“ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად 2020 წლის საპარლამენტო არევნების წინ დარეგისტრირდა და წინასაარჩევნო პერიოდში ლიბერალური კანონმდებლობის გაუქმებისა და რელიგიური გრძნობების შურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიოდა. პარტიამ, რომლის სიაში სიძულვილის ენით გამორჩეული გაზეთის “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი გიგაური იყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ვერ გადალახა.
ულტრა-ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ გამოჩენა 2017 წლის ზაფხულში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციებს უკავშირდება, როცა მოძრაობა ირანელებს, არაბებს და აფრიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდა. 2018 წელს ქართულმა მარშმა “სახალხო პატრული” შექმნა, რომელიც აფრიკიდან და აზიდაან მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენას ისახვდა მიზნად. მარშის წევრები ჟურნალისტზე ფიზიკურ ძალადობასა და გეი თემაზე შექმნილ ფილმის ჩვენების აკრძალვის ძალადობრივ ქმედებებში ლევან ვასაძესთან და სხვა რადიკალურ ჯგუფებთან ერთად იყვნენ ჩართული. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძეა.
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2020 წლის ანგარიშში “ქართული მარში” მოხსენიებულია როგორც ქოლგა ორგანიზაცია ექსტრემისტული მოძრაობებისთვის, რომლის მიზანია დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ღირებულებით დისკურსზე აპელირებით “ძირი გამოუთხაროს ევროკავშირსა და NATO-ში – დაახლოებით 15 წლის განმავლობაში არსებული საგარეო პოლიტიკური კონსენსუსის – გაწევრიანების საზოგადოებრივ მხარდაჭერას.”
მარშის რუსეთთან კავშირებზე 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც გაერთიანების ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს წარსულში კგბ-ს იგორ მოროზოვს საქართველოში რუსული გაზის გაყიდვასა და რუს ბიზნესმენებთან კავშირებზე ესაუბრებოდა. ღია წყაროებით ასევე იძებნება 2017 წლის ფოტო, რომელზეც “ქართული მარშის” წევრები ღიად პრორუსული ორგანიზაცია “ახალგაზრდა ევრაზიულთა კავშირის” თავმჯდომარე გიორგი ირემაძესთან, ასევე ამჟამად ალტ-ინფოს მფობელ კონსტრანტინე მორგოშიასთან და “ქართული მისიის” წარმომადგენლებთან ერთად არიან.