“ქართული ოცნება” სანქციებზე სერბეთის და ბოსნიის მაგალითებით მანიპულირებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

152
VIEWS

24 მაისს “ქართული ოცნების” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადება, რომელშიც აშშ-ს მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს ეხმაურებიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის – სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება”.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სანქციების ოჯახის წევრებზე გავრცელებაზე ევროპამ უარი თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან.

 

მტკიცება, რომ სერბეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა აშშ-ს სანქციების ფონზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აგრძელებენ მანიპულაციურია. სერბეთის შემთხვევაში სანქციები ორ მაღალჩინოსანს აქვს დაწესებული, ხოლო ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში 2021 წლიდან მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა. ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში სანქციები არა ფედერალური მთავრობის, არამედ სერბთა რესპუბლიკის პოლიტიკური ერთეულის ლიდერებს აქვთ დაწესებული და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის მოლაპარაკებების გახსნაზე გადაწყვეტილების მიღების პარალელურად სერბთა რესპუბლიკის მთავრობის ქმედებებს ევროკავშირიც კრიტიკულად აფასებს. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ევროკავშირს უარი აქვს ნათქვამი ოჯახის წევრების სანქცირებაზე, რაზეც რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები მიუთითებს.

ამჟამად სერბეთის ხელისუფლებაში აშშ-ს სანქციების სიაში შესული ორი პირია – ალეკსანდარ ვულინი და ნენად პოპოვიჩი. ვულინს, რომელიც უშიშროების და ინფორმაციის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა,  აშშ-მა სანქციები 2023 წლის ივლისში დაუწესა კორუფციისათვის და დასავლეთ ბალკანეთში კანონის უზენაესობისათვის ძირის გამოთხრის გამო. დასანქცირების შემდეგ ვულინი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა 2024 წელს დაკომპლექტებულ ახალ მთავრობაში ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა. რაც შეეხება ნენად პოპოვიჩს, რომელსაც აშშ-მა სანქციები 2023 წლის ნოემბერში დაუწესა რუსეთთან კავშირების გამო, ის ახალ მთავრობაში კვლავ უპორტფელო მინისტრის პოზიციაზე იქნება (ისევე, როგორც 2017-2022 წლებში). 

აღსანიშნავია, რომ სერბეთმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2011 წელს მიიღო, გაწევრიანების მოლაპარაკებები კი 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა 2021 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია. ბოლო, 2023 წლის ანგარიშში ევროკომისია აღნიშნავს, რომ პროგრესი ბევრ მნიშვნელოვან სფეროში შეზღუდულია და რეფორმებს საჭიროებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გაწევრიანების გზაზე აუცილებელი პირობაა კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. კომისიამ 2023 წლის გაფართოების პაკეტში ასევე ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთი მიმართულება, სადაც სერბეთმა უნდა გამოასწოროს ევროკავშირთან არსებული აცდენა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით.

Რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, ამ შემთხვევაში სანქციები დაწესებული აქვთ სამიდან ერთ-ერთი პოლიტიკური ერთეულის, სერბთა რესპუბლიკის ხელისუფლებაში მყოფ პირებს. სანქციების სიაში არიან პრეზიდენტი მილორად დოდიკი, მისი ოჯახის წევრები და მასთან დაკავშირებული ქსელის წარმომადგენლები კორუფციის გამო, ასევე დოდიკის პარტიის აღმასრულებელი  საბჭოს წევრი სავო ცვიეტინოვიჩი, ინდუსტრიის მინისტრი პეტარ ჯოკიჩი და მოსკოვში სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დუსკო პეროვიჩი რუსეთთან კავშირების გამო. აშშ-მა სანქციები დაუწესა სერბთა რესპუბლიკის იმ ოფიციალურ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დეიტონის შეთანხმების და ბოსნია-ჰერცეგოვინის კონსტიტუციის დარღვევაზე. სანქციები არ ეხებათ ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერალური მთავრობის წევრებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო, ხოლო ევროპულმა საბჭომ მოლაპარაკებების გახსნაზე გადაწყვეტილება 2023 წლის დეკემბერში გამოიტანა, რომლის მიხედვითაც მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებს საჭირო დონეზე დააკმაყოფილებს. ევროკომისიის შეფასებაში აღნიშნულია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ხაზგასმულია, რომ სერბთა რესპუბლიკაში მიღებული სეცესიონისტული და ავტორიტარული ზომები აცდენილია ევროკავშირის გზას.

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვნისაგან განსხვავებით აშშ-ს მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის დაწესებული სანქციები არა ხელისუფლების და ქვეყნის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური ერთეულის რამდენიმე წარმომადგენელს, არამედ ყველა იმ თანამდებობის პირს შეეხება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ყველა ქვეყნის თანხმობის გარეშე, ხოლო გერმანიისა და ესტონეთის ელჩებმა უკვე განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერენ, თუ ხელისუფლება ე.წ. აგენტების კანონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევს და ამჟამინდელი ფორმით მიიღებს მას.

რაც შეეხება ოჯახის წევრებისათვის დაწესებულ სანქციებს, მტკიცება, რომ ევროპამ გასულ საუკუნეში უარი თქვა სანქციების ოჯახის წევრებზე გავრცელებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, თუ შევხედავთ ევროკავშირის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციების, აღმოვაჩენთ, რომ 2023 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო შესწორება, რომელიც 2014 წლის რეგულაციას შეეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის საფრთხის შექმნის ან ძირის გამომთხრელი ქმედებების გამო შემზღუდავი ზომების შესახებ. ამ შესწორებით სანქციები შეეხება იმ რუსი ბიზნესმენების ოჯახის წევრებსაც, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებისათვის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდების გამო არიან სანქცირებული. ამის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ხშირად სანქცირებული პირები საკუთარ ქონებას ოჯახის წევრებზე აფორმებენ, რათა სანქციებს თავი აარიდონ. ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროკავშირმა აქტივები გაუყინა 65 ინდივიდს, მათ შორის რუს სამხედროებს, მთავრობის და პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს და მათ ოჯახის წევრებს. იდენტური სანქციები, მათ შორის ოჯახის წევრებზე გავრცელდა ბელარუსის შემთხვევაშიც.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ “დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოადგინა”, ხოლო მსგავი კანონები აშშ-ში და საფრანგეთში მოქმედებს და მიღება განიხილება ევროკავშირშიც. ეს დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულში გადაამოწმა. კანონის წინააღმდეგ ვენეციის კომისის მიერ მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ მასალაში:

ხოლო იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა “ქართული ოცნების” კანონსა და ფრანგულ და ევროკავშირის კანონპროექტებს შორის დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist