2021 წლის 30 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მსოფლიო მოსახლეობის შემცირების შესახებ დევიდ როკფელერის ციტატაა მოყვანილია, რომელიც, სალუქვაძის მტკიცებით, მან ბილდერბერგის კლუბში 1954 წელს წარმოთქვა. ციტატის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის შემცირების გრძელვადიანი გეგმით, ადამიანები კრიზისში უნდა ჩააგდონ და თავადვე შესთავაზონ გამოსავალი, რომელიც რეალურად სასაკლაო იქნება.
პოსტს, რომელიც ავტორის თქმით აცრილ ადამიანებს ეძღვნება, თან ერთვის „ბილდერბერგის კლუბის“ ფოტო. 9 მაისის მონაცემებით, პოსტს 411 გაზიარება აქვს.
პოსტში მოყვანილი ციტატა ყალბია. ღია წყაროებში დევიდ როკფელერის მსგავსი შინაარსის სიტყვები, მათ შორის არც ბილდერბერგის კლუბის შეხვედრაზე წარმოთქმული, არ იძებნება. თავად კლუბი არაერთი შეთქმულების წყარო წარსულშიც გამხდარა, თუმცა მისი კავშირი კორონავირუსის პანდემიასთან ან ვაქცინებთან არ დასტურდება.
- დევიდ როკფელერის ციტატა ყალბია
დათო სალუქვაძის პოსტში არ არის მითითებული წყარო, რომლითაც ინფორმაციის ნამდვილობა დადასტურდებოდა. ღია წყაროებში მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება.
როკფელერის მიერ ბილდერბერგის კლუბში გაკეთებული განცხადებიდან ციტატა ინტერნეტსივრცეში წარსულშიც ვრცელდებოდა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ციტატა, რომელშიც როკფელერი თითქოს მადლობას უხდიდა Washington Post-ის, New York Times-ის, Time Magazine-ის და სხვა გამოცემების ხელმძღვანელებს, რომლებიც კლუბის შეხვედრებს ესწრებოდნენ და გაუთქმელობის დაპირებას ასრულებდნენ, რის გარეშეც მათი გეგმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, ვიდეოს სახით როგორც უცხოურ, ისე ქართულ ვებგვერდებზე გავრცელდა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ვიდეოში ციტატის აუდიო ჩანაწერია და მითითბულია, რომ აუდიო სიმულაციას წარმოადგენს.
- შეთქმულების თეორიები “ბილდერბერგის კლუბის” შესახებ
ინეტრნეტ სივრცეში ქართულ ენაზე “ბილდერბერგის კლუბის” შესახებ ძირითადად ისეთი გამოცემები წერენ, როგორიცაა “პოლიტიკანო”, “საქინფორმი”, “საქართველო და მსოფლიო”, “ინტერმედია” და სხვა.
ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული გვერდის, “პოლიტიკანოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბილდერბერგის კლუბი” არის ამერიკელი მილიარდერების – როკფელერის, კარნეგისა და ფორდის ფონდების მიერ დაარსებული საიდუმლო კონფერენცია, რომელიც ელიტების რბილი ძალის გავრცელების საშუალებაა და მის მიზანს მსოფლიო ფინანსური მთავრობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. მასალაში მოყვანილია დევიდ როკფელერის კიდევ ერთი ყალბი ციტატა, რომლის შესახებ “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა:
ახალი მსოფლიო წესრიგი თუ მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული სამყარო? – რა თქვა როკფელერმა
წყაროს სახით მასალაში ვხვდებით გამოცემა The Guardian-ის სტატიის ბმულს, თუმცა მასში არც დევიდ როკფელერის ხსენებული ციტატა და არც როკფელერის პრეს-მდივნის კომენტარია, რომელიც “პოლიტიკანოს” აქვს მოყვანილი. რეალურად, The Guardian-ის სტატია ინტერესთა კონფლიქტს შეეხება, რომელიც შესაძლოა დადგეს დახურულ შეხვედრაზე, სადაც პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ფინანსისტები იკრიბებიან.
ფეისბუქ გვერდზე “საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი” ვკითხულობთ, რომ ბილდერბერგი ერთ-ერთი მასონური კლუბია, რომლის “შავ”, ამერიკულ ფრთას – როკფელერები, ხოლო “წითელ”, რუსულ ფრთას როტშილდები ხელმძღვანელობენ და მათ შორის გაჩაღებულია დავა მსოფლიო პირველობისთვის. მათი მტკიცებით, ორივე ფრთის საერთო მიზნებია “მსოფლიო მოსახლეობის 0,5-1 მილიარდამდე დაყვანა, ერებისა და რელიგიების აღმოფხვრა, ხალხის ერთ მასად, ბრბოდ ქცევა, რომელთაც ექნებათ ერთი რელიგია, რის საშუალებითაც ისინი თაყვანს სცემენ ლუციფერს ანუ სატანას…” ავტორის მტკიცებით, ამ მიზნების მისაღწევად კლუბი იყენებს ომებს, საკვებს, წამლებს, ვირუსებს და ა.შ. კლუბის გავლენებს კი კაპიტალიზმის ძლიერებას და საბანკო სისტემას უკავშირებს.
იგივე აზრი ვითარდება საქინფორმის სტატიაში, რომელიც რუსულ გამოცემა politikus.ru-ზე გამოქვეყნებული სტატიის თარგმანია. ავტორი წერს, რომ ომების მოწყობის გარდა “ბილდერბერგის კლუბი” ირჩევს და გადააყენებს პოლიტიკურ ლიდერებს. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ შეხვედრის დღის წესრიგში წარმოდგენილი თემები იყო უკრაინა, რუსეთისა და ჩინეთის შეთანხმება და პუტინის ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის გეგმა, ასევე ევროპარლამენტში წარმოდგენილ იმ პარტიებთან მუშაობის სტრატეგია, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ არიან განწყობილი.
“ვინ მართავს მსოფლიოს– პრეზიდენტების დანიშვნა-გაშვებას არა ხალხი, არამედ კლუბის წევრები წყვეტენ!” – ამ სათაურით კი მასალა “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე 2014 წელს გამოქვეყნდა.
ბილდერბერგის კლუბის შესახებ თეორიები უფრო დიდ შეთქმულების თეორიაში ერთიანდება, რომლის მიხედვითაც კლუბი მჭიდრო კავშირშია სხვა მსგავს ორგანიზაციებთან, მათ სათავეში კი “ილუმინატების” სახელით ცნობილი მაკონტროლებელი ორგანო დგას. ყველა ამ დაჯგუფების მთავარ მიზანს კი “ახალი მსოფლიო წესრიგის” შექმნა, დედამიწის მოსახლეობის 0.5 მილიარდამდე შემცირება და მთელ პლანეტაზე გაველნის ქონა წარმოადგენს, ამ მიზნისთვის კი “ილუმინატები” ყველა ხერხს მიმართავენ: აწყობენ ტერიროსტულ აქტებს, ომებს, ავრცელებენ ვირუსებს, დაავადებებსა და შიმშილს, ძირს უთხრიან მთავრობებს, ქმნიან არასტაბილურ მდგომარეობას, ვაჭრობენ ადამიანებითა და ნარკოტიკებით. თეორიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ისრაელისა და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები (Mossad და CIA), ისევე როგორც ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის ალ-ქაიდა, „ილუმინატების” სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებია. კონსპიროლოგების აზრით, ილუმინატები მთელ ამ სისტემას სამი ქალაქიდან მართავენ: ლონდონი მონეტარული კონტროლის ცენტრია, ვაშინგტონი – სამხედრო, ხოლო ვატიკანი – სულიერი კონტროლის ცენტრი.
ხსენებული ინფორმაცია არცერთ სანდრო წყაროს არ ეფუძნება და არავითარი დამამტკიცებელი მასალებით არ არის გამყარებული.
- რა არის “ბილდერბერგის კლუბი” რეალურად?
“ბილდერბერგის კლუბი” 1954 წელს დაარსებული ყოველწლიური კონფერენციაა, რომლის მიზანიც თავდაპირველად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის ხელშეწყობა და მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება იყო. დღესდღეობით კი კონფერენციის დღის წესრიგში მთავარი ადგილი ვაჭრობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, მონეტარულ პოლიტიკას, ინვესტიციებს, საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებსა თუ ეკოლოგიურ პრობლემებს უჭირავს, რადგან გლობალურ სამყაროში შექმნილ პრობლემებთან მარტო გამკლავება შეუძლებელი იქნება. კონფერენციას ყოველწლიურად 120-დან 150-მდე მონაწილე ესწრება – პოლიტიკური ლიდერები, მეწარმეები, ფინანსისტები, ბანკირები, ბიზნესმენები, აკადემიური სფეროსა და მედიის წარმომადგენლები. მონაწილები უფლებამოსილი არიან, გამოიყენონ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია ავტორის ანონიმურობის დაცვით. კონფიდენციალობის ამგვარი პრინციპი, რომელიც შეხვედრების გასაიდუმლოების შესახებ შეთქმულების თეორიის წყაროა, შეხვედრაზე თავისუფალი და გულწრფელი დებატების ხელშეწყობას ემსახურება. ბილდერბერგის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია შეხვედრების დღის წესრიგი და მონაწილეთა სია. ბილდერბერგის კლუბის წესები ჩეთემ ჰაუსის წესს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ყველას, ვინც შეხვედრას ესწრება შეუძლია დისკუსიიდან მიღებული ინფორმაცია თავისუფლად გამოიყენოს, თუმცა არ აქვს უფლება გაასაჯაროვოს ვის ეკუთვნის ესა თუ ის კომენტარი. წესი ღია დისკუსიის ხელშესაწყობად საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსიტუტში 1927 წელს შემუშავდა.
კლუბის სახელი ჰოლანდიურ სასტუმრო “ბილდერბერგს” უკავშირდება, სადაც პირველი კონფერენცია გაიმართა. პირველ შეხვედრას რამდენიმე ინიციატორი ჰყავდა, მათ შორის ემიგრაციაში მყოფი პოლონელი პოლიტიკოსი იოზეფ რეტინგერი, რომელიც შეშფოთებული იყო დასავლეთ ევროპაში მზარდი ანტი-ამერიკული განწყობებით. რეტინგერი ფიქრობდა, რომ საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს ატლანტიციზმის იდეისთვის უნდა დაეჭირათ მხარი და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა განემტკიცებინათ. რეტინგერმა ამ იდეით ნიდერლანდების პრინც ბერნარდს მიმართა, რომელმაც იდეა ბელგიის პრემიერ-მინისტრს და CIA-ს ხელმძღვანელს გაუზიარა. მან კი თავის მხრივ პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მრჩევლისგან შეხვედრის თაობაზე თანხმობა მიიღო. პირველ კონფერენციას ევროპის 11 სახელმწიფოდან 50 დელეგატი ესწრებოდა, 11 დელეგატი კი აშშ-ს წარმოადგენდა. ამის შემდეგ კონფერენციამ ყოველწლიური სახე მიიღო და რეტინგერი კონფერენციის მდივნად დაინიშნა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეხვედრები ევროპის კონტინენტზე იმართებოდა, 1957 წელს კი კონფერენცია პირველად ამერიკაში, ჯორჯიის შტატში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა 30 000 დოლარით ფორდის ფონდმა დააფინანსა, ისევე როგორც 1959 წლისა და 1963 წლის კონფერენციები.
სხვადასხვა დროს ბილდერბერგის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ: ნიდერლანდების პრინცი ბერნარდი, ალეკ დუგლას ჰოუმი (ბრიტანეთი), ვოლტერ შილი (გერმანია), ერიკ როლი (ბრიტანეთი), პიტერ კარინგტონი (ბრიტანეთი), ეტიენ დავინიონი (ბელგია). ამჟამად კომიტეტს ხელმძღვანელობს ფრანგული საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია AXA-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ანრი დე კასტრი.
ზემოთ აღნიშული კონფიდენციალობის პირობების გამო ბილდერბერგის შეხვედრები დღემდე არაერთი კონსპირაციის წყაროა. ამერიკაში შეთქმულების თეორიებს არაერთი ცნობილი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის ჯონ ბირჩის საზოგადოება, პოლიტკური აქტივისტები ლინდონ ლარუში და ფილისი შლეფლი, მწერალი ჯიმ ტაკერი, კონსპიროლოგი ალექს ჯონსი, პოლიტიკოსი ჯესი ვენტურა, ასევე ლიტველი მწერალი დანიელ ესტულინი და ბრიტანელი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჟი. თავად კლუბის წევრები/ხელმძღვანელები ამ თეორიების შესახებ ამბობენ, რომ ამგვარი ინტერპრეტაციები გარდაუვალია, ყოველთვის იარსებებს ხალხი, რომელიც დაიჯერებს შეთქმულების თეორიებს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება როკფელერების კავშირს “ბილდერბერგის კლუბთან”, დევიდ როკფელერი ბილდერბერგის კონფერენციის მმართველი კომიტეტის წევრი იყო და ყოველწლიური შეხვედრების ორგანიზებაში ფინანსური წვლილი შეჰქონდა. კლუბის წესდების თანახმად, კომიტეტის წევრი ვალდებულია, შეხვედრების ორგანიზებისთვის ფინანსური რესურსი გაიღოს.
როკფელერების მიერ მსოფლიოს დაყოფის და ახალი წესრიგის შექმნის მცდელობების შესახებ შეთქმულების თეორიები სოციალურ ქსელში წარსულშიც ვრცელდებოდა. იხილეთ ამ თემაზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:
- ორუელის 1984-ის წინასწარმეტყველება თუ სიმულაციური სცენარი?
- როკფელერებისა და როტშილდების კონსპირაციების ანატომია
- საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.