ყავა, ნარკოტიკები თუ სპორტი – რაზე საუბრობდა ზელენსკი რეალურად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

17.3k
VIEWS

სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის ამსახველი რამდენიმე წამიანი ვიდეო აქტიურად ვრცელდება. ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარებას ყველას ურჩევს, თუმცა არა მძიმე ნარკოტიკების და ნარკოტიკების მიღება ის რეჟიმია, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ გზით მიღებული ენერგია კი მას საღამომდე ჰყოფნის. 

ვიდეო საქართველოში ფეისბუქ მომხმარებლებმა ფანტინა და ლაშა მენთეშაშვილი გამოაქვეყნეს. რუსულენოვან ფეისბუქ ჯგუფში Russian Canada-Русская Канада ვიდეო მომხმარებელმა Лена Ермолаева-მ ატვირთა, ვიდეო სომხურენოვანმა გამოცემა PastinfoTV-2-მა საკუთარ იუთუბის არხზე გამოაქვეყნა.  

რამდენიმე წამიანი ვიდეო ინტერნეტში 2019 წელსაც ვრცელდებოდა. მაშინ ვიდეოს Youtube-სა და რუსული სოციალური ქსელის Ok.ru-ს მომხმარებლები ავრცელებდნენ. 

გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია. რეალურად, ვიდეოს შემადგენელი კადრები ინტერვიუს ორი სხვადასხვა ფრაგმენტიდანაა ამოჭრილი. ერთ ნაწილში ვოლოდიმირ ზელენსკი არა ნარკოტიკების მოხმარებაზე, არამედ ყავისადმი სიყვარულზე საუბრობს, მეორე ნაწილში კი ამბობს, რომ ვარჯიშს ყველას ურჩევდა. დამუშავების შედეგად სიტყვა “ვარჯიში” “ნარკოტიკითაა” ჩანაცვლებული.  ამავე ინტერვიუს ავთენტურ ვერსიაში ზელენსკი გარკვევით ამბობს, რომ ის ნარკოტიკებს არ მოიხმარს. 

გავრცელებული ფრაგმენტი ვოლოდიმირ ზელენკისთან უკრაინული გამოცემა Українська правда-ს 2019 წლის იანვრის ინტერვიუდანაა ამოჭრილი, მაშინ ზელენსკი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტმა ზელენსკის ენერგიულობის შესახებ იხუმრა და უთხრა, რომ მისი ასეთი აქტიურობის გამო პოლიტიკურ წრეებში ამბობდნენ, რომ ის ნარკოტიკებს იღებდა, უფრო კონკრეტულად კი “კოკაინზე იჯდა.” ზელენსკიმ ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის მართლაც იჯდა თეთრზე, თუმცა ეს თეთრი სკამი იყო, ზელენსკიმ ინტერვიუს ამ ნაწილში მისი ყავისადმი სიყვარული და მასზე დამოკიდებულებაც ახსენა. 

ჟურნალისტი: ძალიან აქტიური ხართ, პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ “კოკაინზე ზიხართ.”

ვოლოდიმირ ზელენსკი: შესანიშნავია. არა, მე ვზივარ თეთრზე, მაგრამ ეს თეთრი სკამია, კოკაინი არაა. ნარკოტიკებს არ ვიღებ, ყავას ვყნოსავ, რადგან ყავაზე ვარ დამოკიდებული, მართლა ძალიან მიყვარს ყავა. 

ინტერვიუს შემდეგ ნაწილში ზელენსკი ენერგიის მიღების წყაროებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ენერგიის მთავარი წყარო რეჟიმია. უკრაინის პრეზიდენტი თავისი ყოველდღიური რეჟიმის შესახებ აქვე ყვება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: “07:00-ზე ვდგები, ვსეირნობ ძაღლთან ერთად, დაკავებული ვარ სპორტით. სპორტი რა არის? იქამდე უნდა მიხვიდე, თავს დააძალო. და ეს ენერგია მთელი დღისთვისაა. ყველას ვურჩევ, თუმცა არა მძიმე ვარჯიშს, რადგან შემდეგ დღის განმავლობაში გეძინება. და ეს ენერგია მე საღამომდე მყოფნის.”

დამუშავებულ ვიდეოში ინტერვიუს ამ ნაწილში სიტყვა “ვარჯიში” ინტერვიუს დასაწყისში ნათქვამი “ნარკოტიკებით” არის ჩანაცვლებული. 

მტკიცებები იმის შესახებ, რომ ინტერვიუში ზელენსკიმ მოხმარება დაადასტურა, ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე 2019 წელსაც გავრცელდა. კონტექსტიდან ამოღებული და დამუშავებული ვიდეოს გავრცელებას თავად გამოცემა Українська правда-ც გამოეხმაურა. 2019 წლის 8 აპრილს მედიასაშუალებამ ინტერვიუს შესახებ მასალა გამოაქვეყნა, სადაც განმარტებულია, რომ ინტერვიუში ზელენსკის არ უთქვას, თითქოს ის ნარკოტიკებს მოიხმარს და ეს მისი რეჟიმის ნაწილია. 

საინტერესოა, რომ ინტერნეტში ჯერ კიდევ 2019 წელს დამუშავებული ვიდეოს კიდევ ერთხელ აქტიურად გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ისეთი კრემლისტური მედიასაშუალებები, როგორებიცაა Lenta.ru, Vesti.ru და Ria.ru სხვადასხვა სპეციალისტზე დაყრდნობით აქტიურად წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის დროს განცხადებებს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზემოქმედების ქვეშ აკეთებდა და მისი ჩართვებიდან აშკარა იყო, რომ ზელენსკი ნარკოდამოკიდებულია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist