ქართული ნეოფაშისტური მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი, გიორგი ჭელიძე, რომელიც 2018 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს, 3.5 წლიანი პატიმრობის შემდეგ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა. 2022 წლის ზაფხულში, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჭელიძემ “ახალი გეოპოლიტიკური რეალობის საპასუხოდ და ქართული სახემლწმიფოებრიობის გადარჩენის მიზნით,” პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება, ეგრეთ წოდებული 14 პუნქტიანი გეგმის შექმნა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჭელიძემ საქმიანობა არაერთი გზით, მათ შორის ახალგაზრდების მობილიზების მიმართულებით დაიწყო. კერძოდ, 2022 წლის 23 აგვისტოს ჭელიძემ პროექტი “ქართული ეროვნული დარაზმულობა” დააფუძნა, რომელიც, ოფიციალური განცხადების მიხედვით, იმ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთაც სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზებაში მონაწილეობის, მომზადების და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში კონკრეტული დავალებების შექმნის სურვილი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარში სოციალურ ქსელში ,,ქართული ეროვნული დარაზმულობის” ანკეტა გამოჩნდა, რომელიც “ეროვნული იდეის მატარებელ საქართველოს მოქალაქეებსა და მოხალისეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. აღსანიშნავია, რომ ანკეტასთან ერთად, სოციალურ ქსელში ,,ქართული ეროვნული დარაზმულობის” მიერ ჩატარებული წვრთნის ვიდეოებიც ვრცელდებოდა.
“ქართული ეროვნული დარაზმულობის” სააპლიკაციო ფორმაში ვკითხულობთ, რომ სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციაში მიღებული წევრები სამოქალაქო უსაფრთხოების, თავდაცვისა და ომიანობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების ზურგის მხარდაჭერის საკითხებს გაეცნობიან და მათ შესაბამისი აღჭურვილობით წვრთნისა და ვარჯიშის შესაძლებლობა ექნებათ. ორგანიზაციაში წევრები 14 წლიდან (მშობლის ან მეურვის თანხმობის შემთხვევაში) მიიღებიან. გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ანკეტაში ვხვდებით კითხვებს აპლიკანტის პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებაც (ემხრობით თუ არა რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას? თუ კი რომელს?, ხართ თუ არა რომელიმე მოძრაობის, პარტიის წევრი ან აქტივისტი? თუ კი რომლის? ემხრობი თუ არა ქართულ ეროვნულ იდეას, ქართულ ნაციონალიზმს?).
“ქართული ეროვნული დარაზმულობის” საჯარო Facebook ჯგუფის აღწერაში, სადაც ამ პერიოდისთვის 648 ადამიანია გაწევრიანებული, ვკითხულობთ, რომ “ეროვნული (იგივე ნაციონალისტური) დარაზმვა (იგივე ფაშიზმი) ერთადერთი ფორმაა, რომლითაც ერს შეუძლია იმოქმედოს.” ორგანიზაციის ძირითად მიზნად კი ქართველი ერისა და ქართული იდენტობის გადარჩენაა დასახელებული. “ეროვნული დარარზმულობა” საკუთარ თავს “ქართველ ნაციონალისტ ფაშისტებს” მიაკუთვნებს.
2022 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში “ეროვნული დარაზმულობის” ლიდერმა გიორგი ჭელიძემ განაცხადა, რომ აქტიური და მასშტაბური წვრთნა უკვე დაწყებულია, რათა ომიანობის შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაეხმარონ და პარტიზანულ მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში.
გიორგი ჭელიძე: “დავიწყეთ აქტიური და მასშტაბური წვრთნები, ეს არის ათეულის წვრთნა, ვსწავლობთ სხვადასხვა საომარ ხრიკებს იმისათვის, რომ ომიანობისას, როგორც ჩვენს წესდებაშია მითითებული, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს საჭიროების შემთხვევაში სამოხალისეო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ და ასევე, თუ ღმერთი გაწყრა და სახელმწიფო დაეცა, ჩვენ ჩავუდგებით სათავეში პარტიზანულ მოძრაობას, იმისათვის რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივობა და დამოუკიდებლობა.”
სამხედრო წვრთნების დაწყებას “საქართველოს ეროვნული ერთობის” YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოებიც ადასტურებს. ორგანიზაციას ამ ტიპის წვრთნა უკვე დაწყებული აქვს და “ეროვნული დარაზმულობის” წევრები აირსოფტის გამოყენებით ემზადებიან. ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი ჭელიძემ სამოქალაქო თავდაცვის კუთხით ახალგაზრდების მომზადება ქუთაისშიც დააანონსა.
რა ვიცით გიორგი ჭელიძისა “ქართული ეროვნული ერთობის” შესახებ?
გიორგი ჭელიძის პირველი ორგანიზაცია, “საქართველოს ეროვნული ერთობა” საჯარო რეესტრში 2016 წლის 2 ნოემბერს არის რეგისტრირებული. ორგანიზაციის წესდების თანახმად, “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიზანი “საერთო თანხმობისა და მშვიდობის პოლიტიკის გატარებაა, რომლის მიხედვითაც, მოძრაობა პრიორიტეტულად მენტალურად ქართულ მსოფლმხედველობას წარმოაჩენს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დაფუძნების პირველ ეტაპზე “საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი თორნიკე კივილაძე იყო, რომელიც 2016 წლის არჩევნებზე “ქართული იდეის” სიის მეხუთე ნომერად იყო წარდგენილი. 2018 წლიდან ორგანიზაციის ლიდერი (მეთაური) გიორგი ჭელიძეა, ორგანიზაციის წევრებს კი ირაკლი ღუტიძე, ბექა ლოლაშვილი, გიორგი ჩირაძე წარმოადგენენ. გიორგი (გიგა) ჭელიძე 2018 წლის 1 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 2022 წლის დასაწყისში კი გიორგი ჭელიძემ სასჯელის მოხდის შემდეგ საქმიანობა განაგრძო.
“საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრები აქციებსა და კონტრაქციებზე მეტწილად ნიღბებით ჩნდებიან, ასევე ხშირად იყენებენ ნაცისტურ სიმბოლოებსა და ჟესტიკულაციას, ციტირებენ ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერს. გაერთიანების ტელეგრამ არხში ხშირად ვრცელდება ფრაგმენტები როგორც ადოლფ ჰიტლერის საჯარო გამოსვლებიდან, ასევ წიგნიდან “ჩემი ბრძოლა”. “საქართველოს ეროვნული ერთობის” სიმბოლოს ვერმახტის ქართული ბატალიონის სამკლავე დროშა და ჯვარი წარმოადგენს.
2017 წლის აპრილში, “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრებმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის – ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს მხარი დაუჭირეს, რაც ასევე უნგრეთში მიღებული კანონის მხარდაჭერას ნიშნავდა, რომელიც სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას გულისხმობდა. ამავე წლის მაისში გაერთიანების წევრები ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის საპასუხოდ ქუჩაში გამოვიდნენ და აცხადებდნენ, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ ქალაქში პატრულირებას, რათა თავად აღკვეთონ ის “უკანონობა”, რომელსაც პოლიცია ვერ უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 5 მაისს პოლიციამ „ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის გამო გამოძიება დაიწყო. „სამოქალაქო ომით და დაპირისპირებით ნურავის ნუ დაემუქრებით. ერთი პატარა გადაცდომა თქვენგან და პასუხი იქნება უმკაცრესი, ყველაზე ბრუტალური მეთოდებით“, – განაცხადა ჭელიძემ 2018 წლის მაისში გამართულ კონტრაქციაზე. ამავე აქციაზე ჭელიძემ ასევე თქვა, რომ დღის წესრიგს საქართველოში “ეროვნული ერთობის წევრები” ქმნიან: “ნარკომოვაჭრეები და ლგბტ პროპაგანდისტები დღის წესრიგს საქართველოში ვერ წაიყვანენ. დღის წესრიგი გვეკუთვნის ჩვენ!” აღსანიშნავია, რომ ეს ფრაზები დღემდე ფიგურირებს “საქართველოს ეროვნული ერთობის მიერ მომზადებულ კლიპებში (1, 2) რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება.
ტიკტოკზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აგდებს გიორგი ჭელიძე ნაგვის ურნაში ლგბტქ დროშას და თან აღნიშნავს, რომ სწორედ ეს გზა ელით ყველა ლიბერალსა და მულტიკულტურალიზმის მქადაგებელს.
გიორგი ჭელიძე: “ასე ჩავუძახებთ ყველა ლიბერალს და კულტურული მარქსიზმის მქადაგებელს და პროპაგანდისტს, რომლებიც ქადაგებენ მულტიკულტურალიზმს, ფემინიზმს, ლგბტს და სხვა დამახინჯებულ იდეოლოგიებს, რომლებიც არის პირდაპირ მომაკვდინებელი ჩვენი ერისათვის. ჩვენ გვჭირდება ეროვნული ტრადიციებზე და ქართულ მორალზე აღზრდილი თაობა, ასე ჩავუძახებთ ყველას”
ჭელიძე ასევე აკეთებს ანტიმიგრაციულ განცხადებებს და ფიქრობს, რომ საქართველოში მხოლოდ ქართველები უნდა ცხოვრობდნენ: “ამ მიწას, ამ კორპუსებს, სადაც ხდება ჩასახლება რუსების, ზანგების, არაბების, ჩინელების, ინდოელების, პაკისტანელების, მე გაძლევთ თქვენ პირობას – გიორგი ჭელიძე, “საქართველოს ეროვნული ერთობის” მეთაური, როგორც კი ჩვენ ძალაუფლებაში მოვალთ და მუშაობას დავიწყებთ, ერთ თვეში ქვეყანა იქნება გაწმენდილი უცხო თესლისგან.”
“საქართველოს ეროვნული ერთობა” მხარდაჭერების მოპოვებას ფეისბუკზე მეტად, სხვა პლათფორმების (ტელეგრამის, ტიკტოკის, იუთუბის) საშუალებით ცდილობს, რამდემნადაც გასულ წლებში ფეისბუკმა ულტრანაციონალისტური გვერდები ანტიმიგრაციული და ქსენოფობიური შინაარსის გზავნილების გამო არაერთხელ წაშალა (1,2). 2023 წლის 12 აპრილის მონაცემებით, “საქართველოს ეროვნულ ერთობას” იუთუბზე 2800, ტიკტოკზე – ჯამში 3488, ტელეგრამზე კი 1013 გამომწერი ჰყავს. ამ არხების საშუალებით გიორგი ჭელიძის “ფაშისტური საუბრები”, ადოლფ ჰიტლერის “ჩემი ბრძოლიდან” ამონარიდები, ასევე “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიერ შემუშევებული 14-პუნქტიანი გეგმის ფრაგმენტები ვრცელდება.