რა მითები ვრცელდება უკრაინული ენის წარმოშობაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.9k
VIEWS

2023 წლის 20 აპრილს Facebook-ზე რუსულენოვანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც საუბარია, რომ რუსული ენა უკრაინაში 400 წლით უფრო ადრინდელია ვიდრე უკრაინული, რომელიც მე-16-17 საუკუნეებში, პოლონური ენის გავლენით წარმოიშვა.

ukrainuli ena რა მითები ვრცელდება უკრაინული ენის წარმოშობაზე?

მტკიცება, თითქოს რუსული ენა უკრაინულზე უფრო ძველია და პოლონური ენის გავლენით წარმოიშვა, ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება. უკრაინული ენა, ისევე როგორც რუსული და ბელარუსული, კიევის რუსის ტერიტორიაზე არსებულ ძველ აღმოსავლეთ სლავური ენიდან მომდინარეობს. მართალია უკრაინული ენის განვითარებას მე-18 საუკუნემდე გასაქანი არ ჰქონდა, თუმცა მისი საფუძვლები ბევრად ადრინდელია – აღმოსავლეთ სლავური ენის ჯგუფი მე-13 საუკუნეში სახელმწიფო “კიევის რუსის” დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

მე-9 საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, დღევანდელ უკრაინის ტერიტორიაზე, სლავური სახელმწიფო კიევის რუსი წარმოიქმნა, რომელიც მე-13 საუკუნის შუა ხანებამდე არსებობდა. სწორედ კიევის რუსი იყო უკრაინის ისტორიული საფუძველი. აღნიშნულ სახელმწიფოში ენა ძველ აღმოსავლეთ სლავური იყო, რომლისგანაც შემდგომში სხვადასხვა ენები წარმოიქმნა, მათ შორის: რუსული, უკრაინული და ბელარუსული. ხშირად ძველ აღმოსავლეთ სლავურს ძველ რუსულადაც მოიხსენიებენ, თუმცა ამ სახელწოდებას ბევრი მკვლევარი არ იზიარებს. მაგალითად, უკრაინელი ისტორიკოსი ოლექსანდრ პალი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ სლავური სწორედ დღევანდელი უკრაინულის მსგავსი იყო და ძველ მატიანეებში ბევრი რუსი მთავარის სახელები უკრაინულად (ოლენა, დანილო, მიხალკო) იყო დაწერილი. ამერიკელ-პოლონელი პროფესორი ალექსანდერ შენკერი კი მიიჩნევს, რომ ტერმინი “ძველი რუსული” ანაქრონისტულია, რადგან იმ პერიოდში ძველ აღმოსავლურ სლავური უკრაინულ, რუსულ და ბელარუსულ ენებად ჯერ გაყოფილი არ იყო. ამასთანავე, შენკერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სხვადასხვა დროს ასევე გამოიყენებოდა ტერმინები “ძველი უკრაინული”, “ძველი ბელარუსული” და ორივე მათგანი ძველ აღმოსავლეთ სლავურს უკავშირდებოდა.

ukrainuli ena1 რა მითები ვრცელდება უკრაინული ენის წარმოშობაზე?
ძველი აღმოსავლეთ სლავური

მე-13 საუკუნეში როდესაც კიევის რუსმა არსებობა შეწყვიტა, გაჩნდა ენობრივი განსხვავებებიც უკრაინულსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სლავურ ენებს შორის (რუსული, ბელარუსული).  აღსანიშნავია, რომ უკრაინულ ენას ამ პერიოდში დიდი გასაქანი არ ჰქონდა, რადგან ის ძირითადად პოლიტიკურად მუდამ სხვაზე (რუსეთი, პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობა) იყო დამოკიდებული. პოლონელი ლინგვისტის მარიან იუკორსკის განმარტებით, ძველი უკრაინული მე-16-17, ხოლო თანამედროვე უკრაინული მე-18 საუკუნიდან განვითარდა. გარდამტეხი იყო ვერგილიუსის „ენეიდის“ ტრავესტიის გამოქვეყნება, რომელიც უკრაინულ ენაზე იყო დაწერილი. ტრავესტი მშობლიური ფოლკლორის შემგროვებლის, ივან კოტლარსკის მიერ გამოიცა.  “ენიედამ” გზა გაუხსნა მომავალ თაობას, მათ შორის უკრაინელ პოეტს, ტარას შევჩენკოს. თანამედროვე უკრაინული ლიტერატურა და თანამედროვე უკრაინული ენის განვითარება სწორედ ტარას შევჩენკოდან იწყება.

რაც შეეხება პოლონურ ენას ის დასავლეთ სლავურ ლინგვისტურ ჯგუფს ეკუთვნის. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინული ენა არ არის წარმოქმნილი პოლონური ენისგან, თუმცა იმ ფაქტის გამო, რომ უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის ნაწილი იყო, უკრაინულში დიდია ასევე პოლონური ენის გავლენა. მე-13 საუკუნეში  ჩამოყალიბდა სამი ლინგვისტური ჯგუფი: დასავლეთ სლავური, სამხრეთ სლავური და აღმოსავლეთ სლავური.  პოლონური ენა სწორედ დასავლეთ სლავურიდან მოდის, უკრაინული და რუსული კი აღმოსავლეთ სლავურიდან. შესაბამისად, მცდარია მტკიცება, თითქოს რუსული ენა უკრაინულზე 400 წლით ძველია. 

ვიდეოში უკრაინულ და რუსულ ენებთან დაკავშირებით საუბრობს ოლეს ბუზინა, უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც პრორუსული ხედვებით გამოირჩეოდა. ბუზინა 2015 წელს კიევში მოკლეს.

მტკიცება, რომ რუსული ენა უკრაინაში უკრაინულზე 400 წლით ადრე არსებობდა, ასევე იმეორებს იმ დეზინფორმაციას, თითქოს კიევის რუსის სახელმწიფო რუსეთის ისტორიული საფუძველია და არა უკრაინისა. 

აღსანიშნავია, რომ კიევის რუსი, რომელსაც ხშირად არასწორად კიევის რუსეთად მოიხსენიებენ, მე-9 საუკუნეში შეიქმნა. აღნიშნულ სახელმწიფოს მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან და ვლადიმირ დიდის დროს ქრისტიანული სახელმწიფო გახდა. ამ პერიოდში კიევის რუსში ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სავაჭრო სფეროების განვითარება იწყება. 

კიევის რუსისგან დამოუკიდებლად ასევე ვითარდებოდა სავაჭრო დასახლება მოსკოვის სახელწოდებით, სადაც ფინო-უნგრული ტომები ცხოვრობდნენ და კიევის რუსს განვითარებით ჩამორჩებოდნენ. შემდგომში ეს ტერიტორიები ოქროს ურდოს ნაწილი გახდა, კიევის რუსმა კი არსებობა შეწყვიტა.

ukrainuli ena2 რა მითები ვრცელდება უკრაინული ენის წარმოშობაზე?
მე-9 საუკუნის ეთნო-ლინგვისტური რუკა, სადაც ჩანს, რომ უკრაინისგან განსხვავებით მოსკოვი არასლავური ტომებით იყო დასახლებული

შემდგომ პერიოდში მოსკოვის ტერიტორიაზე არსდება რუსეთის სამეფო, შემდგომში კი რუსეთის იმპერია. რუსეთის იმპერიას სჭირდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული საფუძველი, რაზეც იმპერია დაეფუძნებოდა. სწორედ ამიტომ 1721 წელს მოსკოვმა მოიპარა კიევის რუსის ისტორიული სახელწოდება “რუსი” და თავი რუსეთის იმპერიად, ხოლო მოსკოველები რუსებად გამოაცხადა.  შემდგომ წლებში ასევე განადგურდა დაპყრობილ ხალხებში არსებული ქრონიკები, ქრონოგრაფიები, არქივები და საეკლესიო დოკუმენტები, რათა კიევის რუსში, როგორც “რუსეთის წინამორბედში” ეჭვი არავის შეეტანა.

 ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

ეპისკოპოს სპირიდონის “უფროსი ძმის” მითი “კიევის რუსეთზე”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist