიტის ახალ ვერსიაზე გამოქვეყნებული მასალების და სოციალურ ქსელებში მასთან დაკავშირებულ გვერდებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ:
- sakartvelonews.com-ის მასალებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე Georgian Breaking News-ს სახელით შექმნილი ახალი გვერდები აქვეყნებენ და მედიად პოზიციონირებენ
- ფეისბუქ-გვერდი Georgian Breaking News პოსტებს მეტას პოლიტიკასთან, არჩევნებთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული რეკლამის სტანდარტების დარღვევით ასპონსორებს
- sakartvelonews.com-ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური თემატიკის სტატიებში ძირითადად ე.წ. “აგენტების კანონის” მხარდამჭერი, ანტიდასავლური, ანტი-ნატო, ანტი-უკრაინული, ანტიოპოზიციური შინაარსის გზავნილებია გაჟღერებული
- სტატიებში გვხვდება ისეთი ხარვეზები, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტექსტი რუსული ენიდან ავტომატურად არის ნათარგმნი
-
რა ვიცით sakartvelonews.com-ს საიტის შესახებ?
sakartvelonews.com 2024 წლის 22 მაისს შეიქმნა. sakartvelonews.com-სა და sakartvelo-today.org-ის იდენტური ვიზუალი და IP მისამართები აქვთ.
sakartvelo-today.org
sakartvelonews.com
საიტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებელი პლატფორმის DomainTools-ის ფასიანი ანგარიშიდან, ასევე ირკვევა რომ sakartvelonews.com-ის IP მისამართთან დაკავშირებულია, როგორც sakartvelo-today.org, ასევე ის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი საიტები, რომლებიც მეტას მიერ გამოვლენის ქსელში ფიგურირებდნენ.
sakartvelonews.com-ს აქვს აქტიური ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებიც, სახელწოდებით Georgian Breaking News.
ფეისბუქ-გვერდი Georgian Breaking News 2024 წლის 2 მაისს შეიქმნა. გვერდის გამჭვირვალობის სექციაში მითითებულია, რომ მას რამდენიმე ადმინისტრატორი უკრაინიდან მართავს.
5 სექტემბერს გადაღებული სქრინშტორი: გვერდს 3 ადმინისტრატორი ჰყავს, 10 სექტემბერს გადაღებული სქრინშოტი: გვერდს 2 ადმინისტრატორი ჰყავს
Georgian Breaking News სიახლეებს ძირითადად საინფორმაციო ბარათების სახით აქვეყნებს, რომლებსაც აღწერაში sakartvelonews.com-ზე გამოქვეყნებული შესაბამისი სიახლის ბმულს ურთავს.
უფრო ვრცელ, ერთი შეხევდით ანალიტიკური სტილის სტატიებს, ფეისბუქ-გვერდი პირდაპირ საიტიდან აზიარებს. ასეთ პოსტებს საინფორმაციო ბარათებთან შედარებით, უფრო მეტი რეაქცია, კომენტარი და გაზიარება აქვს.
აღსანიშნავია, რომ სტატიებში გვხდება ხარვეზები, რომლებიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტექსტი ქართულ ენაზე ავტომატურად პირდაპირ რუსულიდან არის ნათარგმნი. მაგალითად, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II მოხსენიებულია ირაკლი II-დ, ასევე გვხდება ტერმინი ევროპის კავშირი, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იყენებენ და ძირითადად ევროკავშირს წერენ. ერთ-ერთ სტატიაში გამოყენებულია აბრევიატურა რფ – ეს აბრევიატურა РФ რუსულშია პოპულარული რუსეთის ფედერაციის აღსანიშნად, თუმცა ქართულში არ გამოიყენება.
-
რას ვიგებთ Georgian Breaking News-ის რეკლამების ბიბლიოთეკიდან?
Georgian Breaking News ასევე ხშირად არეკლამებს გამოქვეყნებულ პოსტებს, თუმცა არღვევს მეტას სტანდარტებს პოლიტიკასთან, არჩევნებთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ რეკლამებზე. როდესაც ფეისბუქზე ამ თემებთან დაკავშირებული პოსტი რეკლამდება, რეკლამის დამკვეთი ვალდებულია, გამჭვირვალობისთვის მიუთითოს, რომ პოსტი პოლიტიკასთან, არჩევნებთან ან სოციალურ საკითხებთან არის დაკავშირებული, ასევე მიუთითოს დამატებითი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. ასეთ დროს ხელმისაწვდომი ხდება, თუ ინფორმაცია თუ რა თანხით არის დასპონსორებული პოსტი და რა აუდიტორიას მიაღწია.
სქრინშოტები გადაღებულია 25 აგვისტოს
ზოგადად, პოლიტიკური რეკლამები, რომლებიც ფეისბუქ გვერდებს წარსულში ჰქონდათ გაშვებული, არააქტიური რეკლამების სახით რჩება რეკლამების ბიბლიოთეკაში და მათზე ინფორმაცია მას შემდეგაც არის ხელმისაწვდომი, რაც პოსტი დასპონსორებული აღარ არის. Georgian Breaking News-ს ასეთი არააქტიური რეკლამები ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი არ არის, რადგან აღნიშნული რეკლამები არ იყო მითითებული, როგორც პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული კონტენტი. სხვადასხვა დროს გვერდს საკმაოდ ბევრი პოსტი ჰქონდა დასპონსორებული.
სქრინშოტი გადაღებულია 30 აგვისტოს მასალის გამოქვეყნების დროისთვის ეს რეკლამები რეკლამების ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი აღარ არის.
სქრინშოტები გადაღებულია 4 სექტემბერს
სქრინშოტები გადაღებულია 5 სექტემბერს
-
რა შინაარსის სტატიებს აქვეყნებს sakartvelonews.com?
აღსანიშნავია, რომ sakarvelonews.com და მისი ფეისბუქ გვერდი სიახლეებს სხვადასხვა თემაზე აქვეყნებს, მათ შორის კულტურის და სოციალურ საკითხებზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ ნარატივებს არ შეიცავს. თუმცა სტატიებს შორისაა პოლიტიკის კატეგორიაც, სადაც სტატიების ძირითადი გზავნილები “აგენტების კანონის” მხარდამჭერი, ანტი-დასავლური, ანტი-ნატო, ანტიოპოზიციური და ანტი-უკრაინული შინაარსისაა.
sakartvelonews.com-ზე მასალები 2024 წლის მაისიდან ქვეყნდება. პოლიტიკის კატეგორიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ თემა, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება სტატიებში “აგენტების კანონს” ეხება. ამ კატეგორიაში გამოქვეყნებული 31 სტატიიდან 12 სწორედ ამ კანონის მიღებას ეღება. ეს სტატიები კრიტიკულად აფასებს კანონის მოწინააღმდეგეებსა და აქციების მონაწილეებს. პარალელურად აქტიურად ადანაშაულებს დასავლეთს – ევროკავშირსა და აშშ-ს, საქართველოს შიდა საქმეში ჩარევასა და საქართველოზე ზეწოლაში. sakartvelonews.com-ის თანახმად, დასავლეთი არ აღიარებს საქართველოს “სრულფასოვან პარტნიორად” და “უპატივცემულოდ” ექცევა. სტატიებში დასავლეთი ორმაგ სტანდარტებშიც არის დადანაშაულებული – “აშშ-სა და ევროპის კავშირის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ ნათლად ჩანს იმის მაგალითზე, თუ როგორ მიიღეს ჩვენი მსგავსი კანონები საზღვარგარეთ” – ვკითხულობთ ერთ-ერთ სტატიაში. სხვა ანტიდასავლური შინაარსის სტატიებში ჩანს ბრალდებაც, რომ ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით უსამართლოდ ექცევა საქართველოს.
sakartvelonews.com-ზე პოლიტიკურ თემებზე გამოქვეყნებულ სტატიებში ვხდებით ნატო-ს კრიტიკასაც. sakartvelonews.com ადანაშაულებს ნატოს “უზარმაზარი ზარალის” მიყენებაში, აგრესიულობასა და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში. კრიტიკის საგანი ხდება ისიც, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის ალიანსის წევრი. ორივე სტატიაში აღნიშნულია, რომ ის თანხა, რაც საქართველოს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში იხარჯება, შეიძლება, სოციალურ პრობლემებს “მოხმარდეს”.
საიტზე ასევე გვხვდება ანტი-ოპოზიციური და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მასალებიც. sakartvelonews.com-ის შეფასებით, ზურაბიშვილის მიერ შემუშავებული “ქართული ქარტია” “ადამიანთა საეჭვო წრეს განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს”. კრიტიკული სტატიების მიხედვით, ზურაბიშვილი თავს კონსტიტუციაზე “მაღლა აყენებს” და უფლებამოსილებებს აჭარბებს. გაკრიტიკებულები არიან ოპოზიციონერი ლიდერებიც, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე დამნაშავეებად არიან მოხსენიებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი ფინანსურ სარგებელს რუსეთთან კავშირით იღებენ.
რაც შეეხება საერთაშორისო პოლიტიკას, sakartvelonews.com კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინის მიმართ და დადებითად აფასებს ისეთ ლიდერებს, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასვლას უჭერენ მხარს. კონსპირაციულად არის დაკავშირებული ეს პოზიცია და სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმის შემთხვევები, თითქოს ისინი ვინც დიალოგს უჭერს მხარს, სამიზნე ხდებიან. ყურადღება მახვილდება “კონსტრუქციულ დიალოგით” ომის დასრულებაზე, რუსეთი წარმოჩენილია, მხარედ, რომელიც დიალოგით ომის დასრულებისთვის მზადაა, ხოლო უკრაინა აქტორად, რომელიც მოლაპარაკებებზე უარს ომის გასახანგრძლივებლად ამბობს.