პუტინის 4 გზავნილი Zeit-იდან და დასავლეთის გამოხმაურებები

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

6
VIEWS

გერმანულ მედია Zeit-ში ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის 80 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სტატია გამოქვეყნდა.  სტატიაში პუტინი საბჭოთა არმიის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხებასა და ევროპის გადარჩენაზე საუბრობს, ასევე განიხილავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უკრაინის 2014 წლის რევოლუციას და დასკვნის სახით ევროპას ძველი წყენების დავიწყებას და პარტნიორობას სთავაზობს. პუტინი Zeit-სთვის დაწერილი სტატიაში 4 ძირითად გზავნილს ავრცელებს:

 

  • საბჭოთა კავშირმა ევროპა გადაარჩინა და გერმანია გაათავისუფლა
  • დასავლეთმა დაივიწყა დაპირება, რომ ‘ნატო აღარ გაფართოვდებოდა’
  • 2014 წელს ევროპა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას უჭერდა მხარს
  • რუსეთი ევროპული სახელმწიფოა და ღიაა ევროპასთან თანამშრომლობისთვის

ვლადიმირ პუტინის გზავნილები იმ ცნობილ ნარატივებს ახმოვანებს, რაც უკვე წლებია კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია. გამოცემა Zeit-მა პუტინის სტატიაზე სხვა ავტორების საპასუხო კონტრიბუციებიც გამოაქვეყნა.

გზავნილი 1: საბჭოთა კავშირმა ევროპა გადაარჩინა და გერმანია გაათავისუფლა

პუტინი წერს, რომ წარსულის გადაწერის მცდელობების მიუხედავად, სიმართლე ის არის, რომ საბჭოთა ჯარისკაცმა გერმანულ მიწაზე ფეხი არა შურისძიებისთვის, არამედ განმათავისუფლებელი მისიის შესასრულებლად დადგა. მისი თქმით, წითელმა არმიამ დაიცვა არა მხოლოდ სამშობლო, არამედ მთელი ევროპა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა ამ და სხვა გზავნილების გასავრცელებლად დასავლური გამოცემა ადრეც გამოიყენა, 2020 წლის 18 ივნისს მეორე მსოფლიო ომის 75 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკულ ჟურნალ The National Interest-ში დაიბეჭდა სტატია, სადაც პუტინმა დასავლეთი ისტორიის გაყალბებაში და ჰიტლერთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

საბჭოთა კავშირის მხსნელად წარმოჩენა და ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში დასავლური სახელმწიფოების როლის უგულებელყოფა კრემლის პროპაგანდისტული ნარატივია, რომელიც სსრკ-ის განდიდების გარდა 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის უარყოფასა და მისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხრიდან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობის საკითხი გააქტიურდა და ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმეს საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობა, კრემლმა საპასუხოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყების პასუხისმგებლობა დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებს დააკისრა და რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონიც მიიღო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის როლების გათანაბრებას კრძალავს.

მეორე მსოფლიო ომზე კრემლის პროპაგანდის და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის პუბლიკაციები”:

გზავნილი 2: დასავლეთმა დაივიწყა დაპირება, რომ ‘ნატო აღარ გაფართოვდებოდა’ 

სტატიაში პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობის განვითარება სურდა, თუმცა ნატომ აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრებისკენ გაფართოება არჩია. პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა საბჭოთა ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ გაერთიანებული გერმანია ნატოში გაწევრიანებულიყო, თუმცა დაპირება, რომ ის აღარ გაფართოვდებოდა, მალე მივიწყებას მიეცა. აღნიშნულ მითს კრემლი იმის დასტურად, რომ რუსეთი თავდაცვით პოზიციაში იმყოფება და ნატო მის მიმართ მტრულად არის განწყობილი, ხშირად ავითარებს და ქვეყნის შიგნით ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად იყენებს. რეალურად, გორბაჩოვს ნატოს გაერთიანების შემდეგ არ მოუთხოვია და არც მიუღია გარანტია, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა. ამასთან, სსრკ-მა 1990 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ სრულად აღიარებდა სახელმწიფოების თავისუფალ ნებას, საკუთარი უსაფრთხოების ზომები თავად აერჩიათ. რუსეთის მხრიდან სპეკულაციის საგანი ხდება ხოლმე ასევე 1997 წლის ნატო-რუსეთის “ფუძემდებელი აქტი”, რომლის დარღვევაშიც კრემლი აშშ-ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალის მობილიზებას განაგრძობს. სინამდვილეში, რუსეთს ხელშეკრულების მთავარი პრინციპები მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებებით თავად აქვს დარღვეული.

გზავნილი 3: 2014 წელს ევროპა  უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას უჭერდა მხარს

პუტინის მტკიცებით, ბევრი ქვეყანა არჩევანის წინაშე დადგა, თანამშრომლობა ან კოლექტიურ დასავლეთთან ან რუსეთთან. მისი თქმით, ამ აგრესიული პოლიტიკის გამოხატულება უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები იყო, როდესაც ევროპა უკრაინაში აშშ-ის მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალებას აქტიურად უჭერდა მხარს. რუსეთის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინიდან ყირიმის გასვლის პროვოცირება სწორედ ამ მოვლენებმა მოახდინა.

აღნიშნული კონსპირაციული ნარატივი, რომელიც ევრომაიდნის მოვლენებს დასავლეთის ორგანიზებულად მიიჩნევს, კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკურ მიმომხილველების მიერ რუსულ მედიაში უკვე წლებია ვრცელდება. ეს ნარატივი უარყოფს რუსეთის როლს და 2013-2014 წლების სახალხო პროტესტის დისკრედიტაციას ახდენს. რაც შეეხება ყირიმის უკრაინიდან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას, ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2015 წელს აღიარა, რომ ყირიმის ანექსია “თვითგამორკვევის რეფერენდუმამდე” რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა. რუსეთის ფედერაციამ შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის მთავრობის ნებართვის გარეშე განალაგა, ყირიმის ე.წ. რეფერენდუმს კი გაერო არ ცნობს და რუსეთის მიერ მის ანექსიას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს.

გზავნილი 4: რუსეთი ევროპული სახელმწიფოა და ღიაა ევროპასთან თანამშრომლობისთვის

პუტინი საუბრობს წარსულის გაკვეთილებზე, რაც, მისი აზრით, აჩვენებს, რომ უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ძალისხმევით არის შესაძლებელი. პუტინი თვლის, რომ რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფოა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას სთავაზობს, რომელიც ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმატს, მათ შორის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს მოიცავს.

ეს გზავნილი ვლადიმირ პუტინს ადრეც არაერთხელ გაუჟღერებია, მათ შორის იყო მოწოდება ტერორიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც, თუმცა ის აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს, თავად კი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით ომის კანონებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს.

დასავლეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოება, არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ის მცირე ჩამონათვალია რაც რუსეთის ევროპასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ამასთანავე, ჯერ კიდევ აპრილში პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ რუსეთთან “წითელი ხაზის გადაკვეთის” შემთხვევაში, პასუხი ასიმეტრიული, სწრაფი და მწვავე იქნება.

გამოხმაურება პუტინის სტატიაზე

გამოცემა Zeit-მა პუტინის სტატიასთან დაკავშირებით სამი გარე ავტორის კონტრიბუცია გამოაქვეყნა. პუტინის გზავნილებს ეხმიანება სტატიები სახელწოდებებით “პუტინის მითები” და “პუტინის მომწამვლელი შეთავაზება”, პუტინის პუბლიკაციას ასევე გამოეხმაურა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, რომელიც თავად იყო ჩართული 2014 წელს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

სიკორსკი წერს, რომ მართალია, წითელი არმია იბრძოდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, თუმცა მისი დამარცხების შემდეგ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები და მასობრივი მკვლელობები კვლავ გაგრძელდა და კონტინენტზე ტოტალიტარიზმი დამყარდა. სიკორსკის თქმით, ‘გენოციდური ოკუპაციის’ შემდეგ ამას შესაძლოა “გაუმჯობესება” ეწოდოს, თუმცა არა “გათავისუფლება”.

ბერლინში ლიბერალური მოდერნიზმის ცენტრის დირექტორი რალფ ფუქსი ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგის მოწოდებაზე აღნიშნავს, რომ მსგავსი დიალოგისთვის საფუძველი პუტინმა თავად გაანადგურა. ფუქსის სტატიაში ხაზი ესმევა იმასაც, რომ “დიდი სამამულო ომის” გამარჯვება პუტინის რეჟიმის მთავარი ლეგიტიმაციაა. რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ამასთან დაკავშირებით ფუქსი განმარტავს, რომ ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიების სურვილი იყო, რაც კრემლის იმპერიალისტურ ამბიციებისგან თავდაცვას უკავშირდებოდა. ეს შიშები კი  საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციებმა დაადასტურა.

“ევროპული თანამშრომლობის შესახებ მოწოდება, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თანაბარი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის შესახებ სიტყვა არ იქნება ნათქვამი, მომწამვლელი შეთავაზებაა”. – წერს რალფ ფუქსი.

საინტერესოა, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორის მარტინ შულცე ვესელის მოსაზრებაც, რომელიც Zeit-ში წერს, რომ ისტორიის პუტინისეული ინტერპრეტაცია ახალი არ არის და ის 1949 წლის საბჭოთა მემორიალურ ქანდაკებას ეხმიანება, სადაც წითელი არმიის ჯარისკაცს გადარჩენილი გერმანელი ბავშვი უჭირავს, თუმცა, შულცეს თქმით, პუტინის ინტერპრეტაციას ახალი პოლიტიკური კონტექსტი აქვს, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ზე საუბრისას ახსენებს სიტყვას “ჩვენ”, შეუმჩნევლად გადადის აწმყოზე, სადაც “ჩვენში” მხოლოდ რუსები იგულისხმება და არა უკრაინელები, ბელარუსები ან სხვები. ვესელი აღნიშნავს, რომ პუტინის სტატია გერმანულ აუდიტორიაზეა მორგებული, გზავნილები ომის პრევენციას, შერიგებას, პროდუქციის გაცვლით კეთილდღეობის უზრუნველყოფას ეხება, რაც ისეთი თემებია, რომლითაც გერმანიაში არჩევნებს იგებენ.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist