პუტინის “დიდი სამამულო ომი” კარანტინში

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

ეწ
1.2k
VIEWS

“დიდ სამამულო ომში” გამარჯვების დღე კრემლისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი დღესასწაულია. საკრალური 9 მაისი პუტინს ქვეყნის შიგნით ნაციონალიზმის კონსოლიდაციისთვის სჭირდება, საგარეო ასპარეზზე კი 9 მაისს კრემლისთვის არაერთი განზომილება აქვს – ერთი მხრივ, წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკა და მრავალრიცხვოვანი აღლუმი საერთაშორისო არენაზე რუსეთის, როგორც სუპერსახელმწიფოს იმიჯის დემონსტრირებაა. თუმცა დასავლეთისთვის ძალის დემონსტრირებასთან ერთად, 9 მაისი და მასთან ასოცირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – უკვდავი პოლკის მსვლელობა –  პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთო ისტორიული მეხსიერების ირგვლივ კონსლიდაციის ინსტრუმენტია. მეტიც, “დიდ სამამულო ომში” გამარჯვების მემკვიდრეობა პუტინისთვის ევროპაში “ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის” ლეგიტიმაციაა, რომლის გარშემოც კრემლმა უკრაინაში ომისა და ყირიმის ანექსიის შესახებ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მარტივად შეძლო.

მართალია, COVID-19-ის პანდემიამ პუტინის 2020 წლის გაზაფხულის გრანდიოზული გეგმები ჩაშალა, თუმცა 9 მაისის ღონისძიებებმა ქუჩებიდან ონლაინ გადაინაცვლა.

2020 წლის 9 მაისს პუტინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. წლევანდელი 9 მაისი პირველი იქნებოდა 2019 წლის სექტემბერში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირის დანაშაულებების “გათეთრებაში” ადანაშაულებდა და წევრ სახელმწიფოებს სკოლის სახელმძღვანელოებში ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების ანალიზზე ყურადღების გამახვილებას სთხოვდა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის პირდაპირი შედეგი ის იყო, რომ პოლონეთში ჯერ ჰიტლერი, ხოლო 2 კვირის შემდეგ სტალინი შეიჭრა – რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვა, რაც პოლონელი ხალხის უპრეცედენტო ტრაგედია იყო. კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა 1939 წლის 30 ნოემბერს ფინეთის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ხოლო 1940 წლის ივნისში რუმინეთის ტერიტორიების ანექსია მოახდია. ეს ტერიტორიები რუმინეთს არასდროს დაბრუნებია. ასევე მოახდინა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკების ანექსია…ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ რუსეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ათეთრებს.”

ამ რეზოლუციამ კრემლში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჯერ 11 დეკემბერს, საორგანოზაციო კომიტეტის სხდომაზე, სახელწოდებით  “გამარჯვება”, რომელიც 2020 წელს “სამამულო ომში” გამარჯვების 75 წლისთავის აღნიშვნას აორგანიზებდა, პუტინმა თავისი აღშფოთება რეზოლუციის იმ ნაწილზე გამოხატა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადანაშაულებას ახდენდა. ამის საპასუხოდ, პუტინმა ევროკავშირში თავად დაადანაშაულა ისტორიის გაყალბებაში და ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის “ფაქტობრივად გათანაბრების” გამო აღშფოთებაც გამოხატა.

ვლადიმირ პუტინი: “ევროპარლამენტის რეზოლუციამ ფაქტობრივად გაათანაბრა ნაცისტი აგრესორები და საბჭოთა კავშირი. ლამის საბჭოთა კავშირს, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას აბრალებენ. თითქოს დაავიწყდათ, თუ ვინ დაესხა თავს 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთს და 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირს.”

ამ განცხადებით, პუტინმა “ფაქტობრივად გაათანაბრა” პოლონეთი და საბჭოთა კავშირი და ორივე ნაციზმის მსხვერპლად წარმოაჩინა, მაშინ, როდესაც 1939 წლის სექტემბერში, ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმიდან 16 დღეში, პოლონეთში აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირი შეიჭრა და მალევე, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ტრადიციის საფუძველზე, ნაცისტურ გერმანიასთან საერთო სამხედრო აღლუმიც გამართა.

'
1939 წლის 22 სექტემბერი, ბრესტ ლიტოვსკში ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ს საერთო აღლუმი. წყარო:  ბუნდესარქივი

რამდენიმე დღის შემდეგ, 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური დიდი პრესკონფერენციის ფარგლებში, პუტინმა კვლავ ვერ დამალა აღშფოთება ტოტალიტარულ რეჟიმებად ნაციზმისა და კომუნიზმის ერთ რეზოლუციაში მოხსენიების გამო და ამას უკიდურესი ცინიზმი უწოდა. მეტიც, ისტორიის მისეული ინტერპრეტაციით, მეორე მსოფლიო ომზე სტატიის გამოქვეყნებასაც კი დაგვპირდა.

მესამედ პუტინი რეზოლუციას უკვე 20 დეკემბერს, დსთ-ს ქვეყნების არაფორმალურ სამიტზე, საკმაოდ უჩველო ფორმატით გამოეხმაურა: საარქივო დოკუმენტებით მომარჯვებულმა ციტატების კითხვა დაიწყო და გარდამტეხ მომენტად მიუნხენის პრესკონფერენცია დაასახელა. საერთო წარსული და საზღვრები მას არც აქ დავიწყებია: “მაინც სად არის სიმართლე? მომინდა ამაში გარკვევა, ამიტომაც ჩემს კოლეგებს საარქივო დოკუმენტების მოძიება ვთხოვე. როდესაც მათი კითხვა დავიწყე, მომეჩვენა, რომ ეს ყველა ჩვენგანისთვის საინტერესო იქნებოდა, რადგანაც ყველანი ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირი ვართ”.

"
ვლადიმირ პუტინი დსთ-ის ქვეყნების სამიტზე. წყარო: Ria Novosti

თუმცა ახალმა კორონავირუსმა არა მხოლოდ ალტერნატიული ისტორიის დემონსტრირებას შეუშალა ხელი, არამედ ჩაშალა 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმიც, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და 2024 წელს პუტინის ხელახალ კენჭისყრას გაუხსნიდა გზას. 9 მაისის აღნიშვნა ამ გეგმის ნაწილიც იყო – რეფერენდუმის წარმატების შემდეგ პუტინის პირადი ძალაუფლების დემონსტრირება. თუმცა, ეს გეგმები პანდემიის გამოცხადებისთანავე არ გაუქმებულა.  ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ პანდემიისა და რუსეთში კორონავირუსის მზარდი შემთხვევების მიუხედავად, 9 მაისის აღლუმისთვის პუტინი მაინც ემზადებოდა –  სოციალურ ქსელებში ასობით ჯარისკაცის მონაწილეობით აღლუმისთვის მომზადების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა.

Репетиция парада победы 9 МАЯ.. | Военный Осведомитель | VK

VK is the largest European social network with more than 100 million active users. Our goal is to keep old friends, ex-classmates, neighbors and colleagues in touch.

პანდემიის გამო რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ყველა დღესასწაული გაუქმდა, მათ შორის “უკვდავი პოლკის” მსვლელობები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ქუჩებში დემონსტრაციების გაუქმება, 9 მაისის მეხსიერებიდან ამოშლას არ ნიშნავს. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი 9 მაისს საჰაერო აღლუმის ჩატარებას მაინც აპირებს, როსმალადიოჟი (ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ფედერალური სააგენტო) კი მოხალისეების მხარდაჭერით წმინდა გიორგის 15 მილიონი ლენტის დარიგებას გეგმავს. 9 მაისს მოსახლეობა სიმღერის “День Победы” აივნებიდან ერთობლივად შესრულებასაც აპირებს.

თუმცა, ძირითადმა ღონისძიებებმა ქუჩებიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

#Бессмертныйполкдома უკვდავი პოლკი სახლში

ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა “უკვდავმა პოლკმაც”, რომელიც 2014 წლიდან ისტორიის გადაწერის კრემლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გახდა. უწყინარი მსვლელობა, რომლის მიზანიც წინაპრების გახსენება იყო, სხვა სფეროების მსგავსად, მალევე იქცა იარაღად: მსვლელობებში წინაპრების ფოტოებთან ერთად, სტალინის გამოსახულებები გამოჩნდა, იდეის ავტორები განიდევნნენ და უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადნნენ, აიკრძალა “უკვდავი პოლკის” ფარგლებში დასავლელი ჯარისკაცების სახელის გახსენებაც, ოჯახური ისტორიები კი კოლექტიური მტრის დამარცხების სიმბოლოდ გადაიქცა.

ვლადიმირ პუტინი: “[უკვდავი პოლკი] საერთაშორისო თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალია ისტორიული ჭეშმარიტებისა და საერთო მეხსიერების დასაცავად, ხალხების დასაახლოვებლად და ორმხრივი ნდობის გასაძლიერებლად.”

თუმცა “უკვდავი პოლკი” მაინც გაიმართება. 20 აპრილს პოლკის ხელმძღვანელმა, სერგეი ლაპენკოვმა მოქალაქეებს ოჯახის ვეტერანი წევრების ფოტოებისა და ისტორიების ონლაინ განთავებისკენ მოუწოდა, 9 მაისს კი ამ ისტორიების ონლაინ ტრანსლაცია “უკვდავი პოლკის” საიტზე იგეგმება.

სოციალურ ქსელებში – Facebook, Instagram, Vkontakte – უკვდავი პოლკი 9 მაისს მომზადებული ხვდება. შეიქმნა სხვადასხვა კამპანია მრავალფეროვანი ჰეშთეგებით (#75летПобеды #Бессмертныйполкдома #МойПолкДома #БессмертныйПолк2020,) რაც მოქალაქეების ინტერაქციასა და ჩართულობას ზრდის. პოლკის სახელით და ჰეშთეგების გამოყენებით მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ოჯახის ვეტერანი წევრების ფოტოებს აქვეყნებენ, იღებენ ვიდეოებს, ჰყვებიან წინაპრების ისტორიებს. “პოლკმა” მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, რომ 9 მაისს ფანჯრის რაფებზე იმ ადამიანების ფოტოები განათავსონ, ვისი ფოტოებითაც მსვლელობაში მონაწილეობას აპირებდნენ.

''

9 მაისი და “უკვდავი პოლკი” საქართველოში

“უკვდავი პოლკი” საქართველოში 2017 წლიდან გამოჩნდა. “უკვდავი პოლკის” მსვლელობა “რუსული სამყაროს” საქართველოში მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციების მთავარი პოლიტიკური აქტივობაა. 2019 წლის 9 მაისს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ “პოლკის” კონტრაქცია გამართა და ვაკის პარკთან შეკრებილ მოქალაქეებს რუსეთ-საქართველოს ომში წამებით მოკლული გმირის გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით და ნატოს ტრანსფარანტებით დაუპირისპირდა.

'
ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

საქართველოს “უკვდავი პოლკის” ფეისბუქ გვერდი აქტიურობით რუს კოლეგებს ჩამორჩება. აქ ნაკლებად ვხვდებით 9 მაისის ონლაინ აღნიშვნის მოწოდებებსა და ჰეშთეგებს, თუმცა სხვა ქვეყნების უკვდავი პოლკის გვერდებიდან დღის მანძილზე რამდენიმე პოსტი ზიარდება. პოლკის ხელმძღვანელს, ლიკა ზახაროვას პირად პროფილზე 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი პოსტი იძებნება – 29 აპრილს ზახაროვამ დაწერა, რომ საქართველოში 9 მაისი ონლაინ აღინიშნებოდა, თუმცა ღონისძიებების შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია. 1 მაისს კი ზახაროვამ მემორიალური წიგნის შექმნა დაანონსა, რომელიც დიდ სამამულო ომის გმირების ისტორიებს მოუყრის თავს.

'

ქართულენოვან ფეისბქუზე 9 მაისი ორადორი აქტივობით შემოიფარგლა – ფეისბუქ პროფილის ერთი ჩარჩო საქართველოს უკვდავმა პოლმა შექმნა, მეორე კი რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის სიმბოლიკით – ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკანო, რომელიც ევგენი პრიმაკოვის ცენტრთან და News Front Georgia-სთან არის დაკავშრებული.

'|

თუმცა კორონავირუსი რომ არა, საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციები მსვლელობისთვის აქტიურად ემზადებოდნენ. მარტის ბოლოს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავდმჯომარე თემურ ფიფია რუსეთში იმყოფებოდა, საიდანაც “სამამულო ომში” გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის რუსეთიდან სტალინგრადის ბრძოლის სამახსოვრო 290 მედალი შემოჰქონდა. თუმცა, მესაზღვრეებმა ფიფიას კომუნისტური სიმბოლიკა თავისუფლების ქარტიის საფუძველზე ჩამოართვეს.

საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 9 მაისის ვირტუალურად აღნიშვნისთვის უფრო აქტიურად ემზადებიან. 28 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქ ცხინვალს “დიდ სამამულო ომთან” დაკავშირებული ღონისძიებების დროს ცხინვალის პარალელურად “სტალინირს” უწოდებენ. სკოლის მოსწავლეებმა ასევე ლექსების არაფორმალური კონკურსი წამოიწყეს და ომის თემატიკაზე ლექსებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კი 9 მაისს აქცია “წმინდა გიორგის ლენტი” იგეგმება. აფხაზეთში როსსატრუდნიჩესტვოს წარმომადგენლის თქმით, სამხედრო ექიმები წმინდა გიორგის ლენტებს დაარიგებენ. აფხაზეთში ასევე იგეგმება აქციები “ხსნოვის ბაღი”, “გამარჯვების კარნახი”. ხოლო, გავრცელებული ინფორმაციით, მაისიდან როსსატრუდნიჩესტვოს საიტზე “სამამულო ომისთვის” მიძღვნილი გმირობების შესახებ ჩატარდება გაკვეთილები.

“უცნობი მედროშე”, “პაემანი რუსეთთან”, “გამარჯვების მედროშე” და სხვა პროპაგანდისტული ღონისძიებები

“უკვდავი პოლკის” ვირტუალური მსვლელობის პარალელურად რუსეთში 9 მაისის აღმნიშვნელი სხვა ღონისძიებებიც დაიგეგმა. “დიდ სამამულო ომაში” გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად განახლდა 9 მაისის შესახებ ოფიციალური საიტიც, რომელიც ომის სიმღერების ფონზე 9 მაისის აღლუმების, აქციების და ბრძოლების შესახებ ისტორიებს გვთავაზობს. ღონისძიებების ოფიციალური სიმბოლიკა საბჭოთა კავშირის სიმბოლოებთან, პროპაგანდისტულ პოსტერებთან, მოწოდებებთან და ფერებთან ასოცირდება.

'

საიუბილეო თარიღის ოფიციალური ჰეშთეგი #ПОБЕДА75-ია (#გამარჯვება75). Vkontakte-ში ამ ჰეშთეგით 1 მაისის მდგოამრეობით მხოლოდ საჯაროდ 55 ათასზე მეტი პოსტი იძებნება, Instagram-ზე კი – 45 ათასზე მეტი. თავისთავად ცხადია, რომ 9 მაისის ვირტუალური კამპანიები ბავშვების გარეშე არ ჩაივლიდა. აქ კი პროპაგანდის ნაცნობ მეთოდს ვხდებით – მილიტარიზებული ბავშვები, პათეტიკური ვიდოები და ომთან დაკავშირებული სიმბოლიკა.

'

'"

სოციალურ მედიაში  პოლიტიკური და ისტორიული შინაარსის მქონე კამპანიების გარდა, რუსეთში 9 მაისის აღსანიშნად კულტურული ღონისძიებებიც დაიგეგმა. კულტურა კრემლის ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია. დღის წესრიგის შესაქმნელად და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება პოლიტიკურ საკითხებზე შეფარულად კონკურსებით, ფესტივალებით, იუმორისტული გადაცემებით, ლექსებითა და სიმღერებით ხდება.


სოციალური მედიის/ონლაინ/ტვ კამპანიები კულტურული ღონისძიებები
4-9 მაისს წმინდა გიორგის ლენტის ონლაინ დემონსტრაცია. ამასთან, ამ პერიოდში 15 მილიონი ლენტის დარიგება იგეგმება. ამ კამპანიას ოკუპირებული აფხაზეთიც უერთდება.

RIA Lab-ის ახალი ვირტუალური რეალობის პროექტი “უცნობი მედროშე”, რომელსაც მოთამაშე საბჭოთა ჯარისკაცის სხეულში გადაჰყავს და რაიხსტაგზე დროშის აღმართვაში ეხმარება.

“გახდი ისტორიის დაბადების მოწმე”  – ვკითხულობთ VR პროექტის საიმიჯო რგოლში, რაც პირდაპირ იმეორებს ისტორიის პუტინისეულ ვერსიას – მეორე მსოფლიო ომის ისტორია არა სტალინისა და ჰიტლერის “თაფლობის თვით”, არამედ 1945 წლის 9 მაისს იწყება. იგივე ხაზს ვხვდებით პროექტის ეპილოგშიც: “არცერთ ადამიანს, რომელიც მაისის იმ გრძელ, დენთისა და ნამწვის სუნით გაჟღენთილ დღეებში ბერლინში აღმოჩნდა, ეჭვიც არ ეპარებოდა თუ ვინ იყო ქვეყანა-გამათავისუფლებელი.”

"

რუსეთში 3 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით ომის თემატიკაზე გადაღებული ფილმების ონლაინ ფესტივალი “პაემანი რუსეთთან” იმართება.
9 მაისის ოფიციალური საიტი საბჭოთა სიმბოლიკით.

"

ომის შესახებ სიმღერების ონლაინ კონკურსი “გამარჯვების მედროშეები”  Vkontakte-ში – მომხარებლები ომის თემაზე საკუთარ ლექსებს პოსტავენ. ხშირია საბჭოთა სიმბოლიკა – მედლები, წმინდა გიორგის ლენტი, სამხედრო უნიფორმა, ფერები და სხვა.

'

“უკვდავი პოლკი სახლში” – სოციალური ქსელების კამპანია ჰეშთეგებით #БессмертныйПолкРоссии #БессмертныйПолк #БессмертныйПолкРФ #БПР #75летПобеды #Бессмертныйполкдома #ЗнаменосецПобеды  #МойПолкДома #БессмертныйПолк2020 #ПОБЕДА75

პოლკის სახელით მოქალაქეები ვეტარანების ფოტოებს აქვეყნებენ. მათი ისტორიები და ფოტოები პოლკის ოფიციალურ საიტზე ქვეყნდება.

ონლაინ გაიმართება სიმღერების კონკურსი “გზა იალტისკენ”, რომელიც პირველადი გეგმით ანექსირებულ ყირიმში უნდა ჩატარებულიყო. ახლა კი ომთან დაკავშირებულ სიმღერებს კონკურსანტები სახლიდან შეასრულებენ და მისი ტრანსლაცია ტელევიზიითაც იგეგმება.
რუსეთის პირველმა არხმა და Ria Novosti-მ ომში გამარჯვების 75 წლისთავს საიტზე სპეციალური რუბრიკა მიუძღვნა, რომლის ვიზუალიც ოფიციალური საიტის მსგავსად საბჭოთა სიმბოლიკით არის დატვირთული.

'
'


მაშინ, როდედაც კრემლი  9 მაისს “დიდ სამამულო ომში” გამარჯვებას აღნიშნავს, დასავლეთ ევროპა ამ ბრძოლას გამარჯვების დღის სახელით 8 მაისს ზეიმობს. საქართველოში ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა წლებია აქტივისტებსა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის განსჯის საგანია. საქართველომ ნაციზმთან ბრძოლაში დაღუპულებს პატივი ევროპასთან ერთად უნდა მიაგოს და არ უნდა მისცეს კრემლს 9 მაისის სახით პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების საშუალება.

 


მასალაზე გამოყენებულია Gevorg Ghazaryan-ის ფოტო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist