27 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “ლიდერი 41” მიხეილ სააკაშვილის ფოტოშარჟი გამოაქვეყნა, რომელზეც ის თეთრ ხალათშია გაკოჭილი. ფოტოს თან ერთვის ტექსტი, რომლის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი სასამართლო დარბაზის სხდომის იმიტაციას აკეთებს, მოსამართლეს სამართლიანობისკენ მოუწოდებს და წარმოსახვაში იგი უდანაშაულოდაც კი სცნეს.
“ლიდერი 41”-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ექიმის გაყალბებულ სიტყვებს ავრცელებს. 27 ნოემბერს ნინო გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.
27 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტის ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, თუმცა მცირედი სისუსტე აღენიშნება. ექიმის თქმით, ენდოკრინოლოგებთან შეთანხმებით, სააკაშვილის კვების რაციონი გაფართოვდა, მიდის ძალების აღდგენა და იგი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.
ნინო გოგორიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი: „დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებში არის. კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის უკვე სრული მენიუთი, მენიუ შედგენილია ენდოკრინოლოგებთან შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის. დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
-ხვალაც რომ ასე გაგრძელდეს, ის მზად იქნება, რომ მისსავე სასამართლო პროცესს დაესწროს?
ნინო გოგორიშვილი: ვფიქრობ, რომ იქნება.”
“რადიო თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებული უწყეტი კადრებიდან ჩანს, რომ ნინო გოგორიშვილი ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოსკენ მიემართება და მას სხვა განცხადება აღარ გაუკეთებია.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად ციხეში 50 დღე შიმშილობდა.
წყაროს შესახებ
“ლიდერი 41” მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდია, რომელსაც მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტები და ყალბი ციტატები არაერთხელ გაუვრცელებია.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი დაპატიმრების შემდეგ “ლიდერი 41-ის მიერ გავრცელებული პოსტები ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია და მის გათავისუფლებას რუსეთის ინტერესების გამომხატველი პირები ითხოვენ.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:
რა თქვა რეალურად ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავებაზე?
უკრაინელი თუ რუსი ჟურნალისტი – ვინ თხოვს ზელენსკის სააკაშვილის გათავისუფლებას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.