უკრაინაში რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამწვავების პარალელურად კრემლისტური “ალტ-ინფოს” ეთერში, ასევე ამავე პლატფორმასთან დაკავშირებული “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის უკრაინული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობის ტენდენცია გამოიკვეთა.
28 იანვარს “მითების დეტექტორმა” ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო გადაამოწმა, რომელიც ახალგაზრდა გეი ჯარისკაცის შეყვარებულთან შეხვედრას ასახავდა. ფეისბუკ მომხმარებლების მტკიცებით, ვიდეო უკრაინაში მოქალაქეებს ჯარში გაწვევის მიზნით შეიქმნა, თუმცა რეალურად ფილმი 2012 წელს ბრიტანეთში ორგანიზაციამ “კოალიცია თანასწორი ქორწინებისთვის” მოამზადა, ვიდეოს გაყალბებული ვერსია კი 2017 წლიდან ვრცელდებოდა.
სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები ვიდეოს ჰომოფობიური კონტექსტში უკრაინული ჯარის დისკრედიტაციის მიზნით შემდეგი კომენტარებით ავრცელებდნენ:
შაკო ქერელაშვილი: “ესენი აპირებენ ომს….⁉️ესეთი ერი არ იმსახურებს საერთოდ არსებობის უფლებას…‼️”
თალიბანელი კონსერვატორი და ამირანი ფრუიძე: “ეს არის მეგობრებო უკრაინული ჯარი და ამათ უჭერს მხარს ეს ჩვენი კუკოლდი ხალხი უკრაინის დროშის დაყენება ფოტოზე!! ხოდა გააჯვით უკრაინაში და დაუდექით აი ამ საყვარელ წყვილს გვერდში და იომეთ.” (იდენტური ტექსტით)
ნიკოლოზ მჟავანაძე: “საბრძოლო განწყობილებების ასამაღლებლად უკრაინელებმა ჯარჯი გეების მობილიზება გამოაცხადეს”.
ზვიად წაქაძე: “ასეთი სულისკვეთების ჯარი რომ გეყოლება, ყირიმი ხომ დაკარგა, მეტსაც დაკარგავენ უკრაინელები სამომავლოდ”.
Mancho Abramidze: “ამათით აპირებენ უკრაინელები ომის მოგებას 🙂 საერთოდ არ არის სასაცილო – ქრისტიანული ქვეყანა ასე როგორ დაეცა და წაიბილწა. აქაც რომ ეგ უნდათ, ეგაა საქმე, მაგრამ ვერ ეღირსებიან”.
“მითების დეტექტორმა” ის წყაროები შეისწავლა, ვინც ქართულ საინფორმაციო ველში ვიდეო უკრაინა-რუსეთს შორის მზარდი ესკალაციის ფონზე კოორდინირებულად გაავრცელა. ასევე ვიდეოს ადრეული გავერცელების რუსულენოვან წყაროებსაც მიაკვლია. გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია:
- საქართველოში ვიდეო პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერებმა ერთდროულად ძირითადად 27 იანვარს გაავრცელეს, 3 დღის შემდეგ კი ამ პარტიასთან დაკავშირებულმა ტელევიზიამ “ალტ ინფომ” და მისმა წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გააშუქეს.
- დამუშავებულ ვიდეოს 2020 წელს ლუგანკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი უკრაინული არმიის დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებდა;
- 2021 წლის თებერვალში სოციალური ქსელების რუსულენოვანმა მომხმარებლებმა ვიდეო უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელეს;
- რუსულენოვანი წყაროები ვიდეოს ორიგინალ ბრიტანულ ვერსიას NATO-ს ჯარებში “ლგბტ ბატალიონის” შექმნას უკავშირებდნენ;
-
დამუშავებული ვიდეოს გავრცელება საქართველოში
“მითების დეტექტორმა გამოავლინა “კონსერვატიულ მოძრაობასთან” და “ალტ ინფოსთან” დაკავშირებული 7 ანგარიში, რომელიც დამუშავებულ ვიდეოს ყალბი აღწერით ძირითადად 27 იანვარს ავრცელებდა. 30 იანვარს კი ვიდეო კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულ ტვ “ალტ ინფოს” გადაცემაში “კვირა ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” აჩვენეს. გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ მოგვიანებით ვიდეოს ფრაგმენტი მოჭრა და საკუთარ ანგარიშზე ატვირთა. ნიკოლოზ მჟავანიძის პოსტი კი ფეისბუკ გვერდმა “ქართველობის დაბრუნების ფონდი” გააზიარა. “მითების დეტექტორის” მიერ პოსტის ყალბად მონიშვნის შემდეგ მჟავანაძემ პოსტი სავარაუდოდ წაშალა.
ფეისბუკ მომხმარებელმა Mancho Abramidze-მ ვიდეო ფეისბუქ ჯგუფში “კონსერვატიული მოძრაობა (მხარდამჭერები)” ატვირთა. აღნიშნული ვიდეო ფეისბუქ მომხმარებლებმა შაკო ქერელაშვილი, ზვიადი წაქაძე, თალიბანელი კონსერვატორი, ამირანი ფრუიძე, Boris Dudauri-Giorgadze, Maqsime Bagrationi პირად გვერდებზე გაავრცელეს. “მითების დეტექტორის” მიერ ინფორმაციის ყალბად მონიშვნის შემდეგ კი პოსტი ნაწილმა წაშალა, თუმცა შაკო ქერეკაშვილის, თალიბანი კონსერვატორისა და ამირან ფრუიძის ანგარიშებზე ვიდეო ისევ ხელმისაწვდომია. აღნიშნული ანგარიშები მეტწილად “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულ სიახლეებსა და “ალტ ინფოს” იდენტურ გადაცემებს და პოსტებს აზიარებენ.
ვიდეოს გამავრცელებელი 3 ანგარიში Maqsime Bagrationi, Mancho Abramidze და თალიბანელი კონსერვატორი საკუთარ იდენტობას მალავენ და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ რეალურ ფოტოებს არ აქვეყნებენ. ამასთანავე თალიბანელი კონსერვატორის და ამირან ფრუიძის მიერ გაზიარებულ პოსტს იდენტური ტექსტი ახლავს თან.
ანგარიში | პროფილის ფოტო |
Maqsime Bagrationi![]() |
ამადეო მოდილიანი![]() |
Mancho Abramidze![]() |
ირმა ფრანგიშვილის ნამუშევარი![]() |
თალიბანელი კონსერვატორი![]() |
თალიბანის პატრულირება ქაბულში/Getty Images![]() |
-
დამუშავებული ვიდეოს გავრცელება რუსულენოვან წყაროებში
თვითაღიარებული ლუგანსკის რესპუბლიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და სამხედრო ექსპერტმა ანდრეი მაროჩკომ დამუშავებული ვიდეო 2020 წელს მის ტვიტერზე გამოაქვეყნა.
საკუთარ ტვიტში მაროჩკო ამბობდა, რომ უკრაინაში საშემოდგომო სამხედრო გაწვევები პირველი ოქტომბრიდან იწყებოდა, ამ ვიდეოში კი კარგად ჩანდა, უკრანის ჯარში ვინც იმსახურებდა. მაროჩკოს ტვიტი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარაა.
სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლების მიერ ვიდეოს გავრცელება 2021 წლის თებერვალში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ უკრაინაში სამხედრო წვრთნების Defender Europe 2021-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აქტიურად მიმდინარეობდა.
ვიდეოს Tik-tok-ისა და ვკონტაქტეს რუსულენოვანი მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ეს უკრაინის სამხედრო მობილიზების ვიდეო იყო. Tik-tok-ის მომხმარებელი Goo_i მას ევროკავშირსა და დასავლურ ღირებულებებს უკავშირდებდა და პოსტებს შემდეგ წარწერებს ურთავდა: “კიდევ ერთი ნაბიჯით ევროპასთან ახლოს” და “ევროპული გეიარმია, მებრძოლი პირადასტები.”
ვკონტაკტეს მომხმარებლები ვიდეოს ევროპას უკავშირებდნენ და მას “ამაზრზენად” აფასებდნენ.
ვიდეოდან ამოჭრილ კადრს რუსული მედია proza.ru 2020 წელს მანიპულაციურად იყენებდა. იმ მასალის მთავარ ფოტოდ, რომელიც უკრაინელი ქვიარ აქტივისტის ვიქტორ პილიკენკოს ცემას ეხებოდა, აღნიშნული ვიდეოს კადრი იყო გამოყენებული.
ამოჭრილ ფოტოზე შემდეგი წარწერა იყო დართული: “შოკი! NATO-ს ლგბტ ბრიგანადა.”
საინტერესოა, რომ რუსულენოვან წყაროებში ვიდეოს ორიგინალი 2012 წლის ბრიტანული ვერსია დაუმუშავებლადაც გავრცელდა. თუმცა ამ შემთხვევაში ვიდეოს თან არასწორი აღწერა ერთვოდა. იუთუბის მომხმარებლის Andrew Ivanov-ის მიხედვით, ვიდეოში NATO-ს ლგბტ ბრიგადა იყო გამოსახული.
გამოცემა ВОЕНКОМАТЫ РОССИИ-ამ აღნიშნული ვიდეო 2021 წლის 19 თებერვალს გამოაქვეყნა. გამოცემა ამტკიცებდა, რომ NATO-ს ახალი სტანდარტების მიხედვით, როცა საკმარისი რესურსი არ არის, ჯარში ყველამ უნდა იმსახუროს, მათ შორის ლგბტ ადამიანებმაც.
უკრაინის ჯარში სამხედროების ნაკლებობის გამო ლგბტ პირების მიღების შესახებ რუსული მედია შეშფოთებას 2017 წელსაც გამოთქვამდა. Ren TV-ის მასალაში სათაურით: “უკრაინის არმია გიგანტურ ლგბტ ბორდელად გადაიქცა.” ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში რესურსების ნაკლებობის გამო უკრაინის არმიაში ლგბტ პირებს იღებდნენ, რის გამოც ოდესღაც უმცირესობა ახლა სამხედროების უმრავლესობას წარმოადგენს და ეს ადამიანები მედლებსა და აღიარებას ითხოვენ.
რაზუმკოვის ცენტრის 2021 წლის გაზაფხულის სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელები ყველაზე ხშირად უკრაინის სამხედრო ძალებს ენდობიან. ფაქტების გადამოწმების უკრაინული პლატფორმის StopFake.org-ის წარმომადგენლის რუსლან დეინიჩენკოს მიხედვით, სწორედ ეს ნდობაა მიზეზი, რის გამოც რუსული პროპაგანდის ხშირი სამიზნე სწორედ უკრაინული არმიაა.