2022 წლის 31 მარტს რუსეთის პირველი არხის ფეისბუკ გვერდზე Новости Первого канала გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, რუსეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცის შედეგად, უკრაინის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ მყოფი გაერთიანების М.К.У-ის (მანიაკები. მკვლელების კულტი) 60 მხარდამჭერი დააკავეს. პირველ არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ულტრანაციონალისტური დაჯგუფება რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების და ხოცვა-ჟლეტის მოწყობას აპირებდა. სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია, შტაბი, რომელშიც, მათი თქმით, “უკრაინული ნაციონალისტური გაერთიანება” დიდი ოდენობის იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავდა.
ნეონაცისტური გაერთიანების (МКУ), რომლის წევრებსაც რუსეთში 2021 წლიდან აკავებენ და ტერორისტული აქტების მოწყობაში ადანაშაულებენ, კავშირი უკრაინულ სპეცსამსახურებთან არ დასტურდება. რუსული მედია რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით 2021 წლის იანვრიდან ცდილობს, რომ რუსეთში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფების მოქმედებები უკრაინის უსფრთხოების სამსახურის დაკვეთად წარმოაჩინოს.
ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთში უკრაინულმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებამ МКУ (Маньяки. Культ убийц – მანიაკები. მკვლელების კულტი) ოპერირება დაიწყო, რუსულ მედიაში 2021 წლის იანვრიდან ჩნდება. პროპაგანდისტულ გამოცემა Аргументы и Факты-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ М.К.У არის ნეონაცისტური ორგანიზაცია, რომელიც უკრაინაში 2018 წელს შეიქმნა და მათი იდეოლოგია ანტისოციალურ ცხოვრების წესსა და არასლავური გარეგნობის მქონე ადამიანების, ასევე უსახლკაროების, ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების განადგურებას ეფუძნება. გამოცემის თანახმად, ორგანიზაციის ლიდერი დნეპროპეტროვსკელი იგორ კრასნოვია, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში მკვლელობის მუხლით 10 სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.
აღსანიშნავია, რომ თავად უკრაინაში ასეთი ჯგუფის არსებობის შესახებ არავის სმენია და ცნობები ამ ორგანიზაციის სავარაუდო არსებობაზე რუსულ მედიას ეკუთვნის. М.К.У-ს შესახებ კრემლის დეზინფორმაცია უკრაინის ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია StopFake-მა იკვლია.
2021 წლის თებერვალში, ვორონეჟში რუსულმა სპეცსამსახურებმა სავარაუდოდ МКУ-სთან დაკავშირებული ახალგაზრდები: რომან გრებენშჩიკოვი, ილია შმელევი, კონსტანტინ კოჟევნიკოვი და ალექსანდრ სიმონოვი დააკავეს, რომლებიც თითქოს რუსეთის ქალაქებში ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დაკავებულები რუსეთის მოქალაქეები და რუსეთის ერთ-ერთი ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრები იყვნენ. 2021 წელს StopFake-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ამბავი ვორონეჟში უკრაინელი ნაცისტების შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამოგონება იყო და დაკავებულებს არა უკრაინულ, არამედ რუსულ ნაცისტურ ორგანიზაციებთან ჰქონდათ კავშირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის თებერვალში, ვორონეჟში დაკავებულ საქმეში მონაწილე ყველა პირი გაათავისუფლეს. ბუნებრივია, რომ პირები, რომლებსაც რუსეთში ბრალი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით ტერაქტების მომზადებაში ედებოდათ, ერთი წლის შემდეგ არ უნდა გაეთავისუფლებინათ. საინტერესოა ისიც, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებში ვორონეჟში დაკავებული პირების უკრაინელ ნაცისტებთან და უკრაინულ სპეცსამსახურებთან კავშირი ნახსენები არ აღმოჩნდა, რაც StopFake-ს ყოფილმა ბრალდებულებმა ალექსანდრ სიმონოვმა და რომან გრებენშიკოვმა უთხრეს. იგივე დაადასტურა „უკრაინელი ნაცისტების“ საქმის გამომძიებელმა ილია ბიჩევმა. StopFake-ის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ნახსენები საგამოძიებო კომიტეტის მასალებში ბრალდებულების კავშირები უკრაინულ ორგანიზაცია М.К.У-სთან, ილია ბიჩევის პასუხი ასეთი იყო: ”და რა არის საერთოდ МКУ?”
მიუხედავად ამ გამოძიებისა, 2021 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური М.К.У -ს წევრების დაჭერას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში კვლავ აგრძელებდა. ირკუტსკში, ტიუმენში, ანაპაში, სარატოვში და ათეულობით სხვა დასახლებაში, რუსული სპეცსამსახურების ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, “სამთავრობო ორგანოების ადმინისტრაციული შენობების აფეთქებები და მოქალაქეებზე შეიარაღებული თავდასხმები” მზადდებოდა, თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში უკვე შეუძლებელი იყო დაკავებული პირების იდენტიფიცირება.
МКУ-ს კავშირები უკრაინასთან 2021 წელს BBC-ის რუსულმა გამოცემამაც გამოიძია.
ჟურნალისტმა და პროექტის “Заборона”-ს დამფუძნებელმა კატერინა სერგაცკოვამ, რომელიც უკრაინული ულტრამემარჯვენე ჯგუფებს იკვლევს, BBC-ის განუცხადა, რომ М.К.У-ს შესახებ არასოდეს სმენია. ასევე, რუსეთში აკრძალული მემარჯვენე სექტორის წარმომადგენლის, არტიომ სკოროპადსკის თქმით, რუსეთში უკრაინული მემარჯვენე დაჯგუფებები, რომელთა აღქმაც სერიოზულად შეიძლება, არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს “დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის” საბაბით შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანის, დმიტრი პესკოვის თქმით, „უკრაინის დენაციფიკაციის“ მოთხოვნა უკრაინაში მოქმედი „ნაციონალისტური სამხედრო შენაერთების თავიდან მოშორებას” გულისხმობს. სწორედ ამიტომ, რუსეთი წლებია მუშაობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბი ხელოვნურად გააჩინოს და შექმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას.
რუსეთში ექსტრემისტული საქმიანობის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტული მასალების გავრცელება, ექსტრემისტული აქტების მომზადება, რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფების მიმართ სიძულვილის გაღვივება იკრძალება. ასევე აკრძალულ ჩამონათვალთა სიაში შედის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების კრიტიკა და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ამ კანონს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიის ინსტრუმენტად იყენებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 23 მარტს მოსკოვის სასამართლომ კომპანია “Meta” ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რუსეთში “ფეისბუკი” “ინსტაგრამი” აიკრძალა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.