საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატიავიას ცილისწამების კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობის შესახებ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის კანონმდებლობასთან და ამ მხრივ საფრანგეთის გამოცდილებასთან ის აქტორები აიგივებენ, ვინც ყველაზე ხშირად თავად გვევლინება დეზინფორმაციისა და კრემლის გზავნილების გახმოვანების მთავარ წყაროდ.
ინტერნეტ-გამოცემამ “საქართველო და მსოფლიოს” 16 იანვარის ნომერში გამოაქვეყნა “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებლის გულბაათ რცხილაძის სტატია, სათაურით “ფეიკ ნიუსი” _ უსინდისობა თუ ტყუილი პოლიტიკურ იარაღად მედიის ბობოლათა ხელში”, სადაც ის აცხადებს, რომ აუცილებელია ისეთი საკანომდებლო ბაზის შექმნა, რომელიც დეზინფორმაციისა და ცილისწამების პრევენციისა და დასჯისაკენ იქნებოდა მიმართული.
გულბაათ რცხილაძე, “საქართველო და მსოფლიო”: “ვეთანხმები “საქართველო და მსოფლიოს” ინიციატივას, შეიქმნას მყარი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიმართული იქნება სიცრუის, დეზინფორმაციისა და ცილისწამების თავიდან აცილებისა და დასჯისკენ.”
“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი 14 იანვარს ტელეკომპანია “კავკასიასთან” ინტერვიუში ცილისწამების კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობას საფრანგეთში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მაგალითზე ასაბუთებს:
სოსო შატბერაშვილი, “მემარცხენე ალიანსი”: “საფრანგეთმა მიიღო ასეთი კანონი: საინფორმაციო საშუალებას შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ეკისრება უზარმაზარი ჯარიმა 75 000 ევროს ოდენობით. აი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეეკითხნენ, უფრო სწორედ თვითონ გამოვიდა ამ ინიციატივით, რომ ცილისწამება უნდა ისჯებოდეს, მე ორივე ხელით ვეთანხმები.”
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ვაჟა ოთარაშვილი კი 14 იანვარს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში პრეზიდენტის ინიციატივის მხარდაჭერისას უფრო შორს მიდის და ცილისწამებას ე.წ. დალესის დოქტრინას უკავშირებს, რომელსაც კრემლისტური მედია ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის გეგმად წარმოაჩენს, რეალურად კი საბჭოთა მწერლის ლიტერატურული ნაწარმოების “მარადიული ძახილის” (Вечный зов) ფრაგმენტია. კერძოდ, მან განაცხადა:
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “ეს [ცილისწამება] არის ის სოროსული დოქტრინა, რომ მთავარია ადამიანს რამე დააბრალო, რამე შეურაცხყოფა მიაყენო, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ეს დოქტრინა ყველასათვის ცნობილია და ეს არის ცნობილი დალესის დოქტრინა, ოღონდ ვინმეს ცილი სწამო და იმან თავი იმართლოს და ჩადგეს იმ პოზაში, თავის მართლების პოზაში”.
საფრანგეთის კანონი, რომელსაც ანტიდასავლური აქტორები ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლის დოკუმენტად წარმოაჩენენ, სინამდვილეში დეზინფორმაციის წინააღმდეგაა მიმართული, ხოლო საერთაშორისო სტანდართებით ცილისწამება და დეზინფორმაცია არსებითად განსხვავებული ცნებებია.
ფრანგული კანონის მცდარი ინტერპრეტაცია
საფრანგეთის 2018 წლის 20 ნოემბრის კანონი სინამდვილეში მიმართულია არა ცილისწამების, არამედ ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ დოკუმენტის მიზანი ინტერნეტში ყალბი ამბების სწრაფ და ფარტომასშტაბიან გავრცელებასთან ბრძოლაა, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
ინფორმაციის სიყალბეს მოსამართლე საფრანგეთის 1881 წლის “პრესის თავისუფლების შესახებ” კანონით განსაზღვრული სამი კრიტერიუმით აფასებს:
- ამბავი აშკარად ყალბი უნდა იყოს,
- გავრცელდეს განზრახ და ფართომასშტაბიანად,
- შედეგად უნდა გამოიწვიოს საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა ან გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ანტიდასავლური აქტორები ფარნგულ კანონს მცდარ ინტერპრტეციას უკეთებენ და მას ცილისწამების წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტად წარმოაჩენენ.
ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერების შესახებ
ცილისწამების კანონმდებლობის შექმნის ინიციატივას მხარს ღიად ანტიდასავლური აქტორები უჭერენ, რომლებიც, თავად წარმოადგენენ დეზინფორმაციის გავრცელების წყაროს.
“საქართველო და მსოფლიო”
გაზეთი და ინტერნეტ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო” არა მხოლოდ პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა, არამედ დეზინფორმაციის გავრცელებითაც. მითების დეტექტორის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გამოცემამ გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი – 28 ყალბი ამბავი გამოაქვეყნა.
სტატიის ავტორი გულბაათ რცხილაძე “ევრაზიული ისნტიტუტის დამფუძნებელია, რომლის პარტნიორებიც რუსული ორგანიზაციები „ლევ გუმილევის ცენტრი“ და „ევრაზიული ცენტრი“ არიან.
“პატრიოტთა ალიანსი”
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების პრორუსულ და ღიად ანტიდასავლურ განცხადებებზე მითების დეტექტორს არაერთი მასალა აქვს მომზადებული. პარტია დაკავშირებულია ტელეკომოანია “ობიექტივთან”, რომელიც 2018 წელს ყალბი ამბების გავრცელების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა – მან გასულ წელს 15 დეზინფორმაცია გაავრცელა.
“მემარცხენე ალიანსი”
2013 წელს შეიქმნა და მისი თანათავმჯდომარეები ლე- იბორისტული პარტიიდან გამიჯნული კახა ძაგანია და იოსებ შატბერაშვილი არიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიას ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატად Geworld.ge-ს (“საქართველო და მსოფლიოს”) ავტორი ბაურ სვანიძე ჰყავდა წაყენებული.
“მემარცხენე ალიანსი” მედიის განვითარების ფონდის 2017 წლის კვლევაში ანტდასავლური გზავნილების გამავრცელებელი პოლიტიკური პარტიების ათეულში მოხვდა. პარტიამ 2017 წელს 17 ანტიდასავლური გზავნილი გაავრცელა.