ქართველი ანტივაქსერები ბელგიელი ვირუსოლოგის ჰიპოთეტურ სცენარს რეალობად წარმოაჩენენ 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

89
VIEWS

2021 წლის 20 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი მიხედვით, ვირუსოლოგმა გერტ ვანდენ ბოშმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც დაასაბუთა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ვაქცინა საერთოდ არ არის საჭირო და მასობრივი ვაქცინაცია კაცობრიობის წინააღმდეგ გენოციდის მოწყობის ტოლფასი იქნება. “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტს თან ახლავს Youtube ვიდეოს ბმული, რომელშიც ბოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვაქცინაციისა და საკარანტინო შეზღუდვების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

;

გერტ ვანდენ ბოშის შესახებ 21 და 22 მარტს პოსტები გამოაქვეყნეს ანტივაქსერმა ფეისბუქ მომხმარებლებმა: გოჩა ჩუმაშვილი, Tamu Na და Mano Beridze. გოჩა ჩუმაშვილისა და Tamu Na-ს პოსტების ტექსტები “ბიბლიის მორწმუქე ქრისტიანების” პოსტის იდენტურია, ხოლო მანო ბერიძემ ბოშის ღია წერილს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაცია ადამიანებში იმუნიტეტს სრულად გაანადგურებს, რადგან ვაქცინებს იმუნური სისტემის ეფექტიანი სტიმულირება და ვირუსისგან დაცვა არ შეუძლიათ. მანო ბერიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპის მსგავსია, ხოლო მისი საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები ტოქსიკურია, იწვევს გარდაცვალებას, კიბოსა და ანთებებს, რასაც ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიც (NIH) ადასტურებს.

;

;

ანტივაქსერი ანგარიშების მიერ საყოველთაო ვაქცინაციის საფრთხეების შესახებ გავრცელებული მტკიცებები მანიპულაციურია. გერტ ვანდენ ბოშმა ღია წერილი მართლაც გაავრცელა, თუმცა კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით მისი პროგნოზები სამეცნიერო მტკიცებულებებს მოკლებულია და მეცნიერების შეფასებით, კორონავირუსის შესახებ მხოლოდ სპეკულაციებსა და  მცდარ დაშვებებს ეფუძნება. სიმართლეს არ შეესაბამება მანო ბერიძის მტკიცება, თითქოს კორონავირუსის რნმ ვაქცინები სიმსივნეს, ანთებებსა და გარდაცვალებას იწვევს.

გერტ ვანდენ ბოშმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისადმი ღია მიმართვა 2021 წლის 6 მარტს გამოაქვეყნა. ბოშის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს “კატასტროფული შედეგების” გამოწვევა შეუძლიათ და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვაქცინაციის კამპანია სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს. თავისი წერილის პოპულარიზაციის მიზნით, ბოშმა ცნობილ ანტივაქსერულ გვერდს “Children’s Health Defense”-ს ინტერვიუ მისცა, 13 მარტს წერილი Twitter-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა, ხოლო 15 მარტს თავისი ვებ-გვერდიც შექმნა. შედეგად, მისი წერილი ანტივაქსერულ ჯგუფებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ვირუსულად გავრცელდა.

  • გერტ ვანდენ ბოშის ღია წერილი მასობრივი ვაქცინაციის საფრთხეების შესახებ დასუსაბუთებელი და მცდარი ჰიპოთეტური პროგნოზებისგან შედგება. ფართოდ გავრცელების შემდეგ წერილი მეცნიერებმა მწვავედ გააკრიტიკეს. 

ბოშის წერილს რამდენიმე მეცნიერი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გამოეხმაურა და მწვავედ გააკრიტიკა. გერტ ვანდენ ბოშის წერილი სულ ხუთი გვერდისგან შედგება და მსჯელობა მხოლოდ თეორიული და ჰიპოთეტურია. წერილში არ გვხვდება ემპირიული მონაცემები და სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ პანდემია და კორონავირუსი სწორედ ბოშის პროგნოზების შესაბამისად განვითარდება.

როგორც მაკჯილის უნივერსიტეტის “მეცნიერებისა და საზოგადოების ოფისის” წარმომადგენელი, ჯონათან ჯერი აღნიშნავს, ბოშის “ალარმისტული მანისფესტი მასობრივი ვაქცინაციის შესახებ მცდარი და გაზვიადებული მტკიცებების მთელ რიგს შეიცავს.” მაგალითად, ბოშის ერთ-ერთი მთავარი დაშვება, რომ კორონავირუსის ვაქცინები ვირუსის გადაცემას ვერ ამცირებენ, მეცნიერების ხელთ არსებული კლინკური კვლევებისა და ცალკეული ქვეყნების ვაქცინაციის პროცესში მიღებული მონაცემების მიხედვით არასწორია. როგორც კორონავირუსის სამი ძირითადი ვაქცინის (Pfizer, Moderna, AstraZeneca) კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, ვაქცინები მართალია არა აბსოლუტურად, თუმცა ნაწილობრივ მაინც ამცირებენ ვირუსით ინფიცირების შანსებს, რაც ვირუსის ტრანსმისიასაც ამცირებს. ამასთანავე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გავრცელებაზე ვაქცინების რეალური გავლენის შესწავლა ჯერ კიდევ არაა დასრულებული და სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მას ჯერ კიდევ აქტიურად სწავლობენ, თუმცა ზოგიერთი კვლევის პირველადი მონაცემები დამაიმედებელია. მაგალითად, ისრაელში ჩატარებული რამდენიმე კვლევის წინასწარი მონაცემების თანახმად, ვაქცინა ვირუსის ტრანსმისიას არა მხოლოდ სიმპტომურ, არამედ ასიმპტომურ პაციენტებშიც მნიშვნელოვნად ამცირებს. მსგავსი შედეგები აჩვენა დიდ ბრიტანეთში მიმდინარე რამდენიმე კვლევის პირველადმა მონაცემებმაც.  შესაბამისად ბოშის დაშვება ვირუსის ტრანსმისიაზე ვაქცინის მინიმალურ ეფექტიანობასთან დაკავშირებით არსებული ემპირიული მონაცემებით დადასტურებული არ არის.

როგორც სამეცნიერო ბლოგერი ედვარდ ნირნბერგი აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის ვაქცინები უშუალოდ ვირუსის გადაცემაზე მნიშნველოვან გავლენას ვერ ახდენენ, ისინი მაინც შეძლებენ ადამიანები დაავადების გავრცელებისგან დაიცვან. ნირნბერგი თავის ვრცელ პუბლიკაციაში დეტალურად პასუხობს ბოშის წერილის ყველა ძირითად მტკიცებას. ნირნბერგის თქმით, თუ კორონავირუსის ვაქცინები ერთი ადამიანიდან მეორეში ვირუსის გადაცემას სათანადოდ ვერ შეაჩერებენ, მათ შეუძლიათ დაავადების გავრცელება შეზღუდონ, რის მაგალითადაც ავტორი ქათმებში გავრცელებულ მერეკის დაავადებას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ მერეკის დაავადების გამომწვევი პათოგენი ვაქცინაციის მიუხედავად მაინც ვრცელდება, ვაქცინირებულ ინდივიდებს ამ პათოგენით გამოწვეული ავადმყოფობა თითქმის საერთოდ არ ემართებათ. ნირნბერგი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ვაქცინებზე აქამდე არსებული კლინიკური მონაცემები არ ადასტურებს, რომ ვაქცინებს პათოგენის გავრცელების შეზღუდვა არ შეუძლიათ.

ბოშს  “ვაქცინაციით გამოწვეული კატასტროფის” ძირითად არგუმენტად მომავალში კორონავირუსის უფრო მომაკვდინებელი მუტაციების გავრცელების შესაძლებლობა მოჰყავს. მისი თქმით, კორონავირუსის ამჟამად არსებული ვაქცინები ხელს შეუწყობს ვირუსის ისეთი შტამების გაჩენას, რომლებიც ვაქცინის მიმართ რეზისტენტულები და შესაბამისად, უფრო მომაკვდინებლები იქნებიან. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორი დევიდ გეფენის თქმით, ბოშის ეს პროგნოზი პრინციპულად არასწორია, რადგან ბიოლოგიის ძირეულ კანონებს ეწინააღმდეგება. რეალურად, ვირუსების ევოლუციისას წახალისებულია არა ის ვარიანტი, რომელიც სხვა ორგანიზმისთვის უფრო მეტად ლეტალურია, არამედ ის, რომელიც “მასპინძლისთვის”  ნაკლებად მომაკვდინებელია. გარდა ამისა, როგორც ენტონი ფაუჩი და ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, ვირუსის ახალი შტამები ვერ გაჩნდება, თუკი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შეჩერდება და ვირუსი გამრავლებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ერთადერთი გზა ახალი მუტაციების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის გზით ვირუსის წინააღმდეგ ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტის” გამომუშავებაა.

როგორც ზემოთ ნახსენები ავტორები ბოშის საპასუხოდ აღნიშნავენ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ SARS-CoV-2-ს მუტაციის განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით არ გამოირჩევა და სხვა რნმ ვირუსებთან, მაგალითად გრიპის ვირუსთან, შედარებით დაბალი მუტაციის სიჩქარე ახასიათებს. ამის გამო, SARS-CoV-2-ის ვაქცინებით შექმნილი იმუნიტეტი უფრო მყარი და ხანგრძლივი იქნება, ვიდრე მაგალითად – გრიპის ვირუსით გამომუშავებული. ამასთანავე, მუტაციების წინააღმდეგ კორონავირუსის ვაქცინების კიდევ ერთი უპირატესობა მათ მოქნილობაში მდგომარეობს, ახალი მუტაციების გაჩენის შემთხვევაში, კორონავირუსის ვაქცინების რეფორმულირება და მათი იმგვარი განახლებაა შესაძლებელი, რომ ისინი ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანები გახდნენ. ამგვარი მიდგომა სამედიცინო სფეროსთვის ახალი სულაც არაა და ფართოდ გამოიყენება გრიპის ვირუსის შემთხვევაში, რომელსაც ხშირი მუტაციები ახასიათებს. გრიპის ვირუსის ახალი ვარიანტების საპასუხოდ მეცნიერები ვაქცინას განახლებას ყოველწლიურად უკეთებენ.

  • მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები სიმსივნეს, ანთებებსა და გარდაცვალებას იწვევს, დეზინფორმაციაა

მანო ბერიძის პოსტში, გერტ ვანდენ ბოშის მოსაზრებების გარდა, ნათქვამია, რომ კორონავირუსის რნმ ვაქცინები ზოგადად სახიფათოა და ისეთ მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევს, როგორიცაა სიმსივნე, ანთებები და გარდაცვალება. ბერიძის თქმით, ამის შესახებ ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ოფიციალურ გვერდზეც წერია. ბერიძის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, NIH-ის ოფიციალურ გვერდზე COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით განთავსებულ საინფორმაციო სექციაში არაფერია ნათქვამი რნმ ვაქცინის უკუჩვენებად სიმსივნის ან ანთების, მით უფრო გარდაცვალების შემთხვევების დაფიქსირების შესახებ. ამასთანავე, რნმ ვაქცინებზე ჩატარებული არცერთი კლინიკური კვლევა არ ადასტურებს, რომ ვაქცინას უკუჩნებად  სიმსივნე ან მძიმე ანთებითი პროცესები ახასიათებს.

რნმ ვაქცინების გვერდითი ეფექტებისა და უსაფრთხოების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist