რა მოხდა ამაღლების დღეს ბუზმარეთში და ვის ეკუთვნის ეკლესია?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

170
VIEWS

14 მაისს ფეისბუქ-გვერდმა სოფელ უდეს მონასტრები ვებ-გვერდ monastrisnobati.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია გააზიარა, რომელიც კათოლიკეების მიერ 13 მაისს სოფელ ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაულის აღნიშვნას შეეხება. სტატიაში, რომლის სათაურია “რომის ლათინური ეკლესიის მრევლის ყოველწლიური შემოჭრა ბუზმარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში”, აღნიშნულია, რომ  ორი წელია, რაც სამართალდამცავები პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, კათოლიკებს ბუზმარეთში საზღვრის შიგნით არ უშვებენ, რის გამოც მათ 13 მაისს  ქვედა ბუზმარეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან ამაღლების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მესსა აღასრულეს. სათაურის თანახმად, ბუზმარეთის ეკლესია მართლმადიდებლურია, სადაც კათოლიკები შეიჭრნენ, გარდა ამისა, სტატიაში წერია, რომ კათოლიკეები ბუზმარეთში მდებარე ორ უძველეს მართლმადიდებლურ ტაძარზე პრეტენზიას აცხადებენ და ძალით ცდილობენ  იმის მიტაცებას, რაც მათ არ ეკუთვნით.

;
monastrisnobati.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს კათოლიკე მრევლი ბუზმარეთის ეკლესიებში ყოველწლიურად იჭრება, მანიპულაციაა. კათოლიკეები ამაღლების დღესასწაულს მრავალი წელია ბუზმარეთში აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში კი მართლმადიდებლური ეკლესია მათ ადგილზე მისვლას უკრძალავს. რაც შეეხება ტაძრების კუთვნილების საკითხს, უკვე წლებია კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დავა მიმდინარეობს, მრავალი ისტორიული წყარო კი მოწმობს, რომ სოფელ უდესა და ბუზმარეთში მდებარე ეკლესიები კათოლიკურია. კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე  ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის შესახებ კი აღნიშნულია, რომ ის 1901-1909 წლებში კათოლიკე მრევლის ძალისხმევით, როგორც კათოლიკური ეკლესია, ისე აშენდა.

monastrisnobati.ge-ს სტატიას კათოლიკე ეკლესიის კანცელარიის გამგე გამოეხმაურა

სტატიას კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, ხიზაბავრისა და ვარგავის ეკლესიების წინამძღვარი აკაკი ჭელიძე წერილით გამოეხმაურა. საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ გასული წლის მსგავსად, კათოლიკე მრევლს სასაზღვრო დაცულ ზონაში შესვლისა და ზედა ბუზმარეთის ტაძრამდე მისვლის შესაძლებლობა არ მიეცა. აკაკი ჭელიძე იხსენებს, რომ შარშან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, მართლმადიდებლური კალენდრით ამაღლების დღეს, მრევლს სასაზღვრო ჭიშკარი გაუხსნეს, რაც ბადებს ეჭვს, რომ პანდემიის შეზღუდვები ერთგვარი საბაბია და ამ გზით კათოლიკეების ბუზმარეთის ეკლესიიდან ჩამოშორებას ცდილობენ, ეს კი ქართველი კათოლიკეებისთვის ტაძრების წართმევა და აშკარა უსამართლობაა.

“სამხრეთის კარიბჭე” წერს, რომ კათოლიკე მრევლმა საზღვრის გახსნის თხოვნით 4 მაისს სასაზღვრო პოლიციას მიმართა, მათ კი უპასუხეს, რომ საზღვარს გახსნიდნენ, ამაღლების დღესასწაულამდე 2 დღით ადრე კი განუცხადეს, რომ კორონავირუსის გამო, საზღვრის გახსნაზე თანხმობას ვერ მისცემდნენ. საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოს განცხადებით, საქმეში ჩართული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც სამხრეთის კარიბჭესთან კომენტარში ამბობს, რომ კანონი, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს ღია სივრცეში წირვის ჩატარება იკრძალება, არ არსებობს. მეუფე ჯუზეპე პაზოტოს განცხადებით, გარდა იმისა, რომ პირბადე უნდა ატარონ და დისტანცია დაიცვან, სხვა კანონი, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეში წირვის ჩატარება ეკრძალებათ, არ არსებობს.

უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1904-1906 წლებში კათოლიკე ქართველების მიერაა აგებული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე კულტურის კვლევების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად  კათოლიკური ეკლესიების ისტორიასა და არქიტექტურის შესახებ მომზადებულ სადისერტაციო ნაშრომში უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზეცაა საუბარი. ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში აგებული დიდი გუმბათიანი ეკლესიის ადგილზე იდგა. ეკლესიის ფილებზე გაკეთებული წარწერების თანახმად, ძველი ეკლესიის ადგილზე ახალი ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა კათოლიკეებმა მუსლიმების დახმარებით ააშენეს.

ჩრდილოეთ ფასადზე ვკითხულობთ: ,,პაპი პიი X, ეპისკოპოზ კესლერ, უდეს მღვდელი სიმონ, 1909; 1901 წ. აღშენდა 1909 წ. სამცხე საათაბაგოს მესხ ქართველებმა უდის 272 მოსახ.[ლემ] კათოლიკებმა“.

ეკლესიის სამხრეთ ფასადის წარწერა კი გვეუბნება: “უდეს არის კათოლიკები 2120 სული მაშენებელი ამა საყდრისა. მაჰმადიანები 520 სული ორივ ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო შენ გწირამთ ჩვენს შრომასა”

გარდა ამისა, ტოლერანტობის ცენტრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი კათოლიკეების თქმით, ეკლესიის გუმბათის ჯვარზე  ამოტვიფრულია წარწერა: ჯვარი ჩამოისხა 127 კათოლიკეს შესაწირით.

1930-იან წლებში კათოლიკე მღვდელმსახური დააპატიმრეს, ხოლო ტაძარი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცა და მას შემდეგ იქ ლოცვა მართლმადიდებლური წესით მიმდინარეობს.

როგორც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, 2012 წლის 28 ნოემბერს ცენტრის წარმომადგენლები სოფელ უდეში იმყოფებოდნენ და ღვთისმშობლის ტაძარში მიმდინარე საკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს. ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ტაძარს კათოლიკე ეკლესიებისათვის დამახასიათებელი თაღოვანი გადახურვა ჰქონდა, თუმცა სამუშაოების შემდეგ ეკლესიის იერსახე მკვეთრად შეცვლილია და  მისი გუბმათი მართლმადიდებლური ეკლესიისას ჰგავს.

;
ფოტო: სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი

ეს ფაქტი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 2020 წლის ანგარიშშია  (“რესტიტუციის პოლიტიკა საქართველოში”) აღნიშნული, სადაც ვკითხულობთ, რომ 2012 წელს სოფელ უდეს კათოლიკურ ეკლესიაში ადგილობრივმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ტაძრის გუმბათის სარემონტო სამუშაოები თვითნებურად ჩაატარეს, გარდა ამისა, კათოლიკეების თქმით, მართლმადიდებელი მრევლის წევრებმა უდეს ტაძრის სალოცავი კუთხიდან ლათინ კათოლიკეთა რელიგიური ატრიბუტიკა გაიტანეს, შემდეგ კი კათოლიკე თემს იქ ლოცვის უფლებას აღარ აძლევდნენ. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული, ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ტაძარი ადგილობრივი კათოლიკე მოსახლეობის ძალისხმევით სიმონ ჭილაშვილის მიერ, როგორც კათოლიკური ეკლესია 1901-1909 წლებშია აშენებული.

;

;
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის პორტალი

ლიბერალის” 2016 წლის სტატიაში თეოლოგ ბექა მინდიაშვილის კომენტარია მოცემული, რომელიც ამბობს, რომ საპატრიარქოს მიმართ რესტიტუციის პროცესი ხელისუფლებამ 80-იან წლებში დაიწყო და საპატრიარქოს პირობა იყო, რომ თუ ტაძრები მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუბრუნდებოდა, ისინი უფრო მოვლილი იქნებოდა და კათოლიკეებიც შეძლებდნენ იქ მსახურებას.

“სამხრეთის კარიბჭესთან” საუბრისას არლის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ზურაბ კაკაჩიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე წირვა პირველად 2005 წელს ეკლესიის საზღვრის შიგნით ჩაატარა, 2007 წლიდან კი მრევლმა ეკლესიის ეზოს გარეთ გადაინაცვლა, რადგან ტერიტორია მართლმადიდებლურმა მონასტერმა დაიკავა და კათოლიკე მრევლს ეზოში წირვის ჩატარების უფლება აღარ მისცეს. გამოცემის 70 წლის რესპონდენტი კი იხსენებს, რომ ამაღლების დღესასწაულის ბუზმარეთში აღნიშვნა მრავალ წელს ითვლის, მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ბავშვობიდანვე ფეხით მოდიოდნენ და ლოცულობდნენ.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 2010-2019 წლების ანგარიშში “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში” ერთ-ერთი რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული კათოლიკე ეკლესიის შვიდი ტაძრის (გორში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და ბუზმარეთში, ქუთაისში, ასევე ბათუმში მდებარე ორი ტაძრის) მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის კანონიერება და უზრუნველყოს კათოლიკე ეკლესიის უფლების აღდგენა.

უდეს წმ. სერგის სახელობის (ამჟამად წმ. ნინოს) ეკლესია

სოფელ უდეში კიდევ ერთი ისტორიულად კათოლიკური ეკლესია მდებარეობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე კულტურის კვლევების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მომზადებულ სადისერტაციო ნაშრომში ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მდებარე წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის ისტორიაცაა განხილული. მცირე ზომის ეკლესია წმ. სერგის სახელობის იყო, თუმცა მას შემდეგ რაც იგი მართლმადიდებლური ეკლესიის ხელში გადავიდა წმ. ნინოს სახელობის გახდა.

ნაშრომში მოყვანილია 1992 წელს გიორგი ბოჭორიძის ავტორობით გამოცემული წიგნი “მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში”, რომელიც უდის პატარა ეკლესიას ახსენებს და აღნიშნავს, რომ ტაძრის “ტრაპეზი ქართველ კათოლიკეთა ყაიდაზეა გამართული. ეს დღესაც ქართველი კათოლიკებისა არის”.

ნაშრომში აღნიშნულია, რომ სოფელ უდეში ქართული კათოლიკური თემი ყოველთვის ძლიერი იყო და მოსახლეობის უმეტესობას შეადგენდა, მათი რაოდენობა 1885 წელს 897-ს, 1990-იანი წლების დასაწყისში 1562-ს, ხოლო 1909 წელს კი 2120-ს შეადგენდა.


არქივი: monastrisnobati.ge


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist