რა ვიცით დრონ Seafox-ზე და ვინ აკავშირებს მას ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენების აფეთქებასთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

755
VIEWS

10 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა Irakli Zakareishvili და ნიკა კობერიძე წყალქვეშ არსებული მოწყობილობის ფოტოები გამოაქვეყნეს. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ნატომ ფოტოებზე გამოსახული მოწყობილობით ჩრდილოეთის ნაკადის სამივე წყალქვეშა მაგისტრალი ააფეთქა. ასევე, მისი თქმით, რუსეთის დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ შეერთებულმა შტატებმა 2015 წელს წყალქვეშა გაზსადენი არაერთ მონაკვეთზე დანაღმა და მათ აფეთქებას მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა სჭირდება. ხოლო მეორე ფეისბუქ მომხმარებლის, ნიკა კობერიძის მტკიცებით, 2015 წელს ნატომ განაცხადა, რომ მოწყობილობა წრთვნების დროს დაიკარგა. 

აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია რუსულ სამთავრობო მედიაშიც გავრცელდა. 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში აღნიშნეს, რომ 2015 წელს ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო დრონი Seafox ჩრდილოეთის ნაკადის გეგმიური შემოწმებისას აღმოაჩინეს. სიუჟეტის მიხედვით, აღმოჩენილი Seafox შვედურმა მხარემ გააუვნებელყო, ხოლო ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოწყობილობა სწავლებების დროს დაიკარგა. 11 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იდენტური ინფორმაცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც გაავრცელა.

Screenshot 1 4 რა ვიცით დრონ Seafox-ზე და ვინ აკავშირებს მას ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენების აფეთქებასთან?

გავრცელებული პოსტები დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს: 2015 წელს ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის სიახლოვეს აღმოჩენილი Seafox-ის დრონი შვედეთს ეკუთვნოდა და არა ნატოს, ხოლო ნატოს წარმომადგენლებს არ განუცხადებიათ, რომ დრონი მათ დაკარგეს. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ 2022 წლის სექტემბერში გაზსადენების დაზიანება ამ მოწყობილობით განხორციელდა, ან რომ ამაზე პასუხისმგებელი ნატოა. 

2015 წლის 6 ნოემბერს ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გეგმიური შემოწმების დროს სამხედრო მასალა ნამდვილად აღმოაჩინეს, რასაც გაზსადენის მეორე ხაზის დროებითი გამორთვა მოჰყვა. მოწყობილობა შვედეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, კუნძული გოთლანდიდან დაახლოებით 120 კილომეტრში იპოვეს. 2015 წლის 12 ნოემბერს ჩრდილოეთის ნაკადის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა განცხადება, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაპოვნი მოწყობილობის გაუვნებელყოფა წარმატებით მოახერხეს და ბუნებრივი აირის მიწოდება განახლდა. 

2015 წლის 17 ნოემბერს შვედეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ საიტზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოწყობილობა შვედური დისტანციური მართვის ხომალდი – Seafox-ია, რომელსაც შვედეთის არმია ძირითადად ნაღმების გაუვნებელყოფისთვის იყენებს. ხომალდი 2014 წლის გაზაფხულზე სწავლებების დროს დაიკარგა მას შემდეგ, რაც სპეციალური სადენი, რომლითაც ის იმართება, გაწყდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხომალდი გაზსადენისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან მას თვით-განეიტრალების ფუნქცია აქვს ჩაშენებული. 

შვედეთის არმიამ მოწყობილობა უსაფრთხო ადგილას გადაიტანა და გაანადგურა. შვედური მედიის ცნობით, მსგავსი ოპერაცია არმიას ადრეც ჩაუტარებია. 

ზოგიერთი ცნობით, სწავლებები, რომელზეც შეიარაღებული ძალების განცხადებაშია საუბარი, შესაძლოა Open Spirit იყოს, რომელიც ყოველწლიურად იმართება. 2014 წლის მაისში აღნიშნული სწავლება ლატვიის საზღვაო სივრცეში გაიმართა და მასში 13 ქვეყანა მონაწილეობდა. სწავლების მიზანი ბალტიის ზღვაში პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს დარჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა და განადგურება იყო. 

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში მოყვანილია სქრინები და ციტატა ნორვეგიული გამოცემა The Local-ის 2015 წლის 7 ნოემბრის სტატიიდან. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოწყობილობის წარმოშობა დაუდგენელია. ასევე, სტატია მანამდე გამოქვეყნდა, სანამ დადგინდებოდა, რომ მოწყობილობა შვედური დისტანციური მართვის ხომალდი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიებში ნაპოვნ Seafox-ს ნატოსთან არც რუსული სამთავრობო მედია აკავშირებდა. 7 ნოემბერს Russia Today წერდა, რომ აღმოჩენილი მოწყობილობის წარმოშობა დაუდგენელია და რომ შვედეთის შეიარაღებული ძალების მოსაზრებით, ის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხოლო 17 ნოემბერს RIA Novosti-მ საკუთარ სტატიაში დაადასტურა, რომ აღმოჩენილი მოწყობილობა შვედური Seafox-ია. შესაბამისად, 2015 წელს არც რუსული და არც დასავლური წყაროები აღმოჩენილი Seafox-ის ნატოსთან კავშირზე არ საუბრობდნენ. 

ზაქარეიშვილის პოსტში ასევე ვხვდებით მტკიცებას, რომ ნატომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები ამ მოწყობილობით ააფეთქა. 

2022 წლის 26 სექტემბერს მომხდარი აფეთქებების შემდეგ, გაზსადენები ჩრდილოეთის ნაკადი 1 და ჩრდილოეთის ნაკადი 2 ოთხ სხვადასხვა ადგილას დაზიანდა. მათგან ორი დანიის, ხოლო ორი შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს, შესაბამისად, გამოძიება სწორედ ამ ორი ქვეყნის სპეციალურმა სამსახურებმა დაიწყეს. 6 ოქტომბერს შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა შემთხვევის ადგილების შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გაზსადენების დაზიანება აფეთქებების შედეგი იყო, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ მომხდარი საბოტაჟს წარმოადგენდა. განცხადებაში არ იყო ნახსენები Seafox ან სხვა რომელიმე კონკრეტული მოწყობილობა, რომლითაც გაზსადენების დაზიანება მოხდა. ასევე, არ არსებობს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებაც, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე, შესაბამისად, მტკიცება, რომ აფეთქებების უკან ნატოს წევრი ქვეყნები დგანან და მათ ამისთვის Seafox-ის დრონები გამოიყენეს, მტკიცებულებებს არ ემყარება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist