ქალების როლი პირველი საუკუნის ქრისტიანობაში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.3k
VIEWS

ქრისტიანობის გამოჩენამ სამყაროს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ, სოციალური რუკაც შეცვალა. ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ დღეს დიდი ენთუზიაზმით ვსაუბრობთ, მაგალითად, ბავშვთა უფლებები, ქალების უფლებები, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ და ა.შ. პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ ქრისტიანობას უკავშირდება. ქრისტიანულმა რელიგიამ ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა სამყაროში ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის გააზრება. ამ ფონზე, ძალიან უცნაურია, რომ არსებობს წარმოდგენები, რომელთა თანახმადაც ქალის ღირსება მხოლოდ შვილების გაჩენას უკავშირდება, თითქოს ქალი ერთგვარი ქარხანა იყოს, რომლის არსებობის ერთადერთი გამართლებაც კონკრეტული პროდუქციის წარმოებაა. ორმაგად უფრო გასაკვირია ის, რომ ამგვარ წარმოდგენებს, სარჩულად, ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობას უდებენ ხოლმე. მაგალითად, ერთი ცნობილი კლერიკოსი ამბობს: 

„ქალის უმთავრესი ფუნქცია და მე ასე ვიტყოდი, საცხონებელი ასპარეზი, სადაც მას შეუძლია თავისი შესაძლებლობის რეალიზება, არის ოჯახი… თქვენ ღმერთი შეგაფასებთ იმით, როგორი მეუღლე და როგორი დედა იყავით და არა იმით, თუ რამდენი უმაღლესი გაქვთ დამთავრებული, რამდენი დისერტაცია დაიცავით, რამდენი ადამიანის უფროსი იყავით სამსახურში… იმიტომ, რომ ქალის უპირველესი დანიშნულება არის მეუღლეობა და დედობა და კაცთან სწორი დამოკიდებულება, პატივისცემითი დამოკიდებულება.” 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ არავინ იცის, თუ რომელ პიროვნებას როგორ მიმართავს ღმერთი განკითხვის ჟამს. საუბარი ამ თემაზე არის მკითხაობა და მას საეკლესიო ტრადიციასთან კავშირი არ აქვს. ამას გარდა, ქალის ერთადერთ ფუნქციად მხოლოდ დედობის გააზრება, პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ საეკლესიო ტრადიციას. ეკლესიის ისტორია ცხადად ამოწმებს, რომ საოჯახო ცხოვრების გარდა, არსებობს, ასევე, მონაზვნური ცხოვრებაც და უქორწინებლობაც, ე.ი. როდესაც კონკრეტული პიროვნება არც დაოჯახებული არაა, არც მონაზონი არაა, თუმცა ცხოვრობს ღვთივსათნოდ და მისი ცხოვრება ეკლესიის მიერ შეწყნარებულია. ამგვარად, ქალის არსებობის ერთადერთ მიზეზად შვილიერების დასახვა და, შემდგომში, ამ ყველაფრის მართლმადიდებლობის სარჩულით გამართლება, უპირველესად, თავად ეკლესიის ისტორიას არ თანხვდება. ზოგადადაც, მართლმადიდებლობის ისტორიაში ქალის როლის შესახებ მსჯელობა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო საკითხია, თუმცა სტატიაში იმ ძირითად ასპექტებზე გამახვილდება ყურადღება, რომლებიც აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრების თანახმად ქალის ღირსება მხოლოდ შვილიერებით არ შემოიფარგლება და მას ბევრად მეტი ასპექტი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ქრისტე დაუპირისპირდა ებრაელებში გავრცელებულ მავნე ტრადიციას, რომლის თანახმადაც, მამაკაცები ხშირად იცვლიდნენ ცოლებს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ შვილიერება იყო. ქრისტემ თქვა: 

„ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებაან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მთ.19, 6-9).

მათეს სახარების მეცხრე თავში ვკითხულობთ, რომ ქრისტემ ის სისხლმდინარე ქალი განკურნა, რომელიც მის სამოსს შეეხო. შეგახსენებთ, რომ ებრაული ტრადიციის მიხედვით, სისხლმდინარე ქალს აკრძალული ჰქონდა საზოგადოებასთან კონტაქტი, ქრისტემ კი საჯაროდ გამოაცხადა მისი „საზოგადოებაში ინტეგრაცია.“ 

ემოციური ეპიზოდია გადმოცემული იოანეს სახარების მერვე თავში, როდესაც იესოს მიუყვანებენ მრუშობაზე წასწრებულ ქალს და მოსთხოვენ მისი ჩაქოლვის „ლეგალიზებას.“ რჯულის მიხედვით ჩაქოლვით ისჯებოდა მრუში წყვილი. ხსენებულ ეპიზოდში კი მხოლოდ ქალი ჩანს. არსად ფიგურირებს მისი პარტნიორი. უფალი აქაც ამხელს იუდეველთა საქციელს და ჩაქოლვის მოსურნეთ ცნობილი სიტყვებით მიმართავს: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.“ ქრისტემ ამ ქმედებით წერტილი დაუსვა ქალზე ძალადობას, იმის მიუხედავად, იმსახურებდა თუ არა იგი კანონის თანახმად სიკვდილს საშინელი ცოდვით დაცემის გამო.

გავიხსენოთ სახარების დასკვნითი ნაწილი და ვნახოთ,  თუ ვის ეჩვენა მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი პირველად: 

,,ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი“ (მკ. 16, 9). 

უფალი არ გამოცხადებია სასულიერო პირებს, თავის მოციქულებს, ზოგადად რომ ვთქვათ – მამაკაცებს, არამედ ეჩვენა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს.

ახალი აღთქმის ეპოქის სულისკვეთება ძალიან კარგად ჩანს გალატელთა მიმართ ეპისტოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილიდან, სადაც ვკითხულობთ: 

,,აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც’’ (გალ. 3, 28-29). 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პირველივე საუკუნეში, ქრისტიანულმა ეკლესიამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და დიაკონისების ინსტიტუტის დაარსებით ქალი ღვთისმსახურთა რიგებში შეიყვანა. დიაკონისები ეხმარებოდნენ მღვდლებს, შედიოდნენ საკურთხეველში, ეწეოდნენ მისიონერულ მოღვაწეობას და.ა.შ. რაც იმ ეპოქისთვის, სადაც ქალის როლი და უფლებები მეტად დამცრობილი იყო, ეკლესიის მიერ დაფიქსირებული ძალიან მკაფიო პოზიცია გახლდათ.

ქართულად თარგმნილია ელიზაბეტ ბერ–სიჟელის, ქალები მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც საკმაოდ საინტერესო ფაქტებია მოხმობილი იმის შესახებ თუ რა როლი ჰქონდათ, ისტორიულად, მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალებს და როგორ განსხვავდებოდა ეს როლი ქრისტიანობამდელი ეპოქისგან. დასახელებულ თარგმანში, სხვებთან ერთად, ჩამოთვლილნი არიან ის კაპადოკიელი ქალები, რომლებმაც, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. მაგ: „მოწამე ივლიტა, რომელსაც ბასილი დიდმა (მის სახოტბოდ წარმოთქმულ სიტყვაში) დაბადების 2: 21-22 მუხლების იმგვარი ინტერპრეტაცია მიაწერა, დღეს ფემინისტურად რომ იქნებოდა მიჩნეული […] ნონა – დედა ბასილი დიდისა, რომლის წყალობითაც ეზიარა მისი მეუღლე მართლმადიდებელ სარწმუნოებას; გორგონია – მისი და – რომლის შესახებ ნათქვამია, რომ მან კარგად იცოდა წმიდა წერილი, სახელი ჰქონდა მოხვეჭილი ქველმოქმედებითა და გულმოდგინე ლოცვით, “პირად საუბრებში დარიგებებს აძლევდა თავისი წრის ქალებსაც და მამაკაცებსაც“. 

როდესაც ვლაპარაკობთ ქრისტიანი ქალების მდგომარეობაზე კაპადოკიაში, ყველაზე საგულისხმო მაგალითად, მაკრინე უმცროსი – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის უფროსი და – უნდა მივიჩნიოთ. ძმები მას თავიანთ მოძღვრად თვლიდნენ. დიალოგში “სულისა და აღდგომის შესახებ“ გრიგოლმა გადმოგვცა საუბარი, რომელიც გაიმართა მასსა და მის მომაკვდავ დას შორის. ამ დიალოგს პლატონის “ფედონს“ ადარებენ. წმიდა მამებისთვის ქალი იყო არა მხოლოდ სიყვარულის ობიექტი, არამედ თანამოსაუბრე და თანამგზავრი, ხოლო ზოგჯერ – დამრიგებელიც სულიერ ბრძოლაში. მათი ეგალიტარიზმი ეფუძნება ჟამთა აღსასრულის ესქატოლოგიურ პერსპექტივას, როდესაც განსხვავება სქესთა შორის მნიშვნელობას დაკარგავს და დაიძლევა.“

უნდა ითქვას ისიც, რომ ყველაფერი ის, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩვენი წინაპრებისთვისაც არ ყოფილა უცხო. მაგალითად, ერთ ადგილზე, პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე (1859-1937) ამბობს:

,,ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება ქალს ისეთივე უფლებები მიენიჭოს, როგორიც კაცს აქვს, რადგან ფიზიკურად უფრო სუსტია და ვერ შეძლებს ერთნაირ მოვალეობის ასრულებას. მაგრამ განა ცოტა არიან ისეთი მამაკაცნი, რომლებიც ქალებზე უფრო სუსტნი არიან აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ უფლებებს არ ართმევენ. თუმცა ქალი კაცზე უფრო სუსტია აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მუყაითია, მომთმენი, ჯაფის ამტანი, ფხიზელი და მოხერხებული მუშაობაში. თუ კაცი მუშაობს დღეში რვა-ცხრა საათს, ქალი-მეოჯახე მთელი დღე ფეხზე ტრიალებს, ფუსფუსებს; თუმცა თითქო არა სჩანს მისი მუშაობა, მაგრამ იმდენი წვრილმანი საქმეებია გასაკეთებელი ოჯახში ყოველდღე, რომ ერთი საათის მოსვენებას, სულის მობრუნებას არ აძლევს დიაცს; ხშირად პურის საჭმელადაც ვერ პოულობს იგი თავისუფალ დროს. ხშირად ცალ ხელში ბავშვი ჰყავს აყვანილი და ცალი ხელით საქმიანობს.  რომელი ჯაფა შეედრება შვილოსნობას და ბავშვის მოვლას? რა მოთმინებით არიან ხოლმე აღჭურვილნი დანი მოწყალებისა, როდესაც ისინი უვლიან დაჭრილებს, ავადმყოფებს? რამდენ წვალებას გამოივლიან ხოლმე და როგორ საშიშ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავს, როდესაც უვლიან ათასნაირ გადამდებ სენით ავადმყოფებს? რამდენჯერ სჭირდებათ მათ დღე და ღამის გასწორება? გარდა ამისა, რამდენი კუთხეა დედამიწის ზურგზე, როდესაც მამაკაცები სტოვებენ და ფულის საშოვრად მიდიან ქალაქებში? მაგ: ჩვენში რაჭიდან განა ცოტანი მიდიან სხვა და სხვა ქალაქებში სამუშაოდ? მათ მაგივრობას ვინ ეწევა სოფლად? ვინ ხნავს, ვინ სთესავს, მკის და ლეწავს მოსავალს, თუ არა მათი დედები, ცოლები და დანი? მართალია, საზოგადოდ მამაკაცს მეტი ღონე აქვს, მაგრამ ვის რად უნდა, თუკი ერთსა და იგივე საქმეს კაცზე ნაკლებ ქალი არ გააკეთებს? მგონი, ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ თუ ვის როგორ და რამდენი საქმის გაკეთება შეუძლია და არა იმით, თუ ვინ მუშაობს, აკეთებს ამ საქმეს.’’

დეკანოზ მარკოზ ტყემალაძესთან ერთად, საინტერესოა გავიხსენოთ 

მარიამ დადიანის 1917 წლით დათარიღებული სიტყვა:

„ქართული მემატიანე კი, მოგეხსენებათ, აღსავსეა ქართველ ქალთა ღვაწლთა აღწერით სარწმუნოების საქმეში. ქართველი ქალი პირველი დამცველი იყო ქრისტეს რჯულისა. იგი აშენებდა ეკლესიას, მონასტრებს ასწავლიდა ყრმებს და უნერგავდა ქრისტეს სარწმუნოებას და ძალიან ხშირად ამ სარწუმოენისათვის მიიღებდა ხოლმე მოწამეობის გვირგვინს. იმას ხომ აღარ უნდა მტკიცება, რომ ქართველი ქალი უღრმესი მცოდნე იყო საღმრთო რჯულისა.“

ამგვარად, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ქალი არის არა რაღაც უსულო ქარხანა, რომელმაც კონკრეტული პროდუქტი უნდა აწარმოოს, არამედ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი პიროვნება, მამაკაცის თანასწორი, რომლის ღირსების, უფლებებისა და პატივისცემის დაცვა, ყველა ქრისტიანის მოვალეობაა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist