რა ვიცით ფრინველთა სიკვდილის შემთხვევების შესახებ აშშ-ში, ბრიტანეთსა და მექსიკაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

450
VIEWS

2022 წლის 21 თებერვალს Facebook გვერდმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სხვადასხვა უცხოური საინფორმაციო გამოშვებების ფრაგმენტების კოლაჟს წარმოადგენს. ვიდეოკოლაჟში ლაპარაკია ფრინველების უეცარი სიკვდილის სხვადასხვა შემთხვევაზე, რომლიც ვიდეოს მტკიცებით აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და მექსიკაში მოხდა. პოსტში “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ამტიცებს, რომ ჩიტების “მასობრივი სიკვდილი” 5G-ს უკავშირდება და სწორედ ეს გამოსხივება იწვევს ცოცხალი არსებების განადგურებას. 

Screenshot 15 1 რა ვიცით ფრინველთა სიკვდილის შემთხვევების შესახებ აშშ-ში, ბრიტანეთსა და მექსიკაში?

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ფრინველების დახოცვა 5G ტექნოლოგიამ გამოიწვია, დეზინფორმაციაა. ამ ეტაპზე მოცემული შემთხვევების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის და მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა 5G-ის რადიოტალღები წარმოადგენს მაგნიტური გამოსხივების მცირე დონეს, არამაიონებელ გამოსხივებას, რომელსაც არ შეუძლია ფრინველების დახოცვა.

შემთხვევა I ქალაქი ქუაუტემოკი, ჩიუაუის შტატი, მექსიკა

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” გავრცელებული ვიდეოკოლაჟის პირველ ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ ვარდება ყვითელთავა ტრუპიალთა (yellow-headed blackbirds)  გუნდი ციდან და ეჯახება მიწას. ვიდეო 2022 წლის 14 თებერვალს იუთუბზე Guardian-მა გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ ფრინველთა უმრავლესობა აფრინდა უკან, თუმცა გარკვეული ნაწილი მიწაზე გაშეშებულ მდგომარეობაში დარჩა. შემთხვევა 7 თებერვალს მექსიკის შტატ ჩიუაუის ქალაქში, ქუაუტემოკში მოხდა. გადამფრენ ფრინველთა სიკვდილს არაერთი სპეკულაცია მოჰყვა, თუმცა ექსპერტა აზრით, უცაბედი ვარდნის და სიკვდილის მიზეზი ტრუპიალთა გუნდზე მტაცებელი ფრინველის ნადირობა იყო. დიდი ბრიტანეთის ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრის ეკოლოგმა რიჩარდ ბრატონმა განაცხადა, რომ მართალია, ვიდეოში მტაცებელი ფრინველი არ ჩანს, თუმცა დასაწყისში ტრუპიალთა ტალღოვანი მოძრაობა და უცაბედი ბრუნვა მიუთითებს იმაზე, რომ მათ მაღლიდან რაღაც მოსდევდათ. იგივე მოსაზრება გამოთქვა მანჩესტერის მეტროპოლიტენის კონსერვაციული ბიოლოგიის უფროსმა ლექტორმა, ალექსადრ ლიმ. ვიდეოში ასახული მოძრაობა ასევე კორნელის ორნითოლოგიის ლაბორატორიის ორნითოლოგმა კევინ ჯ. მაკგაუენმა გაანალიზა. მისი თქმით, ფრინველი მსუბუქი და ჰაეროვანია და ქარის მიმართ წინააღმდეგობა ახასიათებს, შესაბამისად, ისინი მიწისკენ სწრაფად არ მოწყდებოდნენ და მათი მოძრაობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს მიწის მიმართულებით მიზნობრივი გადაადგილება იყო. მოწამვლის ან ელექტროშოკის შემთხვევაში, მათი მოძრაობა სხვანაირი იქნებოდა და რაც მთავარია, ისინი უკან ვერ აფრინდებოდნენ. შესაბამისად, მოსაზრება, რომ ტრუპიალთა გუნდი 5G ტექნოლოგიას ემსხვერპლა, სიმართლეს არ შეესააბამება.

შემთხვევა II – სენტ-ლუისი, მისურის შტატი, აშშ

2022 წლის 16 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენტ-ლუისის ფედერალური სასამართლოს შენობის მიმდებარედ აღმოაჩინეს ათეულობით მკვდარი ყვავი. მისურის შტატის კონსერვაციის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ფრინველებს არ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანება ან სისხლის კვალი, რის გამოც მათზე თავდასხმა გამოირიცხა. საინფორმაციო პლატფორმის KSDK-ის მიხედვით, გამომმძიებლები მოწამვლას ან/და გარკვეული ტიპის ვირუსს განიხილავენ როგორც პოტენციურ მიზეზს, თუმცა სიკვდილის გამოწვევის მიზეზის დასაზუსტებლად მოკვლევა მიმდინარეობს. მსოფლიოს ფრინველთა თავშესაფრის აღმასრულებელმა დირექტორმა როჯერ ჰალოვეიმ ამ შემთხვევაზე განაცხადა, რომ დიდი რაოდენობის ფრინველთა ჯგუფის სიკვდილი წარსულიც მომხდარა და ამის მაგალითად მოიყვანა დასავლეთ ნილოსის ვირუსი, რომელიც წლების წინ კლავდა ფრინველებს, მათ შორის ყვავებსაც. Foxnews-ის ცნობით, 18 თებერვალს მისურის კონსერვაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა საწყისმა გამოკვლევებმა ფრინველის გრიპი გამორიცხეს. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, შესაბამისად, ამჟამინდელი მონაცემებით შეუძლებელია მტკიცებით ფორმაში ითქვას, თუ რამ გამოიწვია ფრინველთა სიკვდილი. 

შემთხვევა III –  რადფორდის უნივერსიტეტი, რადფორდი, ვირჯინია, აშშ

2022 წლის 18 თებერვალს რადფორდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე თითქმის 55 მომთაბარე შაშვი (American robin) მკვდარი იპოვეს. შემთხვევა მოხდა უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც ველური ბუნების ბიოლოგიის სტუდენტებმა ფრინველთა გუნდი იპოვეს. მათი დიდი ნაწილი უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა იყვნენ ჯერ ცოცხალი და მოფართხალე შაშვებიც. იმავე დღეს, როანოკის სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის ველური ბუნების ცენტრის Facebook გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადეს რომ გადარჩენილი 2 შაშვი კარანტინში მოათავსეს. ოფიციალურ პოსტში, ასევე, ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად გამოძიებას ვირჯინიის ველური ბუნების რესურსების დეპარტამენტი აწარმოებს. მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის ველური ბუნების ცენტრი გამოთქვამს ვარაუდებს, რომლებიც შაშვის ბუნებრივ მახასიათებლებსა და გარემოებებზეა დაფუძნებული. მომთაბარე შაშვის მიდრეკილებისა და ისტორიიდან გამომდინარე, პირველი ვარაუდია ბუნებრივი მოწამვლა, რადგან შაშვთა ეს სახეობა ზოგჯერ განიხილება როგორც გარემოს ჯანმრთელობის საზომი, შესაბამისად მიზეზი შესაძლოა ჰაერის, წყლის ან საკვების დაბინძურება იყოს. მეორე თეორია არის შაშვთა ინტოქსიკაცია, რადგან გაყინვა-გალღობის პროცესით ფერმენტირებულ ხილს, რომელიც წარმოადგენს მომთაბარე შაშვის ძირითად ზამთრის საკვებს, შეუძლია დაათროს ფრინველი, ან უარესი, გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და სიკვდილი. ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭირო ტესტები მოითხოვს დროს, რის გამოც ჯერ ცნობილი არ არის რამ გამოიწვია ფრინველთა სიკვდილი. 

შემთხვევა IV – ფემბროკშირი, უელსი, დიდი ბრიტანეთი

2022 წლის 11 თებერვალს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით, ფემბროკშირში 200 შოშია გზაზე გარდაცვლილი იპოვეს. საქმე ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტოს გადაეცა და გამოძიების პროცესშია. ფრინველთა დაცვის სამეფო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ფრინველებს შეიძლება საღამოს დაბუდების დროს სიმშვიდე დაურღვიეს. თუ ეს ხდება ღამე, შოშიები ორიენტაციის უნარს კარგავენ და მიწას ეჯახებიან. თუმცა, კვლევების შედეგების გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია შოშიების სიკვდილი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც უელსში დაფიქსიდა. 2019 წლის დეკემბერს ენგლსში გზაზე 225 მკვდარი შოშია აღმოაჩინეს. ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტომ 41 შოშია გამოიკვლია და დაადგინა, რომ ისინი მურმურაციის დროს ზედაპირს დაეჯახნენ. მურმურაცია ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც ფრინველთა გუნდი ერთიანდება და ფრენისას უჩვეულო ფორმებს ქმნის. ვეტერინარმა, რომელიც გამოძიებაში მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ შოშიები გარდაიცვალნენ მიწასთან ან ახლომდებარე ბუჩქებთან შეჯახების შედეგად. ვეტერინარის აზრით, შოშიებმა მიწისკენ ფრენა ცუდი ამინდის ან მტაცებელი ფრინველის არიდების მიზნით დაიწყეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფრინველთა სიკვდილი დაუკავშირეს 5G ტექნოლოგიასა და რადიაციას. რეალურად, 5G-ის რადიოტალღები წარმოადგენს მაგნიტური გამოსხივების მცირე დონეს, არამაიონებელ გამოსხივებას, რომელსაც არ შეუძლია ფრინველების დახოცვა. ამასთან, ფრინველების მასობრივი სიკვდილი არ არის ახალი ფენომენი და სხვადასხვა დადგენილი ან უცნობი მიზეზებით მსგავსი ფაქტები 5G-ის ტექნოლოგიამდეც ხდებოდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ 2020 წელს გადამოწმებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist