რა თქვა რეალურად ბაიდენმა 1997 წელს ბალტიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.9k
VIEWS

8 მარტს რუსულმა სახელმწიფო მედია Russia Today-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ნატოში გაწევრიანების და ამასთან დაკავშირებით რუსეთის დამოკიდებულების შესახებ საუბრობს. ვიდეო 1997 წელს ბაიდენის ერთ-ერთი გამოსვლიდან 35 წამიან ფრაგმენტს წარმოადგენს. ნაწყვეტში ბაიდენი, რომელიც იმჟამად სენატორი იყო, ამბობს:

ჯო ბაიდენი: “ვფიქრობ, ერთი ადგილი, სადაც დიდი შიში იქნება გამოწვეული მოკლევადიან პერიოდში მიღების თაობაზე, რომელსაც კავშირი არ აქვს დამსახურებასთან ან ქვეყნების მზაობასთან შეუერთდნენ ალიანსს, იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნების მიღება ახლა, ნატო-რუსეთის და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების კუთხით. თუ ოდესმე ყოფილა რამე, რაც შეცვლის ბალანსს რუსეთში, ძლიერი და მტრული რეაქციის კუთხით, არ ვგულისხმობ სამხედროს, ეს იქნება.”

Russia Today-ს პოსტში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 1997 წელს ბაიდენს ესმოდა, რას ნიშნავდა რუსეთისთვის ნატოში საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი ქვეყნების გაწევრიანება. იდენტური ვიდეო გამოაქვეყნეს The Moscow Post-მა და ВЗГЛЯД.РУ-მაც. ბაიდენის გამოსვლის აღნიშნული ნაწყვეტი ასევე გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდებზე СМЕРШ, Пул Первого, Русская армия – Russian army, Russian Washington და Кавказ и Россия: вместе навсегда, ვიდეო ასევე გამოქვეყნდა ფეისბუქ ჯგუფში Новости Эстонии.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 1997 წლის გამოსვლა რუსულ მედიაში სრული კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურად ვრცელდება. გამოსვლის მომდევნო ნაწილში ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი მიხვდება, რომ NATO-ს გაფართოება მისთვისაც სარგებლის მომტანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსში გაწევრიანდებიან.

ფრაგმენტი, რომელიც რუსულენოვან ფეისბუქ გვერდებზე ვრცელდება, ატლანტიკურ საბჭოში ჯო ბაიდენის მიერ 1997 წლის 20 ივნისს წარმოთქმული სიტყვიდანაა. ბაიდენმა, რომელიც იმჟამად აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი იყო, NATO-ს გაფართოებაზე ისაუბრა. ბაიდენმა ამავე წლის ივლისში დაგეგმილი ნატოს სამიტის შესახებ ისაუბრა, სადაც ალიანსში გასაწევრიანებლად უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი მიიწვიეს. ბაიდენს ერთ-ერთი კითხვა ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნების სამომავლო გაწევრიანების პერსპექტივაზეც დაუსვეს, რაზეც მან რუსულენოვან პოსტებში მოყვანილი პასუხი გასცა. თუმცა ვიდეო პასუხის მხოლოდ მცირე მონაკვეთს მოიცავს და არ ჩანს, რომ ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მიხვდებოდა, რომ NATO-ს გაფართოება მის ინტერესებშიც შედიოდა რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების შექმნის კუთხით და საბოლოოდ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ალიანსის წევრი გახდებოდნენ:

ჯო ბაიდენი: “ჩემი გათვლა ასეთია. მე მჯერა, და ერთხელ მითხრეს, რომ ამ ბიზნესში რომ იყო ოპტიმისტი უნდა იყო, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ზედმეტად ოპტიმისტურიც არის, მაგრამ მჯერა, რომ დრო, რაშიც მომდევნო რამდენიმე წელი იგულისხმება, გადაჭრის ამ პრობლემას, იმ დონემდე, როდესაც რუსეთი გახდება კომფორტული ამ იდეასთან და დაინახავს, რომ ნატოს გაფართოება არა მხოლოდ არ არის მათი ინტერესების საწინააღმდეგო, არამედ მათ ინტერესშია სტაბილურობის გაფართოების კუთხით. ამ დონეზე ნატოში ბალტიისპირეთის სახელწიფოების გაწევრიანება რეალობა გახდება. ვფიქრობ, ამ ორს შორის არის კორელაცია. ასე რომ, ჩემი მოლოდინია, ისევე როგორც იმედი, რომ უახლოეს მომავალში, ამ საუკუნის ბოლომდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოში მივიღებთ, თუ კვლავ ენდომებათ გაწევრიანება”.

ბაიდენმა ამავე გამოსვლაში თქვა, რომ მისი აზრით, აუცილებელი არ არის, რომ NATO-ს გაფართოებამ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მისი თქმით, ამ დასკვნამდე მოსკოვში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს მივიდა, როდესაც რუს პოლიტიკოსებს და ექსპერტებს შეხვდა. ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რუსი მიესალმება ნატოს გაფართოებას, პოლიტიკოსებმა მიიღეს ეს იდეა და არც ერთი რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის პარლამენტარები, ვისაც ის შეხვდა, არ მიიჩნევს, რომ ალიანსის გაფართოება მათი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ბაიდენის თქმით, ყველა პოლიტიკოსს და ექსპერტს ესმოდა ალიანსის არა-აგრესიული ბუნება, რომელიც მის დეკლარაციაში იყო გამოხატული იმის თაობაზე, რომ არ მოხდებოდა ნატოში ახლადგაწევრიანებული ქვეყნების ტერიტორიაზე ბირთვული არსენალის განთავსება. მისივე თქმით, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული პრობლემა მათი მხრიდან უფრო მეტად ფსიქოლოგიურია და იმპერიის დაკარგვას და 21-ე საუკუნეში მსოფლიოში რუსეთის ადგილის შესახებ არსებულ გაურკვევლობას უკავშირდება.

აღნიშნული ციტატის მანიპულაციური გავრცელება თანხვედრაშია კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიასთან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ამტკიცებს, რომ არსებობდა რუსეთისთვის მიცემული პირობა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას არ დაუშვებდნენ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist