რა იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს რუსეთი უკრაინას და რას აჩვენებს ეუთოს მონიტორინგი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

363
VIEWS

27 თებერვლას რამდენიმე რუსულმა მედია საშუალებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული არმიის მიერ კიევის შემოგარენში აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ინფორმაცია გამოცემებმა Ria Novosti, Sputnik Abkhazia, Sputnik Ossetia, RBC.ru, Russia Today, Interfax.ru, Bfm.ru გაავრცელეს. აღნიშნული მედიების მტკიცებით, უკრაინის არმია კიევის გარეუბნებში საერთაშორისო შეთანხმებით აკრძალული ფოსფორის შემცველ შეიარაღებას იყენებს.  

Screenshot 16 1 რა იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს რუსეთი უკრაინას და რას აჩვენებს ეუთოს მონიტორინგი?

მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინის არმია აკრძალულ ქიმიურ იარაღს იყენებს, არ დასტურდება. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მისიის ყოველდღიურ ანგარიშებში უკრაინის მიერ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება. OPCW-ის მიხედვით, უკრაინა ქიმიურ იარაღს არ ფლობს.  რუსეთის მიერ უკრაინის მხრიდან აკრძალული იარაღის გამოყენების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაციები წინა წლებშიც ვრცელდებოდა. 

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სპეციალური მისია უკრაინაში ყოველდღიური მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის ფარგლებში რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის არცერთ დღეს (24.02, 25.02, 26.02, 27.02, 28.02) ბრძოლაში ფოსფორის  შემცველი იარაღის გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა. 

უკრაინა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა (OPCW) და ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის (CWC) წევრია, ორგანიზაციის საიტზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა ქიმიურ იარაღს არ ფლობს. 

ამასთანავე, ფაქტების გადამოწმების უკრაინული პლატფორმა VoxCheck-ი რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 27 თებერვალს გამოეხმაურა. ფაქტების ანალიტიკოსების მიხედვით,  უკრაინული არმიის მიერ ფოსფორის შემცველი საბრძოლო იარაღის გამოყენებაზე ინფორმაცია უხეში ტყუილია.  ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა Бабель-მაც უარყო. გამოცემის მიხედვით, უკრაინა ქიმიურ იარაღს არ ფლობს და ამგვარი იარაღის გამოყენება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აკრძალულია. 

კონაშენკოვმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ კიევის გარეუბნებში უკრაინელების მიერ გამოყენებული ფოსფორის შემცველი იარაღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1980 წლის კონვენციის მესამე პროტოკოლით აკრძალულია. ამ აკრძალულ კატეგორიას კონკრეტულად თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღი მიეკუთვნება.

  • კრემლის ძველი დაუდასტურებელი ბრალდებები თეთრი ფოსფორის გამოყენების შესახებ

აღსანიშნავია, რომ თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენებაში რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადრეც ადანაშაულებდა. 2014 წლის ივნისში Russia Today ირწმუნებოდა, რომ უკრაინის არმია თეთრი ფოსფორის შემცველ იარაღებს აღმოსავლეთ უკრაინაში იყენებდა.

Screenshot 17 1 რა იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს რუსეთი უკრაინას და რას აჩვენებს ეუთოს მონიტორინგი?

ამის დასამტკიცებლად მედიასაშუალება ვიდეოს ავრცელებდა,  საერთაშორისო ორაგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ვიდეო თეთრ ფოსფორს ან სხვა აკრძალულ იარაღს არ ასახავდა და რეალურად, ვიდეოში განათების საშუალება ან პიროტექნიკა ჩანდა. 

უკრაინული მხარე თეთრი ფოსფორის გამოყენებაში კიდევ ერთხელ თვითაღიარებული დონეცკის სახალხო  რესპუბლიკის ტელევიზიამ დაადანაშაულა. ტელევიზია ამტკიცებდა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა აკრძალული იარაღი რუსი სამხედროების წინააღმდეგ გამოიყენეს. ფაქტების გადამოწმების უკრაინული პლატფორმის StopFake-ის მიხედვით, ტელევიზიაში ნაჩვენებ კადრებში D-832 ტიპის საკვამლე ყუმბარები ჩანს, ამ ტიპის იარაღი კვამლის წარმომქმნელი ნივთიერებისგან შედგება, რომლის შემადგენლობაში არა თეთრი, არამედ ჩვეულებრივი ფოსფორი შედის და მისი გამოყენება არცერთი საერთაშორისო კონვენციით არაა აკრძალული.

Screenshot 18 რა იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს რუსეთი უკრაინას და რას აჩვენებს ეუთოს მონიტორინგი?

StopFake-ის მასალაში ნათქვამია ისიც, რომ ამ ტიპის ყუმბარები რუსული არმიის შეიარაღებაშიც შედის და შესაძლებელია ტელევიზიის კადრებში სწორედ რუსული მხარის მიერ გამოყენებული ყუმბარები ჩანდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მთიანი ყარაბაღის 2020 წლის  კონფლიქტის დროს 2020 წლის ნოემბერში სომეხმა რეჟისორმა სარიკ ანდრესიანმა და რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აზერბაიჯანული მხარისთვის იარაღის მიწოდებაში დასდეს ბრალი. ზელენსკიმ ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ სხვა ცნობილი ქვეყნებისგან განსხვავებით უკრაინა იარაღის მიწოდებას არავისთვის არ უჭერდა მხარს და უკრაინის მიერ ქიმიური იარაღის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილი იყო. 

2014 წელს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების მცდელობაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აშშ-საც ადანაშაულებდა. შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინის ორ ქალაქში აშშ-ის დაქირავებული ჯგუფები გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებების შემცველი შეიარაღებით გადაადგილებასა და პროვოკაციების მოწყობას გეგმავდნენ, რაც, ამერიკული მხარის მიხედვით, სიცრუე იყო, რადგან აშშ საერთაშორისო ვალდებულებების გამო ქიმიურ იარაღს არ იყენებს.

  • რუსეთის მიერ თეთრი ფოსფორისა და სხვა ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები

აღსანიშნავია, რომ თეთრი ფოსფორის გამოყენება რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩეჩნეთის 1994 წლის ომში დადასტურებულია. რუსეთი აკრძალულ ქიმიურ იარაღს ადამიანების მოწამვლისთვისაც იყენებს. 

2019 წელს დიდ ბრიტანეთში მამა-შვილი სკრიპალების ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ ეს ნივთიერება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სიაში შეიტანეს.  2020 წელს კი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტი OPCW-მ დაადასტურა. ნავალნის აკრძალული ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ წევრი სახელმწიფოები OPCW-დან რუსეთის გარიცხვის საკითხსაც განიხილავდნენ. 

სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ეუთო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist