რა დეზინფორმაციას ავრცელებს ალტ-ინფო ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

91
VIEWS

2021 წლის 22 ოქტომბერს ალტ-ინფოს გადაცემის „ალტ-ანალიტიკა“ ერთ-ერთმა წამყვანმა ზურა მახარაძემ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა. მახარაძემ აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმებით საქართველომ ევროკავშირში მხოლოდ გარკვეული პროდუქციის, კერძოდ თაფლის, თხილისა და ღვინის შეზღუდული რაოდენობით გაყიდვის უფლება მიიღო. მისი მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ქართველ მეწარმეებს სხვა საქონლის, მაგალითად ავტომობილების გაყიდვა არ შეეძლებათ .

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: „იქ არის გაწერილი, რა სახეობა და რა რაოდენობის შეგიძლია შენ მაქსიმუმ გაყიდო ევროკავშირში და ჩვენ მოგვცეს რავი, თაფლი, თხილი და ღვინო. საქართველომ აქ რომ გამოუშვას, აი, წარმოვიდგინოთ, მოდი აი, ფანტაზიას აი, ჩინეთიდან რაღაცა ქარხანა გადმოვიტანეთ ჩინეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით და საშუალო კლასის ნორმალური მანქანების აწყობა დავიწყეთ რა, ნუ მთლად ვთქვათ, მერსედესი არ გვინდა, ნუ „ოპელს“ რომ გაუწევს კონკურენციას, ცოტა უფრო იაფიანი და დაახლოებით რო ჰგავს რა „ფოლცვაგენის“ იაფიან, ბიუჯეტურ მანქანებს და ქართველი მწარმოებელი რომ მიდის და „გერმანიის ავტო-ბაზარზე რომ მოვხვდეთ როგორ გავაკეთოთ“ აი, ის, ვისთანაც მივა ამოყირავდება სიცილისგან, ძირს დავარდება და ფართხალს დაიწყებს, რა მაგარი ანეკდოტი გააძრეს ამათმა. არავინ ცხვირს არ შეგაყოფინებს მანდ.“

„ალტ-ინფოს“ წამყვანის მტკიცება, თითქოს ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე მხოლოდ გარკვეული სახის პროდუქტების შეზღუდული რაოდენობით შეტანა შეუძლიათ, დეზინფორმაციაა. საქართველოსა და ბრიუსელს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროპულ ბაზარზე შეტანისას საბაჟო გადასახადს საქართველოში წარმოებულ ნებისმიერი სახის საქონელზე აუქმებს. ერთადერთ გამონაკლისს ნიორი წარმოადგენს.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერეს. ხელშეკრულება 2 წლის შემდეგ, 2016 წლის ივლისიდან ამოქმედდა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრაციას და ქვეყანაში არსებული რეგულაციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ხელშეკრულება სატარიფო გადასახადების აბსოლუტური უმრავლესობის გაუქმებისა და საბაჟო პროცედურების გამარტივების გზით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას ამარტივებს.

იმისთვის, რომ საქონლის იმპორტზე შეღავათები მოქმედებდეს, საჭიროა დამტკიცდეს მისი ქართული წარმოშობა. პორდუქტი წარმოებული უნდა იყოს ან მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ან დამზადებული უნდა იყოს უცხოეთიდან შემოტანილი ისეთი მასალით, რომელმაც საქართველოში ხელშეკრულებით განსაზღვრული სათანადო დამუშავება გაიარა.

შეთანხმებით, ნივრის გარდა სხვა ნებისმიერი სახის სასოფლო სამეურნეო ნაწარმზე იკრძალება ტარიფებისა და კვოტების დაწესება. ხელშეკრულების თანახმად, ქართველ მწარმოებლებს სატარიფო გადასახადის გარეშე ევროკავშირში ყოველწლიურად მხოლოდ 220 ტონა ნივრის შეტანა შეუძლიათ.

ასევე, სოფლის მეურნეობის ზოგიერთ პროდუქტზე, მაგალითად პომიდორზე, კიტრსა და მანდარინზე მოქმედებს „შესვლის ფასის“ სისტემა. თუ ქართველი იმპორტიორის პროდუქტების საინვოისო ფასი ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, მაშინ ქართველ იმპორტიორს არსებული სხვაობის გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ „შესვლის ფასი“ სრული სატარიფო ნუსხის პროდუქტების მხოლოდ 0.3%-ზე მოქმედებს.

გარდა ამისა, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა ქვეყნებმა არ ისარგებლონ, ზოგიერთ სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი მოქმედებს. თუ საქართველოდან ევროკავშირში რომელიმე პროდუქტის იმპორტირებული რაოდენობა წინასწარ განსაზღვრულ ნორმას გადააჭარბებს, ბრიუსელს შეუძლია ამ საქონელს დაბალი ტარიფებიდაუწესოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ როდესაც იმპორტირებული საქონლის რაოდენობა განსაზღვრული მაჩვენებელის 70%-ს მიაღწევს, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ამის შესახებ აცნობებს. ქართულ მხარეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ეს პროდუქცია ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოეს და ევროკავშირში მისი ჭარბი იმპორტი რაიმე კონკრეტული მიზეზის, მაგალითად, უხვმოსავლიანობის ან წარმოების მოცულობის გაზრდითაა განპირობებული. ასეთ შემთხვევაში ქართველ იმპორტიორებს შეეძლებათ საბაჟო ტარიფების გარეშე შეიტანონ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი პროდუქტი. გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი სრული სატარიფო ნუსხის პროდუქტების 3%-ზე, მაგალითად, ხორცზე, კვერცხსა და რძის ნაწარმზე მოქმედებს.

DCFTA სრულად აუქმებს სავაჭრო ტარიფებს ინდუსტრიულ საქონელზე. ინდუსტრიული საქონელი ყველა ის პროდუქტია, რომელიც საკვებად არ გმოიყენება. მაგალითად, ელეტროსაქონელი, სამშენებლო მასალა და ასე შემდეგ. თუმცა, ამ ტიპის პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შესატანად საჭიროა, რომ ის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

2020 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონელისაწვავი და სამთო მრეწველობის პროდუქტები (62.8%)სასოფლო სამეურნეო პროდუქტები (18.5%)ქიმიური პრეპარატები (5.5%)ტანსაცმელი (5%)ქსოვილები (1.8%)მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო აღჭურვილობა (1.7%)რკინა და ფოლადი (1.5%)სხვა საქონელი (3.2%).

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს, ქვეყნიდან ექსპორტირებული საქონლის 23% სწორედ ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოზე მოდიოდა. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულმა საქონელმა 2020 წელს 763 მილიონი ევრო შეადგინა. მის აბსოლუტურ უმრავლესობას, დაახლოებით 82 %-ს, ინდუსტრიული საქონელი შეადგენდა. ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია: საწვავი და სამთო მრეწველობის პროდუქტები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ტანსაცმელი და ქიმიური პრეპარატები.

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist