რა არ მოუსმენია ირაკლი ღარიბაშვილს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

17 ივლისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ–სა და ევროპის მხრიდან საქართველოში 2012 წლამდე არსებული სასამართლო სისტემის კრიტიკა არ მოუსმენია.

 

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე, სამწუხაროდ, და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი.“

პრემიერის მტკიცება იმის შესახებ, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოში 2012 წლამდე სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობისას მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებში ყოველ წელს უარყოფითად აფასებდა. საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ხშირად საუბრობდნენ სხვადასხვა ევროპული სტრუქტურებიც.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი 2011 წლის ანგარიშში „მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სამართლებრივ სისტემაში“ საერთო ჯამში დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ არაერთი ცვლილებაა განსახორციელებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. კომისრის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სასამართლო პოლიტიკური ჩარევისგან სრულად დაცული არაა და ხშირად საბოლოო ვერდიქტის გამოტანა პროკურორების ზეგავლენის შედეგად ხდება.

2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს, არსებული სასამართლო სისტემის შესახებ უარყოფითი შეფასება დააფიქსირა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც. სანდრო გირგვლიანის  მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განჩინებაში სტრასბურგის სასამართლო ქართული შიდა სასამართლოების ქმედებებს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ დამნაშავეები არ დასჯილიყვნენ. სტრასბურგისსასამართლოს საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ:

„სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“

 რაც შეეხება აშშ-ს მხრიდან კრიტიკას, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშებში სხვა დარღვევებთან ერთად სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის კუთხით არსებული პრობლემა ხშირად იყო ხაზგასმული.

წელი

სასამართლო სისტემის შეფასება

2008 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ

„მოსამართლეთა დამოუკიდებლობას კანონი ითვალისწინებს. თუმცა, ანგარიშები დაჟინებით ამტიკებენ, რომ აღმასრულებელი შტო სასამართლოზე ზეწოლას განაგრძობს. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეები პროკურორთა გადაწყვეტილებებზე კვლავ მხოლოდ შტამპის დარტყმის ფუნქციას ასრულებენ და აღმასრულებელი შტო გადაჭარბებულ გავლენას ახდენს. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ უკანასკნელ პერიოდში დანიშნულ მოსამართლეებს არ ჰქონდათ შესაფერისი გამოცდილება და მომზადება იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ემოქმედათ.”

“საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მოსამართლეთა დანიშვნისა და მოხსნის  უფლება პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა, მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალობის გასაზრდელად კი საბჭოს თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური წერილობითი გამოცდა გამოიყენებოდა პოტენციური კვალიფიცირებული კანდიდატების სიის შესაქმნელად და მათი სახელები ქვეყნდებოდა საჯარო განხილვისთვის, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი საკმარისად გამჭვირვალე არ იყო. ზეპირი ინტერვიუები დახურულ კარს მიღმა გაიმართა ისე, რომ ფართო საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია შერჩევისას გამოყენებული კრიტერიუმების შესახებ”.

2010 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ

„მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მოსამართლეები მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებას აგრძელებდნენ. ზოგჯერ ასე პირდაპირი დირექტივის გარეშეც იქცეოდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმეში სამთავრობო ინტერესის აღქმა არსებობდა. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და არასაპარლამენტო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ისეთ საქმეებზე, რომლებიც ოპოზიციონერ აქტივისტებს ეხება, სასამართლოები მთავრობისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავდნენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ბოლო დროს დანიშნულ მოსამართლეებს აკლდათ დამოუკიდებლად მოქმედებისთვის საჭირო გამოცდილება და მომზადება.“

“სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს გრძელდებოდა პრობლემები სასამართლო სისტემაში, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამოძიების ხარისხის, მხარეთა თანასწორობის და სხვადასხვა ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების კუთხით”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტული მოსამართლეები ზოგჯერ იღებდნენ “დირექტივებს”კონკრეტულ საქმეებზე მათზე მაღლა მდგომი მოსამართლეებისგან.”

2011 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ

“წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები მოსამართლეების შერჩევის, დანიშვნისა და დისციპლინირების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობას აკრიტიკებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური წერილობითი გამოცდა გამოიყენებოდა პოტენციური კვალიფიცირებული კანდიდატების სიის შესაქმნელად და მათი სახელები ქვეყნდებოდა საჯარო განხილვისთვის, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი მაინც კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ პროცესი არასათანადოდ გამჭვირვალე იყო და საკმარისად არ ეფუძნებოდა დამსახურებას”.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას, გარე გავლენები სასამართლოზე პრობლემად რჩება.” 

2012 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ

“არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ივნისში წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კონტროლისა და ბალანსის ნაკლებობამ სასამართლოს დამოუკიდებლობა შეარყია. ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს შიგნით, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელში, ძალაუფლების თავმოყრამ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შეასუსტა.”

“ეუთოს დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ აღასრულა კანონი გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და მთავარ სამიზნეს ოპოზიცია წარმოადგენდა. დასკვნის მიხედვით, გაჩნდა კითხვები სამართლიან სასამართლოსთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით”.


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი და აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი. მათ პრემიერმნისტრის განცხადება სიცრუედ შეაფასეს.

იან კელი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში: “არ არის მართალი. შეხედეთ ადამიანის უფლებათა ანგარიშს. ყოველთვის იყო ენმ-ს დროინდელი სასამართლოს კრიტიკა. აიღეთ 2011: “ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, “მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან პატიმრებისადმი სასტიკად მოპყრობა”, “სასამართლო განაგრძობს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ქმედებას”…ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია აშშ-ს მხრიდან სააკაშვილის სასამართლოს კრიტიკისა. ქართველებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით რა საფრთხე მოაქვს ლიდერს, რომელიც საკუთარ ფაქტებს იგონებს სიმართლისათვის თვალის გასწორების ნაცვლად”.

ადამ კინზინგერი, კონგრესმენი: “ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. ახლა, როგორც ჩანს პროგრესი ხელიდან გვეცლება და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”. (www.enlightenedwomen.org)

;


თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist