რა ფასი აქვს რუსულ გაზს – პოლიტიკური თუ კომერციული?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

the_impious_gas_cut_347249
345
VIEWS

2020 წლის 16 ივლისს Sputnik-Abkhazia-მ პოლიტოლოგ იგორ შატროვის სპუტნიკ რადიოსთან მიცემული ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც რუსული გაზისა და  Nord Stream 2-ის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას შეეხებოდა. პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამერიკისგან განსხვავებით რუსეთი ევროპის მიმართ გაზის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის არასდროს იყენებს.

 

 

იგორ შატროვი: “რუსეთისგან და მანამდე სსრკ-სგან, რომელიც ასევე აწვდიდა გაზს ევროპას, არასოდეს ყოფილა მითითებები ისეთი ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ, როგორიცაა პოლიტიკური გავლენა ევროკავშირზე. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე სახის დავის დროს არგუმენტად გამოყენებულიყო “ჩვენ გავწყვეტთ თქვენთვის გაზის მოწოდებას თუ თქვენ არ მიიღებთ ჩვენი ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას”.

პოლიტოლოგ იგორ შატროვის მტკიცება ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება. რუსეთი აქტიურად იყენებს გაზის საკითხს ევროკავშირთან და ზოგადად ევროპასთან დიპლომატიაში. ხშირია მუქარა, რომელიც სწორედ გაზის შეწყვეტას ან რუსული ბუნებრივი აირისთვის სხვა ბაზრის ძებნას უკავშირდება.

რუსეთის გაღიზიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სანქციები შესაძლოა იმ ევროპულ კომპანიებზეც გავრცელდეს, რომლებიც გაზსადენის პროექტებში Nord Stream 2 და Turkstream იქნებიან ჩართულები. აღნიშნული გაზსადენებით ევროპა რუსეთისგან გაზს მიიღებს. როგორც აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა განაცხადა:

“ეს ნათელი გაფრთხილებაა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ და მონაწილეობენ რუსეთის მავნებლური გავლენის პროექტებში, რომ ჩვენ ამისადმი ტოლერანტულები არ ვიქნებით. ახლავე გამოდით, ან გარისკეთ და მიიღეთ ის შედეგები, რაც დარჩენას მოჰყვება”. 

პომპეოს განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვაც, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ ამგვარი გადაწყვეტილებით ძალადობს:

“ეს არის პოლიტიკური ზეწოლა უსამართლო კონკურენციის მისაღწევად. ეს ამერიკული სისტემის სისუსტეს აჩვენებს. ძალადობრივი მეთოდების გარდა მათ სხვა ეფექტური ხელსაწყოები არ გააჩნიათ”

რუსეთი წლებია გაზს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში გაზისა და ნავთობის ექსპორტით სსრკ ცდილობდა უპირველესად აღმოსავლეთ ევროპაზე და შემდგომ დასავლეთ ევროპაზე ზეგავლენის მოხდენას. სსრკ შეგნებულად აძლევდა თავის მოკავშირეებს ნავთობსა და გაზს საკმაოდ დიდად სუბსიდირებული ფასებით – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურად შესაბამის მდგომარეობაში დარჩებოდნენ. სუბსიდიები ის ძირითადი იარაღი იყო, რისი გამოყენებითაც სსრკ თავის პოლიტიკურ გავლენას და ევროპის მასზე დამოკიდებულებას ინარჩუნებდა. სსრკ კიდევ უფრო დიდ დახმარებას უწევდა იმ სახელმწიფოებს, რომელთაც სხვადასხვა შიდა პრობლემები ექმნებოდათ. მაგალითად პოლონეთის სოლიდარობის დროს (1980-1981) წლებში სსრკ-მ მას უფრო მაღალი სუბსიდიები მისცა, თუმცა ამის საპირისპიროდ კრემლთან დაპირისპირებული რუმინეთი ვალდებული იყო უფრო დიდი და ძვირიანი ბაზრისთვის მიემართა. 1979 წელს უნგრეთი ენერგიის 97%-ს სსრკ-სგან იღებდა, ბულგარეთი 92%-ს და აღმოსავლეთ გერმანია 90%-ს, ხოლო კრემლთან დაპირისპირებული რუმინეთი მხოლოდ და მხოლოდ 16%-ს.

რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შემცირდა 80-იან 90-იან წლებში, რადგან სსრკ ნელ-ნელა იშლებოდა, ფასები ეცემოდა, ხოლო ზოგიერთი კომპანია პრივატიზებული ხდებოდა და სახელმწიფოს გავლენა ნავთობკომპანიებზე შედარებით შემცირდა. რუსეთმა თავისი გავლენები (სხვების დამოკიდებულება მის ნავთობსა და გაზზე) უფრო მეტად გაააქტიურა და მაქსიმუმს ვლადიმერ პუტინის დროს მიაღწია, შედეგად რუსეთმა ენერგია პოლიტიკის კიდევ ერთ-ერთ იარაღად აქცია.

"
კარიკატურა რომელიც გვიჩვენებს რუსეთის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ გაზის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას
თავდაპირველად გამოქვეყნდა www.expresso.pt-ზე 7 იანვარი, 2009

2000-2008 წლებში ნავთობი და განსაკუთრებით გაზი უფრო და უფრო ღირებული გახდა, რუსეთმა კი ეს შესაძლებლობა სათავისოდ გამოიყენა. პუტინის ადმინისტრაციამ განიზრახა, უფრო მეტი კონტროლი ჰქონოდა რუსეთის გაზისა და ნავთობის სექტორზე, რაც კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემდა რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, საერთაშორისო ურთიერთობებში. ის სახელმწიფოები კი, რომლებიც რუსული ენერგიით სარგებლობდნენ, პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ გაბედავდნენ დაპირისპირებულიყვნენ რუსეთთან და ბოიკოტი გამოეცხადებინათ მისი პროდუქციისთვის.

ამ პერიოდში რუსეთი ბუნებრივი აირის ფასებს შესაბამის პოლიტიკურ დატვირთვას სძენდა და ის იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ როგორ დამოკიდებულებაში იყო კრემლი ამა თუ იმ სახელმწიფოსთან. რუსეთი ზოგადად ზრდიდა ფასებს, თუმცა უფრო მეტად ზრდიდა მათთვის, ვინც დაპირისპირებული იყო კრემლთან (უკრაინა, საქართველო).

რუსული ბუნებრივი აირის ფასები ($/TCM)

2005 2006 2007 2008
სომხეთი $56 $110 $110 $110
ბელარუსი $46 $46 $110 $125
საქართველო $63 $110 $235 $235
მოლდოვა $80 $110 $170 $190
უკრაინა $50 $95 $130 $160

წყარო: Randall Newnham, “Oil, carrots, and sticks: Russia’s energy resources as a foreign policy tool

რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება 2006 წელსაც გამოჩნდა. ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მხარდაჭერამ პუტინისადმი დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ რუსეთმა ბელარუსს საკმაოდ იაფ ფასად შესთავაზა გაზი, მაშინ როცა პროდასავლური უკრაინისგან ამავე პერიოდში 5-ჯერ გაზრდილ ფასს ითხოვდა.

რუსეთი რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ფასების მანიპულაციურ ცვლილებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ეს კარგად ჩანს რაისის უნივერსიტეტის ბეიკერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში, სადაც განხილულია ის შემთხვევები, როდესაც რუსეთი ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებდა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია, თუ როდის გამოიყენა რუსეთმა ენერგიის მიწოდება და ფასების მანიპულაცია პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში ვხვდებით არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც.

"
წყარო: ბეიკერის ინსტიტუტი, რაისის უნივერსიტეტი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული:

“გაზპრომი წლების განმავლობაში ითმენს გარკვეული მომხმარებლების, მაგალითად უკრაინის ნაფტოგაზის მასობრივ დავალიანებას, შემდეგ კი მოულოდნელად აწესებს მკაცრი გადახდის მოთხოვნებს და ამაღლებს ფასებს, როდესაც იზრდება გეოპოლიტიკური დაძაბულობა რუსეთის მთავრობასა და ენერგიის მიმღებ მთავრობას შორის.”

რუსეთმა უკრაინასთან მიმართებით ბუნებრივი აირი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენა

გაზპრომის შემთხვევაში არასტაბილური მიწოდება ხშირია. რუსეთი სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების გამო ბუნებრივი აირის მიწოდებას ხშირად წყვეტს და სახელმწიფოებს დიდ პრობლემებს უქმნის. მსგავსი ტიპის მოვლენები განვითარდა საქართველოს, უკრაინას, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ სხვადასხვა დროს.

უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა არა მხოლოდ ბუნებრივი აირის შეჩერება, არამედ უკრაინის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება განიზრახა. მიწოდება 2014 წელს შეჩერდა, როდესაც უკრაინა და რუსეთი ფასზე ვერ შეთანხმდნენ და უკრაინამ რუსეთის შემოთავაზება არასამართლიანად მიიჩნია.

უკრაინა რუსეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელს წარმოადგენდა და წლების განმავლობაში უკრაინა აღნიშნული შუამავლობით სატრანზიტო გადასახადების შედეგად დაახლოებით 2-3 მილიარდ დოლარს იღებდა. რუსეთმა ჩრდილოეთის დინება 2 (Nord Stream 2) და Turk Stream-ის აშენება და გამოყენება სწორედ უკრაინისგან თავიდან არიდების მიზნით განიზრახა. ნორდ სტრიმი 2-ის საშუალებით ევროპა რუსეთისგან ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის გავლით მოიპოვებდა, აღნიშნული გაზსადენი კი ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ბუნებრივ აირზე კიდევ უფრო გაზრდიდა, რის წინააღმდეგაც სახვადასხვა სახელმწიფოები დღემდე გამოდიან. იმავე მიზანს ემსახურება Turk Stream-იც. (Zolpidem Tartrate)

რუსული გაზის უარყოფითი მხარეების შესახებ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული სხვა სტატიაც “12 მიზეზი, თუ რატომ #NoToGazprom” შეგიძლიათ იხილოთ.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist