“თბილისი 24”-ის შესახებ: საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” საჯარო რეესტრში 2015 წლის 26ზ მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად “თბილისი 24”-ის დირექტორია, პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია.
2019 წლის აპრილში განხორციელებული ცვლილებებით შპს “თბილისი 24-ის” მ 50%-იანი წილის მფლობელი მაია შაიშმელაშვილის ნაცვლად ვლადიმერ ბედუკაძე გახდა.
“თბილისი 24” პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის ცნობებს, მათ შორის, მცდარ ინფორმაციას, რეგულარულად აქვეყნებს. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სააგენტო ანტივაქსერული შინაარსის დეზინფორმაციასაც ავრცელდებდა. 2023 წლის აპრილში სააგენტო ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა.
თბილისი 24-მა წარსულში “ცენტრისტების” შესახებ გამოაქვეყნა რუსული მედია საშუალების გაზეთ “ვზგლიადის” სტატია, სათაურით “საქართველოში პირველი ღიად პრორუსული პარტია გაჩნდა” (В ГРУЗИИ ПОЯВИЛАСЬ ПЕРВАЯ ОТКРОВЕННО ПРОРОССИЙСКАЯ ПАРТИЯ).
ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გახმაურებული ციხის კადრების ავტორია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” საარჩევნო სიით მონაწილეობდა. “ცენტრისტების” საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განთავსებულმა წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც შეიცავდა დაპირებებს 400 ლარიანი რუსული პენსიისა და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ამის გამო 14 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიის წინასაარჩევნო რგოლი ეთერიდან მოხსნა. აღნიშნული კლიპი “თბილისი 24”-ის ვებ-გვერდზეა ხელმისწავდომი.
16 აგვისტოს “ცენტრისტებს” ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, რადგან პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ არის იურიდიული ძალის მქონე. ცესკოს მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ბედუკაძე “საქართველოს კომუნისტური პარტია- სტალინელების (ივანე წიკლაური)” პარტიული სიით მონაწილეობდა, ამავე სიაში იყო ცენტრისტების მეორე წევრი, უშიშროების ყოფილი მინისტრი თენგიზ ხაჩიშვილიც.