3 ივლისს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი” “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა ვაჟა ოთარაშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთი საქართველოს არასოდეს დახმარებია, რის ერთ-ერთ მაგალითადაც მოიყვანა ინფორმაცია, რომ 1918 წლის 28 მაისს საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული 5 პუნქტიანი ხელშეკრულება (ფოთის შეთანხმება) მთლიანად გერმანიის ინტერესებს ემყარებოდა და ქართული რესურსების მიტაცებაზე იყო მორგებული. ოთარაშვილის მტკიცებით, მთლიანი დოკუმენტი ეხებოდა “მარგანეცის (მანგანუმის) უპირობო გატანას საქართველოდან”, საქართველოს რკინიგზისა და მუშახელის გამოყენებით, ბუნებრივი რესურსის მოპოვება-გადაზიდვის პროცესს კი ზედამხედველობას გერმანული მხარე გაუწევდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველად ხელშეკრულება დაიბეჭდა პარიზში, 1921 წელს ზურაბ ავალიშვილის თაოსნობით, რომელმაც ამ შეთანხმებას კაბალური უწოდა.
ოთარაშვილის მტკიცება, თითქოს 1918 წლის 28 მაისის ხელშეკრულება მხოლოდ მანგანუმის საქართველოდან გატანას გულისხმობს, სიმართლეს არ შეესაბამება. შეთანხმების მიხედვით, საქართველომ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მიიღო და თავიდან აირიდა ოსმალეთის მხრიდან ოკუპაცია. მანგანუმის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის 1918 წლის 12 ივლისს შედგა. ამასთანავე, ოთარაშვილის მტკიცების საპირისპიროდ, ზურაბ ავალიშვილი აღნიშნულ ხელშეკრულებას მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა.
1918 წლის 28 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღეში, სახელმწიფომ დადო მისი პირველი ხელშეკრულება გერმანიის იმპერიასთან, რომელიც ცნობილია როგორც “ფოთის შეთანხმება”. დოკუმენტის სრული სახელწოდებაა „დროებითი შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის წინასწარი ურთიერთდამოკიდებულების დამყარების შესახებ“ და ის 5 პუნქტისგან შედგება:
I. საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს.
II. საქართველო ნებას აძლევს გერმანიის მთავრობას ომის დასრულებამდე ისარგებლოს საქართველოს რკინიგზებით ოთხივე მოკავშირე სახელმწიფოების ჯარების და სამხედრო მასალის გადასატანად. რკინიგზების ამ კუთხით ზედამხედველობისათვის თბილისში არსდება განსაკუთრებული კომისია გერმანიის ხელმძღვანელობით, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. გათვალისწნებულია გერმანიის მცირე რაზმების დაყენება რკინიგზის სადგურებსა და ფოთის ნავსადგურში.
III-IV. დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების დაარსების შესახებ
V. მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ოფიციალური ტრაქტატით.
ვაჟა ოთარაშვილის მტკიცების საპირისპიროდ, 28 მაისის ხელშეკრულებაში მანგანუმის საკითხი არ ფიგურირებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დოკუმენტის არაერთი პუნქტი უფრო ხელსაყრელი იყო გერმანიისთვის, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან მისი გაფორმებით გერმანიამ პრაქტიკულად დე-ფაქტო ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და ხდებოდა მისი უსაფრთხოების გარანტი.
როგორც ისტორიკოსები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სწორედ ამ შეთანხმების გაფორმებამ და გერმანიასთან დაახლოებამ აარიდა საქართველოს ოსმალეთის მიერ ოკუპაციის საფრთხე. 1918 წელს სიტუაცია თურქეთსა და საქართველოს შორის გართულებული იყო, ისინი ცდილობდნენ ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, რასაც მარტში სამხედრო დაპირისპირებაც მოყვა და უკვე აპრილში მათ მოახერხეს ბათუმის, არტაანისა და ოზურგეთის სწრაფად დაკავება და საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად გერმანიასთან დაახლოება მიიჩნია, რამაც საბოლოოდ გამოიღო კიდეც შედეგი. სწორედ ამ ევროპული იმპერიის რჩევით მოხდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა. დაშლიდან 2 დღეში კი, 28 მაისს ხელი მოეწერა ზემოთ ნახსენებ ხელშეკრულებას, “რომელიც, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ფინანსურ და სავაჭრო პრობლემებს აწესრიგებდა”. დამოუკიდებლობის გამოცხადების და გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ადასტურებს იმავე წლის 24 მაისის წერილი, რომელიც შეადგინა დიპლომატმა ზურაბ ავალიშვილმა და ხელი მოაწერა აკაკი ჩხენკელმა:
დამოუკიდებლობის გამოცხადება და 28 მაისის შეთანხმება საფუძვლად დაედო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს და სწორედ მის საფუძველზე 3 ივნისს აიძულა ოსმალეთი, ეღიარებინა საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი საზღვრები და დაებრუნებინა ოკუპირებული ბათუმი და სამცხე ჯავახეთში ოკუპირებული რაიონები. ზაფხულში აჭარაში შეაიარაღებული დაპირისპირება მოხდა თურქულ ჯარებსა და ქართულ-გერმანულ ნაწილებს შორის და მასში საქართველოში მცხოვრები გერმანელებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ დაახლოებით 20 000-მდე ჯარისკაცი შემოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის დაცვის მიზნით.
აღსანიშნია, რომ 28 მაისს ფოთში ხელი მოეწერა სხვა კონვენციებსაც:
1) სამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ;
2) გერმანიიდან საქართველოში სამხედრო დანიშნულების ტვირთების უბაჟოდ შემოტანის შესახებ;
3) საქართველოს ტერიტორიაზე იმხანად მიმოქცევაში არსებულ ადგილობრივი ფულის ნიშნებთან (ამიერკავკასიის კომისარიატის ბონებთან) ერთად, გერმანიის იმპერიის ფულის ნიშნების, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალების, ბრუნვაში დაშვების შესახებ;
4) საქართველოს მთავრობის მიერ მის ტერიტორიაზე მყოფი გერმანული ჯარის სურსათით უზრუნველყოფაში დახმარების შესახებ;
5) საქართველოში მოქმედი გერმანიის სახელმწიფო კომისიის მიერ სურსათის ნაღდ ფულზე შეძენის შესახებ და სხვ.
-
მანგანუმის ხელშეკრულება
ფოთში გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში და ამ ეკონომიკურ-პოლიტიკურ დოკუმენტის საფუძველზე, მომდევნო თვეებში არაერთი ახალი შეთანხმება შედგა. საქართველოს დაუძლურებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ძლიერ გერმანულ კომპანიებთან ურთიერთობას მრეწველობის სფეროში, რასაც 12 ივლისს მოყვა კიდეც 3 ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც ზურაბ ავალიშვილმა “მარგანეცის ხელშეკრულება უწოდა”. დიპლომატი, რომელიც პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, დღიურში აღნიშნავს, რომ არავისთვის არ იყო გასაკვირი გერმანელების ინტერესი მანგანუმის მიმართ, რომელიც მათ ძალიან ჭირდებოდათ, განსაკუთრებით ომის პერიოდში. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქართული კანონდებლობით შეიქმნებოდა სააქციო საზოგადოება, რომელიც რესურსის საზღვარგარეთ გატანის საქმეს მოაგვარებდა. მანგანუმის ეფექტური ტრანსპორტირებისთვის დამატებით შეიქმნა ორი მსგავსი სააქციო საზოგადოებაც. გერმანელები საქართველოს ამ ბიზნესიდან დიდ მოგებას უწესებდნენ, მაგრამ დამატებით მათი სურვილი იყო, რომ სამივე სააქციო საზოგადოება მხოლოდ გერმანული ყოფილიყო. თუმცა, ქართული მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, გადაწყდა, რომ სამივე საბჭოში ქართველებს უნდა დაეკავებინათ მაღალი თანამდებობების ნაწილი, საბჭოს წევრთა რაოდენობა კი თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. შედეგად, “გერმანულ ჯგუფს უპირატესობა ეძლეოდა აქტიური ადმინისტრაციის მხრივ, ქართულს კი – ზედამხედველობაში, მონაწილეობა თანაბარი რჩებოდა”. აღსანიშნია, რომ ოქმში შეტანილი პუნქტის მიხედვით, “საქართველოს მთავრობა აღიარებდა ამ ხელშეკრულებებს საბოლოოდ მხოლოდ ფინანსური ხელშეკრულებების დადებისა (რომელთა თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება) და საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის იმპერიას შორის პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარკვევის შემდეგ“.
-
ზურაბ ავალიშვილის შეფასება
ზურაბ ავალიშვილმა ერთ-ერთი უმთავრესი როლი შეასრულა გერმანია-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებასა და 1918 წლის 28 მაისის ხელშეკრულების გაფორმებაში. ის მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ გერმანელთა როლი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში უდიდესი იყო და სწორედ მათი ჩარევის შედეგად გადაურჩა ქვეყანა ოსმალთა ოკუპაციას. ეს ფაქტი მან საკუთარ ნაშრომშიც აღნიშნა.
ავალიშვილი ასევე პირადად იყო ჩართული 1918 წლის ზაფხულში გერმანიასთან გაფორმებული დოკუმენტების მოლაპარაკებებში, რომელთა შორის “მარგანეცის ხელშეკრულებაც” იყო.
ფოთის შეთანხმებამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ლეგიტიმაცია და ფაქტი, რომ ამას გერმანია უჭერდა მხარს, ბევრს ნიშნავდა საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები მისცა. უმნიშვნელოვანესი იყო 27 აგვისტოს მოვლენაც, როდესაც გერმანიამ საბჭოთა რუსეთთან დადებულ დამატებით ხელშეკრულებაში მე-15 მუხლად ჩაწერა შემდეგი პუნქტი: “საბჭოთა რუსეთი თანახმაა, გერმანიამ აღიაროს საქართველოს დამოუკიდებლობა”. ამასთანავე, დოკუმენტზე დაყრდნობით წლის განმავლობაში გაფორმდა არაერთი ეკონომიკური ხელშეკრულება, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო და რომლებსაც საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებდა ლეგიტიმურად, თუ გერმანია გაუწევდა სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებას და დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებლობას აღიარებდა. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი წერდა: „თუ გერმანელებმა ჩვენთან შემოსვლით და აქ ყოფნით იმ დროს რითიმე ისარგებლეს, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ყველაფრის ანგარიში რიგიანად გაასწორეს”.
1918 წლის 28 მაისის ხელშეკრულების შესახებ “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.