2021 წლის აგვისტოში Facebook გვერდმა Politicano • პოლიტიკანო გამოქვეყნა პოსტი, რომელიც საიდუმლო ოპერაცია “პაიკს” შეეხებოდა. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საბჭოთა კავშირის ნავთობთან დაკავშირებული ქალაქების, ბათუმისა და ბაქოს დაბომბვა გადაწყვიტეს. აღნიშნულ ოპერაციაში თურქული აეროდრომების გამოყენება იგეგმებოდა.
პოლიტიკანომ აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინო უწოდა:
“ამას ისტორიის სახელმძღვანელოებში არ ასწავლიან, ამ სამარცხვინო ფაქტზე დღესდღეობით ფაქტიურად არავინ არ საუბრობს – სერიიდან “ევროპა და საქართველო”.
“1940 წელს, II მსოფლიო ომის მიდინარეობისას, ბრიტანელებს და ფრანგებს ბათუმის და ბაქოს დაბომბვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ეს ფაქტი სხვადასხვა საარქივო მასალებით დასტურდება. აღნიშნული სამხედრო ოპერაციის კოდური სახელი იყო “პიკე”.
პოსტი ინფორმაციას უკონტექსტოდ ავრცელებს და არ უთითებს “ოპერაცია პაიკის” რეალურ მიზანს, რომელიც ჰიტლერისა და ნაცისტური გერმანიის შეფერხებას ისახავდა. იმ პერიოდში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო პუნქტებით საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია მოკავშირეები იყვნენ.
- ოპერაცია პაიკი
ოპერაცია პაიკის განხორციელება და საბჭოთა კავშირის ნავთობთან დაკავშირებული ადგილების სტრატეგიული დაბომბვა ანგლო-ფრანგული ალიანსის მიერ მეორე მსოფლიოს ომის დაწყებიდან პირველ ორ წელში იგეგმებოდა (1939-1940). საბჭოთა კავშირი ამ პერიოდში ნაცისტურ გერმანიასთან მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად ერთგვარ შეთანხმებაში იმყოფებოდა, რაც ბრიტანეთი და საფრანგეთი იმ დასკვნამდე მიჰყავდა, რომ რეალურად ამ პერიოდში სსრკ გერმანიას ეხმარებოდა.
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიზნად სსრკ-ის ნავთობ რესურსების განადგურება დაისახეს, რაც, მათი ვარაუდით, საბჭოთა ეკონომიკას ჩამოაქცევდა და შესაბამისად, ის ვეღარ დაეხმარებოდა ნაცისტურ გერმანიას, რომელიც ამ პერიოდში ბრიტანეთსა და საფრანგეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა. საიდუმლო ოპერაცია რამდენიმე საბჭოთა ქალაქს უმიზნებდა – გროზნო, ბაქო, მაიკოპი, ფოთი და ბათუმი. აღნიშნული ქალაქებიდან ზოგიერთი მათგანი ნავთობის მოსაპოვებლად, სხვები კი მის გადასამუშავებლად და საექსპორტოდ გამოიყენებოდა.
ბაქოს ნავთობ ბაზა
აღსანიშნავია, რომ სამიზნედ ნავთობ ბაზები მხოლოდ იმიტომ არ იყო არჩეული, რათა საბჭოთა ეკონომიკა დასუსტებულიყო, არამედ ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ის ერთგვარი გარიგება და იმ პერიოდის ახლო ურთიერთობა იმ საფრთხეს შეიცავდა, რომ ჰიტლერი სტალინისგან დიდი რაოდენობით ნავთობს მიიღებდა, რაც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა. ასევე ამ პერიოდში გერმანია სსრკ-სგან სხვა საჭირო ნედლეულის მიღებასაც გეგმავდა.
როგორც საფრანგეთის არმიის გენერალი, მორის გამელინი აღნიშნავდა, იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი ნავთობის მხრივ თითქმის მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე იყო დამოკიდებული.
“კავკასიის ნავთობ მიწოდებაზე დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკის ფუნდამენტური სისუსტეა. შეიარაღებული ძალები და ასევე მათი მოტორიზებული სოფლის მეურნეობაც მთლიანად იყვნენ დამოკიდებული ამ წყაროზე. ნავთობის მოპოვების 90%-ზე მეტი და გადამუშავების 80% კავკასიაში (პირველ რიგში ბაქოში) მიმდინარეობდა. მაშასადამე, ნავთობის მომარაგების ნებისმიერი მასშტაბის შეწყვეტას სერიოზული შედეგები ექნება და შეიძლება რუსეთის სამხედრო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო სისტემების დაშლაც კი გამოიწვიოს.”
საგულისხმოა, რომ ანგლო-ფრანგული ალიანსი დასაბომბად თურქულ, სირიულ და ირანულ აეროდრომებს გამოიყენებოდა და შეტევა ერთ ღამეში მოხდებოდა. ჯერ კიდევ 1940 წლის მარტსა და აპრილში დიდმა ბრიტანეთმა ნავთობ ბაზებზე ფოტოების გადაღება გადაწყვიტა, რათა შემდგომი შეტევისთვის უკეთ მომზადებულიყო.
ბათუმის დასაზვერვად გამოგზავნილ თვითმფრინავის შესახებ თბილისიდან შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში სპეციალური შეტყობინება გაიგზავნა:
“მიმდინარე წლის 5 აპრილს, 11 საათსა და 15 წუთზე, სოფელ სარფის რაიონში (ბათუმიდან სამხრეთ-დასავლეთით, 14 კმ-ის დაშორებით), ორი ათასი მეტრ სიმაღლეზე საბჭოთა კავშირის საზღვარი დაარღვია თურქეთიდან გადმოფრენილმა ვერცხლისფრად შეღებილმა ორძრავიანმა თვითმფრინავმა, რომელსაც არანაირი ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდა. თვითმფრინავი ბათუმის კურსით მიდიოდა”.
ბათუმისთვის გადაღებული ფოტო “ლოქჰიდ სუპერ ელექტრას” ეკიპაჟის მიერ
გადაღებული ფოტოები ეკიპაჟმა დიდ ბრიტანეთში წაიღო და ისინი საფრანგეთისთვისაც იქნა გაზიარებული. ფოტოების დახმარებით ორივე სახელმწიფო დაბომბვის გეგმას ავითარებდა.
საბოლოოდ, ოპერაცია პაიკი არ განხორციელდა, რადგან ჯერ ჰოლანდიამ, შემდგომ კი საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადეს, ხოლო დიდი ბრიტანეთის პოზიციები იმ პერიოდში შესუსტდა.
აღსანიშნავია, რომ ოპერაციის განხორციელებას შესაძლოა, შედეგად სსრკ-გერმანიის კიდევ უფრო გაძლიერებული ალიანსი მოჰყოლოდა, რაც ევროპისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს შექმნიდა.
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ეჭვები სსრკ-ზე შემდგომში რეალურად დადასტურდა. 1940 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რიბენტროპის სტალინისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
“საბჭოთა ნავთობცენტრი ბაქო და ბაქო-ბათუმის მილსადენი, უეჭველია, მიმდინარე წელს საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციის მსხვერპლი გახდებოდა, ჩვენ რომ საფრანგეთი არ გაგვენადგურებინა და ბრიტანეთი ევროპის კონტინენტიდან არ გაგვეძევებინა. ჩვენმა გამარჯვებებმა ბოლო მოუღეს ლონდონისა და პარიზის მაქინაციებს”.
რიბენტროპი და სტალინი
აღნიშნულ ოპერაციაზე საუბარი შემდგომშიც დაიწყო, როდესაც ოპერაცია ბარბაროსათი გერმანიამ საბჭოთა კავშირს შეუტია. განიხილებოდა, რომ თუ გერმანია კავკასიის ნავთობ ბაზებს დაიკავებდა, მაშინ შესაძლებელი იყო ოპერაცია პაიკი კვლავ განხორციელებულიყო.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ
საბჭოთა კავშირმა მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის არსებობა მხოლოდ 1989 წელს აღიარა და დაგმო, თუმცა რუსეთის ხელისუფლება დღეს კვლავ ცდილობს პაქტის გამართლებას, მისგან ყურადღების გადატანას ან კონტექსტის გარეშე განხილვას. პაქტის შინაარსის და მის მიერ მოტანილი შედეგების გადააზრება უკანასკნელ წლებში აქტიურად დაიწყო. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
- დიქტატორების “თაფლობის თვე” – რა უნდა ვიცოდეთ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ?
2019 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმულია ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობა, მათ შორის სსრკ-ს და ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობის შესახებ და შეფასებულია კომუნისტური საბჭოთა კავშირის თანამშრომლობა ნაცისტურ გერმანიასთან და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი:
ევროპარლამენტის რეზოლუცია: “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის პირდაპირი შედეგი ის იყო, რომ პოლონეთში ჯერ ჰიტლერი, ხოლო 2 კვირის შემდეგ სტალინი შეიჭრა – რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვა, რაც პოლონელი ხალხის უპრეცედენტო ტრაგედია იყო. კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა 1939 წლის 30 ნოემბერს ფინეთის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ხოლო 1940 წლის ივნისში რუმინეთის ტერიტორიების ანექსია მოახდინა. ეს ტერიტორიები რუმინეთს არასოდეს დაბრუნებია. ასევე მოახდინა ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკების ანექსია.”
“პოლიტიკანოს” შესახებ
პოლიტიკანოს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია, რომელიც მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივებას და ისტორიული ფაქტებით მანიპულირებას წარსულშიც ახდენდა.
ვრცლად “პოლიტიკანოს” შესახებ იხილეთ გამოცემის პროფილი.
“პოლიტიკანოს” შესახებ “მითების დეტექტორის” მასალები:
- რატომ დაუპირისპირდა დე გოლი ჰალშტაინს და რატომ უკავშირებს “პოლიტიკანო” ევროკავშირს ნაციზმს?
- “პოლიტიკანო” ისტორიული ოკუპაციის ძიებაში და რუსეთის ოკუპაციის უარყოფაში
- ვინ და როგორ “ამტკიცებს,” რომ ომი საქართველომ დაიწყო?
- რამდენს ხარჯავს აშშ კეთილდღეობაზე და რა სტატისტიკას ავრცელებს “პოლიტიკანო”?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.