29 აპრილს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა ინტერვიუ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელთან დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, სათაურით “დიმიტრი ლორთქიფანიძე: დღევანდელ უკიდურესად რთულ ვითარებაში საქართველოს მომავალს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება განსაზღვრავს”. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრისას, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას მუდმივად აფერხებენ გარე ძალები. ამ მოსაზრების ილუსტრაციად მას 2018 წელს საქართველოში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის მეუფე ილარიონის ვიზიტი და საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა მოჰყავს, რასაც საპასუხოდ ამერიკის მხრიდან ვაშინგტონში ეპისკოპოსების ვიზიტი მოჰყვა. დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის საზღვრების მთლიანობას, რამაც ამერიკის შეერთებული შტატები გააღიზიანა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: “როდესაც 2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა მეუფე ილარიონი (ალფეევი), რუსეთის საპატრიარქოს საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, და შეხვდა ჩვენს უწმინდესს, გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის საზღვრების მთლიანობას… იცით, რა მოჰყვა ამას საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან? 12 ეპისკოპოსი ჩაიყვანეს ვაშინგტონში. მერე იქიდან რა განცხადებებიც გაკეთდა, ყველას გვახსოვს… ანუ, რისი თქმა მინდა: ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ აქ რამე ფორმით დაირღვეს გავლენის ბალანსი და რომელიმე დიდმა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში რუსეთმა, შეძლოს რამე პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვება.”
დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცება, თითქოს რუსეთის საპატრიარქო მხარს უჭირს საქართველოს ეკლესიის საზღვრების მთლიანობას, სიცრუეა. რეალურად, რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ აღიარებს და ეპარქიის საქმიანობაშიც მუდმივად ერევა.
მიუხედავად დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებისა, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის საზღვრების მთლიანობას უჭერს მხარს, 2018 წელს მოსკოვის პატრიარქის მიერ გაგზავნილი წერილი საპირისპიროს მეტყველებს. 2018 წლის 20 დეკემბერს, უკრაინის გამაერთიანებელი კრების შემდეგ, მოსკოვის პატრიარქმა კირილმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგ მხარდაჭერა სთხოვა. აღნიშნულ წერილში ილია II-ის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდება გამოტოვებული იყო.
საგულისხმოა ისიც, რომ ოფიციალურად მართალია, რუსეთის საპატრიარქო არ ცნობს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკდიებლობას, თუმცა ის საქართველოს პატრიარქის ტიტულს სრულად არ აღიარებს. ილია II-ის სრული წოდებიდან რუსეთის საპატრიარქოს გამოტოვებული აქვს “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” წოდება. რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე მოცემულია ილია II-ის ბიოგრაფია, სადაც საქართველოს პატრიარქი მოხსენიებულია, როგორც “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი.”
ამასთანავე, რუსეთის საპატრიარქო უკვე წლებია მართავს აფხაზეთის ეპარქიას. დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინფორმაციით:
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძარს (ახალი ათონის მონასტრის გარდა) მოსკოვის საპატრიარქო აკონტროლებს.
- მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 15-მდე მღვდელი ჰყავს დადგენილი, რომელთაგან უმეტესობა (ერთის გამოკლებით) საპატრიარქოს მიერვე არის ნაკურთხი.
- აფხაზეთის ეპარქიას მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი მართავს.
გარდა იმისა, რომ რუსეთის საპატრიარქო მუდმივად ერევა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქმიანობაში, ის ასევე საფრთხეს უქმნის თავად საკულტო ნაგებობებსაც. ხშირია აფხაზეთში მდებარე ეკლესიების გადათეთრება და დაზიანება, რაც ქართული კვალის წაშლას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით, 2019 წელს კრემლისტურ გამოცემა NewsFront-თან ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ისაუბრა და რუსეთის მიერ ტაძრების გათეთრების გამართლებას შეეცადა, მან აღნიშნა, რომ საკულტო ნაგებობების გადაღებვა ტაძრების აღდგენის მეთოდია.
აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:
- რუსეთის პატრიარქი ილია II-ს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად სიტყვიერადაც არ აღიარებს
- როგორ ამართლებს იოანე რუსეთის მიერ ეკლესიების “გათეთრებას”
ვინ არის ილარიონ ალფეევი?
მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეა. ის ასევე არის კრემლის მიერ დაფუძნებული “რუსული სამყაროს” ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი თავმჯდომარეობს და რომელიც რუსეთის საგარეო გეოპოლიტიკური გავლენების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი განსაკუთრებით აქტიურობა კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიის აღიარების საკითხზე. მან უკრაინაზე კრემლის კონსპირაციები გაიმეორა და აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამერიკის შეთქმულება იყო. ილარიონი უკრაინის ეკლესიის აღიარების შემთხვევაში საქართველოს ეკლესიასაც დაემუქრა.
მიტროპოლიტი ილარიონი:“მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით, რა ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.”