9 იანვარს ფეიბუქ ანგარიშმა Maria Maria რომის პაპის აუდიენციის დარბაზის, მასში მდგარი ქანდაკებისა და ამობრუნებული ჯვრის სიმბოლოს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პოსტის მიხედვით, აუდიენციის დარბაზს გიგანტური ქვეწარმავლის ფორმა აქვს და პაპი ხალხთან ქვეწარმავლის პირით საუბრობს, დარბაზში მდგარი ქანდაკება კი არა ქრისტეს, არამედ გველს გამოსახავს, რომელიც ბიბლიაში სატანას სიმბოლოა. თანდართული ფოტოებიდან ერთ-ერთზე კათოლიკე სასულიერო პირის სამოსზე გამოსახული ამობრუნებული ჯვარია შემოხაზული, ფოტოზე ასევე ვხედავთ სავარძელს, რომლის საზურგეზეც ამობრუნებული ჯვრის ფორმაა ამოჭრილი.
მტკიცება, რომ პაპის აუდიენციის დარბაზს ქვეწარმავლის ფორმა აქვს და პაპი გველის პირით საუბრობს, კონსპირაციის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, დედამიწას ქვეწარმავლები მართავენ. დარბაზში მდგარი ქანდაკება არა გველს, არამედ ქრისტეს და ატომური აფეთქების სცენას გამოსახავს. ფოტოზე გამოსახული ამობრუნებული ჯვრები კი წმინდა პეტრეს სიმბოლოა.
მტკიცება, რომ პაპის აუდიენციის დარბაზში გველის ქანდაკება დგას, რომელიც სატანის სიმბოლოა, კონსპირაციულია. რეალურად, სკულპტურა, სახელად “აღდგომა” მოქანდაკე პერიკლე ფაცინის ეკუთვნის და ის პაპის აუდიენციის დარბაზში 1977 წელს განთავსდა. ქანდაკების ცენტრალური ფიგურა იესო ქრისტეა, რომლის ფონზეც ატომური აფეთქების სიუჟეტია გამოსახული. ამ ნამუშევრით ავტორმა 1970-იან წლებში არსებული შიში გამოსახა, რომ კაცობრიობა ატომური დაპირისპირების შედეგად განადგურდებოდა. კათოლიკური ეკლესია მუდმივად ეწინააღმდეგებოდა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასა და გამოყენებას.

რაც შეეხება ფოტოს, რომელზეც ამობრუნებული ჯვრებს ვხედავთ, ის რომის პაპ იოანე პავლე მეორეს ასახავს, რომელიც ვატიკანს 1978-2005 წლებში მართავდა. ფოტოები, რომლებზეც სავარძელში მჯდომი პაპია გამოსახული, 2000 წლის 24 მარტსაა გადაღებული, როდესაც მან 100,000 მორწმუნის წინაშე გალილეაში მესა ჩაატარა.
პაპის ამ გამოსვლის ფოტოები იმის არგუმენტად, რომ ის სატანას ან ანტიქრისტეს ეთაყვანება, არაერთხელ გამოუქვეყნებიათ. მსგავსი მტკიცება ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Africa Check-მა 2021 წელს იკვლია. კათოლიკური ეკლესიის ტრადიციაში, ამობრუნებული ჯვარი წმინდა პეტრეს სიმბოლოა, რომელიც სწორედ ამობრუნებულ ჯვარზე გააკრეს.
პოსტში აღწერილი შენობა პავლე VI-ის აუდიენციის დარბაზი, ასევე ცნობილია, როგორც პაპის აუდიენციის დარბაზი, რომელიც ნაწილობრივ ვატიკანში, ნაწილობრივ კი იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს. შენობის დიზაინი იტალიელ არქიტექტორს პიერ ლუიჯი ნერვის ეკუთვნის და მისი მშენებლობა 1971 წელს დასრულდა. შენობა ხშირად გამოიყენება, როგორც წმინდა პეტრეს მოედნის ალტერნატივა პაპის ოთხშაბათი დილის აუდიენციებისთვის.
ოფიციალური განმარტება შენობის ფორმასთან დაკავშირებით კათოლიკურ ეკლესიას არ გაუვრცელებია. დარბაზი საკმაოდ განსხვავდება ადრეული კათოლიკური შენობებისგან. მის თავზე განთავსებულია 2400 მზის პანელი, რომლის გამოყენებითაც შენობა გათბობის, გაგრილებისა და განათებისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
გავრცელებული პოსტის მიხედვით, შენობა გიგანტურ ქვეწარმავალს ჰგავს და პაპი სწორედ ქვეწარმავლის პირით საუბრობს. პოსტის კომენტარებში კათოლიკეები მოხსენიებულები არიან, როგორც “რეპტილიები” და “სატანისტები”.
მტკიცება, რომ რომის პაპს რეპტილიებთან აქვს კავშირი, ან თავად საუბრობს ქვეწარმავლის ენით, ცნობილ კონსპირაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, დედამიწას ადამიანებად შენიღბული რეპტილიები მართავენ. აღნიშნული თეორიის გავრცელება ბრიტანელ კონსპიროლოგ დევიდ აიკს უკავშირდება, რომლის რწმენითაც, რეპტილიათა რასამ დედამიწა დიდი ხნის წინ დაიპყრო და ადამიანისა და რეპტილიის ჰიბრიდული რასა შექმნა. აიკის მიხედვით, რეპტილიების ელიტაში ისეთი პირები შედიან, როგორებიცაა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, დედოფალი ელიზაბეტ II, მუსიკოსი მიკ ჯაგერი და სხვ.
კონსპირაცია განსაკუთრებით გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის მჭიდროდაა დაკავშირებული QAnon-ის კონსპირაციულ თეორიებთან, რომლის მიმდევრებიც სხვადასხვა დროს ყალბ ინფორმაციას კორონოვირუსის, მოძრაობა Black Lives Matter-ის (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) და აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ აქტიურად ავრცელებდნენ.
მტკიცებები, რომ ცნობილი ადამიანები სინამდვილეში რეპტილიები არიან, “მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- “სინათლის ძალა” ტელეგრამიდან რეპტილიების კონსპირაციას ავრცელებს
- საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია, რომ ილონ მასკი რეპტილიაა?
- “სამყარო სამყარო” და “ანტიეკუმენისტი კატო” ამტკიცებენ, რომ ანგელა მერკელი რეპტილიაა
- რუსთავი 2-ის გადაცემის ნაწყვეტი კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს
- 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა
კონსპირაციის თეორიები კათოლიკური ეკლესიისა და ამობრუნებული ჯვრის სიმბოლოს შესახებ “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- რა კონსპირაციები მოჰყვა სიქსტის კაპელაში სამების საპატრიარქო გუნდის გამოსვლას?
- VASA SPRAVEDLIVOST-ი ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციის ფოტოს მანიპულაციურად ავრცელებს
- გეგმავს თუ არა რომის პაპი “დიდ გადატვირთვას”?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.